ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

იესოს ლოცვის განმარტება - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

იესოს ლოცვის განმარტება - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტლივ, როცა შრომობს, ჭამს, ზის და სხვა ნებისმიერი საქმიანობითაა დაკავებული. ამ სიტყვებს ან ბაგეებით ვამბობთ, ან გონებით, ან გულით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
განუწყვეტლივ ამ სიტყვების წარმოთქმა არ გვღლის. თავიდან ადამიანს ცოტა ძალის დატანება სჭირდება, მაგრამ შემდეგ ეჩვევა, ძალიან ადვილად ამბობს ლოცვას და აღარ უნდა მისი შეწყვეტა. ლოცვისას ის ისეთ სულიერ მხიარულებას გრძნობს, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი (თუკი ასეთი იარსებებს) არ აღელდება, არც შეწუხდება, არამედ მოთმინებით აღვსილი მიმართავს უფალს, შეწყალებას სთხოვს და ქრისტეც ანუგეშებს და სიხარულს მიანიჭებს. განა რა არის ამაზე მშვენიერი – ყოველ წუთს ქრისტეს ევედრებოდე და თიხის ბაგეებით მის წმინდა სახელს წარმოთქვამდე? არსებობს ამაზე დიდი პატივი?
ეს სიტყვები მთელ ჩვენს სარწმუნოებას მოიცავს. როცა ვამბობთ: „უფალო“, გვწამს, რომ ღვთის მონები ვართ და იგი ჩვენი უფალია. ქრისტეს პატივს მივაგებთ, როცა მას უფალს ვუწოდებთ, მაგრამ ჩვენთვისაც პატივია ის, რომ იმ ბატონის მსახურნი ვართ, რომელიც თავად ღმერთია.
როდესაც ვამბობთ „იესო“, რაც უფლის კაცობრივი სახელია, გვახსენდება ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე.
ვამბობთ „ქრისტე“, რაც ნიშნავს ღვთის ცხებულს, ცისა და ქვეყნის მეუფეს, სხვა სიტყვებით კი – ღმერთს, ვაღიარებთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ღმერთია, რომელმაც ყველაფერი შექმნა, ზეცაში სუფევს და ისევ მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
როცა ვამბობთ „შემიწყალე მე“, ღმერთს ვევედრებით, მოგვივლინოს თავისი შეწევნა და წყალობა, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე არ შეგვიძლია რაიმეს კეთება. ესაა ამ წმინდა სიტყვების მცირე განმარტება. ვინც ლოცვის ამ სიტყვებს იმეორებს, ბევრ რამეს გამოცდის.
მთელი გულით გისურვებ, ჩვენმა ტკბილმა იესომ შენს სულს ეს ლოცვა მიჰმადლოს, რომ მისი სულიერი ამბროზია იგემო და ამით აღივსო.
თემატური კითხვები
0