image

თემა: ზიარება


საღმრთო ევქარისტიის დიდებულების შესახებ

დაფიქრდი იმ ერთ ნიჭზე, რომლის მთელი ღირებულება ცხადდება მაშინ, როდესაც შენში სამი რამ შეერთდება: ამ ნიჭის მთელი დიდებულების შეცნობა, სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამ ნიჭს მოგმადლებს, და შემეცნება მის მიერ მოტანილი სარგებელისა. ეს სამი სასწაულებრივი რამ არის სწორედ ნიჭი, რომელიც ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოთი გვეძლევა. იფიქრე ამ ნიჭის დიდებულების შესახებ. სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა მრავალი რამ მოგვმადლა. ჯერ ერთი, მან გვიბოძა ჩვენივე თავი, როდესაც შეგვქმნა არარაობიდან იმისათვის, რომ მის მსგავსად და ხატად გვეარსება. მან გვაჩუქა თავისი მრავალრიცხოვანი ქმნილებები – ზეციური და მიწიერი – არა მხოლოდ არამატერიალური და სულიერი, არამედ მატერიალურიც – იმისათვის, რომ გვეზრუნა მათზე. მან შექმნა ჩვენთვის ზეცა, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა. ხოლო უდიდესი საჩუქარი არის ღვთის განხორციელება, რომელშიც ღმერთი სიტყვა შეუერთდა ადამიანურ ბუნებას იმისათვის, რათა ადამიანი მადლით განეღმრთო.
    ყველა შესაძლო ნიჭიდან დარჩა მხოლოდ ერთი, და იგიც უბოძა ღმერთმა ადამიანს – ღვთაებრივი ევქარისტიით. მისი საშუალებით უფალმა ადამიანს მისცა საჭმელად თავისი ყოვლადწმიდა სხეული და ძვირფასი სისხლი, რათა თითოეულის სული განაღმრთოს. ამაშია ჩვენი სიმდიდრე და მადლი. აი, რას ამბობს ამ საიდუმლოს შესახებ ღირსი იოანე დამასკელი: "მას "მიღება" ეწოდება იმიტომ, რომ მისი საშუალებით ჩვენ საკუთარ თავში თვით ღმერთს ვიღებთ; მასთან "შეერთება" კი იმიტომ ჰქვია, რომ მისი საშუალებით ქრისტეს ვუერთდებით და თანაზიარნი ვხდებით როგორც მისი ხორცის, ისე ღვთაებრიობის". მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საიდუმლო არის სახე სხეულის სახლის მშენებლობისა (იგულისხმება ის, რაც უფალმა ჩვენთვის გააკეთა ხორცში ყოფნის დროს). იგი საკუთარ თავში მოიცავს მაცხოვრის დაბადებასაც, ადამიანთა შორის მის ცხოვრებასაც, მის ვნებებსა და სიკვდილს, ჯოჯოხეთში შთასვლას, აღდგომას, ამაღლებას, მის დაჯდომას მარჯვენით მამისა და მეორედ მოსვლას. ყოველივე ეს მოხსენიებულია წმ. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგიებში. ჯერ კიდევ მათშია საუბარი იმ ნეტარი ადამიანების შესახებ, რომლებიც საღმრთო ლიტურგიით, ქრისტესთან შეერთებით იღებენ მარადიულ მადლს, როგორც ბრძანებს ამაზე ნიკოლოზ კავასილი: "მაშინ ეს ნეტარნი ერთმანეთსა და ქრისტეს ისე შეუერთდებიან, როგორც სხეულის ნაწილებია შეერთებული თავთან და ერთმანეთთან". მოკლედ, უკვე ახლავე, ერთი პურითა და ერთი ბარძიმით ზიარებით ისინი ერთობაში მოდიან, როგორც უფლის ლოცვაშია ნათქვამი: - "რაითა იყვნენ ერთი, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოანე 17, 22).
    ასე რომ, უკვე აღარაფერი დარჩა, რისი თხოვნაც კიდევ შეგვეძლებოდა ჩვენი მაცხოვრისათვის და რისი მიღების შემდეგაც ფილიპესთან ერთად ვიტყოდით: "უფალო, კმა არს ჩუენდა!" (იოანე 14, 8). თუ ჩვენი ცხოვრებისათვის რაიმე უკეთესის ძიებას დავიწყებთ, მაშინ იგი გვეტყვის: "ეს საიდუმლო, რომელიც მე გიბოძეთ – ყველა მადლის სრულყოფილებაა და არაფერი მაქვს ამაზე მეტი, ყოველგვარი მადლი მოგეცით ამ პურითა და ღვინოთი". რა შეუდარებელი ძღვენია! ყოველთა საუკუნოთა უბადლო წყალობაა, - ამის მიღწევა შეუძლებელია თვით მრავალთვალება ქერუბიმებისა და ექვსფრთიანი სერაფიმებისათვის!
    ასე რომ, საყვარელნო, განა არ ხართ ვალდებულნი, ღვთის ამ მადლმოსილ ძღვენში მონაწილეობით საკუთარი თავი სრულად მიიტანოთ მსხვერპლად იმის წინაშე, ვისაც ლიტურგიაზე მადლობას უძღვნით?! ნუთუ შემდგომშიც უმადური დარჩები, ღვთის მიერ შენთვის ბოძებული უხვი ძღვენის მიუხედავად?! რას იტყვიან ანგელოზები ამ უმადურობაზე?! რას იტყვიან ზეცაში ამის შესახებ ანგელოზები, რომლებმაც ღვთის უდიდესი სიყვარული შეიცნეს?! გრცხვენოდეს იმ უმადურობის გამო, რომელსაც საიდუმლოს აღსრულებისას იჩენთ, საიდუმლოსი – მადლიერება (ევქარისტია) რომ ჰქვია. ამგვარად მხოლოდ იმიტომ კი არ იწოდება, რომ უფალი მადლობას შესწირავდა მამას, ვითარცა წერილ არს: "მოიღო იესო პური და ჰმადლობდა... და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა..." (მათე 26, 26-27), არამედ იმიტომაც, რომ იგი გვიბიძგებს, ვიყოთ მადლიერნი ღვთისა, რომელიც გვანიჭებს ესოდენ დიდ სიკეთესა და მადლს ამ საიდუმლოთი.
    იფიქრე იმაზეც, რომ სასჯელიც ძღვენისოდენი იქნება, თუ ამ ძღვენს ჯეროვნად არ გამოვიყენებთ; ანუ – რამდენადაც დიდია ღვთისაგან გამომავალი მადლი, იმდენად დიდი იქნება შენთვის სასჯელიც, თუკი ღვთის ძღვენს უნაყოფოდ დატოვებ შენში. აღუთქვი უფალს, რომ სრულად მიუძღვნი მას საკუთარ თავს, ისევე როგორც იგი ყოველივეს გაძლევს შენ. მადლობა შესწირე ამ უდიდესი და განუსაზღვრელი ძღვენისათვის და შესთხოვე, რათა ყოველგვარ სიკეთეს დაურთას ერთიც: სულისა და გულის განახლება – იმისათვის, რათა შენ საჭიროებისამებრ გაიაზრო ღვთის სიკეთე და შეგეძლოს, შესაბამისად მადლობდე ამის გამო.
    იფიქრე, საყვარელო, იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც ღმერთი გიმჟღავნებს და ღვთაებრივი ზიარების შესახებაც. ამ საიდუმლოში მისი სიყვარული სრულყოფილების საზღვარს აღწევს, როგორც ბრძანებს იოანე მახარებელი: "შეიყუარა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (იოანე 13, 1). და როგორც ღუმელის სიცხოველე მისგან გამომავალი ცეცხლით შეიცნობა, ასევე ღვთის ჩვენდამი სიყვარული საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოთი შეიცნობა.
    საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ?! უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს, შენ კი არ გსურს შეერთება მასთან – ყოველივეზე აღმატებულ მადლთან?! შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, ფერფლი კი – ასეთ სიცივეს?! უფალმა ინება შენში დავანება და შენ თავის ტაძრად გაქცია, შენ კი, უმადური ქმნილება, მას კარებს უხურავ და არ გსურს, იგი შენში შემოუშვა?! ასეთი უმადურობის გამოვლინებით ემსგავსები იმ ებრაელებს, რომლებმაც უდაბნოში მოისურვეს ეგვიპტური ხახვი და ნიორი, ანუ ხორციელი სიამოვნებანი. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ღმერთს, რათა დაეთრგუნა შენი გაქვავება და არაადამიანურობა?!
    ასე რომ, ღვთაებრივი დიდებულების წინაშე წარდგომილმა აღიარე შენი გაჭირვებული მდგომარეობა. საკუთარი თავი სრულად მიუძღვენი უფალს ამ საიდუმლოების საშუალებით და შემოუშვი შენში საყვარელი იესო, რომელმაც დაადგინა ეს საიდუმლო უდიდესი სიყვარულით იმისათვის, რათა შეგძლებოდა, გამოგეხატა შენი სიყვარული მის მიმართ, რათა ყოფილიყო შუამავალი მოსიყვარულე ღმერთსა და შენს შორის, რადგანაც მან შეგიყვარა შენ. ესაა ზეციური ერთობა, რომელიც უდიდესი სიყვარულის ღირსია! მაშ, გამოიღვიძე, ძმაო, იფხიზლე და შიშით აღძრული ერიდე ყოველგვარ ცოდვას, რომელიც შეგბილწავს შენ. წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილები მეძავის ნაწილებად ვაქციო?! "აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძავის? ნუ იყოფინ" (I კორ. 6, 15). ბოლოს, შესთხოვე უფალს, რომლისაც შენ გწამს და რომელიც გიყვარს, რათა მან განამრავლოს შენში სიყვარული, ამასთან, ერთობის სურვილი და შენი მისდამი ანთებული სიყვარული. როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთსა" (რომ. 12, 1). იმისათვის, რომ შეგიყვარონ, უნდა თვითონ გიყვარდეს, როგორც ბრძანებს უფლის საყვარელი მოწაფე: "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ" ( 1 იოანე 4, 19). იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღირსი ისიდორე პელუზიელი: "ღვთაებრივი საიდუმლოების მიღებას "ზიარება" იმიტომ ეწოდება, რომ მისი საშუალებით გვებოძება ერთობა ქრისტესთან და მისი მეუფების თანაზიარნი ვხდებით". ამასვე წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი: "ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვთაებრივი ზიარებით ქრისტე ჩვენში დებს უკვდავების თესლს, როგორც ამის შესახებ თვითონ ბრძანებს: "ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუნაისკნელსა მას დღესა" (იოანე 6, 54).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: