პაისი მთაწმინდელი - საკუთარი თავის მართლება
პაისი მთაწმინდელი

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს ნებისმიერ, მისთვის ნათქვამ სიტყვასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი უჩნდება?

ეჰ, ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელსაც თავისმართლება ჩვევად აქვს გადაქცეული, საშინელი საქმეა! ეს იგივეა, რომ ეშმაკეულს ელაპარაკო. ღმერთმა შემინდოს, მაგრამ მათ, ვინც თავს იმართლებენ, თვით ეშმაკი ჰყავთ "მოძღვრად". ესენი საშინლად გატანჯული ადამიანები არიან, საკუთარ თავში სიმშვიდეს ვერ ამკვიდრებენ. მათ თავისმართლება მეცნიერებად აქციეს. ანუ, იმ ქურდის მსგავსად, რომელიც მთელ ღამეს თვალს არ ხუჭავს და რაღაცის მოპარვის საშუალებას ეძებს, ასეთი ადამიანები გამუდმებით საკუთარი ცოდვების გასამართლების საშუალებებს ეძებენ. სხვა ადამიანი იმაზე თუ ფიქრობს, როგორ დაიმდაბლოს თავი, ან რომელი კეთილი საქმე აკეთოს, ისინი პირიქით, საწინააღმდეგოს მოიფიქრებენ ხოლმე - რაიმე საშუალებას იმის გასამართლებლად, რასაც გამართლება არა აქვს. ისინი ნამდვილი ადვოკატები ხდებიან! მათი გადარწმუნება ისევე შეუძლებელია, როგორც - ეშმაკის. იცით, როგორ გამაწამა ერთმა ასეთმა ადამიანმა! - "ის, რასაც შენ აკეთებ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, - ვარწმუნებდი მას - არის საგნები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება, შენ მთლად წახვედი ხელიდან, შენ უნდა იქცეოდე ასე და ასე"! - მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა თავის გასამართლებელს და ყოველ ჩემს სიტყვაზე - პასუხს. საუბრის ბოლოს კი გამომიცხადა: - "ასე რომ, შენ ვერ მიპასუხე, როგორ უნდა მოვიქცე"! - "ჩემო ოქრო, - შევაწყვეტინე მაშინ, - აბა, ამდენ ხანს რას ვარჩევდით?! ჩვენ ხომ შენს შეცდომებზე ვლაპარაკობდით; იმაზე, რომ იქ არ მიხვედი, სადაც საჭირო იყო, მაგრამ შენ ხომ გაუჩერებლად თავსიმართლებ?!მთელი სამი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქანცი გამაცალე! გამაგიჟე! განა არ გითხარი რა გჭირდება"?! აი, ასეა, ადამიანს შესაბამის მაგალითებს მოუტან, უხსნი, რომ ისეთი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, როგორიც მას აქვს, სატანური ეგოიზმია; აფრთხილებ, რომ ეს ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება და თუკი არ შეიცვლება, დაღუპვა ელის და ყოველივე ამის შემდეგ იგი ისევ აცხადებს, რომ შენ მას მაინც ვერ უთხარი ის, თუ რა უნდა გააკეთოს. არა, მართლა! განა აქ წონასწორობას არ დაკარგავ?! თუკი ადამიანს არაფერი ადარდებს, ასეთ შემთხვევაში ის არც კი აღელდება. რაც უნდა მოხდეს, მისთვის ყველაფერი ცხოვრებისეული წვრილმანია. მაგრამ თუ განურჩეველი არა ხარ, ასეთ დროს უბრალოდ აეთქდები. არა, მაინც ბედნიერები არიან ის ადამიანები, ვისაც ყოველივე ამასთან არაფერი ესაქმებათ!
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები