image

თემა: ვნებათაგან განთავისუფლება,  თავისუფალი ნება,  გლოვა ცოდვებისათვის

459. გთხოვ ბატონო აბბა, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რომ უფალმა მცირედი სიმდაბლე მომანიჭოს. მამები ამბობენ, ვინც ვნებების ფესვებს არ გადაჭრის, ის დროთა განმავლობაში კვლავ დანებდებაო მათ. როგორ მოვიკვეთო ხორციელი ვნების, მუცლისმაამებლობის და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა ფესვები? და რადგან დიდმა ბერმა მითხრა, ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა და ამიტომაც მიდის და მოდისო, მაინტერესებს რა მიზეზით მემართება ეს? საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, რომ იგლოვოს, თუ მოვეშვა მას, სანამ ჭეშმარიტი ლმობიერება არ მოვა?
ძმაო! ღმერთი სიმდაბლეს გვიგზავნის, ჩვენ კი უარვყოფთ მას და კვლავ ვამბობთ: „ილოცე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგვანიჭოსო“. სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში საკუთარი ნება მოვიკვეთოთ და არაფერზე არ ვიზრუნოთ. ხოლო შენს მიერ ჩამოთვლილ ვნებათა ფესვების მოკვეთა საკუთარი ნების მოკვეთას ნიშნავს; რამდენადაც შეგიძლია, საკუთარი თავი უნდა გააწბილო და ბოროტად არ გამოიყენო გრძნობის ორგანოები, არამედ, წესიერების დასაცავად აიძულო; ასე არა მარტო ამ, არამედ სხვა ვნებების ფესვებსაც გადაჭრი. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა (ანუ, რომ მიდის და კვლავ მოდის), გეტყვი: ეს იმიტომ გემართება, რომ შენი აზრი, მონაცვლეობით, ხან უძლურდება, ხან კი აღიგზნება. და როდესაც სითბო მუდმივი გახდება, მაშინ ლმობიერებაც დიდი და მუდმივი იქნება, და მას ჭეშმარიტი გლოვა მოჰყვება, რისთვისაც უნდა იზრუნო და თავი აიძულო, რომ მოიპოვო ის. ძმაო! შეეცადე ბერის სიტყვები და მცნებები დაიცვა და ცხონდები. მეც საკმაოდ ამაოდ ვიმეტყველე შენთან, მაგრამ ძმაო, არც საქმიდან გამომდინარეობდა ეს და არც სულიდან. და მრწამს, რასაც ბერი გეუბნებოდა და გეუბნება, ყველაფერს სულიწმიდის შთაგონებით თავისი ადრინდელი საქმიანობიდან გეუბნება. მაგრამ სინდისი დამიდასტურებს, რომ მე შენი მოტყუება არ მსურს. ამიტომაც მრწამს, არც ჩემი სიტყვები და არც რჩევები ზიანს არ გაყენებენ შენ; ჩემმა სინდისმა იცის, რომ ეს არ მინდა, მაგრამ რადგან შენ მეკითხები და ცხონება გსურს, ამიტომ, თუ უფალი გამაძლიერებს, მზად ვარ შენი სულის ნაცვლად გემსახურო. დაე, „გაკურთხოს შენ უფალმან სიონით და იხილო შენ კეთილი იერუსალიმისაი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა“ (ფსალ. 127, 6). ილოცე ჩემთვის, ძმაო.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები