ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხსენიებული. ასეთი ამპარტავანი კაცი იმ მტრედს ჰგავს, რომელიც მზეზე ზის და თავისი სისუფთავითა და ჭრელი ბუმბულით ხარობს, მაგრამ, აი, მოულოდნელად მას თავს ესხმის ქორი და კლავს. ასევე ის, ვინც თავისი სათნოებებით ყოყოჩობს, მაშინვე მიიტაცება გონიერი ქორის – ეშმაკის მიერ.
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა, სათნოებებიავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენში ნებისმიერ კეთილ საქმეს. ადამიანს კი არა მარტო არ შეუძლია მისი დასრულება, არამედ რაიმენაირი კეთილი საქმის წამოწყებაც კი არ ძალუძს, თუკი გადაწყვეტს, რომ მადლის შემწეობის გარეშე იოლად გავიდეს.
თემა: მადლი, კეთილი საქმეები, სათნოებებიავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
ამპარტავნების ვნებით აღსავსე სინდისიდან მომდინარეობს რწმენაში დაეჭვება, განსაკუთრებით კი სამოთხისა და ჯოჯოხეთის სწავლებაში – შენ უკვე ამას გამოგონილად ჩათვლი. ღვთაებრივი მადლი ებრძვის ამპარტავნებას, დაუფიქრდი ამას. და იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენც შევძლოთ მონაწილეობის მიღება, აუცილებელია, რომ უფალმა თავისი მადლით განგვამტკიცოს. მან თავად ასე ბრძანა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენში ნებისმიერ კეთილ საქმეს.
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ გახდებიან ღირსნი იმისა, რომ ირწმუნონ უფალი: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ" (ინ. 5, 44). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ როგორც კი ადამიანის სულში შევა დიდებისმოყვარება, მაშინვე გაქრება რწმენა. რაოდენ საშინელია, რომ ადამიანი მუდამ დაიტანჯება იმის გამო, რომ მოიძულა ღვთის სჯული და მის მაგივრად დროებითი დიდება შეიყვარა.
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, მაშინ მის კვალდაკვალ მთელი სხეულიც გამოძვრება, ასევე ამპარტავნებასთან ერთად – მის კვალდაკვალ ადამიანში შედის ყველა შესაძლო ბოროტება, რასაც სულიწმიდა გვამცნობს ზირაქის მეშვეობით: "უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა" (ზირ. 10,15).
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა, სიამაყეავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურევენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნაკლსაც კი ღირსებად წარმოაჩენენ
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობაავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
ჩვენი ცოდვები და უმადურობა ღვთის მიმართ
მოდით დავფიქრდეთ, საყვარელნო, ჩვენი ცოდვების უდიდეს და საშინელ სიმრავლეზე, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი გვახსოვს, დანარჩენი კი გვავიწყდება. იმისათვის, რომ მათგან რაღაც მაინც გავიხსენოთ, უნდა გავიხსენოთ ყველა ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ყველა ჩვენი ასაკი და ყველა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გვქონდა. მაშინ მივხვდებით, რამდენად გრძელია ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვათა ჯაჭვი. ერთი ცოდვის ბოლო მეორის დასაწყისი ხდება, ასე რომ, არ დარჩენილა ჩვენი სწრაფმავალი ცხოვრების არცერთი მხარე, რომელიც ჩვენივე დაუდევრობით არ შეგვებღალოს. ყველა ჩვენი გრძნობა ვაქციეთ ჭიშკრად, რომლითაც სულში შედის სიკვდილი, როგორც ამბობს იერემია წინასწარმეტყველი: "სიკვდილი შემოდის ჩვენს ფანჯრებში" (იერ. 9, 21). ჩვენი სულის ყველა შინაგანი ძალა ცოდვის იარაღად ვაქციეთ.
არ არსებობს ისეთი ბოროტება, რომელიც ჩვენ არ ჩაგვედინოს. არ ჩაგვიდენია მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით, ანდა რისთვისაც შესაფერისი მომენტი არ გვქონდა, მაგრამ ის ბოროტება, რომლის გაკეთებაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ნება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა მისკენ მისწრაფვისათვის, ყოველგვარი მადლის სისავსისათვის, ჩვენ იმისათვის გამოვიყენეთ, რომ საკუთარ თავში სამყაროს ყოველგვარი სისაძაგლე მოგვეთავსებინა. რა გასაოცრად ადვილად შევაქციეთ ზურგი ღმერთს, თითქოსდა არც ღვთაებრივი და არც ბუნების კანონები ჩვენთვის არაფერს ნიშნავდეს!
საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწყებს, მაშინ ეს ადამიანი ცოდვის შედეგით – სიკვდილით ისჯება. რამდენჯერ ვიმსახურებდით ამ სასჯელს ყველა იმ ცოდვის გამო, რომლებიც ჩვენ დაგვეუფლა? მომაკვდინებელ ცოდვას მეყსეულად რომ შეეძლოს ჩვენი ჯოჯოხეთში ჩაგდება, უკვე რამდენგზის ვიქნებოდით იქ ჩაგდებულნი ჩვენი ცოდვებიანად? მაგრამ, ამის მიუხედავად, უფალი თავისი გადამეტებული და უდიდესი მოწყალებით არ განგვაგდებს და არა მხოლოდ გვითმენს ამდენ ხანს ჩვენი ცოდვებიანად, არამედ თავის განუსაზღვრელ მადლსაც გვიწყალობებს. როდემდე უნდა გვგვრიდეს სიცილს მისი გულმოწყალება?! ვაღიაროთ ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება და, რამდენადაც შესაძლებელია, მივბაძოთ ღვთის სიყვარულს. შევთხოვოთ მას სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის და აღვუთქვათ, რომ ჩვენი კადნიერი ცხოვრებით აღარ განვარისხებთ მას. მაშინ განგვამტკიცებს იგი თავისი მადლით, რათა კვლავ ჩავვარდეთ ძველ ცოდვებში, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "უფალო, მამაო და მეუფეო ჩემი სიცოცხლისა, ნუ მიმაგდებ მათ ნებაზე და ნუ დაუშვებ, რომ დავეცე მათი წყალობით" (ზირ. 23, 1). დავფიქრდეთ ჩვენი ცოდვების სიმძიმეზეც, რადგან თითოეული მათგანი უდიდესი და საშინელი ბოროტებაა, მომაკვდინებელი ცოდვა კი – განსაკუთრებით, რამდენადაც იგი ემტერება ღვთის უკვდავ მადლს, ამით ვარისხებთ ღმერთს და მის მიმართ სიძულვილს გამოვხატავთ. ნებისმიერ მომაკვდინებელ ცოდვას ისეთი სიმძიმე აქვს, რომ მისი აღხოცვა წმიდანთა ღვაწლსაც არ ძალუძს, არც ანგელოზთა სიწმიდეს, არც ყოვლადწმიდა ქალწულის ლოცვას. ღვთაებრივი მართლმსაჯულების სასწორზე ერთი მომაკვდინებელი ცოდვის სიმძიმის გადაწონვაც არაფერს შეუძლია, გარდა – მაცხოვრის ჯვრისა და სისხლისა. ამიტომ ცოდვა ყოველგვარ ბოროტებაზე აღმატებულია.
ჯოჯოხეთის არანაირი ტანჯვა თავისი სიმძიმით არ შეედრება ერთ მომაკვდინებელ ცოდვას. სულიწმიდა ზირაქის პირით გვამცნობს, რომ "ჯოჯოხეთი ერთ მომაკვდინებელ ცოდვაზე უფრო მსუბუქია". ასეთი დიდია ღვთის ნების თუნდაც ერთი მცირე დარღვევა! მას, ვინც ასე კადნიერდება, ქვის გული აქვს, იგი მიემსგავსება პირუტყვსა და უგრძნობ ხეს. იგი ისე ადვილად და უშიშრად სცოდავს, თითქოს სურს, ზიანი მიაყენოს არა ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს, არამედ ცრუსა და დახატულს. ქრისტიანი, რომელიც სცოდავს და ასეთი კადნიერებით განარისხებს უფალს, აკეთებს იმას, რაზეც ვერ კადნიერდებოდნენ წარმართები თავიანთი ქვისა და ხის ცრუ ღმერთებით.
ყოველივე ამის შემდეგ სხვა რა დაგვრჩენია გავაკეთოთ, თუ არა ის, რომ შავი ცრემლით დავიტიროთ მთელი ჩვენი ცხოვრების უტიფრობა და სისასტიკე, რომლითაც ღმერთს განვარისხებდით? იმისათვის, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს და მივაგოთ მას უდიდესი პატივი, საჭიროა გადავწყვიტოთ, ერთი ძალიან ძნელი საქმის აღსრულება: მთელი გულით უნდა შევთხოვოთ უფალს, რათა მან გვიბოძოს ძალა ამისთვის, რადგან ღვთაებრივი მადლის ჩარევის გარეშე ჩვენ საკუთარი თავის შეცვლა არ ძალგვიძს. მხურვალედ ვილოცოთ უფალ იესო ქრისტეს წინაშე, რათა იგი გულმოწყალე გვექმნას ჩვენ, რათა იმდენი მწუხარება გამოგვიგზავნოს, რამდენჯერაც ჩვენი ცოდვებით მისი მოწყალებისა და სიყვარულის მიმართ უმადურობას ვიჩენდით.
