ამაშია ღვთის განგებულების დიადი საიდუმლოება!
ამაშია ღვთის განგებულების დიადი საიდუმლოება!
დიდი პარასკევი: უფლის ვნების დღე; ავაზაკთა გვერდით ჯვარზე გაკრული აღესრულა მაცხოვარი; უნუგეშოდ შთენილნი, სასომიხდილნი, დამცირებულნი მოციქულნი და ახლობელნი უფლისა დაბნეულობას მოეცვა. მათი მდგომარეობა ამის საფუძველს მართლაც იძლეოდა, რადგან არამარტო მოძღვარი დაკარგეს, არამედ ღმერთკაცის წამებაც საკუთარი თვალით იხილეს; ამასთან, იესო ქრისტე თორმეტ უახლოეს მოწაფეთაგან ერთ-ერთმა გასცა.
არას მქონეთ, უბირთ და გამოუცდელთ რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თუნდ ექადაგათ, ვინ რას დაუჯერებდა?
მაშ, როგორ მოხდა, რომ ამ უბრალო მეთევზეებმა სძლიეს მთელ წარმართულ სამყაროს, დაამარცხეს მეფეები და ჯარები, დაიპყრეს მსოფლიო? – ამაშია ღვთის განგებულების დიადი საიდუმლოება, ამაშია ძალა და ძლიერება სულიწმიდისა, უძლურთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა. ეს ძალა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მიენიჭათ მოციქულებს და, უფლის მადლით, მათ მართლაც რომ განაცვიფრეს გარშემომყოფნიც და მსოფლიოს მრავალი ქვეყანაც.