ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

უდებების, შიშის, სიმხდალის, გამცემლობისა და ღალატის შესახებ

უდებების, შიშის, სიმხდალის, გამცემლობისა და ღალატის შესახებ

მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით. ღვთისა და ჩვენი სულების მტრებზე სრული გამარჯვება ბრძოლითა და თავის იძულებით უნდა მოვიპოვოთ.

2. შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდაც ეშმაკთან და გარეულ მხეცებთან აღმოვჩნდეთ, ღმერთი იქაც იქნება! ეშმაკი და მხეცები ვერაფერს გვავნებენ, თუ ამის უფლება ღვთისგან არ მიეცათ.
მაშ, რატომ ვცხოვრობთ ამ მაცხონებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების გარეშე, ღვთის განგებულების რწმენა გვაკლია და იმის გვეშინია, რაც არ არის საშიში? როგორღა შემემთხვევა უბედურება, როცა უფალი მბრძანებლობს ეშმაკზეც, ბოროტ ადამიანზეც და ყველაფერზე, რასაც შეუძლია მავნოს? ან წმინდა ანგელოზი, რომელიც ადამიანის მფარველია და ღმერთმა მის გვერდით ყოფნა უბრძანა, როგორ დაუშვებს, რაიმე შეემთხვეს ადამიანს, თუ ეს უფლის განგებულებით არ მოხდება?
ამიტომ, შვილო, გამხნევდი და როცა ასეთი შიში შეგიპყრობს, თქვი: „ვისი უნდა მეშინოდეს? ვის შეუძლია რაიმე მავნოს, ყველაფერს ხომ ღმერთი განაგებს? „ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" (ფსალმ. 22, 4). თან იესოს ლოცვა იმეორე და ნურაფრის შეგეშინდება. მტკიცედ გწამდეს რწმენის ჭეშმარიტება.

3. დამწყებ მონაზონს
კურთხეულო შვილო, ღვთისმშობელმა გაგაძლიეროს, რომ სულის ცხონებისთვის ბოლომდე იბრძოლო.
ვხედავ შენს იმედგაცრუებას. ომში გამოუცდელ, ახალბედა ყმაწვილს, ახალწვეულ ჯარისკაცს ჰგავხარ, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე გაჰყავთ და როგორც კი ტყვიებისა და ყუმბარების სეტყვა წამოვა, ნირწამხდარი უკან დაბრუნებას ითხოვს. მაგრამ გამოცდილი მხედართმთავრების ბრძანებით მას ძველი, გამოწრთობილი მეომრების გვერდით აყენებენ, ისინი კი მანამდე გაამხნევებენ, სანამ ომის ქარცეცხლს შეეგუება.
ვაქებ შენს სურვილსა და განზრახვას – მიაღწიო სრულყოფილებასა და უვნებობას. მთელი შენი მცდელობა აქეთ მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვის ებრძვი. შენი ბრძოლა ბნელ და უბოროტეს მთავრობათა, ხელმწიფებათა და ძალთა, ძალზე გამოცდილ ლეგიონთა წინააღმდეგაა მიმართული. მათთან ერთად ხორცისა და ვნებათა სამყაროსაც ებრძვი. ვნებები უზომოდ მტკივნეულ წყლულებს ჰგავს. მათ განსაკურნებლად უნარი, დრო, მოთმინება და მონდომებაა საჭირო.
იცოდე, იმედგაცრუებაც ბრძოლაა, მტრის მიერ ნასროლი ერთი ხელყუმბარა, შენი ვნებებისგან მიღებული ერთ-ერთი ჭრილობა. მაშასადამე, საჭიროა მოთმინება, ამტანობა, მხნეობა. ეს იმედის ცას ნუ დაგიბნელებს. გწამდეს, რომ ღმერთმა ყოველი ადამიანის სულიერი განწყობა იცის, კეთილ განზრახვას და თავის იძულებას არასდროს უგულებელყოფს და ადრე თუ გვიან მათ სანაცვლოდ საზღაურს მიაგებს.
მაგალითისთვის წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმაც იმდენად მოიხილა ისინი.
იღუმენიას აზროვნების წესი და გამოუცდელობა გაფრთხობს და ის გარემოც, სადაც ხარ; სრულყოფილების მისაღწევად ის შეუსაბამოდ გეჩვენება, განსაცდელებისა და სხვა მიზეზთა გამო. ყველაფერი ეს სიმდაბლითა და თავის განკითხვით გაივლის; ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულე. თქვი: „ამ იმედგაცრუების მიზეზი ჩემშია; ამპარტავანი ვარ და თან, ჩემი ახლომხედველობის გამო, უსაფრთხოდ ორიენტირება არ შემიძლია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ უიმედობამ მხნეობა წამართვა“.
ეს ღრუბელი შეიძლება შენი წინამძღვრისადმი რწმენამაც გაფანტოს, თუკი შენი მხრიდან ბრძოლის წესებს დაიცავ.
პატერიკიდან და ისიქასტი მამების გადმოცემიდან ვიცით, რომ ძველად ახალგაზრდები და ახალმოსულები გამოცდილი მოძღვრის კურთხევით იშენებდნენ კელიებს და მარტო ცხოვრობდნენ. მოძღვარს მხოლოდ დროდადრო ხვდებოდნენ, მასთან გულისსიტყვებს ამბობდნენ, რჩევა-დარიგებას იღებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სულიერი მამა მუდმივად თავზე არ ედგათ, მხოლოდ მისი რჩევებით სათნოების სიმაღლეებს მიაღწიეს.
იცოდე, შვილო, რომ ქრისტე ყველაფერზე მაღლაა. იგი არა მხოლოდ ჩვენ გვერდით არის, არამედ ჩვენშია და ყოველ კეთილ განზრახვასა და თავის იძულებას აჯილდოებს.
ბევრჯერ სიმდაბლე (რა თქმა უნდა, არა ნამდვილი, არამედ ეშმაკისგან მოწამლული) „თავმდაბალი“ აზრებით გვარიგებს: „სუსტი ვარ და იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო, ესა და ეს მჭირდება; და რაკი არ მომეცა, როგორ ვცხონდები?“ ამ გულისსიტყვების მიღებით სულიერი ნერვების მოკვეთა იწყება, ამას მოსდევს სულიერი მოდუნება და სხვა განწყობები. თუ ადამიანი გამოცდილი მოძღვრის რჩევით განმტკიცდებოდა, ამგვარ მოდუნებას თავიდან აიცილებდა; ვიცით, რომ ეშმაკი ნათლის ანგელოზად გარდაისახება და შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სათნოებამაც, გულისხმისყოფის გარეშე, ძლიერ ავნოს კაცს. ამიტომ ამბობდნენ მამები: „უაღრეს ყოველთასა არს გულისხმისყოფა“.
უფლისმიერ საყვარელო შვილო, მოიშორე იმედგაცრუება და თქვი: „სიკვდილამდე ვაიძულებ თავს, სრულყოფილებას ვეძიებ და უვნებობას მივაღწევ, და თუ ჩემი უძლურების, სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ამას ვერ შევძლებ, მწამს მამათა გადმოცემისა, რომ ღმერთი სრულყოფილთა შორის შემრაცხავს“.
შენ შეიძლება მითხრა: „მაგრამ მე ხომ ნეტარებასა და ღვთაებრივი მშვიდობით ტკბობას ვეძიებ“. ჰო, უთხარი მტერს: „ღმერთი ჩემშია. თუ თავს ლოცვით, სიმდაბლითა და ცრემლით ვაიძულებ, ის მიჩვენებს თავის წმინდა სახეს! არა მარტო მონასტერში, არამედ ლოთივით სოდომშიც რომ ვიყო, ღმერთს შეუძლია ჩემი სულის ამ წმინდა წადილის შესრულება“.
გწამდეს, შვილო, რასაც გწერ. მართალი ლოთი დღედაღამ იტანჯებოდა, რადგან ხედავდა გარყვნილთა უსჯულო, ბილწ საქმეებს და მაინც არავის განიკითხავდა. ამის გამო ღვთის გამოცხადებისა და გადარჩენის ღირსი გახდა.
შენც მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდვის მიმართ იყავი ყურადღებიანი და მჯერა, იმაზე მეტს მიიღებ, ვიდრე მოელი.

4. მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა თავის ბოროტ ხრიკებს ოსტატურად და ცოდნით იყენებს. ამ გზით საკმაოდ ბევრი ჰყავს წარწყმედილი; მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვცნობთ მის მახეებს. თავიდან გზას სირთულე ახლავს, შემდეგ კი მას შვება, სიხარული და ცხონების დიდი სასოება ენაცვლება. „სოფლისა ზღვა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა საშინელად დამთქამს მე და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდელისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე“.
ზღვის ღელვა და დაყუდება, ომი და მშვიდობა, ჯანმრთელობა და სნეულება, მოგება და წაგება – თითოეული ადამიანის ცხოვრების გზაა, რომელიც სიკვდილით სრულდება.
მაშ ასე, კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით განგვპოხავს, ვიდრე ყოვლისმპყრობელი გვიბრძანებს, რომ სხეული აქ დავტოვოთ, სული კი ზეცად აღვიდეს.

5. შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ ნაპირს მშვიდობით მიაღწიოს და კეთილი აღსასრული ჰქონდეს. მართალთა სულები ამ ღვთაებრივ ქარიშხალში არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ სრულყოფილებიც გახდებიან. ეს ქარიშხლები რომ არა, ვერავინ ცხონდებოდა.
შენს მეორე წერილში ძველი აღთქმიდან იხსენებ ადგილს, სადაც წერია, მხდალნი საომრად ნუ გამოვლენო (რჯლ. 20, 8). დიახ, ფიზიკური ომის შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, რადგან ლაჩრებს შეუძლიათ ბრძოლა წააგებინონ მამაცებს. მაგრამ სულიერ ომში სხვაგვარადაა, აქ მხდალნი მამაცთა და გამოცდილთაგან გამხნევდებიან. სულიერი მოძღვრები მხოლოდ მაშინ აზიანებენ ადამიანს, როცა გამოუცდელობის გამო არასწორად ასწავლიან, ესე იგი აღმსარებელს ისეთ წამალს აწვდიან, რომელიც მის სნეულებას ვერ მოარჩენს.
სულიერ ბრძოლაში მხდალი ზარალდება, რადგან წინ ვერ მიიწევს. მაგრამ თუ ღვთის მოწყალებას მოუხმობს, გადარჩება. მას სასტიკი შერკინებისთვის აუცილებელი გამბედაობა არ აქვს, მაგრამ გადასარჩენად რაღაცას მაინც აკეთებს და სასყიდელიც შრომის შესაბამისი ექნება.
წმინდანები, რომლებიც გამართლდნენ, ჩვეულებრივ, გამოიცდებოდნენ ან გარკვეული ნაკლის გამო, ან იმიტომ, რომ უფრო მეტად განდიდებულიყვნენ. ღმერთი მათზე განსაცდელს უშვებდა, ვინაიდან დიდი მოთმინება ჰქონდათ და სურდა ეს სათნოება სრულად გამოევლინათ. ამ განსაცდელებს ყოველთვის კეთილი დასასრული ჰქონდა.

6. შვილო, ვლოცულობ, რომ იბრძოლო. ნუ ივიწყებ მიზანს – ცხონებას. ეშმაკი ხახადაღებულია და ღრიალებს, რომ ვინმე შთანთქას (1 პეტრ. 5, 8). ნუ თვლემ, დრო ჩვენს ხელში არ არის. ჩვენი ცხოვრება ბეწვზე კიდია. თავი აიძულე. მთელი ტანით წამოიმართე, აჩვენე, რომ ქრისტეს მონა ხარ და არა ეშმაკისა. განა არ იცი, რომ უდებება ათას გულისსიტყვას მოგიტანს დასატყვევებლად? ტკივილითა და ცრემლით ილოცე. გამხნევდი, ქრისტე არ მიგატოვებს. ცოტა აიძულე თავი და ეშმაკი გაგეცლება. მადლი მზადაა შეგეწიოს, იგი შენს სურვილსა და თავის იძულებას ელოდება.
უდებება, შვილო, ურწმუნოებასა და მოწყინებას შობს, ამ უკანასკნელს კი ბოროტი, გამხრწნელი გულისსიტყვების კორიანტელი მოაქვს და მსხვერპლს სიბილწისკენ უბიძგებს. ადექი, იესოს ლოცვით შეიარაღდი და ღმერთი ადიდე. სძლიე მოწინააღმდეგე ეშმაკს, რომელიც შენს შთანთქმას ცდილობს. აიძულე თავი. შენთვის განსაკუთრებით ვლოცულობ და ვტირი, რომ ღვთისმშობელმა ბრძოლაში გაგაძლიეროს.

7. მშვიდობის ღმერთმა ყველა გონებაზე აღმატებული (ფილიპ. 4, 7) ღვთაებრივი მშვიდობა და სიყვარული მოგმადლოს, შვილო. მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულისკენ ისწრაფე.
ისე გეშინოდეს უდებების, როგორც სასტიკი მტრის. ის ყველა ბოროტების სათავეა. მონაზვნური მოვალეობების მიმართ უდებება ყველა სხვა სულიერ სიკეთეს ანადგურებს და საერთო გულგრილობის და, აქედან მომდინარე, დაცემების მიზეზი ხდება. მასზე გამარჯვებას ვპოვებთ იესოს უწყვეტი ლოცვით, რომელსაც ბაგეებით წარმოვთქვამთ, ან გონებაში ვიმეორებთ. უდებების დაძლევა ასევე უეცარი სიკვდილის, ჯოჯოხეთის და სამოთხის ხსენებითაა შესაძლებელი. საჭიროა მოვალეობების მიმართ თავის იძულება; განსაკუთრებით კი, მდუმარება ლოცვასთან ერთად.

8. ჩემი გულის წიაღო, მთელი გულით გიგზავნი კურთხევას – ღმერთმა დაგიფაროს ბოროტისგან. ამინ.
„მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი" (1 ტიმ. 6, 12). დაცემის მიზეზი გაიაზრე და გამოსწორდი. უდებებას მთელი ძალით შეუტიე, რადგან ის ყველა ბოროტების სათავეა.
ყოველი დაცემისას სატანა უფრო და უფრო გიახლოვდება, რომ სათამაშოდ გაქციოს და გაგამასხარაოს. გამოიღვიძე უგრძნობლობისგან, იფიქრე ზეციურზე და იმ შორეულ მოგზაურობაზე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ფრთხილად იყავი – ერთნი ზეციურ სიკეთეში, უმშვენიერეს იერუსალიმში წავლენ და იქ ანგელოზებთან დაუსრულებელი, მარადიული პასექი ექნებათ; მეორენი კი ჯოჯოხეთში ჩაცვივდებიან და ეშმაკებთან სამუდამო თანამკვიდრობა ექნებათ.
ზემოთ აიხედე, ეს ცა გონებით გააპე და იხილე, რა იმალება მის მიღმა! იქ არის ჩვენი სამშობლო, იქ მიდის და საგანძურში გროვდება ჩვენი შრომა. ამიტომ, ნუ უგულებელყოფ შენს მოვალეობებს – განსჯას, კანონს, მღვიძარებას, იესოს ლოცვას! უფალს შეჰღაღადე: „იესო, მოძღვარო, მიხსენი, რადგან წარვწყმდები საბრალო” (ლუკ. 8, 24).

9. ღმერთმა ევას უბრძანა, არ ეჭამა აკრძალული ნაყოფი. ევამ შეხედა ნაყოფს, ცოდვისგან იძლია, შეჭამა და მოკვდა ღვთისგან. მაშასადამე, იხილა და ცდუნდა. ის ტკბობის სურვილმა დაამარცხა, შინაგანი ბრძოლა ჰქონდა – თავისმოყვარებამ უბიძგა და გასინჯა, რადგან მორჩილების აღსრულებას ამჯობინა ეს არ მოეკლო.
ღმერთს არ სურს, რომ ისინი, ვისაც აცხონებს და ვინც მის წყალობას ეძიებს, ბრიყვები, ლაჩრები, მხდალები და სულიერად გამოუცდელები იყვნენ. საქმე ეხება განათლებული ქრისტიანებისთვის განკუთვნილ ღვთაებრივ მემკვიდრეობას. ამრიგად, უფალი განსაცდელთა წინაშე გვაყენებს, რათა მისი მცნებებისადმი ჩვენი მორჩილება გამოჩნდეს. ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით. მაგრამ თუ ჩვენი ნებასურვილი ბოროტისკენ უფრო მიიდრიკება, ღვთის მცნებებს აღარ ვემორჩილებით.
ღმერთმა ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ამ თავისუფალ ნებას შეუძლებელია სხვები მართავდნენ. ამგვარად, ღვთის შიში რომ გვქონდეს, განსაცდელში არ ჩავცვივდებოდით; საკუთარი თავი ღმერთზე მეტად რომ არ გვიყვარდეს, ცოდვისკენ არ მივიდრიკებოდით. მაგრამ სახიერმა ღმერთმა ჩვენი დაცემა აღმადგინებელი წამლის გარეშე არ დატოვა, რისი მეშვეობითაც კვლავ მისკენ მივიქცევით და დაცემა გამარჯვების მიზეზი გახდება.
ყველას, ვინც საკუთარ თავს ცხონებისთვის აიძულებს, წმინდა წერილი რწმენით გამართლებულს, მართალს უწოდებს. მათ დაცემას ღმერთი არ დაუშვებს, რადგან ისინი მხნედ იბრძვიან; არ დაუშვებს მათზე ისეთ განსაცდელს, რის დათმენასაც ვერ შეძლებენ. ისინი ხომ ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ბოლომდე მოითმინონ. ხოლო ძალაზე აღმატებული განსაცდელის მიზეზი სიმხდალე, ნელთბილობა და ზარმაცი ნება ხდება ხოლმე.
შენი დრტვინვა დანაშაულებრივია. იგი თავისმოყვარებისა და ლაჩრობის შედეგია. ყველაფერი მოითმინე და ღვთის მადლიერი იყავი. საკუთარი გულგრილობა დაადანაშაულე და არა ღმერთი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა შენთვის, რადგან უყვარხარ. და თუ უყვარხარ, როგორ დაუშვებს, რომ განსაცდელში ჩავარდე? მისგან შენდობა ითხოვე და მოთმინებით აღიჭურვე.

10. მცონარობას უფრთხილდით ლოცვაშიც და გულისსიტყვებთან მიმართებაშიც. გამონაკლისი არც მღვიძარების ღვაწლში სიზარმაცეა. ნუ ზარმაცობთ, შვილებო, რადგან უდებება საშინელი ბოროტებაა, ყველა ბილწი გულისთქმის მშობელი, ჯოჯოხეთის წინამორბედი და საზარელი ტყვეობის მიზეზი.
ნუ გძინავთ უდებების ძილით, რადგან ეშმაკი ფხიზლადაა, ანთებული ჩირაღდანი უჭირავს და ცდილობს ცეცხლის ალში გაგვხვიოს და დაგვწვას. გაიღვიძეთ, პირუთვნელი, უწყალო სამსჯავრო გველის!
ნუ დაკარგავთ მხნეობას. ხანდახან ღვთის მადლი – ჩვენი წმინდა გამზრდელი – მიგვატოვებს ხოლმე და სასაცილო, შეუფერებელი გულისსიტყვით თუ სიტყვით ვეცემით. ეს იმიტომ ხდება, რომ დავმდაბლდეთ, თავი არ ავიმაღლოთ, საკუთარი უძლურება შევიცნოთ და გვჯეროდეს, რომ ღვთის მადლის გარეშე სიკეთის კეთება არ შეგვიძლია.

11. ნუ გეშინია, იბრძოლე, მხნეობითა და სიმამაცით აღიჭურვე. მხედართმთავრად იესო გვყავს. ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის! ოდნავაც ნუ შეშინდები. შიში ბოროტისგანაა, რომ განგვაიარაღოს და დაგვატყვეოს. სასოებდე მას, რომელმაც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5). ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს ის არ დაუშვებს.

12. შვილო, განსაცდელი გეწვია, რომ შენი განზრახვა გამოიცადოს. მისი მოსვლა შენს წინასწარგანწყობას [უწინდელი ცხოვრებიდან მეხსიერებაში დარჩენილი ძველი ცოდვების არსებობას] ეფუძნება. შენი ცხოვრება იყოს შენივე ბრძოლის კეთილი მოწმობა. ჩვენი სულების საშინელი მტრის ნუ შეგეშინდება.
ჩემო კარგო შვილო, იესო ქრისტე შენს ბრძოლას თვალყურს ადევნებს და შენს მაჭირვებელს ნებას აძლევს შეგაწუხოს, რომ მას აჩვენოს სასწაული – თავისი ტკბილი მადლით ერიდან შენი გამოხსნის სასწაული.
შენი სულის მტერს ებრძოლე, შვილო და ნუ მისცემ ნებას, შენგან ისევ მოიგოს რაიმე, როგორც ერში გტაცებდა ხოლმე მუქთად.
მტკიცედ შეეწინააღმდეგე მას, რომ ანგელოზებმა გაიხარონ და სიხარულისგან ათრთოლდნენ, რადგან ღვთის უხილავი მადლის შეწევნით შენ უხორცო ეშმაკს სძლიე.
შრომა, რომელსაც ყოველი ბრძოლის დროს ვეწევით, ჩაივლის, გამარჯვება კი დარჩება. თუ ადამიანმა განსაცდელის დროს „ჩამჩით არ იგემა“ ჯოჯოხეთი, შეუძლებელია ღვთის მადლი იხილოს.
იფიქრე სიკვდილზე, სხვა სამყაროში მივდივართ – ოჰ, რა მშვენიერი და სანატრელია იგი! ნეტავ გავხდებით ამ გასაოცარი სამყაროს მკვიდრნი? ამ უნეტარესი ადგილის შესახებ დღედაღამ ვიფიქროთ, რომ ცრუ და მაცდური სოფლის უგულებელყოფა შევძლოთ.
შვილო, განუწყვეტლივ ილოცე, ცოდვებზე იფიქრე და ცხარე ცრემლით იტირე; ეს დიდ შვებას მოგგვრის. სწორად კი მაშინ გლოვობ, როცა დუმხარ და არ იცინი.

13. კურთხეულო შვილო, სახიერი ღვთის სიყვარულმა გაგახაროს. უფალი ისე ზრუნავს ჩვენი სულების ცხონებისთვის, როგორც მოამაგე მამა, თუნდაც თავისი სიბრძნით დაგვსაჯოს კიდეც.
ჩვენ, შვილო, ხშირად გვაშინებს განსაცდელი, რომელშიც ახლა ხარ და რომელზეც მწერ – რადგან არ გვესმის, რომ ზეციერი მამის განგებულებით შეგვემთხვევა ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რათა სულიერი ცოდნით გავმდიდრდეთ. პირუტყვებს (სულიერად გაუნათლებელ ადამიანებს) ღმერთი საიქიო განსასვენებელში არ შეიყვანს, იქ მხოლოდ ბრძენი, მორწმუნე, ეშმაკის ხრიკების მცოდნე და სხვადასხვა ცოდვაზე გამარჯვებული ადამიანები დამკვიდრდებიან.
ბრძოლისას მხნეობა არ დაკარგო, შვილო; აქ, ცხოვრების ზღვაში, მრავალი ფათერაკისა და განსაცდელის გადალახვა მოგვიწევს, ვიდრე იმ მარადიული, ნეტარი ცხოვრების მყუდრო ნავსაყუდელს მივაღწევთ. მას დასასრული არ ექნება. იქ აღარც ჭირი გველოდება და აღარც საფრთხე.
უბიწოების საჭეს მყარად ჩაეჭიდე, რომ გვერდი აუარო საშინელი ჯოჯოხეთის წყალქვეშა რიფებს.
ღმერთს სურს, რომ მისმა მეომრებმა და მიმბაძველებმა ღვთის სიყვარულისთვის არაფრად ჩააგდონ ყველაზე დიდი უბედურებაც კი და ამით ნამდვილი სიყვარული აჩვენონ. განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი!
ჩვენი იესო, შვილებო, სრულ სიყვარულს გვისურვებს. ერთ გულში ორი სიყვარული ვერ დაეტევა; ღვთისა და მამონას მსახურებას ერთდროულად ვერ შევძლებთ; მოვალენი ვართ ღმერთს სრულად მივუძღვნათ სიყალბისგან განწმენდილი გული, რომ თვითონაც მოგვმადლოს თავისი უბიწო და ღვთაებრივი გული.
 
0