
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 43]
თემა:
ცოდვა
ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი
ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომელ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს სახლსა და მამულსა მისის მამისასა, რომელსა განეშორა იგი. (იგულისხმება მაცხოვრის მიერ თქმული იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11–32). მოვა ჟამი, ოდეს სული მისი, შექმნილი ხატად და მსგავსად ღვთისა, იგრძნობს მოწყენასა და მწუხარებასა, შთავარდება საშინელსა შინა შიმშილსა. ცოდვა ვერ გააძღობს და ვერ გააბედნიერებს უკვდავსა სულსა კაცისასა, ცოდვა მხოლოდ ერთს წამს ამხიარულებს კაცსა; გავა წამი და ნაცვლად სიტკბოებისა დარჩა გულსა შინა სიმწარე, მოწყინება და სინანული. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან ჟამსა ამას მოწყინებისა და სინანულისა მსგავსად უძღებისა მის, უთხრას თავსა თვისსა: რათა ვსტანჯავ მე სულსა ჩემსა, რათ ვატყუებ მე უბედურსა გულსა ჩემსა, რისთვის ვკვდები მე შიმშილით, აღვსდგე და მივიდე მამისა ჩემისადმი. იგი მოწყალე არს, იგი კვალად მიმიღებს მე, და მუნ მოივპოვო მხიარულება და განსვენება სულისა ჩემისათვის.
|