თემა:
ბიბლია
გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა
გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა სახარების ქართული თარგმანები და რომ ეს თარგმანები წმ. გიორგის დროს უკვე ძველად ითვლებოდა. მაინც, რამ აიძულა ამ შემთხვევაში წმინდანი ხელახლა ეთარგმნა სახარება, რომელ ძველ თარგმანებზე ამბობს იგი და ვის ეკუთვნოდა ისინი? პასუხს ამ კითხვაზე ჩვენ ვპოულობთ იმავე წმ. გიორგის ცხოვრებაში, რომელიც მისმა მოწაფემ აღწერა. "ცხოვრების" მიხედვით, წმინდანმა კალამი აიღო იმისთვის, რომ 1) ზოგიერთი წიგნი საერთოდ არ არსებობდა ქართულ ენაზე, ხოლო მათი თარგმნა კი საჭირო იყო, რაც წმინდანმა შეასრულა კიდევაც; 2) სხვა წიგნთა თარგმნა უკვე დაწყებული იყო წმ. ეფთვიმეს დროს, მაგრამ დროის უქონლობის გამო მის მიერ ვერ იქნა დასრულებული - საჭირო იყო დაუმთავრებლის დამთავრება, რაც წმინდანმა ასევე შეასრულა; 3) სხვა წიგნები, რომლებიც, მართალია, იყო ადრე თარგმნილი, მაგრამ - ნაჩქარევად და საჭიროებდა გადამოწმებას; ამასთან ისინი დააზიანა როგორც დრომ და გადამწერთა უმეცრებამ, ასევე დამახინჯებებმა და მავანთა მუხანათობამ: საჭირო იყო ასეთ წიგნთა შეჯერება ბერძნულთან და მათ მიხედვით ხსენებულ ნაკლოვანებათა შესწორება, რაც წმინდანმა მით უფრო მონდომებით შეასრულა, რადგან ამ წიგნთა შორის იყო სახარება და პავლენი.
|