ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღსარება
"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო ის შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გადიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხნა ეკალი, "რამეთუ დავდუმენ მე". ესრეთ განაგრძობს დავით სიტყვას: "განკფდეს ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარად დღე, რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ დამესხნა მე ეკალი". რა აწუხებდა მას, ძმანო, ეგზომად? განზრახვა და წარმოდგენა სიცოდვისა მისისა. სჩანს, რომ მან შთახედა სიღრმესა შინა გულისა და შეეშინა, იგრძნო რა, თუ ვითარ დაცემულ არს ბუნება კაცისა და როდენი ბოროტება ბუდობს მის გულში. რა ჰქმნა წინასწარმეტყველმა ესრეთსა შინა შეწუხებასა?: "ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვსთქუ, აუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტეო მე უღვთოება გულისა ჩემისა" ესრეთითა ძალითა, ესრეთითა ღრმითა გრძნობითა წინასწარმეტყველი დავით განკიცხავდა თავსა თვოსსა და ემზადებოდა მონანებასა. წინასწარმეტყველი დავით თუ ესრეთ იქმოდა, რაიღა უნდა ვქმნათ ჩვენ, ძმანო; ვითარითა გრძნობითა და შიშითა უნდა ვემზადებოდეთ ჩვენ აღსარებასა და ზიარებასა.