ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ზიარება, ცნობისმოყვარეობა
460. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: კარგია თუ არა საღმრთო საიდუმლოებებისადმი ცნობისმოყვარეობა; და როდესაც მათ ცოდვილი მიეახლება, განიკითხება თუ არა როგორც უღირსი?
როდესაც ქრისტეს სისხლის და ხორცის მისაღებად წმიდა ტაძარში მიხვალ და ეზიარები, საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ ამ საიდუმლოს ჭეშმარიტება უეჭველად გრწამდეს. ხოლო თუ როგორ ხდება ეს, არ იცნობისმოყვარეო, ნათქვამის თანახმად: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი“(მათე 26, 26; მარკ. 14, 22). უფალმა ისინი ცოდვების მისატევებლად გვიბოძა. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ასე სწამს, ის არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, აწვე დასჯილია. მაშასადამე, საკუთარ თავს მიახლებას ნუ აუკრძალავ და ნუ განიკითხავ, როგორც ცოდვილს, არამედ აღიარე, რომ უფალთან მიახლებულ ცოდვილს, ცოდვები შეენდობა. წერილშიც ვხედავთ მასთან რწმენით მისულებს, რომელთაც ღვთაებრივი ხმა გაიგონეს: „მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი მრავალნი“ (მათე 9, 2-5; მარკ. 2, 5; ლუკა 7, 47-48). მასთან მისული ღირსეული რომ ყოფილიყო, მაშინ მას ცოდვები არ ექნებოდა. მაგრამ, რადგან ის ცოდვილი და მოვალე იყო, ამიტომაც მიიღო ცოდვების შენდობა. თავად უფალს მოუსმინე, რომელიც ამბობს: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“ (ლუკა 5, 32), და კიდევ: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათე 9, 12). ასე რომ, საკუთარი თავი ცოდვილად და სნეულად აღიარე და მიეახლე მას, ვისაც ძალუძს ცხორება წარწყმედულისა (მათე 18, 11; ლუკა 19, 10).