ძიება სასუფეველისა ჰგავს ბრძენს სიძესა, რომელიც რომ ყოველის სიკეთით თავისს ქცევას საზომით აქცევდეს

ძიება სასუფეველისა ჰგავს ბრძენს სიძესა, რომელიც რომ ყოველის სიკეთით თავისს ქცევას საზომით აქცევდეს და მეცნიერებით ჰმართებდეს თავისს თავსა შვენიერის სარძლოს საშოვნელათა, ისე სასუფევლის მოძებარნი ყოვლის ღონისძიებითა აღარას შრომასა და სასჯელსა არიდებენ თავისს თავსა. და საქებელნიც არიან, რომელთაც რომ მაგალითითა და ანდაზათა აქვსთ ხმა პორფილ შემოსილის წინასწარმეტყველისა: "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძიერისა და ცხოველისა". და კადნიერად უხმობენ მაღალსა: "ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისაი ჩემისასა უფროს, ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა". და ამ გონიერის ხმა-ყოფითა სრულიადსა დაწყნარებასა შინა აქავ არიან განღმრთობით მყოფნი და ზიარნი ზეცისა მოქალაქეთანი. და ამათის გარდაცვალებისათვის შორითვე წინათვე ღაღადებდა ღმრთის სიბრძნე სიბრძნესა შინა ფრიადის სოლომონის პირითა: "სულნი მართალნი ხელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხო მათ ტანჯვა. დაღათუ თვალთა წინაშე კაცთასა მომკვდარად ჩნდნენ, არამედ სასოება მათი უკვდავებითა სავსე არს. საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით. შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანა".
    და არის სხვა გზაცა სასუფეველის ძიებისა, რომელსაცა რომ სამეუფოს გზად სახელსდებს ღმრთის სიბრძნე საკვირველის სოლომონის პირითა და იმ გზით მავალნი სასუფეველის გზით მავალად ითქმიან და იმ გზით მავალნი არიან. უფროსად ყოველნი კაცნი ჰხმარობენ სოფელსაცა და სოფლის სავსებასაცა და მრავალჯერაც შეემთხვევათ ცოდვაშიგაც შევარდნა, მაგრამ კი ისევ დგებიან გონიერის სირცხვილით გარშემოსილნი. და ამათი სიმრავლე ურიცხვად უფრო ბევრი არიან. ადამის ცხოვრებით მოქალაქენი თუმცაღა სცოდვენ და ზედიზედ ხშირათაცა, მაგრამ სასოებას კი არ წარიკვეთენ მინდობილნი ღმრთის კაცთმოყვარებითა და სიტკბოებისანი. და ეს მინდობა ღმრთისაი ძიება არის სასუფეველისა. და აქვსთ ამათ ლოცვა ღმრთისაი მიმართ აღსავლენი ნიადაგ: "სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის და სჯული შენი მე არა დავივიწყნე. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა, და სჯლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე". და შეყვარება ღმრთისაგან ჭეშმარიტებისა ეს არის, რომ ყოველთ კაცთა ცხოვნება ჰნებავს და მეცნიერებასა ზედა ჭეშმარიტებისასა მოსვლა, ოღონდ რომ კაცმა სარწმუნოება მართალი იქონიოს და სწამდეს ჭეშმარიტი ღმრთისმყოფა. და თუმცაღა იშვიათად, მაგრამ კი თაყვანისცემდეს ღმერთსა და თავის თავს აღიარებდეს მცოდველად, ცხოვნდება ღმრთის კაცთმოყვარებითა. არსად გაგონილა მძლეველად ცოდვა ღმრთის კაცთმოყვარებისა. და ასეც იტყვის ღმერთი, გარდარეულის კაცთმოყვარებით ძლეული, ჩვენში ერნი ყრმანი არიანო და რასაც მცოდვენო, უმეცრებით მცოდვენო, უმეცრებით მცოდვენო და რა უყოო, თუ არ ულხინოო.
 
3