იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[37] წერილი მონაზონ ბრიენას

[37] წერილი მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 15 სექტემბერი, 1947 წ.


ისევ ჩემს საყვარელ შვილ ბრიენას და უველა ქრისტესმიერ დას. იესოს მადლი იყოს თქვენთან და ჩვენთან.
ჩემო საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მარადის ვლოცულობ, რომ კარგად იყოთ. დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც წერ. სხვა წერილი მქონდა უკვე დაწერილი – წინა რომ გამოგიგზავნე, იმის გაგრძელება – მაგრამ არ გამოვაგზავნე, მინდოდა გამეგო პირველი მიიღეთ თუ არა, თუ არა – სიბნელეს უნდა მივცე. მაგრამ, ჩემო შვილო, რადგან შენი ეს წერილი პასუხს დაუყოვნებლივ მოითხოვს, იმას გვერდზე გადავდებ და გიპასუხებ.
რაც შეგემთხვა, ჩემო ბრიენა, იმას გვიჩვენებს, რომ გაქვს დიდი, ერისკაცთათვის დამახასიათებელი ამპარტავნება და ამიტომაც არ გაქვს გულმოწყალებისა და თავმდაბლური აზროვნების სული, ამიტომაც გგონია, რომ აღარაფერი შეგეშლება, აღარ იურჩებ, აღარასდროს შეგეცვლება ხასიათი, არამედ ისეთ უცვლელ გზაზე ივლი, რომელიც ანგელოზებსაც არ ეგულებათ. ამიტომაც გითხრეს, რომ ღრმა უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს.
ასე რომ, ყურადღება მიაქციე, რასაც გეუბნები, გამიხსენი სასმენლები და მათ სიკეთით აღგივსებ. ყურად იღეთ, ქალწულნო, ჩემი სიტყვები და გაექეცით უმეცრებას ყოველივე ბოროტების დედას. აი, უფალია ჩემი მოწმე, რომელიც წარწყმედს მატყუარებსა და ტყუილს, რომ ოცდახუთ წელზე მეტი აქ ყოფნის დროს გაშმაგებით, სისხლისღვრამდე ვებრძვი ეშმაკებს. ჩავედი ზღვის სიღრმეში, თავმოთნეობისგან და საკუთარი ნებასურვილისგან გაშიშვლებული, რათა ძვირფასი მარგალიტი მეპოვა. თვით სატანა დავატყვევე მთელი თავისი ჯარითა და ხელოვნება-ოსტატობით, ხოლო როდესაც სიმდაბლის მეშვეობით შევბოჭე, ვეკითხები: „რატომ გვებრძვი ასე გაშმაგებით და ასეთი ღვარძლით?“. მეუბნება: „რათა ჯოჯოხეთში ბევრი თანამკვიდრი მყავდეს და ნაზარეველს დავექადნო, რომ მხოლოდ მე კი არ ვარ განდგომილი, არამედ, აი, სხვა რამდენია ჩემ გარდა!“.
და ისევ ავედი ზეცად [საღმრთო] მადლის და სულიერი ჭვრეტის მიერ და ვიხილე სამოთხის გამოუთქმელი სილამაზე, რომელიც ღმერთმა თავის მოყვარულთ განუმზადა. ამ ყველაფრის შემდეგ მადლი ცოტათი განმშორდა და ფეხები ცოტა შემერყა და მცირე უდებებაში ჩავვარდი და ძილმა დამატყვევა და ბევრი სიკეთე დამაკლო. მაგრამ მალევე წამოვდექი და ომი გავაჩაღე, სისხლიანი ორთაბრძოლა, ხოლო როდესაც გავიმარჯვე, ისევ ჩამთვლიმა, და ისევ ყველა უბედურების დედამ – უდებებამ შემიჭამა ძვლები. და ისევ წამოვდექი და გამოვუცხადე ომი ყველა [ბოროტ] სულს.
დასაწყისში რვა წელი ვებრძოდი ხორციელ ვნებებს. არ წამოვწოლილვარ, არამედ ფეხზე მდგომსა და კუთხეს მიყრდნობილს, ან პატარა სკამზე მჯდომს მეძინა. ყოველდღე ორჯერ და სამჯერ ვიცემდი თავს, ვტიროდი და ვკვნესდი, რომ ღმერთს შევცოდებოდი და ბრძოლა მოეშორებინა, მანამ, სანამ არ შემიწყალა გულუხვმა ღმერთმა და სატანის მანია განმაშორა. ახლა მხოლოდ აჩრდილს აღგიწერ ჩემი უთვალავი გაკვეთილიდან, ზღვაში წვეთს გაძლევ.
ყოველღამ ეშმაკების რაზმები მოდიოდნენ ჯოხებით, ნაჯახებით და სხვა მომაკვდინებელი იარაღებით, სასტიკად მაწამებდნენ მთელი ეს რვა წელი. ერთი ჩემს პატარა წვერს ეჭიდებოდა, მეორე – თმებს, მესამე — ფეხებს, მეოთხე – ხელებს, სხვა კი გაჰკიოდა: დაახრჩვეთ, მოკალითო და ყველანაირ სხვა ბოროტებას. და მხოლოდ რომ ვიტყოდი სახელს – „ყოვლადწმიდაო, დამეხმარე!“, ქრებოდნენ და მათი ძალა განქარდებოდა. ეს ყველაფერი მანამ, სანამ არ შემიწყალა უფალმა და არ ამომიყვანა სიღრმიდან და „მღვიმისაგან გლახაკებისა“.
ხოლო აწ, ჩემო გოგონა, გონებაშეშლილს ვემსგავსები: გიყვებით ამ ყველაფერს, რადგან არ შემიძლია თქვენი ცხონების წადილს გავექცე, არამედ მგონია, რომ სარგებელს მოგიტანთ და ამიტომაც ვაგრძელებ სიტყვას.
ახლა, როდესაც ძალღონით სავსე ახალგაზრდისგან ასწლიან ბებერს დავემსგავსე უამრავი მტანჯველი ცვლილების გამო, პირველ რიგში, ჩემს პურს ჩემივე ოფლით მოვიპოვებ – როგორც თავად იხილე ჩემს გზავნილებში და ჩემი ხელით ვმუშაობ. ათონის სხვადასხვა მონასტრებიდან და სკიტებიდან მოდიან და უფლის მადლით, ვასწავლი იმას, რასაც ღმერთი მაძლევს, რათა ვარგო. ვმუშაობ გონებრივად და ჩემს [სულიერ] მოვალეობებს უკლებლივ ვასრულებ, ხოლო ღამღამობით, როცა გონება ლოცვით იღლება, არაერთ ეპისტოლეს ვწერ, რამეთუ ყოველი მხრიდან სულის სარგებელს ეძიებენ ქრისტიანები. ამ ყველაფრის შემდეგ კი, სასოწარკვეთილებაში ვვარდები იმის გამო, რომ უფლის ნებას არ ვასრულებ.
ვინ იცის-მეთქი, ვამბობ, რომ ის, რასაც ვაკეთებ, სათნოა უფლისთვის; იქნებ ვცდები, როცა სხვას ვუქადაგებ, ხოლო თავად გამოუცდელი ვრჩები. უცნობია ჩემთვის უფლის საღმრთო ნება. შენ კი, ჩემო პატარა ბრიენა, ერთი ურჩობის გამო დაყარე იარაღი? თანაც, ჯერ არც ზამთარი გინახავს, არც ზვავი, არც რაზმები და დივიზიები, რომლებიც გემუქრებიან. ერთი ჭინკის მუქარისა შეგეშინდა? მაგრამ ნურასდროს ენდობი მის ნათქვამს, რადგან მატყუარაა დასაწყისიდანვე და ჩვენ წინააღმდეგ არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამპარტავნებაში და უმეცრებაში დაგვიგულებს. მაგათ მხოლოდ მუქარა და დაშინება იციან, ძალა კი არანაირი არ აქვთ. თუკი ღორებში შესვლის უფლება არ აქვთ, როგორ შეძლებენ უფლის ნებართვის გარეშე გვავნონ ?
მწერ, ჯერ კიდევ მაქვს ნარჩენები ძველი კაცისო. მე კი გეტყვი, რომ ჯერ ახალი ადამის წვეთიც არ გაქვს, არამედ მთლიანად ძველი ხარ. ხოლო როდესაც ახალი ადამი შენში გამოსახვას დაიწყებს – თუ იმ დროისთვის ცოცხალი ვიქნები – მე თვითონ მოგწერ, როგორ და რანაირად ყალიბდება ახალი კაცი ჩვენში. ახლა ჯერ კიდევ ერთი პატარა ვარდი ხარ, რომელიც, დაუბერავს თუ არა გველისეული ცივი ქარი, იმწუთას ჩამოყრი ფურცლებს და სახეცა და კეთილსურნელებაც წაგიხდება.
ერთი სიტყვით, ისწავლე თავმდაბლური აზროვნება, ეშმაკეული ადამიანისა კი არანაირად არ შეგეშინდეს. რადგან მათესაც თავის მონასტერში ჰყავდა ერთი ეშმაკეული მონაზონი (თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ ეს ამბავი, რადგან ახლოს ხართ, მე კი, ვიღაც რომ მოვიდა, იმან მითხრა). ჰოდა, შეპყრობილ დას ხილვა ჰქონდა [ვითომ], რომ ეკლესია უნდა აეშენებინათ. შეპყრობილის ჩვენების თანახმად, ესა და ეს უნდა გაეკეთებინათ – წიგნიც კი დაწერა შეპყრობილის მონაყოლით. თანაც, ეშმაკის ნალაყბევს კი არ უწოდებს, არამედ ხილვას! საბოლოოდ კი შეპყრობილმა სქემა გაიძრო და გათხოვდა!
ხოლო ამას რა მოჰყვება? ადამიანი, რომელიც ეშმაკებს უჯერებს და მათ სიტყვებს იწერს, მათი სამასხარაო ხდება. ჩვენმა იესომ ცალსახა მოწმობა დაგვიტოვა ამის შესახებ: როდესაც ეშმაკმა უთხრა, ვიცით ვინც ხარო, მიუხედავად იმისა, რომ ჭინკამ სიმართლე თქვა, უფალმა პირი დაუყო და გააჩუმა, რითაც ჩვენც მაგალითი მოგვცა. ანუ დღეს ჭეშმარიტებას იტყვის, ხვალ კი მოიტყუება, რადგან თავიდანვე მატყუარაა.
შეპყრობილს შემდეგი სჭირდება: ვისაც ამის ძალა აქვს, 25 დრამი პური დღეში, ერთი თეფში საჭმელი (ისიც წყალზე მომზადებული, უზეთო), მოძღვარმა კვეთებულის ლოცვები წაუკითხოს – დილით, შუადღეს და საღამოს – თქვენ კი ყველამ ილოცეთ მისთვის. ორმოცი დღეა საჭირო და გადის. ამის გარდა, ამ დღეებში წირვაც აღსრულდეს მისთვის. ამგვარად მის ლაყბობას თავს დააღწევთ, მანამდე კი არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ რას ამბობს, რამეთუ ტყუის.
რადგან არ მაქვს დრო, რომ მეორედაც წავიკითხო შენი ეპისტოლე, წაკითხვისთანავე გიპასუხებ.
უფრო ქვემოთ წერ, რომ სიხარულს გრძნობ. ეს მიგანიშნებს, რომ, თუ თავს აიძულებ, ქრისტე დაიწყებს შენს სულში გამოხატვას. იღუმენია მართებულად გეუბნება სასოწარკვეთილების შესახებ – სულმოკლეობისგან მომდინარეობს, ამპარტავნებისგან იშვება. მართალი კაცი, ათი ათასჯერაც რომ ეცემოდეს ყოველდღიურად, ისევ წამოდგება და ეს მას გამარჯვებად ერაცხება, სასოწარკვეთილება კი უპატიებელი ცოდვაა, ეშმაკს ყველაზე მეტად ეს ცოდვა ახარებს; ხოლო დაირღვევა აღსარებით, რამეთუ ტკბილ იესოს ერთ დუიმს ვთხოვთ, ერთ მეტრს გვაძლევს, მის ერთ სხივს ვითხოვთ და მთლიანად გვეძლევა. რატომღა წარიკვეთ სასოს?
ტანსაცმელს რაც შეეხება, წელს გვაქვს, აღარაა საჭირო. გაისად თუ დამჭირდა, გთხოვთ. ინგლისელებმა ბევრი მოგვცეს ყველას. საჭმელი რომ იყოს, მაგალითად, ყველი ან კარაქი, კი ბატონო – შევჭამდით, მაგრამ ტანსაცმელი არ იჭმევა. ამიტომ ჩვენზე ნუ იდარდებთ, არ შეგვშურდება, თუ სხვებს გაუგზავნით.

ვლოცულობ თქვენთვის ყველასთვის,
მდაბალი იოსები


კოვზები გამოგიგზავნეთ და ჯვრები: 35 ორმხრივი და 35 ცალმხრივი. ორმაგები ხუთი (ათასი) ღირს, გამოდის ას სამოცდათხუთმეტი (175) ათასი, ხოლო ცალმხრივები 2.500 და გამოდის ოთხმოცდაშვიდნახევარი (87.500), ჯამში 262 500. ერთი სიტყვით, როდესაც გაიყიდება, გთხოვთ, ას თორმეტი მარიამს, ჩემს რძალს მისცეთ. მივწერ, რომ მოვიდეს და წაიღოს. ერგინასთვისაც 50 ათასი მიეცით. დანარჩენი ასი აქ გამოგვიგზავნეთ, რადგან ამბობენ, ფქვილს მოიტანენო და რომ ვიყიდოთ. თუ ეს თქვენ არ გამძიმებთ და ადვილად იყიდება, ისევ გამოგიგზავნიდით. ჩემთვის ეს უხვი შენაძენი უფროა, ვიდრე მოწყალება.
სხვაგანაც ვაგზავნი ჯვრებს, მე თვითონ ვაკეთებ. სხვები მასალას მიმზადებენ, ჭრიან, ხის მასალა მოაქვთ, მე კი ვკვეთავ. ნახევარი დღე ვმუშაობთ, დანარჩენი კი მდუმარებით ვართ, გვყოფნის. შემდეგ ეპისტოლეს მოგვიანებით გამოგიგზავნი, მაგრამ საფოსტო მარკები ისევ არ გამოგიგზავნია, ამიტომ – ეპიტიმიის სახით – აღარ მოგწერ.
ახლახან პირველად და მეორედ მოუახლოვდა გემი, დაფნის და ფოსტის მუშაობა გაადვილდება.
მოძღვარს მეტანია, ხოლო იღუმენიასა და კომპანიას, ყველა დას – ლოცვა-კურთხევა გადაეცი

მთელი სულით მოგიკითხავთ.

ათანასეს ჩათვლით ოთხნი ვართ საძმოში.

მდაბალი მონაზონი იოსები

 
0