ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

განსაცდელთა შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

განსაცდელთა შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რომ გამოვფხიზლდეთ და უფალი გავიხსენოთ. როცა ვევედრებით, თითქოს არ გვისმენს, რომ უფრო მეტად შევევედროთ და ვუხმოთ მის წმინდა სახელს სხვადასხვა ვნების შიშით შეძრწუნებულებმა; ტკივილით აღსავსე ვედრება განწმენდს ჩვენს გულს და გამოცდილებით შევიცნობთ ჩვენი გახრწნილი ბუნების უძლურებას. ასე მთელი არსებით გავაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.
დიდ გამოცდილებას გულიდან დაღვრილი სისხლით შევიძენთ და აღარასოდეს დაგვავიწყდება, რადგან იგი ადამიანის შემდგომი ცხოვრების საძირკველი ხდება. ღვთის მადლი მიდის და ისევ ბრუნდება, გამოცდილება კი აღარასოდეს წაიშლება, რადგან გულშია აღბეჭდილი და სატანის სისინის მიუხედავად, ამოტვიფრული ასოებით ადასტურებს, რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.
განსაცდელების გარეშე ამპარტავნება და სხვა ვნებები ლუციფერებად გვაქცევდა. მაგრამ სახიერი მამა, ღმერთი, ჩვენზე მწუხარებას უშვებს, რომ სიმდაბლით დაგვიცვას. ეს ცოდვების სიმძიმეს შეგვიმსუბუქებს.
სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვნებები. ღმერთს უყვარს ის, ვისაც თავს ესხმიან, ის კი იბრძვის. გამხნევდი და ილოცე ჩემთვის – ზარმაცის, უწმინდურის, უღირსისა და საძაგლისთვის!

2. თუკი პავლე მოციქულისთვის იყო სარგებლის მომტანი განსაცდელი: „მომეცა მე საწერტელი ხორცთაი, ანგელოზ სატან, რაითა დამქენჯნიდეს მე, რაითა არა აღვიმაღლო“ (2 კორ. 12, 7), რამდენად უფრო დიდ სარგებელს მოგვიტანს განსაცდელის დათმენა ჩვენ?
პავლე მოციქული იყო რჩეული ჭურჭელი, პირი ქრისტესი, ამ სოფლისთვის მკვდარი და მასში წმინდა სამება მკვიდრობდა. მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელი ხელს უშლიდა მოციქულებრივ ქადაგებაში და სამჯერ შეევედრა კიდეც უფალს გაეთავისუფლებინა მისგან, ღმერთმა არ შეისმინა მისი თხოვნა, რადგან მოციქულის სულის სარგებელზე ზრუნავდა. პავლე მოციქულმა ეს პასუხი მიიღო: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12, 9). ჩემი მადლი საკმარისია შენს სანუგეშებლად, – ეუბნება უფალი, – განსაცდელი გექნება, რომ სიმდაბლით სარგებელი ნახო.
ამიტომ, შვილებო, სიხარულით დაითმინეთ ღვთისგან მოვლენილი ნებისმიერი განსაცდელი – მწუხარება იქნება ეს თუ ვნებების სიშმაგე. ღმერთი მათ გვიგზავნის, რომ სარგებელი მივიღოთ და ყოველივე ამის დათმენა იმ ღვაწლად ჩაგვეთვალოს, რომლის აღსრულებაც არ შეგვიძლია.
ასე რომ, მადლობა შესწირეთ ღმერთს. პირითა და გულით ადიდეთ ის, რადგან თუ განსაცდელს მოთმინებითა და მადლიერებით მივიღებთ, მადლი გვანუგეშებს.
განსაცდელის გარეშე ვინ შესულა სამოთხეში, ჩვენ რომ შევიდეთ? არავინ. ყველა წმინდანმა ცეცხლი და წყალი, მრავალნაირი განსაცდელი და მწუხარება გაიარა, მოთმინებით ადიდა ღმერთი და საუკუნო დიდების გვირგვინი მიიღო!
ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თითოეულის ბრძოლას აკვირდება. ასე რომ, მოთმინებით იბრძოლეთ, მოუხმეთ იესოს სახელს, რომ ის თქვენს გულებში დაინერგოს და ღვთის მადლით გამდიდრდეთ. იღვაწეთ და განიწმინდეთ გონება, რომ წმინდა აღდგომის მადლი შეიგრძნოთ.
3. როცა ადამიანი სჯულიერად იღვწის, ორ მადლს მოიპოვებს: ერთი სულიწმიდის მადლია, რომელიც სულს სიხარულით, მშვიდობით, მხიარულებით აღავსებს, მეორეს კი განსაცდელების გამოცდილებას უწოდებენ.
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
განსაცდელის დროს მეორე მადლი, გამოცდილება, უფრო სასარგებლოა, რადგან სულს ცოდნით განანათლებს და აჩვენებს, თუ როგორ განვლოს ის. გამოცდილება განსაცდელებმა წარმოქმნა და, შესაბამისად, მან იცის, რა გზით ააშოროს სულს საფრთხე.
მაშასადამე, როცა განსაცდელს ვითმენთ, ის გამოცდილების სიბრძნეს მოგვმადლებს და ამგვარად ვხდებით ფილოსოფოსები. თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და ასუსტებს მას.
ასე რომ, დამდაბლდი, შვილო, თუ გსურს შენი მაჭირვებელი ეშმაკების დამცირება. ყველას ფეხქვეშ დაეგე და თქვი: „მე ვარ ამქვეყნად ყველაზე უარესი, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე“.

4. იბრძოლეთ, შვილებო, იბრძოლეთ. როგორც არ უნდა გებრძოდეთ მტერი, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ და გაიმარჯვებთ. ჩვენი მხედართმთავარი ქრისტეა, რომელმაც თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33). ჩვენც ვძლევთ მას, თუ იმედს არ დავკარგავთ. როცა ვინმე ღმერთს სასოებით ევედრება და სიმდაბლით ლოცულობს, უფალი შეისმენს მის თხოვნას.
დამდაბლდით. თავს ნუ აიმაღლებთ და მწვერვალებს მაშინ მიაღწევთ. რაც უფრო მეტად გამოიწრთობა ოქრო ცეცხლში, მით უფრო სუფთავდება. ასეა ქრისტიანიც, რაც მეტად გამოიცდება, მით უფრო განიწმინდება მისი სული. რაც უფრო ღრმად მოხნავს გუთანი მიწას, რაც უფრო ხშირად გავსხლავთ და მივხედავთ ვენახს, მით უფრო უხვ და ტკბილ ნაყოფს მოვიწევთ.
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.

5. ნუ დარდობთ იმაზე, რაც მოხდა. დაე, ყოველთვის ღვთის ნება აღსრულდეს, ჩვენ კი ვიმეოროთ: „როგორც გვაკურთხებთ".
გისურვებთ მონაზვნური თავის იძულება გახასიათებდეთ. ყველა ადამიანი იტანჯება. ჩვენ ნეტარნი ვართ, რადგან ქრისტესთვის ვითმენთ განსაცდელებს. როცა მონაზონი განსაცდელებს მოთმინებით იტანს, ეს მას საუკუნო დიდებად ექცევა.
ათასი მადლობა შევწიროთ ტკბილ ზეციერ მამას, რომელიც მწუხარებას მოგვივლენს და ამ გზით ზრუნავს ჩვენზე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ იმქვეყნად მისულებს არაფერი გვქონდეს საჩვენებელი, რასაც მისი სიყვარულისთვის ვითმენდით.
გამხნევდით, შვილებო, აღმართზე ნუ ჩაიმუხლავთ. მას ნელ-ნელა ავივლით, რადგან უძლურები ვართ. ყველაფერი ჩაივლის და საყოველთაო დიდებული აღდგომის დაუღამებელი დღის წინაშე დავიწყებას მიეცემა.

6. შვილო, მწერ შენი განსაცდელების შესახებ. აშკარაა, რომ ვინც უმანკოების, ღვთიური განწმენდისა და უვნებობის გზაზე სიარულს ისურვებს, ჯერ უნდა გაიაზროს ის გარდაუვალი მოვალეობა, რასაც ტვირთულობს: მზად უნდა იყოს ნებისმიერი წარმომავლობის განსაცდელებთან შესახვედრად და იმისთვის, რომ სიმდაბლის სათნოებაში მტკიცედ გამოიწრთოს.
ქედმაღლობით ვართ სავსე, ჩემო კარგო შვილო და რადგან ამ უგუნური ეგოიზმის მძიმე სნეულებით ვართ ავად, ბუნებრივია და მოსალოდნელი, რომ ჩვენი ტკივილიანი მკურნალობა, ანუ განსაცდელები წლების მანძილზე გაგრძელდება, სანამ სიმდაბლეს საქმით არ ვისწავლით. დიდების უფალმა შეიმოსა სიმდაბლე. იგი ღვთის-შემამკობელი სათნოებაა, მაგრამ, ჩემო კარგო შვილო, ის რომ მოიპოვო, გულიდან სისხლი უნდა დაღვარო. „როგორც მაკურთხებთ“, „შემინდეთ“, „არ ვიცი“, „როგორც ინებებთ" თავმდაბალი მონაზვნის სიტყვებია – წარმატების თვალსაჩინო ნიშანი.
რაც შეეხება ძმას, რომელიც გაჭირვებს, უნდა მოითმინო. აიტანე, თვალი დახუჭე წყენაზე, ფილოსოფიურად იფიქრე, დაიდანაშაულე საკუთარი თავი, რომ სხვა რამეში შენ უფრო სნეული ხარ სულიერად და რადგან ჯერ გამოცდილება არ გაქვს, არც უნდა ილაპარაკო.

7. წუხილი, რომელზეც მწერ, შვილო, აშკარად ეშმაკისგანაა, რადგან ვინც ცოდვები აღიარა, უნდა სჯეროდეს, რომ უფალმა მას სრულად მიუტევა და ყოველგვარი მწუხარება მაშინვე უნდა გაქრეს. უნდა უხაროდეს, რომ ღმერთმა შეიბრალა და გაანათლა, რათა სუფთა აღსარებით განებანა უწმინდურობის სამოსელი და ახლა სულის გადარჩენის იმედი აქვს. ასეთმა უადგილო წუხილმა ბევრი დაღუპა; ასე რომ, არამც და არამც არ დამწუხრდე. „გიხაროდენ და კვალად გეტყვი: გიხაროდენ" (ფილიპ. 4, 4).

8. ადამიანი, შვილო, რამდენჯერაც დაეცემა, უნდა აღდგეს და ცხონდება. როცა ვინმე ეცემა და ნებაყოფლობით არ სურს წამოდგომა, ეს ეშმაკისგანაა.
სასოწარკვეთილება ეშმაკის იარაღია, რომელმაც ბევრი დასცა, სასოებამ კი მრავალი იხსნა უწმინდურობის ორმოში ჩავარდნისგან.

9. ნუ გეშინიათ, ნუ კარგავთ სიმხნევეს. ნუ მიატოვებთ ხომალდის საჭეს, რადგან ასეთ დროს იმედიც ქრება; ძლიერი ხელით მაგრად გეჭიროთ საუკუნო ცხოვრების ამჟამინდელი იმედი, რადგან კაპიტანი – ქარიშხალში, მებრძოლი – ომში, მონაზონი კი განსაცდელში გამოიცდება.
ნუ გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ მრავალი აღმართი გვაქვს ასავლელი, ამიტომ ძალიან გვჭირდება მოთმინება და სიმამაცე.
მოითმინეთ, შვილებო, ყველა განსაცდელი გაივლის. იფიქრეთ, უკვე რამდენი გადავლახეთ. ყველამ ჩაიარა და დიდი სარგებელი დაგვიტოვა. ასევე ჩაივლის მომავალი განსაცდელიც და, შესაბამისად, სარგებელსაც ვნახავთ.

10. სატანა გვაცდუნებს, პირველად მე, მოთმინება არ გვაქვს და ასე ვკარგავთ ყოველი განსაცდელის სარგებელს.
ერთმა ბერმა ღმერთს ვნებებისგან გათავისუფლება სთხოვა. უფალმა ჩამოაცილა ვნებები და უვნებობა მიანიჭა. ამის შემდეგ ის ერთ გამოცდილ აბბასთან მივიდა და ეუბნება:
მამაო, ვნებებისგან გავთავისუფლდი და მშვიდად ვარ (ჯერ ახალგაზრდა იყო).
– მისმინე, შვილო, – ეუბნება დიდი მოძღვარი, – წადი და ევედრე ღმერთს, რომ ისევ დაგიბრუნოს ვნებები, რადგან ადამიანი ბრძოლაში ნახულობს სარგებელს და არა უვნებობაში, რაც განსვენებაა და არა შრომა. ადამიანი განსაცდელით აღწევს სრულყოფილებას, სულიერი ხდება, განსაცდელების გარეშე კი ის უგუნური, უსახური, უნიათო და უმეცარია!
ამიტომ ნებისმიერი ბრძოლა მოითმინე. ამ უკანასკნელ ჟამს, რომელშიც ვცხოვრობთ, განსაცდელების მეტს ნურაფერს ველით – ისინი გადაგვარჩენს!

11. ასე განაგო ღმერთმა – გამოვიწრთოთ განსაცდელებში და ცათა სასუფევლის ღირსნი გავხდეთ.
განსაცდელების გარეშე არავინ შესულა სასუფეველში. მაგრამ ყველაფერში მოთმინებაა საჭირო. ნუ მრისხანებ, ეს არც შენთვისაა სასარგებლო და არც სხვებისთვის იქნება კარგი მაგალითი.
დიახ, არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს. ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ ის, სანამ განსაცდელი ჩაივლის.

12. შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ნელ-ნელა შეგეწევა.

13. ეს განსაცდელი შენს დასამდაბლებლად შეგემთხვა. განსაცდელები სიფხიზლისთვის გვეძლევა, გამოცდილება და ღვთისმიერი სიბრძნე რომ შევიძინოთ. ღმერთი განგვსწავლის, რათა მისი სიწმინდის ზიარების ღირსნი გავხდეთ.
დიდ პავლე მოციქულსაც ცდიდა უფალი, განსაცდელი მის ქადაგებას უშლიდა ხელს. და მაინც, მიუხედავად ამისა და მოციქულის ვედრებისა – უფალს ამ განსაცდელისგან გაეთავისუფლებინა – ღმერთმა მისი არ ისმინა. განსაცდელი სამკურნალო წამალივით დაუტოვა, რომ მრავალი საღვთო გამოცხადების მხილველი, ამპარტავნების თავდასხმისგან დაცული ყოფილიყო!
თუკი ღმერთი ასე განცდიდა პავლეს მისი სულის საფრთხისგან დასაცავად, მით უფრო გვჭირდება განსაცდელი ჩვენ, რომ დავმდაბლდეთ და ჩვენი შემოქმედის ახლოს საიმედო სამყოფელი დავიმკვიდროთ.

14. ჩემო კურთხეულო შვილო, მთელი გულით გიგზავნი აუარებელ ლოცვა-კურთხევას და გისურვებ, რომ ჩემი უღირსობის მიუხედავად, ზნეობა განგიმტკიცოს და მოთმინება შეიძინო.
მრავალი ჭირი გამოვიარე და ახლაც ერთი დიდი განსაცდელი მაქვს. მხოლოდ ზეციერ მამაზე ვამყარებ იმედს, რომ ეს საკითხი მოგვარდება. მეტკინა და ისევ ძალიან მტკივა... საქმე ეხება ჩემთან უშუალო კავშირის მქონე პიროვნებას. თქვენი ლოცვა შემეწეოდა.
ღვთის მადლით, განსაცდელებს მხოლოდ მოთმინებით გავართმევთ თავს. ვისაც ქრისტეს გზაზე სიარული სურს, სიკვდილამდე განსაცდელს უნდა ელოდეს! განა ჩვენმა ქრისტემ ადამიანებისა და ეშმაკებისგან ყვედრება და ბოროტება ჯვარზე სიკვდილამდე არ დაითმინა?
შვილო, მოუთმინე ძმებს და ზეცაში დიდი სასყიდელი გექნება.

15. ჩემო კურთხეულო შვილო, გისურვებ დიდების უფალმა შენს სულს ყველა საუკეთესო სულიერი ნიჭი მოჰმადლოს, რომ შენმა გულმა განისვენოს და ღვთაებრივი სიხარულით ფეთქავდეს.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის. ვინც უძლურთა სისუსტეებს ითმენს, სასყიდელი დიდი ექნება, რადგან ბევრი იტანჯა და ამის სანაცვლოდ შესაბამის საზღაურს სამართლიანად მიიღებს.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.

16. მივიღე შენი წერილი. რა თქმა უნდა, ის სასიამოვნო არ იყო, რადგან შენს განსაცდელებსა და სიმწარეზე მწერ. მაგრამ სხვა რა არის ქრისტეს მხედრის ცხოვრება, თუ არა მუდმივი ბრძოლა მტერთან, რომელიც არასოდეს ისვენებს? ეს მტერი კი ეშმაკია, ბოროტი სული, უნივთო და დაუღალავი.
ასე რომ, ჩემო კარგო შვილო, მოთმინება იქონიე და ჩვენი სახიერი ღმერთი თავისი უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულით ყველაფერს გამოასწორებს, ოღონდაც ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია.
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო.

17. მოითმინე, შვილო, მოითმინე. ღმერთი ჩვენს დასამდაბლებლად განგვცდის. ეს წამლებია, რომლებიც შენს სნეულ სულს განკურნავს. გიხაროდეს, რომ ღმერთი შენს ჭრილობებზე ზრუნავს. აკურთხე უფალი, რომელიც საკუთარ შვილად მიგიჩნევს და გწვრთნის, რომ თავისი სჯულის სიბრძნე გასწავლოს. „ნეტარია, ვისაც გაწვრთნი და განსწავლი“ და „ვინმე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა... მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“ (ებრ. 12, 7-8).
მაშასადამე, განსაცდელი მოწმობს, რომ ღვთის შვილები ვართ და ეს არის დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი. მაშ, გამხნევდი, შვილო, „დაუთმე უფალსა“ და ქმენ კეთილი.

18. შვილო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ წუთისოფელს ბევრი და მრავალნაირი განსაცდელით გავივლით და ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს ხშირად ოხვრით და მწარე ცრემლით მოვრწყავთ. სწორედ ასეთი გზით ინება ყოვლადბრძენმა ღმერთმა ადამიანთა სიცოცხლე. მაგრამ თავად ისიც არ გაექცა ამ კანონს, რადგან ჩვენი ქრისტეს მთელი ცხოვრება ჭირითა და განსაცდელით იყო სავსე.
კაცთაგან ვის შეუძლია მოითხოვოს ამ საყოველთაო კანონის შესრულებისგან თავის არიდება? არავის! მაშ ასე, მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.

19. ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი ღვთის ნებას ეძიებს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ღმერთი უგზავნის მიზეზს, რაც სურვილს აუსრულებს, მას კი, ერთი შეხედვით, მდგომარეობა რთულად ეჩვენება და თავისი უყურადღებობით გამოწვეული განსაცდელი ჰგონია. მაგრამ როცა ის სიკეთე გამომჟღავნდება, რომელიც ამ გასაჭირიდან, განსაცდელიდან მოდის, აშკარა ხდება, რომ ამ განსაცდელში ის იმალებოდა, რასაც ადამიანი უფლისგან ითხოვდა – ღვთის ნება ან ვნებისგან გათავისუფლება.
ასე ვსწავლობთ ყველა განსაცდელში მოთმინება და სულგრძელობაა საჭირო, რომ მისი დასრულებისას ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა იმალებოდა მასში. ხშირად ისეთი განსაცდელი გვეძლევა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობა, რომ რაიმე მაცხონებელს მალავს, შემდეგ კი ვხედავთ – მასში საუკუნო ცხოვრებაა!

20. როგორც დღეს მოსდევს ღამე, ზაფხულს – შემოდგომა, ზამთარს – გაზაფხული და ა. შ. ასევე ერთ სულიერ მდგომარეობას მეორე ენაცვლება.
მაგალითად, დღეს გულისსიტყვების სიწმინდის მხრივ კარგ მდგომარეობაში ვარ და ჩემი სული წყნარ ზღვაში მყოფი დელფინივით მიცურავს წინ. სიმშვიდეს მოუცავს ყველაფერი და მავანს ჰგონია, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდება. მაგრამ ღვთის სიბრძნის მიერ დასახული გზა თავის გეზს არ იცვლის. და აი, ცის კიდეზე არსებული პატარა ღრუბლები – რაღაც არაჯანსაღი აზრები – ჰორიზონტზე ადის და ცაზე გონებაში იკავებს ადგილს. ცოტა ხანში ამას ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი მოჰყვება. აღელვებულ ზღვაში მალე გულისსიტყვების გრიგალი წარმოიშობა. ამგვარად, აზრების სიწმინდეს მწარე გულისსიტყვები ენაცვლება და სიმშვიდეს სხვადასხვაგვარი მღელვარება ცვლის.
ზღვის სიწყნარეს ქარიშხალი რომ არ მოსდევდეს, ის სხვადასხვა სნეულების წყაროდ იქცეოდა იმ უწმინდურობათა გამო, რომლებიც გამუდმებით გროვდება მასში. ამიტომ ზღვა თავის ბრწყინვალებასა და სიჯანსაღეს ქარიშხლებს უმადლის.
მათ, ვისაც ღმერთის გვეშინია, მრავალნაირი განსაცდელი რომ არ გვქონდეს, ზოგი ლუციფერის ამპარტავნებაში ჩავვარდებოდით, ზოგი – სოდომელებზე უარეს გარყვნილებაში, ზოგი – ურწმუნოებისა და უღმერთობის წყვდიადში და ა. შ. მაშასადამე, გასაჭირს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მცირე ღვთისმოშიშება და ხსნის იმედი გაგვაჩნია.
სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ ტკივილებს აღარ იხსენებს. ასევე ვიფიქროთ სულიერების სფეროშიც. მწუხარებათა მთელი ნაირფეროვნება სიძულვილს იწვევს შეჭირვებულ ადამიანში, მაგრამ შემდეგ ამას სულის ნაკვთების სიჯანსაღე მოჰყვება. დიდ მკურნალს – ღმერთს – მწუხარება რომ არ გამოეგზავნა, სულის ის ავადმყოფი ნაწილი კიდევ უფრო დაავადდებოდა, რასაც მოწამვლა და სულიერი სიკვდილი – ღვთისგან განშორება – მოჰყვებოდა. მაშასადამე, ყოველთვის ღვთის მადლიერება გვმართებს, რომ ღვთისმოშიშება არ დავკარგოთ.
იაკობ მოციქული ამ საკითხის შესახებ დიდებულად გვასწავლის: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა; უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაი" (იაკ. 1, 2-3).
განსაცდელები თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის მოწმეა. კაპიტნის სანაოსნო გამოცდილებას ქარიშხალი გამოაჩენს. ხოლო იმას, თუ ვინ არის ქრისტიანი, ღვთისმიერი მწუხარება გამოამჟღავნებს.
„აღკვეთე განსაცდელები და ვერავინ ცხონდება“. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განზრახ უნდა ჩავიგდოთ თავი განსაცდელში. როცა სჯულიერად ვიბრძვით და საკუთარი თავის მიმართ ყურადღებით ვცხოვრობთ, მაშინ შევხვდებით განსაცდელებს, რომლებიც უფლის მამობრივი ალერსით, ეშმაკის შურით, ჩვენი დაუდევრობით, გამოუცდელობით, ადამიანების მზაკვრობით და ა. შ. არის გამოწვეული. მაგრამ მიზანი ერთია: ვიბრძოლოთ შეუპოვრად და მოთმინებით, იმ რწმენით, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. მაშასადამე, მოთმინება და მადლიერება გვმართებს.
 
თემატური კითხვები
0