ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: სათნოებები
25. მმარხველი განეშორება ნაყროვანებას, უპოვარი - ანგარებას, მემყუდროე - მრავალსიტყვაობას, განწმენდილი - სიამეთმოყვარეობას, უმწიკვლო - სიძვას, თვითკმარი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - მშფოთვარებას, მდაბალი - ცუდმედიდობას, მორჩილი - მოდავეობას, თვითგამკიცხველი - პირმოთნეობას. ამგვარადვე, მლოცველი განეკრძალვის უიმედობას, ღარიბი - მომხვეჭელობას, აღმსარებელი - სარწმუნოების უარყოფას, მოწამე - კერპთთაყვანისმცემლობას. ხედავ, როგორაა, რომ ყველა ის სათნოება, რაც ვიდრე სიკვდილამდე მოიღვაწება, სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა განშორება ცოდვისაგან - ცოდვისგან განშორება კი ბუნების საქმეა და არა გადასახადი სასუფევლისთვის (ე.ი. ჩვენთვის ბუნებრივია სიკეთის კეთება. ცოდვა, როგორც უკეთურება, საწინააღმდეგოა ჩვენი ბუნებისა. ამიტომ სიკეთის კეთების გამო საზღაურს არ უნდა ვითხოვდეთ).