ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღმერთზე მინდობა
უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა. იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმე სამშვინველისა სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე, მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება მრთელისა კაცის ბუნებისა. გარნა, საყვარელო ძმაო, ესრეთი საკვირველი ძალი ღვთის სიტყვისა მხოლოდ მაშინ მოქმედებს გულში, ოდეს შენ არ დააბრკოლებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიუშვებ მას; ოდეს არ უშლი და არ აყენებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიენდობი და მიანებებ თავსა შენსა და თვით შენც შეეწევი შენითა ჭკუითა და ნებითა.