ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ზიარება
მონანებასა და ზიარებას უნდა ჰქონდეს ორი საგანი ანუ ორი ბოლო: პირველად ისა, რათა მომავალისა დროებისათვის შეიქმნე უმჯობესი, ესე იგი, აღარ სცოდავდე და არ გაამწარებდე ღმერთსა. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს მარადის, რომელ თუ შენ, მიმავალსა მაცხოვარებითისა ბარძიმისადმი არა გაქვს გულში გადაწყვეტილი და მტკიცე სურვილი დასტოვო და მოიძაგო ყოველნი ცუდნი შენნი ჩვეულებანი, არამედ დაუდევნელად აღასრულებ საღმრთოსა ამას საქმესა, არა თუ არ მიიღებ მადლსა და სულიერსა სარგებლობასა, არამედ შთავარდები საშინელსა შინა ცოდვასა, იქმნები რა თანამდები ცხოველსმყოფელისა ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრედ! ამინ.