პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე - შობა
 

თემა: შობა

თაყვანსა ვსცემთ შობასა შენსა ქრისტე!

დღევანდელი დღე დიდ სასიხარულო დღედ ითვლება ყველა ქრისტიანეთათვის; დღეს ვდღესასწაულობთ იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის შობას. დღეს ამობრწყინდა მზე სიმართლისა და მოეფინა კაცობრიობას ნათელი ჭეშმარიტებისა. ყოველს თქვენგანს თუ არა, კეთილ მორწმუნენო ქრისტიანენო, ზოგიერთებს მაინც გაუგონიათ, წაუკითხავთ, თუ როგორ სიბნელეში იმყოფებოდა კაცობრიობა ქრისტეს მოსვლამდინ.
    მან არ იცოდა ვინ იყო ღმერთი, ვისთვინ და როგორ უნდა ეცა თაყვანი. უმეტესი ნაწილი კაცობრიობისა კერპებსა სცემდა თაყვანს, მცენარეებს, ცხოველებს, მნათობებს აღმერთებდა, მათ ევედრებოდა და მსხვერპლად ხშირად ადამიანსაც სწირავდა. "პატივსა სცემდნენ და მსახურებდნენ დაბადებულთა უფროს დამბადებელისა" (რომ. 1, 25), და იმოდენად გონება დახშულნი იყვნენ, არ ესმოდათ. თუმცა უმცირეს ნაწილს კაცობრიობისას, ე. ი. ებრაელებს, სწამდათ ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ის თითქოს საკუთრებად მიაჩნდათ; უწოდებდნენ ღმერთს აბრაამისას, ისააკისას და იაკობისას, ღმერთს ისრაელებისას. ეგონათ, ჭეშმარიტი ღმერთი იმათ ღმერთად უნდა ითვლებოდეს და არა მთელი კაცობრიობისა. ამასთან ფიქრობდენ, რომ ღმერთი დაუსჯელად არ დასტოვებს კაცს, თუ მან შესცოდა, თუნდაც ეს თავისი ცოდვა მოინანიოს.
    არ იცოდა აგრეთვე, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო კაცთა შორის. ურთიერთშორის დამოკიდებულებას არ ეტყობოდა სიყვარული. ერთმანეთის გულისათვის თავდადება. ყოველი კაცი თავის ინტერესებს იცავდა. თუ ვინმე გცემდა პატივს, მისთვის, რომ სამაგიერო მიეღო. თუ ვისმეს რამეს დაუშავებდი, აწყენინებდი, უსათუოდ სამაგიეროს გადაგიხდიდა. მარტოკა წარმართებს, კერპთაყვანისმცემლებს კი არა, ებრაელებსაც ასე ესმოდათ ცხოვრება. სიტყვები: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ" (ლევ. 24, 20), "შეიყვარო მოყვასი შენი და შეიძულო მტერი შენი", ნათლად ხატავენ მაშინდელ წეს-წყობილებას, კაცთა ურთიერთ შორის დამოკიდებულებას. ამასთან ზოგნი ფიქრობდენ, ჩვენი მოყვასი არის ის, ვინც ჩვენი ტომისაა. ზოგნი მოყვასად სთვლიდნენ, ვინც მათი სარწმუნოებისა იყო. სხვებს კი მტრულის თვალით უცქეროდნენ. იმ დროს მთელი კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფოდა. ერთ ნაწილს შეადგენდნენ თავისუფალი მოქალაქენი, ბატონები, მეორეს - მონები, იმათი ყმები. პირველნი ისე ეპყრობოდნენ მეორეებს, როგორც ცხოველებს, პირუტყვებს: უნდოდათ - გაყიდდნენ, უნდოდათ - დააგირავებდნენ, უნდოდათ - დახოცავდნენ. ასე გასინჯეთ, ცხოველებს უფრო შებრალება ჰქონდათ, ვინემ მონებს. მაგ. თუ ვინმე ხარს, როცა უღელში ება, მოკლავდა, სიკვდილით დაისჯებოდა, და თუ მონას, - არავითარი სასჯელი არ მოელოდა. მდიდარ მოქალაქეთა სახლების შესავალ კარებთან დღე და ღამე მონები ჰყავდათ ოთხფეხივით მიბმულნი, რათა ქურდებისა და ავაზაკებისაგან დაეცვათ. გასართობად, დროების გასატარებლად მონებს ერთმანეთთან აჩხუბებდნენ, აომებდნენ, ერთმანეთის სისხლს აღვრევინებდნენ და ამით სტკბებოდნენ. ტრაიანი საუკეთესო მოქალაქეთაგანი იყო რომის სახელმწიფოში და მის შესახებ ისტორია გადმოგვცემს, რომ 10, 000 მონას უნდა ეომნათ, ეჩხუბნათ მთელი დღის განმავლობაში და ამით ხალხი გაერთოთ. დიდი ზღუდე ჰყოფდა მონებს თავისუფალთაგან. მათ შორის არავითარი ძმური, კაცობრიული კავშირი არ სუფევდა. პირველები თითქმის არც ითვლებოდნენ ადამიანებად. რაც შეეხება საწყლებს, დავრდომილებს, გლახაკებს, მათი შეწყალება-შებრალება არავის აღონებდა. იმათ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ხომ არავინ იტკივებდა თავს. პირიქით, მათ ერიდებოდნენ, საძრახისად მიაჩნდათ გლახაკის შემწეობა. რომ შეემჩნია ვისმეს ნაცნობისათვის გლახაკებისადმი გულშემატკივრობა, გაკიცხავდა, სასაცილოდ აიგდებდა. "ნუ თუ იმოდენად დაეცი, რომ გლახაკებს, მათხოვრებს შენთან მსვლელობა აქვთ და შენგან შემწეობას იღებენ?" ჰკითხავდა. გაბრაზებული პლავტი სწერს: ცუდ სამსახურს უწევენ გლახაკებს, ვინც მათ შემწეობას უჩენენ, რადგან ამით მათ მდგომარეობას ხანგრძლივად ჰყოფენ. პლატონი, ეს პირველი ნასწავლთაგანი, გამოჩენილი ფილოსოფოსი იმ დროისა, ამბობს: "გლახაკები განდევნილნი უნდა იყვნენ სახელმწიფოთგანო". ებრაელები კიდევ იმას ამბობდენ, რომ გლახაკები, მახინჯები ღვთისაგან არიან დასჯილნიო, ან თავის, ან დედ-მამის ცოდვების გამო (იოან. 9), ამისათვის ღირსნი არ არიან, კაცმა ისინი შეიწყალოს და მათ შემწეობა აღმოუჩინოსო". ახლა ოჯახში, ცოლქმარს შუა, შვილებსა და დედმამას შუა რა დამოკიდებულება იყო? ქმარი ბატონად ითვლებოდა, ცოლი კი მხევალი იყო, როგორ შეეძლო ცოლს რამე წინააღმდეგობა გაეწია ქმრისათვის? არა ჰქონდა ქმარს არავითარი უფლება არამც თუ საზოგადო საქმეებში, არამედ თავისი ოჯახის ასე თუ ისე მოწყობაში რამე მონაწილეობა მიეღო და თავისი აზრი გამოეთქვა. ასე გასინჯეთ, მამა-კაცებთან ჯდომა, მათთან ერთად პურის ჭამაც კი არ შეეძლოთ დედა-კაცებს, ნამეტურ, თუ ვინმე სტუმართაგანი გარეშე კაცი შეესწრებოდა. ქმრებს უფლება ჰქონდათ, როცა მოინებებდნენ თავიანთი ცოლები გაეგდოთ, შიშველ-ტიტველნი, მშიერ მწყურვალნი დაეყარათ. შვილების შესახებ მამას დიდი უფლება ჰქონდა: თუ უნდოდა, გაზრდიდა, თუ არა, ნება ჰქონდა გადაეგდო და ვინც მას აიყვანდა, როგორც უნდოდა, ისე მოეპყრობოდა. სახელმწიფო კანონები არამც თუ სჯიდნენ მკაცრ, სასტიკ დედმამას, პირიქით ხელს უწყობდნენ. ლამაზ საღ ბავშვებს ინახავდნენ და ზრდიდნენ; სუსტებს, მახინჯებს კი ყრიდნენ, ვითომც კატის კნუტები იყვნენ. ამნაირი ჩვეულებების წინააღმდეგ სრულებითაც არ იღებდნენ ხმას იმნაირი გამოჩენილი ფილოსოფოსებიც კი, როგორებიც იყვნენ არისტოტელე, პლატონი, რადგან მათი და სხვების მოსაზრებით, მამულის მტრისაგან დასაცველად სუსტი კაცი ვერ გამოდგება, საჭიროა ჯანსაღი მეომარი, მხედარი. საღი ბავშვების გაზრდისათვის კი ყველა დედები იწუხებდნენ თავს? სრულებითაც არა. თუ ვისმეს რამე შეძლება ჰქონდა, სახსარი მოეპოვებოდა, შვილის აღზრდას ერიდებოდა, როგორც საძრახ საქმეს, . ქირაობდნენ აღმზრდელებს, რასაკვირველია, ღარიბ, დაბალ, უვიც ხალხიდგან და ისინი ზრდიდნენ, როგორც უნდოდათ. დედა შეიძლება ათასში ერთხელ დედინაცვალივით გაუღიმებდა, მოუალერსებდა თავის შვილს.
    გამოცხადდა მაცხოვარი, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა, მოეფინა სოფელს ნათელი ჭეშმარიტებისა. იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა ამცნეს კაცობრიობას: ვინ არის ღმერთი, ვინ არის ჩვენი შემქნელი და მსაზრდოებელი, განუმარტეს, თუ როგორ უნდა ვსცეთ თაყვანი და რითი შეგვიძლია მოვიპოვოთ სიყვარული ყოვლად მოწყალე, ყოვლად კეთილ ზეციერ მამისაგან. თავის სწავლა დარიგებაში არა ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ ღმერთი - ღმერთია არა ერთი რომელიმე ხალხისა, როგორც ფიქრობენ ებრაელები, არამედ ყველასი: არა არს ურიაობა, არცა წარმართება - ამბობს პავლე მოციქული, არამედ განურჩევლად შვილები ვართ ერთი ღმერთის, ზეციური მამისა (გალ. 3, 28; რომ. 10, 12; კოლ. 3, 11). ჩვენს და ღმერთს შუა მამაშვილური დამოკიდებულება არის. ყოველივე მისი მოქმედება ჩვენ შესახებ განუსაზღვრელ სიყვარულით არის აღბეჭდილი; თუ ვინმე შესცოდავს (უციდველი კი არავინ არა ვართ) და ამ ცოდვას იგრძნობს, შეინანიებს და გულმოდგინედ შეევედრება, სთხოვს პატიებას, ყოველთვის მზად არის მისი ვედრება შეიწყნაროს (ლუკ. 15).
    აგრეთვე უჩვენეს კაცობრიობას ახალი გზა, თუ როგორ უნდა მოეწყო მას ოჯახი და საზოგადოებრივი ურთიერთშორის განწყობილება. დედაკაცს მიენიჭა შესაფერი უფლება: "არა არს რჩევა მამა-კაცისა, არცა დედა-კაცისა" (გალ. 2, 28); ცოლი ქმრის ამხანაგად, თანაშემწედ უნდა ითვლებოდეს, ცოლ-ქმარი ერთ ადამიანს შეადგენსო. პავლე მოციქულის სიტყვები: "ქმართა გიყვარდენ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის, ესრეთ ჯერ არს ქმართა, ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს, რამეთუ არავინ, სადა თავი თვისი მოიძულოს, არამედ ზრდიან და ფუფუნებენ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიას" (ეფეს. 5, 25 – 29), თვალსაჩინოდ გვიხატავენ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს ცოლქმარს შუა. ტყუილა უბრალოდ ქმარს ცოლის გაგდება არ შეუძლია და აგრედვე ცოლიც მოვალეა თავის ქმარს ურჩობა არ გაუწიოს, არამედ ყოველთვის ცდილობდეს თვისი კარგი ყოფაქცევით მისი სიყვარული და ერთგულობა დაიმსახუროს. "ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი და ნუ გამწარდებით მათდა მიმართ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი ქმარს. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი, ეგრეცა ქმარიც თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი (1კორ. 7, 3-5). დედმამას სავალდებულოდ გაუხადეს შვილების აღზრდა: "ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა" (ეფ. 6, 4), გვეუბნება იგივე მოციქული. სამაგიეროდ შვილებმაც უნდა გაუგონონ, დაუჯერონ დედ-მამას: "შვილნი მორჩილნი იყვენით მამა-დედათა თქვენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ“ (ეფეს. 6, 1), იძლევა დარიგებას იგივე პავლე მოციქული.
    თუ წინად ხელმძღვანელობდენ თავიანთ დროებითი პიროვნული ინტერესებით, მაცხოვარმა წინააღმდეგ ამისა სულ სხვანაირი დარიგება მოგვცა: გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ; რომელმან გცეს შენ ყვირიმალსა შენსა, მარჯვენეცა მიუპყარ მას ერთ კერძოცა; იყვენით თქვენ შვილ მამისა თქვენისა (მათ. 5, 44; 18, 22; ლუკ. 6, 29).
    გაისმა ხმა: არა არს მონება, არცა აზნაურობა (გალ. 3, 28), ე.ი. ის გარჩევა, განსხვავება, რომელიც ქრისტეს მოსვლამდის სუფევდა კაცთა შორის, უკანონოდ დასახა პავლე მოციქულმა. მონას შეუძლია იყოს თავისუფალი და აზნაური კი მონად ჩაითვალოს, თუ პირველი მიიღებს სწავლა-დარიგებას და ჭეშმარიტ გზას დაადგება, და მეორე კი იმოქმედებს წინააღმდეგ. "ჭეშმარიტებამან განგათავისუფლენ თქვენ", ამბობს მაცხოვარი, და "ყოველმან, რომელმან ჰქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა" (იოან. 8, 32-34).
    გლახაკების შეწყნარება, შეცოდება და შებრალება სავალდებულოდ გაგვიხადა მაცხოვარმა ყველას. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". "ნეტარ არს მიცემა უფროის, ვიდრე მოღებისა" (საქ. მოც. 20, 35), სთქვა იესო ქრისტემ. თუ რა მნიშვნელობას აძლევდა ის ამ ქველ მოქმედებას, სჩანს შემდეგი მისი სიტყვებიდან: "მშიოდა და მეცით მე ჭამადნი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე (მათ. 25, 35). რასაკვირველია, მაცხოვრისათვის არავის აღმოუჩენია ეს შემწეობა, მაგრამ ისე სთვლის გლახაკების შეწყნარებას ის, ვითომც პირადად მისთვის გაეწიოსთ ეს სამსახური.
    შესრულდა 1912 წელი მაცხოვრის დაბადების შემდეგ და რას ვხედავთ ჩვენ?! დაადგა კაცობრიობა იმ ჭეშმარიტ გზას, რომელიც მას უჩვენა მაცხოვარმა, თუ არა? ყველას სწამს თუ არა ჭეშმარიტი ღმერთი? მართალია, ქრისტიანობა თან და თან ვრცელდება, მაგრამ ბევრი, ჯერ კიდევ ბევრი საუკუნენი გაივლიან, სანამ ყველანი ერთ ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყებენ თაყვანის ცემას. მრავალნი არიან ახლაც წარმართნი, კიდევ დიდხანს იქნებიან სიბნელეში. ბევრი კი სულაც უარს ჰყოფს ღმერთს. ზოგიერთებს არ სწამთ იესო ქრისტე მაცხოვრად, ძედ ღვთისად არ მიაჩნიათ იგი, უარსა ჰყოფენ მის დოგმატურ სწავლას და წმ. საიდუმლოების საჭიროებას. ზოგიერთებს თუმცა ყოველივე ესე სწამთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვით და არა საქმით.
    ახლა კაცთა შორის სათნოების მაგიერ რას ვხედავთ? მართალია, შედარებით ისეთი ქიშპობა, მტრობა ურთიერთ შორის არ არის, მაგრამ ახლაც განა უმეტეს ნაწილად თავიანთ ინტერესების გულისთვის არ იღვწიან? თითქმის ყოველი ჩვენგანი პატივს სცემს მხოლოდ იმას, ვინც მისი პატივის მცემელია, და ვისგანაც სამაგიეროს არ გამოელის, ყურადღებასაც არ აქცევს. მტრის, მოწინააღმდეგის მიწასთან გასწორებაზე ხომ დღე და ღამ ფიქრობს!
    დედაკაცსაც დიდი უფლება მიეცა, თითქმის გათანასწორდა მამაკაცთან; არამც თუ შინაურ, კერძო, არამედ საზოგადო საქმეებშიაც მხურვალე მონაწილეობას იღებს. აღარ არის ისე დამწყვდეული, კარჩაკეტილი, როგორც უწინ იყო. მაგრამ სამაგიეროდ ვერ ვხედავთ იმ წმიდა, ერთგულ ცოლ-ქმრობას, როგორსაც გვიხატავს ქრისტეს სწავლა. ხშირად ვხედავთ ცოლ-ქმარს შუა უსიამოვნებას, უკმაყოფილებას. ხშირად ცოლები ცუდი ყოფაქცევით სიცოცხლეს უმწარებენ თავიანთ ქმრებს და ცოლებიც ქმრების მეოხებით ხშირად ყრიან შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი თვალ-ცრემლიანნი. შვილებს განა ყველა დედები თვითონ ზრდიან? არა. როგორც უწინ რომაელები არ იწუხებდნენ თავს, ახლაც ჩვენი შეძლებულნი თავიანთ თავის დამამცირებლად რაცხენ ბოვშების აღზრდას. შეიძლება დედამ ათასში ერთხელ მოუალერსოს შვილს და ისე გულ ცივად, ვითომც მისი ღვიძლი შვილი არც კი იყოს. თუ უწინ საბერძნეთში ნებას აძლევდნენ ავადმყოფ, სნეულ ბავშვების გადაგდებას, დახოცვას, განა ცოტა დედები მოიპოვებიან ეხლაც, რომლებიც არამც თუ სუსტს, სნეულს, არამედ საღ ბავშვებსაც კი იმეტებენ და ქუჩაში სტოვებენ, ან და ჩუმად ახრჩობენ და სადმე მალვენ. მართალია, მთავრობა, საზოგადოება ზრუნავს ამ ჩჩვილთათვის, მაგრამ შეიძლება ეს შედარებით ბედნიერნი, სიკვდილისაგან გადარჩენილნი, მეათედ-მეოცედ ნაწილსაც არ შეადგენდნენ უგზო-უკვლოდ დაღუპულთა. არც შვილები აყრიან ხეირს დედ-მამას?!
    გლახაკები შეიწყნარეთო, გვეუბნება მაცხოვარი და დიდ ჯილდოსაც პირდება მათ გულ შემატკივართა. მართლაც ვცდილობთ ვიქონიოთ მათთვის თავშესაფარნი, სასადილოები და სხვა, მაგრამ ყველგან არის ასეთი შემწეობა და ყველა ხდება ბედნიერი, ეღირსოს ამნაირ შეწყალებას?! რამდენი უსახლკარო, შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი დახეტიალობენ და ხან ერთს მიადგებიან, ხან მეორეს. მერმე როგორც უწინ ეკიდებოდნენ მათხოვრებს, ახლაც ისე არ ეპყრობიან მათ? განა ახლაც არ არიან ისეთები, რომლებიც ქადაგებენ: ვინც მათხოვრებს შეიწყალებს, ის მათი მტერია და არა მოყვარე. ბატონობა გადავარდა, მონობა ვითომც მოისპო, მაგრამ განა ყველგან ისე, როგორც ქრისტიანული მოძღვრება გვამცნებს? ჩვენ ვსასოებთ ისევ იმაზე, რომლის შობას დღეს თაყვანსა ვსცემთ, ის, მხოლოდ ის, შეგვაძლებინებს იმის ასრულებას, რასაც ჩვენგან თხოულობს, ვინაიდგან ჩვენთვის შეუძლებელს იგი არასოდეს არ მოგვთხოვს. ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები