ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

უფალი მცნების დამრღვევ ადამიანს მაშინვე არ ტოვებს

უფალი მცნების დამრღვევ ადამიანს მაშინვე არ ტოვებს

სამოთხეში ყოფნისას ადამი და ევა ბედნიერები იყვნენ, რადგან მორჩილებდნენ და აღასრულებდნენ ღვთის მცნებას, არ ეჭამათ აკრძალული ნაყოფი. ისინი სხვა ქმნილებათა ბატონ-პატრონნი იყვნენ, ყველაფერზე მეუფებდნენ, ხარობდნენ, განიცდიდნენ და ხედავდნენ უფალს. ძალზედ ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ. ღვთის მფარველობით ცხოვრობდნენ. მათ არავინ აწუხებდა, არავინ განსჯიდა. შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე თავისუფლად დააბიჯებდნენ სამოთხეში. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის წინაშე არანაირი ცოდვით არ იყვნენ დაცემულნი.

შემდეგ, როდესაც თავისუფლება ბოროტად გამოიყენეს და, როგორც თავისუფლებმა, მცნების დარღვევა მოისურვეს, დაარღვიეს კიდეც და შესცოდეს ღვთის წინაშე.

შესცოდეს თუ არა, მათში სინდისის ქენჯნამ იფეთქა. დაცემისთანავე ამოქმედდა სინდისი, რომელიც აშფოთებდა და ტანჯავდა მათ სულებს. ცხადია, სინდისის ქენჯნა მცნების დარღვევისა და ცოდვის შედეგი იყო.

მცნების დარღვევის შემდეგ პირველი ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ესმათ ხმაი უფლისა ღმრთისაი, მავალისა სამოთხესა შინა“ (დაბ. 3, 8), – ამბობს წმინდა წერილი, – შეეშინდათ და დაიმალნენ. ადრე, როცა ღვთის წინაშე ბრალი არ ჰქონდათ, რატომ არ ეშინოდათ მისი? განა ღმერთი სამოთხეში მაშინ პირველად გამოჩნდა? ნუთუ როცა მცნება დაარღვიეს, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდა მათ? უფალი ხომ ადამსა და ევას, როგორც საკუთარ შვილებს, ხშირად ნახულობდა და სამოთხეშიც დააბიჯებდა? ოღონდ ადრე მისი არ ეშინოდათ, რადგან უშფოთველი და მშვიდი სინდისი არაფერში ამხელდათ და თვითონაც მშვიდობით ცხოვრობდნენ.

და აი, სამოთხეში მომავალ უფალს ორივე დაემალა, რადგან შეეშინდათ მისი.

უფალი ღმერთი ეუბნება მათ:

– ადამ და ევა, სად ხართ? სად იმალებით?

ახლა რა პასუხს გასცემენ უფალს?

– ადამ, რატომ მემალები?

– შემეშინდა, – მიუგებს ადამი, – გავიგე, როგორ დააბიჯებდი სამოთხეში და შემეშინდა.

– რატომ შიშობ? ნუთუ მამის, შემოქმედისა და მწყალობლის გეშინია? ჩემი გეშინია, ვინც უსაზღვრო ღვთაებრივი სიყვარულის გამო მთელი სამოთხე გიბოძე? ჩემი მოახლოების გეშინია? გიახლოვდება ბედნიერება, გიახლოვდება წყარო ცხოვრებისა, სიხარულისა და მშვიდობისა, შენ კი გეშინია?

– ჰო, – ამბობს ადამი, – მეშინია, რადგან ვცოდე. მაგრამ დამნაშავე მე არ ვარ. ევამ, დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მაიძულა და მიბიძგა, მცნება დამერღვია და აკრძალული ხის ნაყოფი მეჭამა.

– ევა, – მიმართა უფალმა, – რატომ აცდუნე შენი ქმარი და რატომ იგემე აკრძალული ნაყოფი?

– მე არ ვარ დამნაშავე, – მიუგო ევამ, – გველმა, რომელიც, ცხადია, შენ შექმენი და აქ, სამოთხეში გვყავდა, მითხრა, ეს ნაყოფი მეჭამა და თუკი შევჭამდი, გავხდებოდი „ვითარცა ღმერთი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (დაბ. 3, 5).

ნახეთ, მაშინვე ქედმაღლობა და შეპასუხება. გულსა და გონებაში წინააღმდეგობა ქედმაღლობის შედეგია; შეპასუხებით ღმერთს უპირისპირდება და პასუხისმგებლობას ირიბად მას აკისრებს.

ჰოდა, რადგან უფალს არც სინანული უჩვენეს და არც შენდობა ითხოვეს, ღმერთმა დაუყოვნებლივ მათი განდევნა ბრძანა.

ღმერთსა და პირველქმნილთა შორის გამართული ეს დიალოგი ძვირფასი რჩევა-დარიგება და სწავლებაა იმის შესახებ, რომ უფალი მცნების დამრღვევ ადამიანს მაშინვე არ ტოვებს და არ განსჯის, არამედ უახლოვდება მას. მაგრამ როგორ უახლოვდება? ადამიანს არ ესმის მისი ნაბიჯის ხმა ისე, როგორც ადამს ესმოდა! თუმცა მე ძალიან მკაფიოდ მესმის, როგორ მამხელს და მეუბნება: „აქ ცუდად მოიქეცი", „იქ სწორი ნაბიჯი არ გადადგი“, „რატომ აკეთებ ამას?“... უფალი ჩვენი სინდისის ხმით მოგვიწოდებს: „შეინანე, ადამიანი ხარ“.

თემატური კითხვები
0