თემა: მრისხანება

5. ეშმაკთა განაზრახს დიდად შეეწევა ჩვენი მრისხანება, ამოქმედებული ბუნების საწინააღმდეგოდ, რაც უაღრესად გამოსადეგი ხდება ყველა მათი ბოროტი მოქმედებისთვის. ამიტომაც, მათგან არც ერთი არც ღამით, არც დღისით არ წყვეტს ჩვენი მრისხანების გამოწვევას, მაგამ თუკი ნახავენ ისინი ამ მრისხანებას თავმდაბლობით შეკრულს, მაშინ, ვითომცდა სამართლიანი მიზეზებით, მყის გახსნიან მას, რათა უკიდურეს სიფიცხემდე მიიყვანონ იგი და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი პირუტყვული ზრახვებისათვის. ამიტომ, აუცილებელია არ გავაღიზიანოთ ჩვენი რისხვითი მიდრეკილება არც სამართლიანი, არც უსამართლო მიზეზით, არცთუ ისე მოხდეს, რომ ჩვენვე ხელთ ვუგდოთ ჩვენს შემაცდენლებს მახვილი უკეთური, რასაც, ვიცი, მრავალნი მოქმედებენ მრავალგზის, რაჟამს მცირე რამ მიზეზთა გამო ჯეროვანზე ბევრად მეტად აღეგზნებიან. დიახ, მითხარი, რად შეიმართები, ესოდენ სწრაფად, ბრძოლისათვის, თუ მართლაც მოგიძაგებია საჭმელი, ფული და ფუჭი დიდება? რადღა იყოლიებ ძაღლს, თუ აცხადებ, რომ დასაცავი არაფერი გაქვს? თუ ეს ძაღლი ყეფს და თავს ესხმის ადამიანებს, აშკარაა, რომ გაქვს შენ რაღაც და მისი დაცვა გწადია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამგვარი ვინმე შორსაა წმინდა ლოცვისგან, რადგან ვიცი, რომ მრისხანება სპობს მსგავს ლოცვას. გარდა ამისა, მიკვირს როგორ დაივიწყა მან წმინდანებიც, რადგან, ერთი მხრივ, დავითი ღაღადებს: „დამშვიდდი გულისწყრომისგან და მიატოვე მრისხანება" (ფს. 36.8), მეორე მხრივ კი, ეკლესიასტე შეგვაგონებს: "განიშორე მრისხანება შენი გულისგან და განაგდე უკეთურება შენი ხორცისგან" (ეკლ. 11.10). ასევე, მოციქულიც გვიბრძანებს, რომ აღვაპყროთ ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას წმინდა ხელები გულისწყრომისა და გულისზრახვათა გარეშე (I ტიმ. 2.8). რად არ განვისწავლებით ადამიანთა საიდუმლო და ძველი ჩვეულების კვალობაზე, რომლის თანახმადაც ლოცვის ჟამს ძაღლები განიდევნებიან სახლებიდან? ამით ხომ სწორედ ის მოესწავება, მლოცველებთან რომ მრისხანება არ უნდა თანამყოფობდეს, რადგან "ვეშაპთა მრისხანება ღვინოა მათთვის" (II სჯ. 32.33), ხოლო ნაზირეველები ღვინოს განუდგებოდნენ. რაც შეეხება იმას, რომ არაა საჭირო შესამოსელთა და საჭმელთა გამო ზრუნვა, ამის შესახებ ზედმეტიც მგონია რაიმეს დაწერა, რადგან თვით მაცხოვარი გვაძლევს აკრძალვას სახარებებში, როდეაც ამბობს: "ნუ ზრუნავთ თქვენს თავზე, რა ჭამოთ და რა სვათ, ანდა რა შეიმოსოთ" (მთ. 6.25, 31, 32). მართლაც, ამგვარი რამ აშკარად წარმართთა და ურწმუნოთა თვისებაა, რომლებიც უკუაგდებენ უფლის წინაგანგებას და უარყოფენ შემოქმედს, მაშინ როცა ამგვარი რამ სრულიად უცხოა ქრისტიანებისთვის, რომლებმაც მყისიერად ირწმუნეს, რომ ერთი ასარით ნაყიდი ორი პატარა ჩიტიც კი წმინდა ანგელოზების განგეულების ქვეშაა (მთ. 10.29). ამასთან, ეშმაკებს ისიც სჩვევიათ, რომ უწმინდურ ზრახვათა შემდეგ მზრუნველობითი ზრახვანი შთაგვიგდონ ჩვენ, რომ ამით "მიეფაროს" ჩვენგან იესო, ჰპოვებს რა იგი ჩვენი გონების "ადგილას" ფიქრების "ბრბოს" (შდრ. ი. 5. 13), და რომ "უნაყოფო" გახდეს მისი სიტყვა, "მზრუნველობითი" გულის ზრახვებით "მოშთობილი" (შდრ. მთ. 13.22). ამიტომ, განვიშოროთ ეს ყოველივე და "უფალს მივანდოთ ჩვენი საზრუნავი“ (ფს. 54.23), არსებული ვიკმაროთ, უბადრუკი ცხოვრება და სამოსელი ვიხმიოთ და ყოველდღიურად განვიძარცვავდეთ ცუდმედიდობის მამებს, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ უბადრუკი სამოსელი სამარცხვინოს გახდის მას, მზერა მიაპყროს წმინდა პავლეს, რომელიც "ყინვასა და სიშიშვლეში" (II კორ. 11.27) მოელოდა "სიმართლის გვირგვინს" (II კორ. 4,8); მაგრამ რადგან მოციქულმა "თეატრონი" და "საასპარეზო სარბიელი" უწოდა ამ სოფელს (I კორ. 9.24), ვნახოთ, არის კი შესაძლებელი, მზრუნველობითი ზრახვებით შემოსილმა "ღვთის ზენა ხმობის ჯილდოსკენ ისწრაფოს" (ფილ. 3.14) ანდა "იბრძოლოს" მან "მთავრობათა და ხელმწიფებათა მოპირისპირედ, ამ საუკუნის წყვდიადის სოფლისმპყრობელთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6.12). მე ეს არ ვიცი (განსწავლული ვარ რა თვით ამ გრძნობადი ისტორიისგანაც), რადგან ამგვარი ვინმე აშკარად დაბრკოლებული იქნება შესამოსელით და მიმოტაცებული _ ისევე როგორც გონება _ მზრუნველობითი გუსზრახვებით, თუკი ჭეშმარიტია სიტყვა, რომელიც ამბობს, რომ გონება თავის საკუთარ საუნჯეში მდგრადობს, რადგან უთქვამს: „სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც“ (მთ. 6.21)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები