სხვა მოძღვარი - მოწყალება
image

თემა: მოწყალება,  ვერცხლისმოყვარება,  სიმდიდრე

წმიდა იოანეს ჰქონდა უნარი ძუნწებიც და ვერცხლისმოყვარეებიც კი აღეძრა მოწყალების გასაცემად. ერთ–ერთ ეპისკოპოსს, სახელად ტროილეს, რომელიც ერთობ ძუნწი და ვერცხლისმოყვარე იყო, იოანემ სთხოვა წაჰყოლოდა საავადმყოფოში ხეიბართა და სნეულთა მოსანახულებლად. იოანემ შენიშნა, რომ ტროილეს თან ოქრო აქვს და უთხრა:
    –მამაო ტროილე! აი, შენ გეძლევა შესაძლებლობა, რომ ნუგეში სცე ამ გლახაკთა საძმოს, გასცე მოწყალება.
    ტროლეს შერცხვა, ძუნწად არ გამოვჩნდეო და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოწყალების დარიგება დაიწყო - ოცდაათი ოქროს ლირა დახარჯა. მაგრამ შემდეგ ინანა, რომ ამდენი ოქრო მისცა გლახაკებს. შინ დაბრუნებული ტროილე ისე წუხდა ამის გამო, რომ ლოგინად ჩავარდა. ამ დროს წმიდა იოანემ სადილად მიიპატიჟა. როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ გაიგო, მიხვდა, რომ იგი ცუდად გახდა დახარჯულ ფულზე წუხილის გამო და მის მოსანახულებლად წაბრძანდა, თან ოცდაათი ოქროს ლირაც წაიღო. როცა მასთან მივიდა, უთხრა:
    –აი, მოგიტანე ოქრო, რომელიც საავადმყოფოში შენგან ვისესხე, – აიღე, მე კი მომეცი ხელწერილი, რომ გადმომცემ იმ ჯილდოს, რომელიც შენ გერგებოდა მოწყალებად გაცემული ოქროს გამო.
    ტროილემ ოქროს დანახვაზე ძლიერ გაიხარა, როცა ხელში აიღო, იმავ წამს კარგად გახდა და მაშინვე დაწერა შემდეგი: "მოწყალეო ღმერთო! მიეც ჯილდო უფალსა ჩემსა იოანეს, პატრიარქსა ალექსანდრიისა, იმ ოცდაათი ლირის სანაცვლოდ, რომელიც მე მათხოვრებს დავურიგე, რამეთუ მან დამიბრუნა ჩემი ოქრო".
    იოანემ მიიღო ხელწერილი და ტროილე თავისთან მიიწვია სადილად. როდესაც უმასპინძლდებოდა იოანე გულში ლოცულობდა, ღმერთს ევედრებოდა, რომ მას განეკურნა ტროილე ასეთი ვერცხლისმოყვარეობისაგან. და აი, ღამით ტროილეს ხილვა ჰქონდა – მან დაინახა წარმოუდგენლად მშვენიერი, ულამაზესი სახლი, რომელსაც კარზე ჰქონდა წარწერა: "სავანე და მარადიული განსასვენებელი ეპისკოპოსისა ტროილესი".
    ტროილემ მეტად გაიხარა მისთვის განკუთვნილი ეგზომ მშვენიერი სახლის ხილვისას, მაგრამ უეცრად გამოჩნდა ვიღაც მედიდური და მრისხანე კაცი, თითქოსდა მეფის კუვილუკარი (კარისკაცი, რომელსაც ევალებოდა ზრუნვა მეფის მოსასვენებელზე) და მსახურებს უთხრა:
    – უფალმა მთელი სამყაროისა ბრძანა აღხოცოთ წარწერა ესე.
    და მსახურებმა მეყსეულად წაშალეს წარწერა. იგივე კაცი ხელმეორედ გამოჩნდა და მსახურებს უბრძანა:
    – დაწერეთ: ესე არს სასუფეველი და მარადიული განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიის პატრიარქისა, ვინც ის ოცდაათ ოქროს ლირად შეიძინა.
    ტროილეს გაეღვიძა და ზარი დაეცა, მეტად წუხდა, რომ დაკარგა მისთვის ზეცად გამზადებული სავანე, და თავის თავს აძაგებდა ოქროსადმი სიყვარულის გამო. შემდეგ ტროილე ადგა და მსწრაფლ წარემართა ნეტარ იოანესთან, მოუთხრო მას, რაც იხილა. ნეტარმა იოანემ მისთვის ჩვეული სიმდაბლით მისცა შეგონება და მშვიდობით გაუშვა. იმ დღიდან ტროილე გამოსწორდა, გახდა მათხოვართა მეტად შემცოდე და ყველასადმი მოწყალე.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები