ადამიანის შექმნა, ცოდვით დაცემა და სამოთხიდან გამოდევნა
ადამიანის შექმნა, ცოდვით დაცემა და სამოთხიდან გამოდევნა
ახლა, უვიცი და საწყალობელი შევეცდები მოგითხროთ და მცირედ მაინც აგიხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მიწიერი ქმნილებისთვის, ადამიანისთვის ფსალმუნის სიტყვებს: „აღაღი რა. ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“.
როდესაც ღმერთმა ესოდენი სიბრძნით შექმნა ადამიანი, მას თავისი ხატება და მსგავსება მიანიჭა და გონება და თავისუფალი ნება უბოძა. უფალმა აღმოსავლეთით მშვენიერი სამოთხის სასახლე შექმნა, აურაცხელი კეთილსურნელოვანი ყვავილებით, მცენარეებით და სხვადასხვა სახეობისა და ნაყოფის მქონე ხეებით. წმინდა წერილი მოგვითხრობს: „აღმოაცენა ღმერთმან მერმეცა ქუეყანისაგან ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად“ (დაბ. 2, 9). გარდა ამისა, ღმერთმა სამოთხე გაამდიდრა სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფრინველით, რომლებიც იფრენდნენ და ტკბილად იგალობებდნენ.
შემდეგ ადამთან ერთად საცხოვრებლად დაასახლა „მხეცნი და პირუტყვნი ველისანი“. სამოთხის შუაგულში აღმოაცენა მდინარე, რომელსაც გამჭვირვალე წყლის უხვი ნაკადულებითა და წყაროებით უნდა მოერწყა ბაღი, ეცოცხლებინა და ესაზრდოებინა ხის ფესვები. გრილი ჰაერი და სურნელოვანი სიო შექმნა, ნაზად რომ მოჰფენოდა პატარა ღმერთის – ადამიანის სახეს.
საღვთო წერილი ორიოდე სიტყვით გვაუწყებს: „და შექმნნა უფალმან ყოველნი მხეცნი ველისანი და მფრინველნი ცისანი... ხოლო მდინარე გამოვალს ედემით, მომრწყველი სამოთხისაი“ (დაბ. 2, 19 და 10). სამოთხის ამ მზით გაბრწყინებულ დღეს ღამე არ მოსდევდა. და აი, ღვთის სიკეთე პირველქმნილი ადამიანის სასახლეში დამკვიდრდა და იქ განისვენა. მაგრამ სინამდვილეში ვის შეუძლია მოგვითხროს ღვთის სიკეთესა და დიდებულებაზე, რომელიც უფლის ყოვლადძლიერმა მარჯვენამ უხვად მიჰმადლა ადამიანს? შემოქმედმა მას თავისი ხატება და მსგავსება მიაგო პატივად და უკვდავება მიანიჭა. ღმერთმა ადამიანი მასთან საუბრის ღირსი გახადა, რომ ნეტარების დაუშრეტელ წყაროსთან ტკბილი კავშირით ემხიარულა და სულიერ სიამეთა სიმდიდრით განცვიფრებულიყო.
ადამიანის სხეულსა და სულში უვნებობა მეფობდა. მას არაფერი აწუხებდა და ყველაფერზე ბატონობდა. უბრალოება, სიწრფოება და უმანკოება მთელ მის ყოფას ამდიდრებდა.
ადამიანს ყველაფერი ემორჩილებოდა, როგორც მეფესა და პატარა ღმერთს. მისი სული ქალწულებრივი სიწმინდით იყო შემკული და მის უმშვენიერეს სხეულში – ღვთის ყოვლისმპყრობელი ხელის პირველ ქმნილებაში – ირეკლებოდა. ღვთიური მზრუნველობა და სახიერება ორივეგან სუფევდა, როგორც მიწიერ მეფესა და მის სასახლეში, ისე მთელ ქმნილებაში. ყოველივე ღვთაებრივ ელფერს ატარებდა, რადგან ადამიანი ღვთის მცნებას იცავდა.
მაგრამ ვაიმე, ვაიმე! როგორ და საიდან დავიწყო მე საწყალობელმა გოდებით თხრობა თავსდატეხილ ქარიშხალზე – როცა ღმერთმა ჩვენგან პირი იბრუნა? რომელი სიტყვებითა და როგორი გლოვით გადმოგცეთ ადამიანის ის უბადრუკი მდგომარეობა და ტრაგედია, როცა სამოთხის შვება დაკარგა, ადამიანისა, რომელსაც ამგვარი პატივი მიაგეს და ასეთი უმადური აღმოჩნდა? განა შესაძლებელია ოდესმე ვინმე სიღრმემდე, ბოლომდე ჩასწვდეს ღვთის პირისქცევის ტრაგედიას, ადამის ექსორიას, ბუნების ტკივილს? რა თქმა უნდა, ვერავინ! და ვინ ჩასწვდება მცნების იმ უბედური დამრღვევის გლოვისა და უნუგეშო მოთქმაგოდების უფსკრულს, რომელიც მისჯილ ადგილას დამჯდარა და შორიდან შეჰყურებს თავის დაკარგულ სასახლეს? ლუციფერმა აცდუნა ადამი, რომელმაც თავისი ნება საკუთარი სურვილით დაუმორჩილა ბოროტს. მანაც ღმერთთან თანასწორობა წარმოიდგინა! ადამმა მცნება დაარღვია და ღვთის სასჯელი საშინელი ქარიშხალივით დაატყდა თავს, რომელმაც სამოთხის ნეტარება უბედურებითა და ცრემლით აღსავსე ცხოვრებით შეცვალა. გაამპარტავანდა მიწიერ ქმნილებათა საბრალო მეფე და, აი, განდევნილი უმშვენიერესი და ტკბილი სამოთხიდან, თავისი ბრწყინვალე სასახლიდან, დაცემული და პატივაყრილი, მწარე, ეკლითა და კუროსთავით სავსე მიწაზე ექსორიაში მიდის, რომ განწირული სულის მძიმე კვნესით, დამქანცველი შრომით და საკუთარი ოფლით ჭამოს ტანჯვით მოპოვებული პური.
„ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“ (ფსალმ. 103, 29). ყველაფერი ძრწის, ჰარმონიულობასა და მადლს კარგავს, წესს ტოვებს, სამოთხის სიხარულს ივიწყებს და ხრწნადი ხდება. ამ ყოფაშია მთელი ბუნება, განსაკუთრებით კი – ადამიანი.
წყეული ცოდვის საშინელი სახე პირველად ედემში გამოჩნდა და სამოთხის ბატონ-პატრონი თავისი საამური საუფლოდან განდევნა, რადგან ის ცოდვას მიუახლოვდა და მოიხიბლა მისგან. ამრიგად, უკვდავი ადამიანი მოკვდავად, უვნებო კი ვნებიანად იქცა! ბუნების სტიქია, რომელიც აქამდე მას ემორჩილებოდა და არ ვნებდა, ახლა ერთიანად შეიძრა და აჯანყდა, რომ გაანადგუროს, დაღუპოს ადამიანი, რადგან დაწყევლილი მიწა მის გამო მიესაჯა. ეს მიწა მასზე ჩადენილ უსჯულოებათა სიმძიმისგან ოხრავს, მხურვალე სურვილითა და სასოებით ელის ღვთის შვილების გამოჩინებას, რომ მონობისგან გათავისუფლდეს და იდიდოს, როგორც ამას ღვთაებრივი პავლე წერს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 8, 19-21).
ღმერთი პირს იბრუნებს და ყველაფერი იცვლება. პირველ დაცემას მაშინვე მეორე მოჰყვა – კაენის მიერ აბელის მოკვლა, ეს სამარცხვინო ძმისმკვლელობა, რის შემდეგაც ცოდვა მეფობს. ადამიანების უღმერთობის გამო უფალი ღვთაებრივ პირს მიიქცევს და წყლის სტიქია წარღვნის მსოფლიოს, რომელსაც მთელი ადამის მოდგმისთვის, ღვთისმოსავი ნოეს გარდა, შემზარავ საფლავად აქცევს. ადამიანთა აღვირახსნილობისა და გარყვნილების გამო ღმერთმა ღვთაებრივი პირი იბრუნა და სოდომისა და გომორის მიწა ცეცხლმა დაწვა. გარემიაქცია წყალობა და ამპარტავანი ფარაონის მთელი მხედრობა წყალში დაინთქა, ზღვის წყალი მას საუკუნო სამარედ ექცა.
მიზეზი იმისა, რომ ღმერთი პირს იბრუნებს ადამიანებისგან, დაუსრულებელი უზნეობა, ცოდვა და საღვთო სჯულიდან გარდასვლაა. ამას გარდაუვალ შედეგად მოჰყვება ბუნებითი ბოროტება, როგორიცაა სნეულება, სხვადასხვა მწუხარება და ბოლოს – სიკვდილი.
მაგრამ როცა წყალობათა მომნიჭებელი ღმერთი სახიერების ხელს გაშლის, მაშინ ადამიანის გული სამეფო სასახლედ იქცევა! სამეფო დიდებულების ბრწყინვალება განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მასში. სასახლის მსახურები ემსახურებიან თავიანთ მეფეს, რომელიც მიუწვდომელი ბრწყინვალებისა და გამორჩეული მშვენიერების მქონე მადლის საყდარზეა დაბრძანებული. მაღალი საყდრისა და კარიბჭის სამეფო დაცვა კი ფხიზლად ადევნებს თვალყურს და იცავს მას! ყველაფერი ხელმწიფის იქ ყოფნის და კეთილმოწყალების სიმდიდრესა და სიდიადეზე მეტყველებს. მაგრამ ვინ არის მეფე და ვინ არიან მისი მსახურები და მცველები? მეფე! სხვა ვინ იქნება, თუ არა ის, ვინც წმინდა ნათლისღებით ადამიანის გული თავის სამკვიდრებლად, ცათა სასუფევლად აქცია! როგორც ის თავად ამბობს სახარებაში: „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
ვინ არიან სასახლის მსახურნი? ეს საღვთო გულისსიტყვებია, რომლებიც ღვთის მადლს ემსახურებიან, რომ სამეფო სასახლე შეიმკოს და მასში ღვთის დიდება და მშვენიერება ბრწყინავდეს! სამეფო დაცვა ვინღაა? სიფხიზლე, ყურადღება და საღვთო შურის გულისსიტყვებია, რომლებიც სასახლესა და მეფეს იცავენ! სიკეთე და ღვთისმიერი ტკბილი განსვენება გულის მთელ სამფლობელოში ბატონობს, მაგრამ როცა სამეფო დაცვიდან რომელიმეს ზედამხედველობა დაეზარება, ზოგი უზომო ჭამა-სმასა და ლოთობას მიეცემა, ზოგი გარყვნილებაში გადაეშვება, ზოგი კი მტრებთან გასცემს ხელმწიფეს, მაშინ ეს სახიერი მეფე – წმინდა ნათლისღების მადლი იმალება, მიდის და საერთოდ აღარ ჩანს. ის პირს იბრუნებს მონებისა და სასახლისგან, რადგან ღალატმა მადლი შეურაცხყო.
და მაშინ, ჰოი, მაშინ, „იქმნის უკუანაისკნელი კაცისაი მის უძვირეს პირველისა" (მათ. 12, 45). მაშინ ის ემსგავსება საფლავის თხრილში ჩამავალს, რომლის ხვედრიც აუტანელი სიმყრალეა. ამიტომ ლოცულობდა განუწყვეტლივ მეფსალმუნე: „ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა" (ფსალმ. 142, 7).