ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ხორციელი და უხილავი ბრძოლის შესახებ

ხორციელი და უხილავი ბრძოლის შესახებ

უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი სულების მონადირემ ყველგან მახეები დააგო, ამიტომ რული ნუ მოგვერევა. ბაზარშიც, მოედანზეც, ოჯახის სიმყუდროვეშიც და თვით ღვთის ეკლესიაშიც კი მრავლადაა დაგებული ღვთისმოშიშების იერით შენიღბული ხაფანგები. მაშ, ვის შეუძლია გადაურჩეს ამ მახეებს და მოატყუოს მათი საშინელი ოსტატი?
დაე, ღირსი მამების დიდმა გამოცდილებამ იტვირთოს მახეთა განადგურება. ისინი გვპასუხობენ, რომ სულიწმიდის მახვილი, რომელიც ძირეულად სპობს ბოროტებას და სრულიად უვნებელყოფს მაცდურის მახეების მოქმედებას, ძირითადად, მხოლოდ სიმდაბლეა – ყოვლისშემძლე სათნოება, რომელიც აგვამაღლებს. ამიტომ ვიშრომოთ, რომ ეს მხსნელი და ეშმაკის გამანადგურებელი სათნოება – სიმდაბლე მოვიპოვოთ!

2. შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვესვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინახა, რომ სული დაშავდა, უფრო მეტ ისარს დაუშენს მოსაკლავად. მაგრამ თუ გარეგნულად შეამჩნია, რომ სული არ დაჭრილა, ცვლის ბრძოლის ტაქტიკას. ამიტომ დამალე, როცა გიხარია, რომ შენი დაუდევრობით გამჟღავნებული სიხარული რაიმე განსაცდელით არ მოგტაცოს. მწუხარების დროსაც ასე მოიქეცი, რომ დამამწუხრებელი მიზეზის ამოცნობით განსაცდელი არ გაგიმრავლოს. როცა სიხარულშიც და მწუხარებაშიც გაწონასწორებული ხარ, ეშმაკი ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება შენში და არ იცის, როგორ გებრძოლოს.

3. მახეებს შორის დავდივართ და თუ მათთვის გვერდის ავლა გვინდა, დაუშვებელია მცონარობას მივეცეთ. ფხიზელი თვალი გვქონდეს, მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ, რომ სატანის ვერაგულ განზრახვას დავცინოთ და ღვთაებრივი გულისსიტყვების ფრთებით სულიერ ეთერში აყვანილებმა ზეციერ მეუფეს ჩვენი სულის სიჯანსაღე კეთილსურნელოვანი საკმეველივით მივართვათ. შვილების ჯანმრთელობა მშობლების სიხარულის მიზეზია. ასევეა სახიერი ღმერთი, ჩვენი მამა, რომლის სიხარულიც ჩვენი სულების სიჯანსაღეა.

4. მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება: „მაკარი, უდაბნოში მცხოვრები ჩემზე მეტს რას აკეთებ? მეც უდაბნოში ვბინადრობ; შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ უპოვარებას ესწრაფვი, მე სულ არაფერი გამაჩნია. ჰოი, მაკარი, ერთი რამ გაქვს, რაც მთრგუნავს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე“. – „რა?“ – ეკითხება მაკარი. - „სიმდაბლე! ის მწვავს!“ – და ამის თქმისთანავე გაუჩინარდა.
მოდით, ვიტვირთოთ მცირედი შრომა, რომ შევიძინოთ ეს მხსნელი სათნოება. განუწყვეტლივ ვევედროთ უფალს. მას ყველაფრის მოცემა შეუძლია და ვირწმუნოთ, რომ ამასაც მივიღებთ, როცა ტკივილით, მოთმინებითა და დაჟინებით დავაკაკუნებთ უფლის მოწყალების კარზე; ის იოლად გაიღება, თუკი წმინდა სახარებისეულ მაგალითს უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის შესახებ გასაღებივით კეთილად გამოვიყენებთ (ლუკ. 18, 1-7).
მოვიცილოთ მცონარობის სიმძიმე და შვლის თვალმახვილობას მივბაძოთ - ყოველი განსაცდელისას დაუყოვნებლივ ღვთისკენ ვისწრაფოთ, უფალს დახმარება ვთხოვოთ, რომ მოწინააღმდეგე გოლიათი ძირს დავცეთ და ვადიდოთ ხელმწიფება მეუფებისა – ხელმწიფება ღვთის მეუფებისა, რომელსაც ვეკუთვნით.

5. ყოველთვის ვითხოვ ღვთისგან, რომ სწორი განსჯის უნარი მოგანიჭოთ. წინასწარ იფიქრეთ, რას იტყვით. ეშმაკის ხრიკები ჯერ არ გამოგიცდიათ. მისი მიზანია, არასოდეს დაგტოვოთ სიმშვიდეში. ხან მარჯვნიდან შემოგიტევთ, ხანაც მარცხნიდან, ხან თქვენი და ხან კი სხვისი საქმეებით დაგაკავებთ, რომ თქვენი სული არ დამშვიდდეს და ვერ შეძლოთ მის სიღრმეში ჩახედვა, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაცილებელი. საკუთარი თავის გარდა არაფრით დაკავდეთ. სულელებად იქეცით, რომ გონიერები გახდეთ, უვიცნი იყავით, რომ უფალმა თავისი სიბრძნე გამოგიცხადოთ.

6. მამა ეფრემის რჩევები მათთვის, ვინც ძმათა კრებული დააარსა:
ნუ გგონიათ, რომ ეშმაკისთვის შეუმჩნეველი დარჩა, ან სულერთია ის, რომ შეიკრიბა ძმობა, ანუ მის წინააღმდეგ მებრძოლი სიმაგრე აღიმართა. არა, ეს მან კარგად გაიაზრა და როგორც მელა და როგორც მგელი, შეძლებისდაგვარად მზაკვრულად აღიჭურვა. ის შემოვიდა თქვენს ფარეხში და თქვენს სულებს აოხრებს. ნუღარ დატოვებთ მას შიგნით, წამოდექით და სიყვარულით გაერთიანდით. ეს მას დააუძლურებს. გაიხსენეთ, რომ ქრისტესთვის ყველაფერი დატოვეთ, მსხვერპლად შესწირეთ თქვენი ახალგაზრდობა, უარი თქვით ყოველგვარ ამსოფლიურ გართობაზე, რათა ქრისტე მოგეპოვებინათ. შეიბრალეთ თქვენი სულები; იფიქრეთ, რომ ეშმაკი ფხიზლობს და ეძებს ვინ შთანთქას (1 პეტრ. 5, 8); ქვესკნელის ურჩხული ვერ იტანს, როცა ხედავს, როგორ ქელავთ მას და არ ემორჩილებით. შურს და ამიტომ მზაკვარ მელასავით მოიპარება, თქვენში უთანხმოება და განხეთქილება შემოაქვს, რომ თქვენი დაშლა მოახერხოს, შემდეგ კი ცოდვის უფსკრულში გადაგჩეხოთ.

7. უფლის შეწევნის გარეშე რაიმე სიკეთის კეთება შეუძლებელია, ამიტომ დიდი სიმდაბლეა საჭირო, რომ ჩვენი სულების განსვენება ვიპოვოთ.
მზაკვარი ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ცეცხლოვანი ისრების ტყორცნას და მუდამ შეეცდება ჩვენს განგმირვას, დაპყრობასა და დამორჩილებას. თუმცა ჩვენც გვაქვს მრავალი იარაღი, რომლითაც მას შევმუსრავთ, განსაკუთრებით კი ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რაც სრულიად წვავს მას; ამიტომ ბოროტი ცდილობს შეფარვით გვიმტროს, მაგრამ იესო ქრისტე წმინდა მცნებებით განგვანათლებს მასთან საბრძოლველად.
ეშმაკმა ეს პიროვნება მოგიჩინა, რომ გებრძოლოს, გაიძულოს გადახვიდე ღვთის წმინდა მცნებებს და ამ გზით შენც გავნოს, მაგრამ, რაც მთავარია, ღვთის მცნებების დარღვევით ღმერთი დაამწუხროს და ებრძოლოს მას. და პირიქით, თუ ღვთის სიტყვის დასაცავად ვიბრძვით და თანაც მონდომებით, სულსაც გადავირჩენთ და ღირსნიც გავხდებით, ვიქცეთ ორღანად, რითაც ღმერთი იდიდება: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდო (1 მეფ. 2, 30).
ამიტომ, შვილო, იბრძოლე სიყვარულით, მოთმინებით, სიმდაბლით, რომ ღვთის შეწევნით ეშმაკის მახეები უვნებელყო. ალბათ, ღმერთი იმ პიროვნებასაც შენით განანათლებს, რომ შეინანოს. ბოროტებას სიკეთით ებრძოლე.

8. შვილო, მწერ შენს ხორციელ ბრძოლაზე. იცოდე, მისი სათავე ამპარტავნებაა და იმისთვის მოგეცა, რომ დამდაბლდე და ისწავლო – თუკი ღვთის მადლი გვტოვებს, ვეცემით და საცოდავი სანახავები ვხდებით.
მაშ ასე, დამდაბლდი, თავი დაიდანაშაულე, ითხოვე ღვთისმშობლისგან, სიმდაბლის სული მოგმადლოს, რათა გაიგო, შეიგრძნო, რომ ნული ხარ და არარაობა, რადგან იესო ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5).
ამ განსაცდელით, რომელიც გეწვია, ისწავლე, რომ ადამიანი ეცემა და თანაც რა დაბლა. მათთვის, ვინც უფრო ამპარტავანია, უარესი დაცემებიც არსებობს. ნუ დარდობ, განსაცდელია და გაივლის. ჩვენი სარგებლისთვის ასე უშვებს ღმერთი, რომ განსაცდელის სიბრძნე ვისწავლოთ. მოითმინე, გამხნევდი, იმედს ნუ დაკარგავ, სიმამაცეს მოუხმე და ყველაფერი გაივლის. ახლა ზღვა ბობოქრობს და მთელ სიბინძურეს, რაც აქამდე დააგროვა, ნაპირზე გამორიყავს!
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა, რადგან შენთან მანამდე რჩება, ვიდრე ანგარიშს უწევ.

9. როცა ხორციელი ბრძოლა გეწყება, ძალიან უფრთხილდი ბილწ წარმოდგენებს. მათგან უწმინდური გულისსიტყვები მომდინარეობს. მოსვლისთანავე გააძევე, დაარღვიე წარმოსახვები, დაუყოვნებლივ თქვი ლოცვა სულიერი ტკივილით და ბრძოლისგან მაშინვე გათავისუფლდები.

10. ნუ ფიქრობ, რომ მოძღვრის შესახებ ასეთი აზრი შენგან მოდის. არა, შვილო, ეს ეშმაკისაა. შენი სული სუფთაა. ეშმაკი უწმინდურია და ჩვენს გონებაში მსგავსი ფიქრები მოაქვს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს ჩვენი ფიქრებია და ამით დაგვამწუხროს. ამგვარი მწუხარება ეშმაკისგანაა და ამაზე მიანიშნებს უდებება სულიერ მოვალეობათა მიმართ. ღვთისგან რომ ყოფილიყო, ყველაფრის მიმართ გულმოდგინე ვიქნებოდით.
შენი მოძღვარი არ გაგიმწარებია, როგორც შენ გგონია. მოძღვარმა გამოცდილებიდან იცის, რომ ეს ეშმაკისაა და არა შენი. ასე იმიტომ მოგეჩვენა, რომ შეწუხებულიყავი და გულისსიტყვის თქმა ვეღარ გაგებედა. არა, რამდენჯერაც მოვა ასეთი და მსგავსი გულისსიტყვა, იმდენჯერ მიდი და თავისუფლად თქვი; ისინი მაცდურს მოაქვს, რომ შეგვრცხვეს და აღსარებაში არ ვაღიაროთ, შემდეგ კი ერთიანად გადაგვყლაპოს. ფრთხილად იყავი, ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები.

11. ნუ შეშინდები, შვილო, ეს ბრძოლაა და გაივლის. ყველა წმინდანმა იბრძოლა. ისეთ ბრძოლაში ყოფილან, რომ ბრძოლისგან სასოწარკვეთილნი შხამიან გველებს იყვანდნენ და სხეულზე ისვამდნენ, რათა დაეკბინათ და აღსრულებულიყვნენ. მაგრამ ვინაიდან უძლურები ვართ, ჩვენს ძალებზე აღმატებულ ბრძოლას ღმერთი არ დაუშვებს, არამედ შეგვეწევა. უფალი ბრძოლას ჩვენს დასამდაბლებლად უშვებს, რადგან ამპარტავნება გვაქვს. საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.
ნუ გეშინია, არაფერი შეგემთხვევა; ნუ იქნები მხდალი, გამხნევდი და თავად ნახავ, რომ ყველაფერი გაივლის. ეს ბრძოლა სარგებელს მოგიტანს, ღმერთი კი დიდ მადლს მოგანიჭებს. მხოლოდ ნუ დაფრთხები, თორემ თამაშს წააგებ.

12. დიდი სიფრთხილით უნდა ვატარებდეთ ჩვენი ცხოვრების დღეებს. მზაკვარი ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ სულიერი თვლემის დროს მახეში გაგვაბას და ღვთისა და სინდისის წინაშე დამნაშავეებად გვაქციოს. ჰოი, ღმერთმა გააცამტვეროს იგი, რომ ვერ შეძლოს ჩვენთვის ზიანის მოყენება. თუმცა, ღმერთი სამართლიანია და ადამიანს თავისუფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებებს და ვცოდავთ, უპირველესად – მე.

13. ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარისია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენი სულის მზაკვარი მოწინააღმდეგე უმოქმედოდ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვეყნიური სიამითა და შვებით მყარი უმეცრება და დავიწყება წარმოშვას, ამით უკანასკნელ ჟამს სრული სასოწარკვეთა მოგვიტანოს და ასე მოიპოვოს ამ ბიწიერმა ჩვენი უკვდავი სულები, რომელთათვისაც ქრისტე ჯვარს ეცვა!

14. შენი ბრძოლის გამო ნუ დაღონდები. ნუ გეშინია, არამედ გამხნევდი; ეშმაკებს არ შეუძლიათ რაიმე გავნონ. ეს უფლის ხელით ხდება და გულითადი მადლობა შესწირე მას, რადგან ბრძოლა სულიერ თვალს აგიხელს და სწორ გზაზე დაგაყენებს. ძნელად მოსარჩენი ვნებები უმწარესი წამლებით განიკურნება.
ევედრე ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. ეს ბრძოლა, როგორც აბბა ისააკი ამბობს, ამპარტავნებისგან, თვითკმაყოფილებისა და გულქვაობისგანაა. მათგან განკურნება კი სიმდაბლით, მცდარ აზრთა აღიარებით, სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებითა და რწმენით მიიღწევა.
დამდაბლდი, შვილო, მხოლოდ ეს წამალი გადაგარჩენს. ღმერთმა ეს განსაცდელები შენდამი სიყვარულის გამო გამოგიგზავნა, სურს, რომ შეშინდე, გონს მოეგო, დამდაბლდე და შენდობა ითხოვო. როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.
ღვთისადმი რწმენით და სასოებით აღიჭურვე. გჯეროდეს, რომ ღვთის ზეგარდამო ბრძანების გარეშე ეშმაკებს არაფერი შეუძლიათ.
იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში მოთმინებას გამოიჩენ და ღვთისა და ძმების წინაშე დამდაბლდები, ღმერთი დიდ მადლსა და ნათელს მოგცემს, სულის თვალი აგეხილება და დაინახავ, როგორ სიბნელეში იყავი.
მხნეობა, რომელიც გაქვს და ამ განსაცდელებში შეგეწევა, ღვთის მადლია. მხნეობის, სასოების და რწმენის გარეშე კი ასეთი განსაცდელები დიდი საფრთხეა.
ნურაფრის გეშინია, მთელი შენი სასოება ქრისტეზე დაამყარე; შეუჩერებლად ხმამაღლა იმეორე ლოცვა და ნახავ, როგორ შეწევნას მიიღებ.
გეშინოდეს უფლისა და არა დემონების. ღვთისა გეშინოდეს მისი სასჯელის გამო, რადგან ჩვენი ამპარტავნებისთვის ეპიტიმიის დადგენისას ვის შეუძლია წინ აღუდგეს მას? ამიტომ, სანამ უკეთურება მცირეა, მის განკურნებაზე ვიზრუნოთ, რადგან თუკი გამრავლდება, სხვების დახმარება ვეღარაფერს გიშველის.
მაშ, უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი სნეულებების წამალი – მოთმინება, სიმდაბლე, მხნეობა გამოგიგზავნა და ეცადე მიიღო იგი.

15. სანამ ამპარტავნების ბოროტი სული გვებრძვის, დაცემა ხშირი იქნება. დაცემა საკუთარი უბადრუკობის შეგნებას შეგვძენს, მაშინ სიმდაბლის ღირსნი გავხდებით და ახლოს იქნება გულით მდაბალი და სულით მშვიდი იესო. მაშინ სულში სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება გამეფდება და გულს ნეტარება გაათბობს.

16. შვილებო, თავი აიძულეთ სულიერი ბრძოლისთვის. არ დაივიწყოთ ეშმაკის დიდი გამოცდილება და საკუთარი უძლურება. როგორც შემოდგომის ფოთოლი ცვივა სიოს მობერვაზე, ჩვენც ისევე ვეცემით უმცირესი განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, როცა ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდისაა იგი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა თითოეულ ჩვენს აზრსა და საქმეს დამდაბლებული გონება მართავს.

17. დაე, შენს სულში გამრავლებულიყოს ჭეშმარიტი და ნამდვილი სიმდაბლე, რომელიც სულიერი ნაყოფის მცველია. სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი მოსტაცოს. ეს ძარცვა ადამიანის გაამპარტავნებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის კეთებისას სჯერა, რომ საკუთარი წინსვლითა და ძალისხმევით მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას. ამგვარად რჩება მისი შრომა საზღაურის, ბრძოლა – სასოების, საქმე კი – დაფასების გარეშე.

18. როცა ქრისტეს შეიმოსავ, უხილავი მტრის ნუ შეგეშინდება. შეძრწუნდი, როცა დაინახავ, რომ შენი ცოდვების გამო მადლი არ გიფარავს. მაგრამ ასეთ დროსაც შეიძლება სარგებელი ვნახოთ. იზრუნე, ღმერთს შიშითა და ძრწოლით ემსახურო, რადგან საშინელი მაცდური ჩასაფრებულია და მოღვაწეთა უდებების ჟამს ელის, რომ გაშმაგებით დაეძგეროს მათ; ცდილობს, თუ შესაძლებელია, ხორციელად ჩაგვიყვანოს ჯოჯოხეთში. დაე, ღმერთმა გააცამტვეროს ის.

19. ეშმაკი ყოველი სიცრუის, ცდუნების, მზაკვრობისა და ბოროტების წყაროა, ამიტომ ყველა გულისსიტყვა, რომელსაც ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართავს, არსებითად სიცრუე და ცდომილებაა.
ეშმაკი ახალგაზრდას წარმოდგენის გულისსიტყვებით ყოველგვარ კეთილდღეობას აღუთქვამს; ცრუ ოცნებებით, სიმდიდრით, შვებალხენით, სიამეებით, თითქოს უკვდავი მიწიერი ცხოვრებით ხიბლავს. მომავალს ისე უსახავს, რომ სიკვდილს არ ახსენებს, გეგმები რომ არ ჩაეშალოს და ასე გრძელდება, ვიდრე ამ ახალგაზრდას საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ გაიხდის. შემდეგ თავის ბადეში გააბამს, როგორც ობობა მსხვერპლს, ძალიან ადვილად გამოსწოვს მთელ სულიერ არსს და ღვთისთვის მკვდრად აქცევს.

20. ხმა, რომელიც მოგესმა და რომელმაც გითხრა: „ქრისტემ განგწმინდა ცოდვებისგან და მოაკვდინა შენი ვნებები" – ეშმაკისგანაა; ეს პირველი საფეხურია, რომელსაც ადამიანი ხიბლისა და დაღუპვისკენ მიჰყავს. თუ ადამიანი ამ ხმას ისმენს, ყურად იღებს, მისი გული ეშმაკის სიტყვებს ჭეშმარიტებად მიიჩნევს და დაეთანხმება, მაშინ ბოროტი მყისვე გრძნობადად შემოდის და თანდათან იპყრობს ადამიანს. მისგან გათავისუფლება კი დიდ შრომას მოითხოვს.
ამიტომ, შვილო, კარგად მოქცეულხარ, ყურადღება რომ არ მიაქციე და თავი დაიდანაშაულე. სხვა დროს, თუ რაიმეს მოისმენ, თქვი: „ამას მოძღვარს ვეტყვი და როგორც დამარიგებს, ისე მოვიქცევი“. ეშმაკს ძალიან ეშინია მოძღვართან შენი აღსარების თქმისა, რადგან იცის, რომ ეს მის ყველა მახეს დაარღვევს!
იცოდე, შვილო, რომ თვითკმაყოფილების, ამპარტავნების გულისსიტყვამ ფესვი გაიდგა შენში და ამიტომ დაგემართა ეს. ყურადღებით იყავი, დიდი სიმდაბლე გქონდეს, ყოველდღე ითხოვე, ღმერთმა სიმდაბლის სული მოგანიჭოს. როგორც გატკეპნილ გზაზე არ გაიხარებს მცენარე, ისე გადათელილ, დამდაბლებულ გონებაში არ აღმოცენდება ხიბლი.

21. ურწმუნოება და გმობა ეშმაკის ღვარძლისგან მომდინარეობს და მათგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება არსებობს – ასეთი გულისსიტყვები ძაღლის ყეფასავით უგულებელვყოთ. მაშინ ისინი ადამიანს ცოდვად აღარ შეერაცხება. სხვებმა ამის შესახებ არ იცოდნენ და მარხულობდნენ, ფხიზლობდნენ, ტიროდნენ, რომ გათავისუფლებულიყვნენ. მაგრამ გმობის გულისსიტყვები ადამიანს მხოლოდ მათი უგულებელყოფით შორდება.
გმობის გულისსიტყვებთან მებრძოლი აბბა აღათონი ღმერთს შეევედრა, გაეთავისუფლებინა მათგან და ხმა შემოესმა: „აღათონ, აღათონ, შენს ცოდვებზე იზრუნე და მიუშვი ეშმაკი, იყეფოს. ამის გამო პასუხს არ აგებ". თუ კაცმა არ უგულებელყო ისინი, ვერასოდეს დააღწევს თავს.

22. როგორც არ უნდა გვტანჯოს ჩვენი სულების შემზარავმა მტარვალმა თავისი შურითა და ბოროტებით, მოვა დრო, როცა ღმერთი მის ბოროტებას განსჯის და ჩვენ, ტვირთმძიმეებს, საუკუნო განსვენებას მოგვმადლებს.
შვილო, მოთმინება გმართებს. მოდი, ჩვენც, ჩვენი პირველსახის, ქრისტეს მსგავსად დავიდგათ ცხოვრებისეული მწუხარების ეკლის გვირგვინი; დაე, ეკლები ღრმად ჩაგვესოს და სისხლი ტკივილით გვდიოდეს. დაე, ამ ტკივილმა და სისხლმა ჩვენი სულის სამოსელი შეამკოს და განადიდოს, რომ არ შეგვრცხვეს, როცა ქრისტეს წინაშე წარვდგებით და დიდებითა და სიწმინდით აღვსილ სხვა სულებს დავინახავთ. მოითმინე, მწუხარებათა ზამთარი გაივლის და მშვენიერი გაზაფხული ღვთის მადლის კეთილსურნელებას მოიტანს.

23. ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის გამო, რომ ვერასოდეს ამოვლენ სატანჯველიდან, რადგან ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს!

24. მთელი თქვენი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის.
ეშმაკი დღედაღამ იმისთვის იბრძვის, რომ ღვთისთვის უხმარი ჭურჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვარცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!
სასტიკი ბრძოლა გამართეთ, ნუ გეშინიათ. წინ ჩვენი უფროსი ძმები – ანგელოზები მიგვიძღვიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ისინი ეშმაკებზე გაცილებით მრავალნი და ძლიერნი არიან; ასე რომ, გამხნევდით. ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ, რადგან ჭეშმარიტება ისე იცავს მებრძოლს, როგორც ყოვლისშემძლე იარაღი.

25. ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გადაყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, უპირველესად მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.

26. ათონის მთა, 30.06.1958 წ.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... მივიღე შენი წერილი და შევიტყვე გულისსიტყვებთან შენი ბრძოლის შესახებ. ეს ნაწილია იმ ბრძოლისა, რომელიც სიძვის, ცოდვის ბოროტ სულს გაუმართავს ადამიანთან.
მომისმინე, ძმაო, უცოდინარს და ყოველგვარ სულიერ სიკეთეს მოკლებულს: როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
გამოცდილებას და სულიერ სიბრძნეს მრავალი განსაცდელით მოვიპოვებთ, ამის გარეშე გამოცდილების შეძენა შეუძლებელია. გამოცდილება ეწოდება არა სწავლით მიღებულ ცოდნას, არამედ როცა შენთვის სასარგებლოს და საზიანოს ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოცდი. თუ კაცმა მცირე განსაცდელი მაინც არ გაიარა, გამობრძმედილი ვერასდროს გახდება.
როდესაც ადამიანი რაიმეს კეთილი განზრახვით აკეთებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არასწორი იყო, ღმერთი, რომელიც გულს ხედავს და თითოეული საქციელის მიზანს აკვირდება, საქმეს გამოასწორებს და ადამიანს გაანათლებს, რომ მიხვდეს, რაში შეცდა.
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.
ოღონდ ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გაათავისუფლებს მას.
ერთი ძმა განუწყვეტლივ ცოდვით ეცემოდა, თუმცა მყისვე დგებოდა და ლოცვის კანონს ასრულებდა. ეშმაკმა, რომელიც ამ ძმას ცოდვისთვის აქეზებდა, მისი მხნეობისა და ღვთისადმი სასოების შემყურემ, მოთმინება დაკარგა, ხილულად წარმოუდგა მას და დამწუხრებულმა უთხრა:
– უსირცხვილო, ღმერთის არ გეშინია? ახლახან შესცოდე და რა პირით დგახარ ღვთის წინაშე? ნუთუ არ შიშობ, რომ ღმერთი დაგწვავს?
ხოლო მამაცი სულის ძმამ ეშმაკს მიუგო:
– ეს სენაკი სამჭედლოა: ხან ურტყამ, ხანაც გირტყამენ. სოფლის საცხონებლად მოსული იესოა მოწამე, რომ შენთან ბრძოლას არც დაცემული შევწყვეტ, არც ამდგარი, არც გაროზგილი და არც გამროზგავი, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეგებრძოლები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს – შენ თუ ქრისტე!
ეშმაკმა, რომელიც ამგვარ პასუხს არ ელოდა, უთხრა:
– აღარ შეგებრძოლები, რომ შენთვის გვირგვინების მიღების მიზეზი არ გავხდე.
იმ დღიდან ძმა ბრძოლისგან გათავისუფლდა, იჯდა თავის სენაკში და ცოდვებზე ტიროდა.
როცა ღმერთი კაცს გაანათლებს, ის კი თავის ცოდვებს შეინანებს და სიმდაბლითა და ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ ღმერთი არ დაუშვებს მის დაღუპვას. ცხადია, ადრინდელი ცოდვებისადმი მიდრეკილება მას ეკლებად და წინააღმდეგობად ექცევა, მაგრამ როცა შემზარავად აზვირთებულ ტალღებს დაინახავს, უიმედოდ არ უნდა იფიქროს, რომ დაეცემა და დაიღუპება. არამედ რწმენით უნდა სასოებდეს ღმერთს და სულიერი მამის წინამძღოლობითა და წვრთნით სიმდაბლით იბრძოლოს; ძლიერი ქარიშხლის კი ნუ შეეშინდება.

27. მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, დუმილისა და ფიქრისთვის საკუთარ თავში განმარტოვდი. ჩემო გოგონა, იზრუნე სულზე. სახლში მეტი სულიერება გამოიჩინე. უფალი თვალყურს გადევნებს და მადლის ჟამი სასწაულებრივად მოგცემს ნიშანს, როცა ამას ზეციური კრებული გადაწყვეტს.
იტირე მდაბლად მლოცველმა: „რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?" (მარკ. 8, 36) სატანა ყველა ღონეს ხმარობს, რომ სულების ზეაღსვლას შეუშალოს ხელი. ნეტარია, ვინც მას დაუსხლტება და სასაცილოდ აიგდებს.
ფილოსოფიურად მიუდექი წარმავალ საგანთა ამაოებასა და შეურყეველი ზეციური მოქალაქეობის რეალობას. იქ მოზეიმე ეკლესიაა, რომელიც აქაურ მებრძოლ ეკლესიას ელის და მის ამჟამინდელ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ლოცულობს. იესო ქრისტეს მხურვალე რწმენა და წმინდა მამათა მართალი სწავლება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს, რადგან მოვა დრო, როცა ეშმაკი რჩეულთაც შეაცდენს.

28. ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით კუდაწეული გამოჩნდება და მებრძოლს აფიქრებინებს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რომ ისღა დარჩენია, ხელები ასწიოს და დანებდეს!
ცრუ და მზაკვარი მტერი მრავალ ასეთ სურათს წარმოგვიდგენს. მოდით, მისი მახეების სიყალბე ვამხილოთ და მისი ჟანგიანი იარაღი სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
მაშინ განიდევნება უიმედობა, უდებება, ქედმაღლობა და ბიწიერება. მოშურნეობა აღანთებს მეომარს, სატანა კი უკან იხევს და საპნის ბუშტივით სკდება.
 
თემატური კითხვები
0