პაისი მთაწმინდელი - საკუთარი თავის მართლება
პაისი მთაწმინდელი

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, თუ სხვათა საქციელს ვერ ვამართლებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასტიკი გული მაქვს?

სხვებს ვერ ამართლებ, მაგრამ საკუთარი თავის გამართლებას ხომ ახერხებ?! მაშ, ძალიან მალე ქრისტეც ვეღარ გაგამართლებს. თუ ადამიანი ბოროტად იქცევა, მისი გული შეიძლება, წამიერად გაქვავდეს. მაგრამ თუ იგი სიყვარულით მოქმედებს, შესაძლოა მისი გული წამიერად გახდეს ფაქიზი. მოიპოვე დედობრივი გული, როგორ იქცევა დედა: ის ყველაფერს პატიობს შვილებს, ზოგჯერ კი ისეთ სახეს იღებს, თითქოს ვერ ამჩნევდეს მათ ცელქობას.
    
    ის, ვინც სწორ სულიერ სამუშაოს ასრულებს საკუთარ თავთან მიმართებაში, დანაშაულის შემამსუბუქებელ მდგომარეობას ყველასთვის პოულობს, ყველას ამართლებს, მაშინ როდესაც საკუთარ თავს მაშინაც კი ვერ ამართლებს, როდესაც მართალია. ის ყოველთვის საკუთარ თავს უწოდებს დამნაშავეს, რამდენადაც თვლის, რომ ვერ იყენებს იმ ხელსაყრელ შემთხვევებს, რომელიც მას ეძლევა. მაგალითად, როდესაც ასეთი ადამიანი ხედავს, რომ ვიღაც ქურდობს, იგი ფიქრობს, რომ თუკი თავად ასცდებოდა გზას, უარესად იქურდებდა: "ღმერთი დამეხმარა, მე კი მისი საჩუქარი საკუთარ თავს მივაწერე, ეს ქურდობა იმაზე უარესია, რომელიც ჩემმა მოყვასმა ჩაიდინა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მისი ქურდობა შესამჩნევია, ჩემი კი - დაფარული". ამგვარად, ადამიანი მკაცრად განსჯის საკუთარ თავს, სხვათა მიმართ კი შემწყნარებელია. ანდა, როდესაც მოყვასში რაიმე დიდ ან მცირ ნკლს შეამჩნევს, ასეთი ადამიანი კეთილ ზრახვებს აამუშავებს და ამართლებს მას. ფიქრობს, რომ თავადაც ბევრი ნაკლი აქვს, რომელსაც სხვები ამჩნევენ. თუ შევეცდებით, საკუთარ თავში უამრავ ასეთ ნაკლს ვიპოვით და მაშინ მოყვასის გამართლება ძალიან ადვილი საქმე იქნება. "ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ", უფალო.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები