ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ

"ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვარ, ტქვენც იქ იყოთ... მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. ვინც მე მიხილა, მამა იხილა" - ბრძანებს მაცხოვარი.
    როდესაც წუხილს აღმოთქვამს ადამიანი, ეს წუხილი ყველაფერზე მეტი სიმძაფრით წარმართული აქვს გარდაცვალების ჟამის უცილობელ გარდუვალობისკენ, რადგან გამოცდილებით იცის, რომ არავინ იმათგან დედამიწაზე, ვინც უკვე იარა...
    ეს რეალობა გვზარავს და გვთრგუნავს, მოსვენებას გვიკარგავს და გვტანჯავს. იგი ამავდროულად გვახსენებს, რომ ამაოებაა ქვეყნიერება, წარმავალი და სატყუარა. მიუხედავად ამისა, მაინც მას ვებღაუჭებით და მასთან გვინდა შესისხლხორცება. და განა ქვეყნიერება, ფიზიკური სამყარო, მართლაც საძულველია? რა თქმა უნდა, არა! ის შემოქმედის ხელის ქმნილებაა მხოლოდ. ამიტომ იგი სიკეთეა და სხვა არაფერი. ქვეყნიერების ამაოებაც მხოლოდ სამყაროში შემოსული ცოდვისადმი ქვემდებარობაა, მასთან ერთობა, მასში ცხოვრება და დარჩენა. ეს რომ ასეა, ამაზე მიუთითებს ცისა და მიწის კვლავ განახლება, როგორც ამის შესახებ გვამცნო წმ. წერილმა" იქნება ახალი ცა და მიწა. იგი განახლდება, ანუ მოხდება მისი ფერისცვალება სულიერად ფერნაცვალ კაცობრიობასთან ერთად. "უფალი ზეციდან მოვა, ის ამ სამყაროს აღსასრულისთანავე მობრძანდება... დადგება სამყაროს აღსასრული და ეს ქმნილი სამყარო კვლავ განახლდება" - აღნიშნავს წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი. მისი ფერიცვალების შესახებ წმ. ბასილი დიდი წერს: "ეს სამყარო აუცილებლობის გამო განიცდის ფერისცვალებას". როდესაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი განმარტავს პავლე მოციქულის ეპისტოლიდან ებრაელთა მიმართ დაწერილ ციტატას "შემდეგ ერთგზისღა შევძრავ ქვეყანასა და ცას" (ებრ. 12.16), აღნიშნავს: "ამით განცხადებულია ყველა ნივთის დიდებული განახლება. უკანასკნელი ძვრა სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს მეორედ მოსვლა და ამ სამყაროს გადასვლა უძრაობისა და ურყეველობის მდგომარეობაში". ხოლო ნეტარი ავგუსტინე გვამცნობს: "მსჯავრის აღსრულების შემდეგ ეს ცა და მიწა არსებობას შეწყვეტენ. მაშინ კი დაიბადება ახალი ცა და ახალი მიწა. ეს სამყარო მატერიის გარდაქმნის გამო დაიღუპება და არა მისი სრული განადგურების გამო. მაშინ ამ სამყაროს ხატება დედამიწის წყლებში დაითქა. ამგვარად, ამ ყოვლისმომცველ ცეცხლში განადგურდებიან ხრწნადი ელემენტები, ისინი, რომლებიც შეესაბამებიან ჩვენს ხრწნად ორაგნიზმებს. მატერია ამ სასწაულებრივი გარდაქმნის შედეგად ისეთ თვისებებს შეიძენს, რომლებიც მორგებული იქნება ჩვენს უხრწნელ სხეულებს. განახლებული და სრულყოფილი სამყარო სრულ ჰარმონიაში უნდა იმყოფებოდეს ადამიანთან, რომელთა ბუნებაც ამ დროისთვის უკეთესობისკენ განახლებული ახმოჩნდება". ალბათ, უკვე გასაგები უნდა იყოს ჩვენთვის, რა ნადგურდება და გაქარწყლდება და რაც ნადგურდება, რატომ ინთქმება. მაშასადამე, წუთისოფელში მხოლოდ წუთისოფლობა განქარდება. სიცოცხლე და ყოფიერება წარუვალობის არსობის გამო მარად მარადიული რჩება. სიცოცხლე არ ქრება! სიცოცხლე არ კვდება!
 
0