წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი - ცოდვა
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თემა: ცოდვა,  სინანული

ცოდვილნი, რომლებიც ბოლო სინანულზე ფიქრობენ

არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის მადლი – ყოველ ძღვენზე უდიდესი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარებას იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს, რომ მათ ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმიდე. ეს უბედურნი, ჯოჯოხეთის ბორკილებში მყოფნი, ფიქრობენ, როცა მოისურვებენ, მაშინ შეძლებენ ბორკილების ჩამოხსნას. ბოროტების მთავრის წინაშე მავალნი, რომელსაც მათი სულების გასაღები ხელთ უპყრია, თვლიან, რომ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს თავისუფლად წავიდნენ მისგან. მეტად აღარ აღვწერ ამ ცდომილებას, ვინაიდან იგი ახალი არაა ადამიანებს შორის. განა ამას არ შთააგონებდა ევას მაცდური, როცა აქეზებდა, დაერღვია ღვთის მცნება? რა თქვა მან? "არა, არ მოვკვდებით". (შესაქ. 3, 4). ანუ თქვენ შეგიძლიათ, გააკეთოთ ის, რაც გინდათ და არაფერი არ დაგემართებათ, ვინაიდან უფალი – ძალიან კეთილია. ევა ამით ცდუნდა და მის კვალდაკვალ ცდუნდა ადამიც – მან "შესცოდა, რადგან ფიქრობდა ღვთის წყალობაზე", ანუ ადამი დაეცა, ვინაიდან თვლიდა, რომ მართლაც არ იქნებოდა ღვთისგან დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ უფალი მას აფრთხილებდა მოსალოდნელი სასჯელის შესახებ. და შენც, ძმაო ჩემო, სხვა რა მაგალითი გინდა იმისათვის, რომ დაინახო კადნიერების ის საფეხური, სადამდეც დავიდა ეშმაკი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში? ის უწმიდური იქამდე მივიდა, რომ უფალს სთავაზობდა, ტაძრის გუმბათიდან გადმოვარდნილიყო იმის იმედით, რომ ანგელოზები დაიჭერდნენ და არ დაუშვებდნენ, რომ მას რაიმე ბოროტება შემთხვეოდა, როგორც დაწერილია: "და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (მთ. 4, 6). ამგვარად, არანაირი საჭიროება არ მოითხოვს, რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ მტერი იგივე ცრუ აზრს მრავალჯერ შთააგონებდა და აცდუნებდა ქრისტიანებს, აქეზებდა, ჩავარდნილიყვნენ სხვადასხვა უსჯულოებაში და პირველი ცოდვისთვის ათასობით სხვა დაემატებინათ; თანაც იმედი ჰქონოდათ, რომ ოდესმე აღიარებდნენ ამ ცოდვებს და სულიერი მოძღვრები ყველაფერს აპატიებდნენ. საოცარია, რომ ქრისტიანები ვერ ამჩნევენ ესოდენ აშკარა და თვალშისაცემ სიცრუეს და სრულებით გულგრილნი ხდებიან უფლის მიმართ. ცოდვათა აღიარება და სინანული, გულმოწყალება და სიკეთე უფლისა – ცხონების ამ საშუალებებს ისინი თავიანთი დაცემის საშუალებებად აქცევენ. და როგორც ერთი შხამიანი ბალახი, შხამიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ზეციდან ნამი ეცემა, ასევე ეს უბედურნი იესო ქრისტეს მაცხოვნებელ სისხლს სასიკვდილო შხამად აქცევენ. ეს იმიტომ, რომ ამ სისხლს, რომელმაც აღსარების შემდეგ უნდა განბანოს და ჩააქროს ჩვენი ცოდვების სიმხურვალე, ისინი იმისათვის იყენებენ, რომ კიდევ უფრო ააგიზგიზონ ეს ცოდვები. განა შეიძლება, რაიმე ამაზე აღმატებული უსჯულოება არსებობდეს?! რა წამლობას გამოიყენებდნენ უბოროტესად, ვიდრე იმას, რომელსაც ეშმაკის ზეიმისა და გამარჯვებისათვის იყენებენ? სწორედ ამაზე წუხდა წმიდა ამბროს მედიოლანელი: "ჩვენს მიერ ამ წამლის ბოროტად გამოყენებით ეშმაკი ზოგჯერ უბრალოდ ზეიმობს".
    დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანთა უმრავლესობა იტანჯება ამ ბოროტი და მაცდური იმედით, რომელიც ლამის ჯოჯოხეთში ერეკება მათ. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებისთვის გამზადებულია მარადიული ტანჯვა-წამება, ისინი მშვიდად სცოდავენ, ვინაიდან თვლიან, რომ ყოველივე ეს გამონაგონია. და ეს იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს ცოდვისგან თავის გამოხსნა ძალიან ადვილი და მარტივი იყოს. საკმარისია, მხოლოდ მღვდელს მოუთხრო და რაიმე ეპიტიმია აღასრულო. როგორც კი ამას წარმოიდგენენ, თავს ისევ მშვიდად გრძნობენ და საერთოდ არ ზრუნავენ თავიანთ ცოდვებზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სინანული ჯერ კიდევ ადრეა.
    ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ გაამართლოს ისინი. და აი, ეს უბედურნი თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ ვერც სიტყვებში და ვერც ცნობისმოყვარეობაში და პირუტყვთა მსგავსად დაღუპვის გზისკენ მიისწრაფიან. ვის შეუძლია, გაზომოს მათი დაცემის სიღრმე? ყოველ ჯერზე, როგორც კი მათში ჩნდება ბოროტი ვნება და ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევათ, მაშინვე ვარდებიან ცოდვაში. ყოველთვის, როგორც კი თავში მზაკვარი აზრი მოუვათ, უსჯულო საქმეებში ვარდებიან, რომ აღსარებისას ადვილად შეენდობათ ყველა ცოდვა, ყოველდღიურად ამრავლებენ მათ როგორც თავიანთი ბოროტი საქმეებით, იმდენად ვნებებით, უსირცხვილო საუბრებით, ცოდვილი სიამ-ტკბილობით, განსაკუთრებით კი იმით, რომ სხვებს საცდურს აძლევენ და ამით მათ სულებსაც აკვდინებენ. ამგვარად, ადამიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ ასე ფიქრობენ, შეუძლიათ თავადვე შეუმჩნევლად ჩაიდინონ ათასობით ცოდვა და ყველა ადვილად მიხვდება, ღვთის სამართალი რატომ ხსნის ასეთი ცოდვილებისთვის ჯოჯოხეთის კარს. საშინელი მოსასმენია შენს მიმართ წარმოთქმული უფლის სიტყვები, რომლებიც იერემია წინასწარმეტყველის პირით ითქვა: "მკურნალობისგან შენ უფრო მეტად იტანჯები, მან ვერ გარგო". შენ გმკურნალობენ, მაგრამ ეს ვერ გშველის. მრავალჯერ ამბობდი აღსარებას, ცოდვები მიგეტევებოდა, რათა ჩაგეკლა ისინი, ამის მაგივრად კი, შენი სიბოროტის მიზეზით, ყოველივე ეს მათ კიდევ უფრო მეტად გავრცელებას უწყობდა ხელს. "თუ ცოდვის ჩადენა შემიძლია, შემიძლია სინანულიც. მე შემიძლია, ვცოდო ისევ და ისევ – სულ ერთია, შემდეგ მოვინანიებ". შენ გმკურნალობენ, მაგრამ ამისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ჰპოვებ. აღსარებას მრავალრიცხოვანი ცოდვების მიზეზად გადააქცევ, და არც კი იცი, რომ ეს ცოდვები ჯოჯოხეთში გიბიძგებს და სასჯელს მოგიტანს, როგორც დაწერილია: "ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა, მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია" (იერ. 51, 9).
    დიდია ზიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მოაქვთ ცოდვილებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მომავალში მოინანიებენ, ვინაიდან ისინი უსირცხვილოდ, უშიშრად სცოდავენ და ამგვარად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან უწმიდურ და ჭუჭყიან ჭაობში ცოდვისა. სიბინძურეში, რომელშიც ღორებიც კი არ მოინდომებენ კოტრიალს. ზიანი, რომელსაც ისინი თავის თავს აყენებენ იმაში მდგომარეობს, რომ გულგრილნი ხდებიან თავიანთი ცხონებისადმი და ღვთის მცნებების მოძულებას იწყებენ, როგორც სოლომონმა ბრძანა: "ბოროტეულს სიძულვილი მოჰყვება, ლანძღვა-გინებას კი – სირცხვილი" (იგავ. 18, 3). როდესაც ისინი უკიდურეს მზაკვრობას აღწვენ, გონება ებინდებათ, გული უსასტიკდებათ და ისინი უკვე აღარასდროს დაუფიქრდებიან თავიანთ ცოდვებს. ზოგი მათგანი კი არა მარტო გულგრილი ხდება მათ მიმართ, არამედ თავსაც კი იქებენ ამით, როგორც უდიდესი ღვაწლითა და გმირობით, როგორც სოლომონი ამბობს: "ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ" (იგ. 2, 14). და ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამეორება, მათ ჩვევად ექცათ, ჩვევა კი თითქოს მათი მეორე ბუნება გახდა, გული კლდესავით გაუქვავდათ, უგრძნობელნი გახდნენ და საკუთარ თავში ჩაიხშვეს ყოველგვარი იმედი სინანულისა და გამოსწორებისა. და ეს უბედურნი ასე კვდებიან – გამოუსწორებელნი და მოუნანიებელნი.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები