წმინდაო მამაო, როგორ შევძლო ეჭვის განდევნა?
წმინდაო მამაო, როგორ შევძლო ეჭვის განდევნა?
რაოდენ კეთილი ზრახვები აქვს ზოგიერთ ერის ადამიანს! სხვები კი - საცოდავები - როგორ იტანჯებიან ისეთი საგნების გამო, რომელთა მსგავსი ბუნებაში არ არსებობს და რომელსაც ეშმაკიც ვერ მოიფიქრებდა! ერთხელ, როდესაც საშინელი გვალვის შემდეგ წვიმა წამოვიდა, ჩემი გული ისეთი მადლიერებით აღივსო ღვთისადმი, რომ საკუთარ სენკში მჯდომი აღტაცებული ვიმეორებდი: - "ღმერთო, მილიონ, მილიარდ მადლობას გწირავ"! არ ვიცოდი, რომ ამ დროს სარკმელთან ერთი ერისკაცი იდგა და მისმენდა. მერე, როდესაც შემხვდა, მითხრა: - "მამაო, მაშინ რომ მოგისმინე, დავბრკოლდი, მესმოდა ეს "მილიონები" და "მილიარდები" და მეტი არაფერი, ამიტომ ვიფიქრე" -"აი, თურმე რა ხილი ყოფილა ეს ჩვენი მამა პაისი"! და როგორ ამეხსნა მისთვის?! მე ღმერთს წვიმისთვის ვწირავდი მილიონ, მილიარდ მადლობას და იმას კი ეგონა, რომ ფულს ვთვლიდი. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა ღამით ჩემს გასაქურდადაც დაეპირებინა მოსვლა! პირველ რიგში კი მე დამადგებოდა შავი დღე, მაგრამ ისიც რომ ვერაფერს იპოვიდა!
ერთხელ ავადმყოფი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან, მე ის სენაკის ეკლესიაში შევიყვანე, მისი უბედურება მოვაყოლე და დახმარების სურვილით ვუთხარი: - "იმისათვის, რომ შვილი გამოგიჯანმრთელდეს, შენც უნდა გააკეთო რაიმე, მაგრამ რა? მეტანიებს შენ არ ასრულებ, მარხვას არ იცავ, ფული, იმისათვის, რომ მოწყალება გასცე, არა გაქვს, ამიტომ ღმერთს ასე მიმართე: - "ღმერთო ჩემო, მე არაფერი მაქვს ისეთი, რასაც შესაწირად გაკადრებდი ჩემი შვილის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ იმას მაინც შევეცდები, რომ მოწევა მივატოვო". ამ სიტყვებმა იმოქმედა უბედურ მამაზე და მან აღმითქვა, რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა. ვიდრე მას სენაკიდან გავისტუმრებდი, ურდულის გასაღებად მივბრუნდი, მან თურმე ჯიბიდან ამოიღო სანთებელა და სიგარეტი და ტაძარში, მაცხოვრის ხატთან დადო. ეს მე არ შემინიშნავს. შემდეგ ჩემთან ერთი ყმაწვილი მოვიდა რაღაცის სათქმელად, საუბრის შემდეგ სენაკიდან გასვლასაც არ დაელოდა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. - "ყმაწვილო, აქ მოწევა არ შეიძლება, სადმე, შორს წადი და იქ მოსწიე". ვუთხარი მე. - "შენთან ეკლესიაში მოწევა კი შეიძლება"? მომიგო პასუხად. ეკლესიაში სიგარეტისა და სანთებელის დანახვაზე ამ ბიჭმა იფიქრა, რომ მე ვეწეოდი. არც მიფიქრია მისი გადარწმუნება, ისე წავიდა, რომ შეხედულება არ შეუცვლია. კარგი, ვთქვათ, ვეწევი კიდეც, განა ამას ტაძარში გავაკეთებდი?! ხედავ, რა არის მცდარი აზრი?!
|
|