არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) - ასკეტიზმი
 

თემა: ასკეტიზმი

ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუნებრივი მონაცემების განვითარებით შეუძლებელია. ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები თავისთავად შეზღუდულია. სრულყოფილება თვითონ ღმერთშია და სულიწმიდის მადლით მოიპოვება. ამიტომაც ასკეტიზმი, როგორც ასეთი, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი, იგი მხოლოდ საშუალებაა, ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინებაა სულიწმიდის მოსაპოვებლად. ასკეტიზმი, როგორც ადამიანის გონებისა და ნების ღვაწლი, გვეცხადება, როგორც მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, მაგრამ როგორი მაღალი იდეალების მატარებელიც უნდა იყოს იგი ადამიანური თვალსაზრისით, მას მეტად პირობითი ღირებულება აქვს. მარხვა, თავშეკავება, მღვიძარება, მკაცრი ცხოვრება, უპოვარება, მორჩილება, განდეგილობა, ქალწულება, სულის სიმტკიცე, სულგრძელობა და სიმდაბლე, თანაგრძნობა და მოწყალება, სარწმუნოება, – ყველაფერი ეს უნდა იყოს ადამიანის გონებრივი და ნებელობითი ღვაწლი; მაგრამ ღვთის მადლის გარეშე ეს მაინც ადამიანური ქმედებაა და ამიტომაც წარმავალია, ხრწნადია; შესაბამისად, მთელი ჩვენი მოღვაწეობა იქითკენ მიდის, რომ მოხდეს ჩვენი ნების შერწყმა უფლის ნებასთან. ეს კი ლოცვით მიიღწევა. ამიტომ ლოცვა მწვერვალია ასკეტური მოღვაწეობისა; ეს არის ცენტრი, რომლიდანაც ძალას იკრებს ყველა სხვა ქმედება. ლოცვაში ყველაზე მეტად და სრულყოფილად ვლინდება მართლადიდებლური ასკეზა. ჭეშმარიტი ლოცვის შედეგად სულიწმიდის მადლით ხდება ჩვენი შერწყმა ღვთაებრივ სამყაროსთან, ამიტომ მოღვაწე ადამიანი უმეტეს ყურადღებას და ძალას სწორედ ლოცვას ანდომებს.