კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.
მთავარია, ადამიანი თავის სინდისთან და ღმერთთან იყოს მართალი და მაშინ უფლის თანადგომას ყოველთვის იგრძნობს. "იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის" - გვასწავლის ბიბლია.
განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს.
ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ.
მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას.
შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად.
თუ უმსგავსო ფიქრს იმთავითვე არ მოვიკვეთთ და არ განვაგდებთ, იგი გულში გადავა, მოიცავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს და გამოვლინდება ბოროტ სიტყვაში, ცუდ ქცევასა და მოქმედებაში.
ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.
ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.