ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნაწყვეტი ქადაგებიდან სიმდაბლის შესახებ

ნაწყვეტი ქადაგებიდან სიმდაბლის შესახებ

დიდი სიფრთხილე გვჭირდება; ყურადღებით ვიყოთ საკუთარ თავთან და ღმერთის გვეშინოდეს. შიში სინათლეა, ლამპარია; ღვთის შიში სიბრძნის დასაბამი და დასასრულია (იგავ. 1, 7).
ქრისტეს სიყვარულს შიში უძღვის წინ; და როცა ქრისტეს სიყვარული მოვა, მასთან კვლავ შიში იქნება შერეული, რადგან სიყვარულმა შეიძლება ადამიანი სილაღემდე მიიყვანოს და ასე კვლავ დაშორდეს სწორ სიყვარულს; შიში არის მუხრუჭი, რომელიც აჩერებს ადამიანს.
როცა საკუთარ თავში ვხედავთ ღვარძლს, შურს, განკითხვას, დრტვინვას და ყველაფერ სხვას, რაც ეშმაკისაა, მაშინ უნდა გავაცნობიეროთ, რომ წმინდა გული არ გვაქვს. გულის სიწმინდე რომ გვქონოდა, ჩვენი ლანძღვისა და შეურაცხყოფის გამო არ აღვშფოთდებოდით. როცა შეურაცხყოფილი, ნაწყენი და გამწარებული ვართ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გული არ არის წმინდა.
თავმდაბლობა არ გვყოფნის. თავმდაბლობას ადამიანისთვის შემწყნარებლობა, სულგრძელობა და მოთმინება მოაქვს. როცა არ გვაქვს მოთმინება, როცა არ გვაქვს სულგრძელობა, როცა არ გვაქვს შემწყნარებლობა, ეს მიგვანიშნებს, რომ არ გვაქვს უმთავრესი სათნოებები – სიმდაბლე და სიყვარული – რომლებმაც მიზანთან უნდა დაგვაახლოონ. მიზანი კი სიწმინდეა.
როცა არ არსებობს ჭეშმარიტი სულიერი სიყვარული და სიმდაბლე, მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია.
სიწმინდის მისაღწევად ადამიანს დიდი ცოდნა და განსწავლულობა არ სჭირდება. ფიქრით, რომ ამ მიზნისთვის ყველაფერი მსხვერპლად გავიღე, თავი არ უნდა ვიმართლოთ. თავის მართლება ნიშნავს, რომ მიზანს ავცდით. დააშავა თუ არა სხვამ, ეს არ არის გამოსაძიებელი, არამედ ის გამოვიძიოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ძმა, გული ხომ არ გვაქვს დამძიმებული. მე ვარ დამნაშავე; მე უნდა შევცვალო ჩემი სული და შევიყვარო ძმა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზებული ვარ, რადგან ერთხელ მამხილა, ან ცუდს ფიქრობს ჩემზე.
თუ ჩემს წარმოსახვაში ის ბნელითაა მოცული და მისი სახე მაშფოთებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მე მამძიმებს. შესაძლოა, ძმა ჩემ მიმართ მართლაც ასე იყოს განწყობილი, მაგრამ ასე ფიქრი მიზნის მიღწევაში ვერ შემეწევა. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ძმას ჩემ მიმართ – ცუდი თუ კარგი – თუკი მიზნის მიღწევა და ღმერთთან შეერთება მსურს, ის სხვაგვარად უნდა დავინახო. ამიტომ იყო, რომ მამები არასოდეს ამართლებდნენ ადამიანებს, განსაკუთრებით მონაზვნებს, როცა მათ სხვის მიმართ რაიმე ჰქონდათ გულში.
ერთი მამა წავიდა, რომ სამართალი ეპოვა, უფრო სწორად, ძმაზე ეჩივლა. მივიდა აბბა სისოისთან და ეუბნება:
მამაო, ძმაზე საჩივლელად მივდივარ, რადგან მან ესა და ეს ბოროტება გამიკეთა.
თავი დაანებე, შეუნდე.
– არა, – პასუხობს, – თუ მივუტევებ, იმავეს გაიმეორებს, ამიტომ უნდა დაისაჯოს.
კეთილი, შვილო, მაგრამ ჯერ ვილოცოთ და მერე წადი.
დაიჩოქეს და აბბა სისოიმ დაიწყო: „მამაო ჩვენო... და ნუ მომიტევებ ჩვენ თანანადებთა ჩვენთა, ვითარცა ჩვენ არ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა..."
ასე არ არის, მამაო, – ეუბნება მონაზონი, – გეშლება.
რაკი ძმის გასამართლება გინდა, ასე ვილოცოთ!
მაშინ მიხვდა ძმა თავის შეცდომას, შეინანა და ძმაზე საჩივლელად აღარ წავიდა.
ამრიგად, დიდი ჭეშმარიტება ერთია: რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.

არ გსურს ღმერთმა დაივიწყოს და აღარ გაიხსენოს შენი ცოდვები? – მსურს, მწადია, – გაჰყვირის სული. არც შენ იფიქრო და მოიგონო ის, რაც მოყვასმა შეგცოდა. ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა. ასე რომ, ვინც ამ მიზანს ასცდება, დიდ და მრავალ შეცდომას დაუშვებს ცხოვრებაში.
თუ განხორციელდება ის, რაც ზემოთ ითქვა და რაც მამათა სიბრძნეა, ეშმაკს აღარ ექნება ხელმწიფება ჩვენზე.
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს.
ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთარი ბრალი, მუდამ ამხილოს, განიკითხოს, დაიდანაშაულოს თავი და არ მიაქციოს ყურადღება, დამნაშავეა თუ არა მოყვასი.
მამები ამბობენ: „თუ მოვინდომებთ საკუთარი თავის დამშვიდებას სხვების დამშვიდებით, მშვიდობა არასოდეს გვექნება“, ანუ თუ გვინდა მშვიდობა სხვების დამშვიდების გზით მოვიპოვოთ, ვერ დავმშვიდდებით. მაშასადამე, ადამიანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს. „დაამყარე მშვიდობა შენს თავთან, – ამბობს აბბა ისააკი, – და ცა და ქვეყანა მშვიდობას დაამყარებს შენთან“.
ყველაფერი ეს წარუშლელად აღვიბეჭდოთ ჩვენს გულებში, რადგან ეს არის სულიერი სიმდიდრე, რომელსაც გვაძლევს წმინდა სახარება და მამათა ნაშრომები ჩვენი საბრალო სულების საცხონებლად!
 
თემატური კითხვები
0