image
ავტორი: ილია II

თემა: სათნოებები,  სიხარული,  სინდისი,  აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 2002

სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის შედეგია

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:


    "აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე" (გამც. 21,6-7).
    ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
    ქრისტე აღდგა!
    ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).
    სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდულმოს უნდა ჩავსწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგადად ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს უფლის მცნებებს და მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ქრისტეში ცხოვრობს.
    აი, რას წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის მიერ მონიჭებული მარადიული სოცოცხლის შესახებ: "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (1,4), "და სიცოცხლე ცხად იქმნა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ" (I ინ.1,2).
    ქრისტე აღდგა!
    ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა.
    აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: "ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილი ღმერთის ცხოვრებასთან".
    დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: "ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მთ. 7,7).
    ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით, რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23) და ამატებს: "თუ სულით ვცხოვრობთ, სულსვე უნდა მივსდევდეთ, ნუ ვიქნებით მედიდურნი, ერთმანეთის გამომწვევნი, ერთმანეთის მოშურნენი" (5,25-26).
    მოციქული პავლე ზემოთ ხსენებული ცხრა სათნოების ჩამოთვლით წარმოაჩენს, თუ როგორი უნდა იყოს სულიწმიდის მადლით მოსილი მორწმუნის შინაგანი სამყარო, როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება ღვთისა და მოყვასისადმი. აი, ამ თვისებების მატარებელი პიროვნება არის ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქრიტეში და ქრისტეც მყოფობს მასში.
    დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და ამავე დროს მეტად რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?! როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ჰყოლოდა მას ისეთი თავდადებული, ერთგული და ძლიერი დამცველნი, როგორებიც იყვნენ: წმიდა მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, არჩილ და ლუარსაბი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, და ათასობით და ათიათასობით სხვა მოწამე, რომელთაც თავი დადეს მამულისა და რწმენისათვის.
    საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თვადადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა. სწორედ ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ ქართველი ქალის მიერ უნდა განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის მტკიცე საძირკველზე უნდა გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.
    ამიტომაც მინდა ამ საკითხზე განსაკუთრებულად შევჩერდე.
    უპირველეს სათნოებად მოციქული სიყვარულს მიიჩნევს და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მას ასე ახასიათებს: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერი იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასდროს განქარდება" (I კორ. 13,4-8).
    ეს საოცარი სიტყვები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და თავისი ცხოვრების წესად აქციოს.
    სიყვარული გადამრჩენელია და მარადიული, ამასთან იგი სათავეა სიხარულისა, რომელიც ასე აკლია თანამედროვე კაცობრიობას. ჭეშმარიტი სიხარულის განცდა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს.
    სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".
    სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
    სულიწმიდის მადლთა შორის მესამე ადგილი მშვიდობას უკავია.
    მშვიდობა ყველსათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა არ არის იოლი. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს, ეს კი წყალობაა ღვთისა და ამ მადლს მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც ვნებებს დაძლევს. ბედნიერია ოჯახი, სადაც ღვთივკურთხეული მშვიდობით დაჯილდოვებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სხვებისაგან ფარულად, შეუმჩნევლად თესენ სიკეთეს და დამაწყნარებლად მოქმედებენ გარშემომყოფებზეც და, საერთოდ, საზოგადოებაზეც. მშვიდობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მშვიდობისმყოფელთ უფალი ძეებად ღვთისად მოიხსენიებს.
    მეოთხე ადგილზე მოციქული პავლე მოთმინებას აყენებს.
    სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19); ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავ. 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და მისთვის ილოცოთ.
    მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
    მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.
    პავლე მოციქული სრულყოფილების კიბის მეხუთე საფეხურზე სიკეთეს აყენებს. სიკეთე სულიერი სიმდიდრის სათავიდან მომდინარეობს და კრძალულებით არის შემკული.
    კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: "ქრისტე აღდგა", რადგან ყოველი შეხვედრა პასექის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი განწყობა არ მოდის გონებიდან, იგი გულის თვისებაა.
    მოწყალება არის სულიერი კიბის შემდგომი საფეხური. გულმოწყალება ცხონებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. იგი გულისხმობს თანალმობას, თანადგომას, სხვის დასახმარებლად საკუთარი თავის დაუზოგაობას, და საერთოდ, ცხოვრებას მოყვასისათვის. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი შეწყალებულნი იქნებიან და ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ.
    იოანე მოწყალის ცხოვრება ისევე, როგორც მრავალი სხვა წმინდანისა, საუკეთესო მაგალითია გულმოწყალებისა.
    მოწყალების შემდეგ პავლე მოციქული რწმენაზე საუბრობს. რწმენა მხოლოდ ღვთის არსებობაში დარწმუნებას კი არ ნიშნავს, არამედ უპირველესად ცხოვრებას ღმერთში და მისი წყალობის სასოებას გულისხმობს. იგია ერთგულება და მორჩილება ღვთის ნებისადმი. "რწმენა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - დედაა ყოველი სიკეთისა, იგია წამალი გადარჩენისა". იოანე კიბისაღმწერელი კი ასე გვაფრთხილებს: "ვინც ჭეშმარიტი რწმენის გარეშე იქმს კეთილ საქმეთ, მსგავსია კაცისა, რომელიც წყალს გატეხილ ჭურჭელში ასხამს". ამიტომაც გადარჩენა და ცხონება შეუძლებელია გარეშე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რადგან სხვა გზა სულიწმიდის ნიჭთა მოსახვეჭად არ არსებობს.
    რწმენას მოსდევს სიმშვიდე, თვინიერება. მშვიდთა შესახებ ამბობს მაცხოვარი: "მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებას და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისა. მოსე წინასწარმეტყველმა ღვთის უდიდესი მადლი იმიტომ მოიპოვა, რომ იგი იყო ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი დედამიწაზე იმ დროს მცხოვრებ ადამიანთა შორის.
    მეცხრე სათნოება არის თავშეკავება.
    თავშეკავებულობა ახასიათებდა ყველა დიდ და ბრძენ ადამიანს. თავშეკავება – გონიერებაა, იგი გემოთმოყვარებაზე, ვნებებსა და სხვა ცოდვით მიდრეკილებებზე უარის თქმაა. იგია ბრძოლა საკუთარ თავთან.
    დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ამ უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა, რადგან მთელი მსოფლიო ზნეობრივმა დაცემამ მოიცვა და იგი, ვითარცა ჭაობი, ყველას თავის გახრწნილ წიაღში ითრევს.
    XX საუკუნემ მატერიალურ-ტექნიკური მიღწევებით, მსოფლიო ომებით, ლოკალური კონფლიქტებით, ახალი გადანაწილების სურვილებითა თუ სხვა პრობლემებით ადამიანებში პესიმიზმი და ხვალინდელი დღისადმი შიში დანერგა.
    მსოფლიოში რომ ამჟამად დიდი გარდატეხის პროცესი მიმდინარეობს, ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, აგრეთვე, რომ გუშინდელი დღე ხვალ არ განმეორდება და ხვალინდელი დღე არც დღევანდელს აღარ გაიმეორებს.
    დიახ, დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, ამიტომ, ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს ის სულიერი და მატერიალური პრობლემები, რომელთაც ახალი ცხოვრება გვთავაზობს და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესებს შესაძლებლობისამებრ მომზადებული შეხვდეს, რათა თაობა არ დამახინჯდეს.
    ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოვლენაა ცენტრალიზებული, წინასწარ დაგეგმილი ეკონომიკის შეცვლა თავისუფალი საბაზრო ცხოვრების წესით. ტოტალიტარულ რეჟიმს შეჩვეული ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ვერ უღებს ალღოს დროის მოთხოვნილებებს და დაბნეული სასოწარკვეთილებაში ვარდება.
    აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, ახალი იდეები, გონიერი, შორსმჭვრეტელი ადამიანები, რათა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი რისკიც და მსხვერპლიც მაქსიმალურად შემცირდეს. ამისათვის კი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი წერს, სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მისი აპარატის როლისა და გავლენის შემცირება. ისეთ პერიოდში კი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამჟამად გადის, ეკონომიკის 50% მაინც (განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებს) სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ნახევარს კი საბაზრო ურთიერთობები. ამასთან, აუცილებელია წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა. ჩვენთან კი ბევრი რამ არასწორად კეთდება. თავისუფალი ბაზარი ევროპაში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა; საქართველოში კი ყველაფერი რამდენიმე წელში გვინდა შევცვალოთ. ვფიქრობ, დაჩქარებული ტემპები სერიოზული შეცდომების მიზეზი ხდება, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
    იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის.
    ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
    სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და საზარელ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.
    ზოგიერთები ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახლაგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც ეფლობიან მასში. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს. მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნების ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია). ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ყველა პრობლემის, სულიერისა თუ მატერიალურის წინაშე, ერთბაშად დავაყენოთ, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვასა და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.
    და თუ მაინც მხოლოდ ასეთი პროდუქციის მოხმარება გვსურს, იგი ხალხს ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე სულ სხვა კომენტარებითა და სხვა ფსიქოლოგიური კუთხით მაინც უნდა მივაწოდოთ. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ არის ძნელი.
    ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა "თავისუფლებას", იმ აღვირახსნილი და თავაშვებული ცხოვრების წესს, რომლის წინაშეც ასე მოულოდნელად აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბევრმა ვერ გაუძლოს ცდუნებას და ავხორც ვნებებსა და ცხოველურ ინსტინქტებს დაემონოს.
    ასეთნი შიშის, ჰალუცინაციების, სრული სულიერი გამოფიტვისა და მსხვრევისათვის არიან განწირულნი. ადრე თუ გვიან, თვითონაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ მოლიპული გზით მიექანებიან, მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ.
    შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, უპირველს ყოვლისა, თავად ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ და თვითონ უნდა მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.
    მჯერა, ისინი გააცნობიერებენ, თუ რა დიდი სულიერი ბრძოლა აქვთ გადასატანი. ჩვენ დიდგორის ველი გველის. თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უნდა შეძლოს დავითობა, ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს – ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მრავლის მცოდნენი და გონიერნი არიან.
    მართალია, თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულვებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთსავე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.
    დიდი ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის მიერ შემოთავაზებული მაგალითი მინდა შეგახსენოთ: ერთხელ იგი თავის მოწაფეებთან ერთად სეირნობდა. მან შეამჩნია კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა; მიუახლოვდა მას და ჩიტებით სავსე მისი გალია დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ბარტყები იყვნენ. დიდები სადღა არიან? – იკითხა კონფუციმ. კაცმა უპასუხა: "დიდები გონიერნი არიან და ფრთხილნი. ვიდრე დაგებულ მახეს მიუახლოვდებიან, გულდასმით სწავლობენ გარშემო ყველაფერს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაშინვე მიფრინავენ და ბარტყებიც თან მიჰყავთ: კაკანათში მხოლოდ უფროსთაგან განცალკევებული პატარები ებმებიან".
    "გესმით, - უთხრა ფილოსოფოსმა მოწაფეებს, - ჩიტების დამჭერმა რა სიბრძნე გვითხრა!"
    ესაა ჭეშმარიტება, რომელიც ყველაგან, ყოველთვის და ყველასათვის გასათვალისწინებელია. უფლის მეხუთე მცნებაც გვაფრთხილებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს.
    თავის მხრივ, მამებმაც მეტი ლობიერება უნდა გამოიჩინონ შვილებისადმი, რადგან მათ ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო რთულ დროს მოუხდათ ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და გაცილებით მეტი პრობლემები და სიძნელეები აქვთ დასაძლევი.
    თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
    არ შემიძლია ორიოდე სიტყვით კვლავ არ შევეხო ნარკომანიის პრობლემასაც. ისინი, რომლებიც ამ საწამლავს მიეჩვივნენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები არიან, რომელთაც ამ საშინელი სენისაგან თავის დაღწევაში უნდა დავეხმაროთ. ერთხელ კვლავ მივმართავ მათ მამაშვილური სიყვარულით: უწინარესად თქვენ თვითონ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი გადარჩენისა. ამის გარეშე სხვათაგან რაიმე მცდელობას აზრი არა აქვს. იმისათვის კი, რომ ეს სურვილი იყოს მყარი და ბოროტის მხრიდან მრავალ შემოტევას გაუძლოს, ღვთის შემწეობაა აუცილებელი, რაც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ლოცვის, აღსარებისა და წმიდა ზიარების გარეშე ზეაღმყვანებელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია.
    ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც თავიანთი წლების განმავლობაში გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, ნარკოტიკების მიღებაზე უარი თქვეს და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.
    ღმერთი იყოს შემწე და აღმადგინებელი ყოველი დაცემულისა.
    დაბოლოს, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმეა ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 70-80 წლის მანძილზე ჰაერის დაბინძურება 100000-ჯერ გაიზარდა, განადგურდა და კვლავაც ნადგურდება ათასობით ჰექტარი წყლის საფარი, იწამლება წყალი, გაუდაბურდა უზარმაზარი მიწის ფართობები. რამდენად შემაშფოთებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამიწაზე უკვე ყოველ საათში ისპობა ცოცხალ არსებათა ორი სახეობა, რაც გლობალური სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, იზრუნოს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. ეს ზრუნვაა ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის.
    მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან ყალიბდება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტი, ისე ნარკომანთა რეაბილიტაციის (აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული) ცენტრი. ჩვენი დიდი სურვილია შესაძლებლობისამებრ დავეხმაროთ საზოგადოებასაც და ბუნებასაც და შევქმნათ პირობები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
    მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არა გვაქვს უფლება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოს ხვალინდელ დღეზე პესიმისტური დასკვნები გამოვიტანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის ერთადერთი მკურნალი და დამცველი.
    "იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ", - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული.
    დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას. იგია მადლი, რომელიც უხვად იღვრება უფლის კალთიდან და აღავსებს ყოველი მართლმორწმუნის სულს. ამ სიხარულის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. იგი ეფინება ეკლესიის სრულ სისავსეს და ყველას მშვიდობითა და სიყვარულით აერთიანებს.
    ისინი კი, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ.
    დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია – ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა.
    ჩვენო საყვარელნო სულიერნო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულითა და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
    ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა".
    ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომნიჭებელ სიტყვებს:
    ქრისტე აღდგა!
    უფალმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ყოველი წევრი საქართველოს ეკლესიისა. მოგვმადლოს ერთსულოვნება, მშვიდობა, სიბრძნე და კეთილდღეობა, მოგვანიჭოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს წმიდა წერილის ეს სიტყვები: "ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მასზე" (გამც. 20,6).ამინ!
    თქვენთვის მლოცველი,
    ილია II
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
    აღდგომა ქრისტესი,
    თბილისი, 2002 წ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები