
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[40] წერილი მონაზონ ბრიენას
[40] წერილი მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 5 ნოემბერი, 1947 წ.
ჩემს საყვარელ შვილს, ჩემს საწადელ ბრიენას, რომელიც ჩვენი იესოს მადლმა გაანათლა და სოფელს მოსწყვიტა, და მზაკვარი ცხოვრების ცდომილებისგან დაიხსნა და ფრთებშესხმული განეშორა და განისვენა მონასტერში წმიდა კრებულთან ერთად და განუწყვეტლად ადიდებს და მადლობს ღმერთს იმ სიკეთეთათვის, რომელიც მიჰმადლა.
ამგვარად დაიჭერს ხოლმე მადლი გონიერ თევზებს და გამოჰყავს ერული ცხოვრებიდან. უფლის გამოუთქმელი სიკეთეების დიდება, მადლობა, სიყვარული, გალობა და გაკვირვება არ არის ჩვენი, არამედ – ღმრთისა.
ეს არის პირველი, დამწყებთა მადლი. ხოლო მადლი, როგორც უკვე გასაგებად ვთქვით, არის დიდი თუ მცირე ნიჭი, ძღვენი მისი უსასრულო სიმდიდრეთმოცემობისა, რომელსაც იგი, როგორც კეთილი, არიგებს თავისი უზომო სიკეთის გამო. და კვლავ, სანაცვლოდ იღებს რა ჩვენგან მადლიერებას, ანუ ღმრთის შემეცნებას, და შესაბამისად, სიყვარულს, გაოცებას, სამადლობელს, გალობას და დიდებას – იღებს რა ამ ყველაფერს კეთილის მომნიჭებელი, თავისიდან თავისას, „შენთა შენთაგან“ მოგვანიჭებს. და კვლავ, თავისიდან თავისას, თავისი სიმდიდრიდან გვინაწილებს, ხოლო ჩვენ, გლახაკნი და ბრმანი და კოჭლნი, მის მიერ ვმდიდრდებით, მაგრამ ამ სიმდიდრეს [იმავდროულად] სრულად ინარჩუნებს, არც რამე აკლდება, არც ემატება. ჰოი, წარმოუდგენელი დიდებულება! ყველას ამდიდრებს, მილიონობით ხალხი განამდიდრა, წმიდანები გახადა, ხოლო ღმერთს მაინც იგივე სიმდიდრე აქვს.
არ არსებობს კეთილი გულისსიტყვა, რომ ღმერთისგან არ იყოს, არც ბოროტი -რომ ეშმაკისგან არ იყოს. ანუ, რაც კი კარგ რამეს გააკეთებ, ან იტყვი, ან იბრძოლებ, ან გაიმარჯვებ, ან გაიხსენებ – ყველაფერი ღმრთის საჩუქარია. ჩვენი საკუთარი არაფერი გვაქვს.
მაშასადამე, ვინც ეძიებს და სურს მადლი მიიღოს, რომ ღმერთმა ის მუქთად მისცეს, პირველ რიგში, კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი არსება, „შეიცნოს თავი თვისი“. ესაა ნამდვილი ჭეშმარიტება. რამეთუ ყველაფერს აქვს თავისი საწყისი, დასაბამი. თუ არ გაიგებ, რა არის საწყისი, ვერც [საწადელ] მადლისმიერ ბოლოს მიაღწევ. ხოლო დასაბამი, საწყისი და ჭეშმარიტება არის ის, რომ კაცი მიხვდეს, რომ არის არარაობა, რომ ყველაფერი არარაობისგან შეიქმნა. [უფალმა] „თქვა და შეიქმნნენ, ბრძანა და დაიბადნენ“. თქვა, და შეიქმნა დედამიწა. და აიღო თიხა, შექმნა უსულო ადამიანი, უგონებო, თიხის კაცი. ესაა შენი არსება. ეს ვართ ყველანი, მიწა და ტალახი. ეს არის პირველი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც სურს მიიღოს და მარადიულად შეინარჩუნოს კიდეც მადლი. აქედან შეიძენს [ნამდვილ] შემეცნებას და აქედან იშვება, სიმდაბლე – არა მარტო ცარიელი სიტყვებით ილაპარაკოს კაცმა თავმდაბლურად, არამედ მტკიცე საფუძველზე მდგარმა გამოთქვას ჭეშმარიტება: „მიწა ვარ, ტალახი ვარ, თიხა ვარ“, ისაა ჩვენი პირველი დედა.
შესაბამისად, მიწას ხალხი ზედ აბიჯებს და თელავს, ხოლო რადგან შენც მიწა ხარ, შენც უნდა დაგაბიჯონ და გაგთელონ. ტალახი ხარ, არანაირი ფასი არ გაქვს, მოგისვრიან აქეთ-იქით. შენით აშენებენ. ერთი შენობიდან მეორეში შეიძლება გადაგიტანონ, როგორც უვარგისი მასალა.
შემდგომ კი შემოქმედმა შთაგბერა და სიცოცხლის სული მოგცა. ასე გახდი გონიერი კაცი. ლაპარაკობ, მუშაობ, წერ, ასწავლი. ღმერთის აპარატად იქეცი, მაგრამ ნუ დაივიწეებ, რომ შენი დასაბამი არის მიწა და ვინც სული მოგცა, უკანვე თუ წაიღებს, ისევ კედლების საშენ მასალად იქცევი.
ამიტომაც, „მოიხსენე შენი ბოლო და უკუნისამდე არ შესცოდავ“. ეს ის პირველი მიზეზია, რომელიც არა მარტო იზიდავს მადლს, არამედ ამრავლებს და ინარჩუნებს. ესაა, რაც გონებას აღამაღლებს ბუნების პირველ ჭვრეტაში" და ამ საფუძვლის გარეშე რაღაცას თითქოს იპოვის, მაგრამ მალე დაკარგავს, რამეთუ მტკიცე ნიადაგზე არ დგას, არამედ ცდილობს [საკუთარი] ძალებითა და მცდელობით [დადგეს].
ამბობ, ცოდვილი ვარო, მაგრამ შინაგანად მართალი გგონია თავი. [ამიტომაც] ცდომილებას თავს ვერ აარიდებ. მადლს სურს დარჩეს [ჩვენში], მაგრამ რადგან ადამიანს ჭეშმარიტება ვერ უპოვია, [მადლი] იძულებულია წავიდეს, რამეთუ [წინააღმდეგ შემთხვევაში] კაცი აუცილებლად მიენდობა თავის გულისსიტყვას, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ შეცდეს. შესაბამისად, მადლი არ რჩება იმის გამო, რომ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც მზაკვარია, ძლიერია, ბოროტების გამომგონებელი და ყოველი ცდომილების შემოქმედია, რომელიც ჩვენს ქუსლსაა ჩასაფრებული, რომელიც იყო ნათელი და ბნელი გახდა და ყველაფერი იცის, რომელიც ღმერთის მტერია და უნდა, რომ ყველანი ასევე მტრებად გვაქციოს. დაბოლოს, სულია, ბოროტი სული და ამიტომაც ადვილად შეერთვის ჩვენს სულს, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა. და ამ [ღმერთის] აპარატს იღებს და ისე მომართავს, როგორც თავად სურს. თვალყურს ადევნებს: საით მიიდრიკება სულის წადილი და როგორ ეხმარება მას ღმერთი და წამსვე საპირისპირო გეგმებს აწყობს და ა.შ.
რამეთუ არსებობს ბრძოლები, რომლებიც ადამიანმა იცის და ამიტომ გაურბის, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ იცის, რადგან შერკინება გონებაში ხდება და არ არის ადვილი, კაცმა შეამჩნიოს სამშვინველში ცვლილება, გონების მოძრაობა, სხეულის სნეულება და ცვალებადობა...
რამეთუ, როდესაც შემოქმედმა თიხა შექმნა, მასალად [ბუნების] ოთხი ელემენტი გამოიყენა: მშრალი, სველი, ცხელი და ცივი. შესაბამისად, ყოველ წუთს იძულებით მიჰყვება ამ ელემენტების ცვალებადობას: შრება, სველდება, ცხელდება, ცივდება. ხოლო თუ რომელიმე ელემენტის თვისება იმატებს, სხეული სნეულდება და შედეგად სულიც იტანჯება. გონებას აღარ შეუძლია თავისი გონებრივი ფუნქციები აამოძრაოს, რადგან სხეულთან ერთად კოჭლობს. მზის სიცხის გამო სხეული გამოშრება — გამოშრება გონებაც. როცა წვიმს, სხეული სველდება და მოდუნდება – გონებაც დუნდება. თუ ქარი უბერავს, სხეული ცივდება და ნაღველს მეტად გამოყოფს – ბნელდება გონება და ფანტაზია-წარმოსახვები ჭარბობს.
ყველა ამ ცვლილების დროს, მადლიც რომ იყოს ადამიანში, არ მოქმედებს, რამეთუ ორგანოები დასნეულებულია. ხოლო ჩვენმა მტერმა ეშმაკმა იცის თითოეული ასეთი ცვლილების დროს როგორ უნდა გვებრძოლოს. სიმშრალის დროს ქვასავით გაუხეშებს, გაურჩებს, შეპასუხებისკენ გაქეზებს; სიცივის დროს მოშურნეობას გინელებს, რათა სულიერ საქმიანობებში ყინულივით ცივი გახდე; სიცხის დროს – რომ გაბრაზდე, შეშფოთდე და სწორი არასწორისგან ვერ გაარჩიო (რამეთუ, როგორც ვთქვი, სისხლი ჭარბობს და თავისი მხურვალებით გულისთქმასა და რისხვას აღძრავს); სისველის დროს კი მოდუნებას შობს – კაცი თვლემს, უქეიფოდაა, თითქოს მთელი სხეული პარალიზებული ჰქონდეს.
ამ ყველაფერში სხეულთან ერთად სულიც იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ სული გონიერი და უსხეულოა. ასევე მადლიც, როდესაც ადამიანს უახლოვდება, უცვლის არა ბუნებას, არამედ – შემადგენელ და ბუნებრივ ელემენტებს და კეთილ მიდრეკილებებს, რითაც ბუნებრივადაა დაჯილდოებული, რამდენსაც იტევს თითოეულის ჭურჭელი, შეავსებს და აღავსებს, ან [რაც ცუდია], ამცირებს და განაშორებს.
როგორც [თიხისგან] შექმნა უძღოდა წინ საღმრთო შთაბერვას, ასევე საქმე უნდა უძღოდეს წინ ჭვრეტას. საქმე აქ ეწოდება იმ ყველაფერს, რაც სხეულით აღესრულება, ხოლო ჭვრეტა – რასაც გონება გონებრივად საქმიანობს. შეუძლებელია კაცმა ჭვრეტას საქმის გარეშე მიაღწიოს.
ამიტომ, გაისარჯე იმაში, რასაც საქმე მოითხოვს, ხოლო უფრო ამაღლებული რამეები შემდეგ თავისით მოვა. ხომ გაიგე, რომ თიხა ხარ, ღატაკი და შიშველი, ახლა სთხოვე გაგამდიდროს იმან, ვისაც ძალუძს [ჩვენი] ბუნების განახლება. და როცა მოგცემს — ბევრს თუ ცოტას – შეიცანი შენი კეთილისმყოფელი, ხოლო უცხოს ნუ მიისაკუთრებ, თითქოს შენი ყოფილიყო.
ცრემლითა და გულისტკივილით უნდა ითხოვო, რათა მოგეცეს, შემდეგ კი ისევ სიხარულის ცრემლებით, მადლიერებითა და შიშით უნდა შეინარჩუნო, [რადგან] მხურვალებითა და მოშურნეობით შეიძინება, ნელთბილობითა და უდებებით იკარგება. ქრისტე მეტს არაფერს გთხოვს იმისთვის, რომ თავისი წმიდა ქარიზმები მოგცეს: მხოლოდ უნდა აღიარო, რომ, რაც კი კარგი რამ გაქვს, მისია [და მისგანაა], და რომ თანაუგრძნობდე იმას, ვისაც არ აქვს, და არ განიკითხავდე იმის გამო, რომ არ აქვს, რომ ცოდვილია, რომ ენაჭარტალაა, რომ ბოროტია, რომ ეშმაკია, რომ წამხდარია, რომ ჭორიკანაა, რომ ქურდია, რომ მეძავია, რომ მატყუარაა.
თუ ამ შემეცნებას შეიძენ, [რომც გინდოდეს, ვეღარავის განიკითხავ ოდესმე, თუნდაც შენ თვალწინ სასიკვდილოდ სცოდავდეს, რამეთუ იმწუთას ამბობ: „უფალო, შენი მადლი არ აქვს და იმიტომ სცოდავს. თუ დამტოვებ, მეც უარესს ვიზამ – თუ ვდგავარ, შენით ვდგავარ. რამდენსაც ხედავს, იმდენს აკეთებს, ბრმაა, როგორ გინდა დაინახოს თვალების გარეშე? ღარიბია – როგორ სთხოვ მდიდარი იყოს? მიეცი სიმდიდრე, რომ ჰქონდეს; მიეცი თვალები, რომ დაინახოს“. თუ შენი სიმართლის ძებნას დაიწყებ ნებისმიერ საკითხში – თუ ვინმე დაგჩაგრავს, ან უსამართლოდ მოგექცევა, ან დაგამცირებს, ან შეურაცხყოფას მოგაყენებს, ან დაგარტყამს, ან გაგაძევებს, ან შენს მოკვლას დააპირებს (უარეს შემთხვევაში) — მაინც შენ გამოხვალ უსამართლო, თუ თავს დაიცავ ან სხვას დაადანაშაულებ. [რატომ?] რადგან [მისგან] ითხოვ იმას, რაც ღმერთს მისთვის არ მიუცია. თუ ამას, რასაც გეუბნები, კარგად გაიაზრებ, მაშინ ყველა უდანაშაულო გახდება შენთვის, რაც არ უნდა დააშავოს, და მხოლოდ შენ იქნები დამნაშავე.
რამეთუ ადამიანს სამი მტერი ებრძვის: ეშმაკები, თავისივე ბუნება და ჩვევა. ამ სამის გარდა სხვა ბრძოლა არ არსებობს. თუკი მოაცილებ ეშმაკს, რომელიც მძლავრი ტირანივით იმონებს კაცობრიობას, მაშინ ყველანი კარგები ვიქნებით. მაშასადამე, აი, ვინაა დასაჩაგრი და განუსჯელად მოსაძულებელი, განსაკითხველი და [სიცოცხლის] ბოლომდე საკუთარ მტრად მისაჩნევი.
სხვა მტერია, როგორც ვთქვით, ჩვენივე ბუნება, რომელიც, შეიმეცნებს თუ არა კაცი სამყაროს, ეწინააღმდეგება სულის კანონს და ეძიებს იმ ყველაფერს, რაც სულს ანადგურებს. აი, კიდევ რა უნდა გძულდეს მთელი ცხოვრება, ის უნდა განიკითხო, ის უნდა შეურაცხყო და ადანაშაულო.
ამათ გარდა კიდევ ერთი მტერი გვყავს - ჩვევა, ანუ ყველანაირი ცოდვის ჩადენას რომ ვართ მიჩვეულები [კაცი შესცოდავს ერთხელ, ორჯერ და შემდეგ ეს] ჩვევად გაუჯდება და მეორე ბუნებასავით ხდება, ხოლო მისი კანონმდებელი არის ცოდვა. ამას რომ კაცმა თავი დააღწიოს, იგივე ბრძოლა სჭირდება – აი, მესამე მტერიც, რომელიც სრულ სიძულვილს იმსახურებს.
შესაბამისად, თუ გინდა, რომ მოყვასი ყოველმხრივ კარგი იყოს, ისეთი, როგორიც მოგეწონება, მოაშორე ეს სამი მტერი იმ მადლის მეშვეობით, რომელიც მიიღე. სწორედ ეს იქნება ის სამართალი, რომელსაც ეძებ. ღმერთს სთხოვე, რომ გაათავისუფლოს ამ მტრებისგან და მაშინ საერთო ენასაც გამონახავთ. ხოლო თუ შენმიერი სამართლის ძიებას დაიწყებ, მაშინ ყოველთვის უსამართლო იქნები და შესაბამისად, მადლიც იძულებული იქნება წავიდეს და მოვიდეს ხოლმე [ანუ არ დარჩეს შენთან მუდმივად].
ერთი სიტყვით, წინა წერილებში, რომელიც გამოგიგზავნე, იყო საქმე. ახლა რასაც გწერ, არის [ღმერთისმიერი] განათლება, ანუ საქმით კაცი შემეცნების განათლებას იღებს. რამეთუ საქმე არის ბრმა, ხოლო განათლება ის თვალებია, რომლითაც გონება ხედავს იმას, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდა, ახლა კი ლამპარიც აქვს, თვალებიც და ყველაფერს სხვანაირად ხედავს. თავდაპირველად იყო საქმითი ღვაწლის მადლი, მაგრამ ახლა ათჯერ მეტი მადლი მიიღო. ახლა გონება ზეცად იქცა, შორს ხედავს. გაცილებით უფრო მეტი მოცულობა აქვს. ახლა ჭვრეტაღა აკლია. პოვა საყდარი, როგორც მეფემ, და ახლა სახილველი აკლია, რის შესახებაც სხვა ეპისტოლეში მოგწერ.
შენ კი ეს ეპისტოლეები მელნით გადაწერე, რომ არ წაიშალოს (რადგან ფანქრით ვწერ), რათა გაჭირვების დროს მოიხმარო, იკითხო და შენი ყოფა-ქცევა გამოასწორო. ერთს ვთხოვ იღუმენიას, რომ, ეპისტოლეს მიიღებთ თუ არა, საფოსტო მარკები გამომიგზავნოთ, რადგან აქაურ ფოსტაში არ აქვთ. იშვიათად მოაქვთ ხოლმე, თანაც ცოტა და საჩუქრად არიგებენ. ამიტომაც, ვისაც მიმოწერა სურს, ყველას ვწერ, რომ საფოსტო მარკები ჩადონ წერილებში. სხვაგვარად არ შეგვიძლია, ყველა აქაური მამა გარედან იმარაგებს. რაც ომი დაიწყო, ასეა.
ახლა კი, ვამჯობინე რა თქვენი ღირსება, სხვა ეპისტოლე, რომელსაც საფოსტო მარკა ჰქონდა, შუაში შევწყვიტე. დღეს მივიღე თქვენი ეპისტოლე. [თუმცა] მე წერილი მანამდე მქონდა დაწერილი, რადგან დრო მომრჩა. ახლა ახალ წერილში იმაზე გიპასუხებთ, რასაც მეკითხებით. ოღონდ გთხოვთ, რომ თქვენი კინობიიდან ნუ გამომყოფთ. მე აღარ ვარ დაყუდებული, არამედ – თქვენს მონასტერში თანამოღვაწე და ჩემს მორჩილებასაც აღვასრულებ. აქ იმიტომ ვცხოვრობ დაყუდებით, რომ თქვენთვის ვილოცო. რომ მწერთ ხოლმე, რომ ესა თუ ის ვუთხრა ჩვენს საყვარელ და უტკბილეს იესოს, მე კი, როგორც უფროსი ძმა, მივდივარ, ან ის მოდის, და ვუყვები რასაც მეუბნებით, ხოლო თქვენ გადმოგცემთ იმას, რასაც მეუბნება – ნუთუ ეს მორჩილება არ არის? ასე რომ, აწი მეც ჩვენს წმიდა მონასტერს ვემსახურები ამ სახით, [თანაც] დიდი მადლიერებით იმის გამო, რომ ჩემი ბრიენა მიიღეთ და მიიღებთ სხვებსაც, რომლებიც მალე უნდა მოვიდნენ.
ტანსაცმელს რაც შეეხება, თუ არ გამოგიგზავნიათ, იყოს. ჯერ ერთი, თქვენ თვითონ უნდა შეკეროთ, რათა თქვენი ხელებით იკურთხოს. თუ უკვე შეკერეთ, გამოაგზავნეთ, ხოლო თუ ჯერ არ შეგიკერავთ, არ შეკეროთ. ნუ გამოაგზავნით და როცა დამჭირდება, მოგწერთ.
ლოცვაზე რომ მწერ, ბრიენა, რადგან იღუმენიამ იცის ამ ლოცვის შესახებ, ნუ შიშობ, რომ შეცდები. ჩვილებს ასე სჩვევიათ დასაწყისში. „ვაი შენდა, ქალაქო, ბავშვი რომ გიზის მეფედ“. ვაი შენ, სულო, შენი გონება რომ დამწყები და გამოუცდელია ასეთ რამეებში.
ჩამჩებზე ვიკითხავ, მაგრამ რა ფორმის მოგწონთ – ოვალური თუ მრგვალი? ასეთი? მათი გამოგზავნაც ძნელია, წამომსვლელი კაცი უნდა გამოჩნდეს. დრო გავა, სანამ გამოვაგზავნით. ფოსტა არ იღებს. მხოლოდ პატარა შეკვეთილი ამანათებითაა შესაძლებელი, რაც ძვირი ღირს, როგორც შეკვეთილი წერილი, წონის მიხედვით. ჯვრებს კი, როგორც კი მ. ათანასე მოვა, ფოსტით გამოვაგზავნი, მაშინ დავწერ ფასსაც. ესენი პატარა ამანათებშიც ეტევა, შეკვეთილი მოვა. ერგინასა და დიონისეზე ეჭვი ნუ გეპარება, როცა უფალი ინდომებს, მოვა. „სადაც ღმერთს ნებავს, იქ ბუნების წესი იძლევა“. ყველაფერი შეუძლია, მისთვის შეუძლებელი არაფერია.
პირველ რიგში, ვემთხვევი ჩემი სულიერი მამის ხელს, შემდეგ კი, მიმდევრობის მიხედვით ყველა თქვენგანს ვუსურვებ, რომ უფალმა ყოველივე ბოროტისგან დაგიფაროთ და მოგმადლოთ გონებისმიერი და მოუკლებელი ლოცვა.
თქვენც ილოცეთ ჩემთვის, რამეთუ მჭირდება თქვენი წმიდა ლოცვები. ამგვარად აღსრულდება: „ძმა ძმისა, შემწე – ვითარცა ქალაქი ძლიერია.
ცოდვილი იოსები
|