თემა: სიმდიდრე, მოწყალება
ერთხელ წმიდა იოანესთან, რომელიც ალექსანდრიის პატრიარქი იყო, მივიდა ვიღაც მდიდარი კარისკაცი და თვალი მოჰკრა წმინდანის ლოგინს, რომელსაც გაცრეცილი საბანი ეფარა. როდესაც კარისკაცი შინ დაბრუნდა, პატრიარქს გაუგზავნა 36 ოქროს ღირებულების საბანი და სთხოვა, ეს საბანი დაეხურა. პატრიარქმა მიიღო საბანი და რადგან კარისკაცი დაჟინებით სთხოვდა, ხოლო პატრიარქს კი არ სურდა თავისი უარით მისთვის გული დაეწყვიტა, მხოლოდ ერთ ღამეს დაიხურა. თან საკუთარ თავს ასე ჰყვედრიდა: – ვაი შენდა, წყეულო იოანე, რომ ფერად–ფერადი საბნით ხარ შემოსილი, ხოლო ქრისტეს ძმობილნი – მათხოვრები – ყინვისაგან იტანჯებიან, რამდენი ადამიანი ატარებს ღამეს ღია ცის ქვეშ, ქარსა და ყინვაში ყოველგვარი საბნის გარეშე მხოლოდ მომცრო ჯვალოს, ანდა დაგლეჯილი ძველმანის ამარა, რამდენი შიშველ–ტიტველი აგდია მიწაზე და ყინვისგან კანკალებს. ორმაგად იტანჯება: შიმშილისა და სიცივისაგან, მთელი ღამე ვერ იძინებს დამშეული და ყინვისგან იღუპება! ვაი ჩემდა! რამდენ გლახაკს, ლაზარეს მსგავსად სურს იმ ნამცეცებით დანაყრება, რომლებიც ჩემი ტრაპეზიდან ცვივა! ვაი ჩემდა! ამ ქალაქში რამდენი მწირი და ბოგანოა, რომელთაც არა აქვთ ადგილი თავის მისადრეკად, რომელნიც ღამე ქუჩაში რჩებიან და ყოველგვარ გასაჭირს განიცდიან და მაინც ყველაფერზე მადლობას სწირავენ უფალ იესო ქრისტეს! შენ კი, იოანე, გსურს დაიმკვიდრო სასუფეველი, თუმცა აქ ფუფუნებასა და განცხრომაში ხარ და ყველაფერი გაქვს, რასაც კი მოისურვებ: ცხოვრობ მშვენიერ დარბაზებში, ატარებ რბილ სამოსს, სვამ ღვინოს, მიირთმევ ნარჩევ თევზს, და ამასთან ერთად, შენ კიდევ ფერად–ფერადი საბნით იმოსები. რას შეიძლება მოელოდე მომავალ ჟამს? არა, წყეულო იოანე, ასეთი ცხოვრებით თუ ცხოვრობ, ვერ დაიმკვიდრებ მარადიულ სასუფეველს, არამედ მოისმენ იმასვე, რაც სახარებისეულმა მდიდარმა: ,,მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“, ხოლო ღატაკებმა ,,ეგრევე მსგავსად ბოროტი.“(ლუკა 16,25). ღმერთია მოწამე, რომ მდაბალი იოანე არ შეიმოსება ამ საბნით მომავალ ღამეს, არამედ იმ ფულით, რაც ამ საბნის გაყიდვით შემოგვივა, მათხოვარნი და გლახაკნი შეიმოსებიან.
როცა გათენდა, წმიდანმა სასწრაფოდ გააგზავნა საბანი ბაზარზე გასაყიდად, რათა მის საფასურად შეეძინათ სამოსი გლახაკთათვის. მაგრამ როდესაც საბანს ჰყიდდნენ, შემთხვევით იქ იმ კარისკაცმა ჩაიარა, ვინც აჩუქა ის ნეტარ იოანეს. იხილა რა, რომ საბანი იყიდება, მან შეიძინა ის და კვლავ გაუგზავნა იოანეს თხოვნით, რომ თვითონ ეხმარა: წმიდანმა მიიღო საბანი და ისევ გააგზავნა გასაყიდად. კარისკაცმა ნახა, რომ საბანი კვლავ იყიდებოდა, ხელმეორედ შეიძინა და გაუგზავნა იოანეს თხოვნით, რომ თავად შემოსილიყო. იოანემ კი მესამედ გააგზავნა საბანი გასაყიდად, მაგრამ კარისკაცმა მესამედაც შეიძინა და იოანეს გაუგზავნა. ამის შემდეგ იოანემ კარისკაცს შეუთვალა: – ვნახოთ რომელი ჩვენგანი დაიღლება პირველი: მე – გაყიდვით თუ შენ ყიდვითა და ჩემთან გამოგზავნით?
ამ გზით წმიდა იოანემ იმ კარისკაცისგან მრავალი ოქრო მიიღო, რომელიც გლახაკებს დაურიგა.