ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიყვარული, ღვაწლი, უბრალოება
თუ თავმდაბლობა და სიყვარული, უბრალოება და სიკეთე, მჭიდროდ არ იქნება შერწყმული ლოცვასთან, მაშინ თვით ლოცვას ან, უფრო სწორად, ლოცვის ნიღაბს, ძალზედ მცირედი სარგებელი ექნება. ამას ვამბობთ არამარტო ლოცვის, არამედ ყოველგვარი ღვაწლისა და შრომის მიმართ, რომლებიც სათნოებათა მოხვეჭის მიზნით აღესრულება: ქალწულების, მარხვის, მღვიძარების, ფსალმუნთგალობის, მსახურების, ნებისმიერი საქმიანობის მიმართ. ასე რომ, საკუთარ თავში თუ ვერ დავინახავთ სიყვარულის, მშვიდობის, სიხარულის, თვინიერების ნაყოფებს, და კიდევ დავამატებ, თავმდაბლობის, უბრალოების, გულწრფელობის, რწმენის, რამდენადაც საჭიროა, სულგრძელობის, მეგობრობის ნაყოფებს, მაშინ უსარგებლოდ გვიშრომია, რადგან შრომა, სწორედ, იმიტომ ვიტვირთეთ, ნაყოფები გვეგემა. ხოლო თუ სიყვარულის ნაყოფებს ვერ მოვიწვევთ, მაშინ ჩვენი შრომა უდავოდ ამაო ყოფილა. ასეთები არაფრით განსხვავდებიან იმ ხუთი სულელი ქალწულისაგან, რომლებიც სულიერი ზეთის, ანუ ზემოთ აღნიშნული სათნოებების უქონლობის გამო იწოდებიან სულელებად და სამეფო ქორწილის მიღმა აღმოჩნდნენ. მათ არაფერში გამოადგათ ქალწულების ღვაწლი. ვენახის გაშენებისას მთელი საზრუნავი და შრომა გამიზნულია ნაყოფის მოწევისაკენ, თუკი ნაყოფი არ მოიწევა, ყოველივე საქმიანობა ამაო აღმოჩნდება; ასევე, თუ საკუთარ თავში ვერ დავინახავთ სულის მოქმედების ნაყოფებს: სიყვარულს, მშვიდობას, სიხარულს და ყველა სხვას, მოციქულის მიერ ჩამოთვლილს (გალ. 5, 22), თუ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვრ შევძლებთ მათ შეცნობას და სულით შეგრძნებას, მაშინ ფუჭი აღმოჩნდება ქალწულების, ლოცვის, ფსალმუნთგალობის, მარხვის და მღვიძარების ღვაწლი, რამეთუ აღნიშნული შრომები და ღვაწლი, სულიერიც და სხეულებრივიც, უნდა აღესრულებოდეს, როგორც ვთქვით, ნაყოფების მიღების იმედით; ხოლო სათნოებათა ნაყოფიერება ნიშნავს უხრწნელი სიამოვნებით სულიერ დატკბობას, რომელსაც სული წარმოშობს მართალთა და მდაბალთა გულებში და რომელიც ენით აღუწერელია. თუ ვინმე, აზრის სიმწირის გამო, თავის საქმიანობას და ღვაწლს ჩათვლის სულის ნაყოფებად, მას უნდა ვუთხრათ, რომ აშკარად იხიბლება, ტყუვდება და საკუთარ სულს სინამდვილეში უნაყოფოდ ტოვებს.