ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
ადამიანები კი უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც მუდამ თან სდევს უბედურება.
უნდა ვეცადოთ, აღვზარდოთ ადამიანი შემოქმედებითად, ისე, რომ იგი გრძნობდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აღიქვამდეს ჩვენს სახლს, დედამიწას, როგორც ერთიანს, მთლიანს, რომლის ჭერქვეშ ყველამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს.
ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. პიროვნების მომავალი თვით მასზეა დამოკიდებული, იგი თვით ირჩევს ღვთის საუფლოსკენ ან დაღუპვისკენ მიმავალ გზას.
ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.
მოძღვარი არის ერთგვარი შუამავალი ამა თუ იმ პიროვნებასა და ღმერთს შორის. იგი, შეიძლება, არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, მაგრამ არავინაა შეზღუდული, მოძებნოს სხვა სასულიერო პირი, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება.
ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენითა და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმინდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად, სხვადასხვა სავანეში)
როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.