ვიფიქროთ ღვთის წინაშე ჩვენი უმადურობის შესახებ და იმ სიკეთეებზე, რომლითაც ის ამაზე გვპასუხობს. როგორც კი შევიმეცნებთ იმ მადლის სიმდიდრეს (როგორც ყველა ადამიანისათვის საერთოს, ისე თითოეული ჩვენთაგანისათვის ბოძებულს), რომელიც მოგვცა უფალმა, მაშინვე ვიგრძნობთ, რომ უღირსნი ვართ ყველა იმ დიდი სათნოყოფისა და ნიჭისა, რომელშიც უფალი თავის სიყვარულს გვიმჟღავნებს. რა შეგვიძლია, მივაგოთ უფალს ყოველივე იმის სანაცვლოდ, რაც მან ჩვენთვის გააკეთა?! თვით ანგელოზები გაოცებით ჭვრეტენ ქრისტეს მოკრძალებას, ვნებებსა და სიკვდილს, რომლებიც მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცხონებისათვის. ჩვენ ვალში ვართ ღვთის სიყვარულის წინაშე. როგორ ევნო იგი და მოკვდა ჩვენთვის ისეთი სიყვარულით, თითქოს მხოლოდ ჩვენ ვიყავით სამყაროში, და ჩვენ მისი სიკვდილის მოვალენი ვართ. ასე რომ, როდესაც ახლა ჩვენს თავს ღვთის ამდენი სათნოებით გარშემორტყმულს ვხედავთ, ჩვენ მეტად აღარ უნდა შეურაცხვყოთ იგი ჩვენი ცოდვებით. მუდამ გავიმეოროთ ბრძენი იოსების სიტყვები: "როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?" (დაბადება 39, 9). რატომ გავარისხოთ ჩვენი უტკბილესი კეთილისმყოფელი, რომელიც ასეთ მდიდრულ საჩუქრებს გვიძღვნის? ღმერთმა არაფრისაგან შეგვქმნა, ჩვენ კი უგულებელსვყოფთ მას, თითქოს იგი არავინ იყოს. ღმერთის ნაცვლად საკუთარ სხეულს მივაგებთ პატივს, რომელიც ფუტუროსაგან არაფრით განსხვავდება. უფალმა საკუთარი სიცოცხლე გვიბოძა, რათა ჩვენც მიგვეძღვნა მისთვის ჩვენი იმით, რომ ჩვენს ვნებებს დავაცხრობდით და არ გავაახლებდით მის ჭრილობებს ჩვენი ცოდვებით, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "და დაცემულთა კუალად განახლებაი სინანულად თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად" (ებრ. 6, 6).
უფალმა შეგვიყვარა ისე, როგორც მის ღვთაებრივ დიდებას შეეფერება, ჩვენ კი მას მდაბალი სიამოვნებანი ვამჯობინეთ, თუმცა ისინი ჩრდილივით გაგვირბიან. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, "ღმერთი გათავისუფლებდა მრავალი უბედურებისაგან: როდესაც გზა აგებნეოდა, სწორ გზაზე გაყენებდა, როდესაც ვერ ხვდებოდი – გასწავლიდა, მწუხარების დროს განუგეშებდა, დასუსტებულს გაძლიერებდა, დაცემულს წამოგაყენებდა, როდესაც იდექი – განგამტკიცებდა, მგზავრს მეგზურად მიგყვებოდა, მასთან მისულს გღებულობდა, მძინარეს გიფარავდა, როდესაც უხმობდი – ყურს მოგიპყრობდა". ყოველივე ამისათვის კი ჩვენ მას გაუგონარი უმადურობით ვუპასუხეთ.
შევინანოთ ჩვენი კადნიერება და უმადურობა, რომლითაც ღვთის მადლს ვამცირებდით და ამიერიდან კრძალვით აღვასრულოთ მისი მცნებები. ვაღიაროთ: ღირსნი ვართ, რომ ცოცხლად შთანგვთქას მიწამ, რომ ზღვამ თავისი ტალღებით დაგვფაროს, რომ მზემ დაგვწვას თავისი სხივებით და რომ ბოლოს, ჯოჯოხეთში შთავინთქათ და მარადიული ცეცხლი მწველი ალით გვწვავდეს.
მაგრამ, ვიდრე ცოცხლები ვართ, მთელი ჩვენი ცხოვრება, შესაძლოა, სინანულისა და მოწყალე ღმერთისაკენ მიბრუნების დროდ იქცეს, რომელიც მუდამ მზადაა, შეგვინდოს ჩვენ, ვინც დავივიწყეთ ჩვენი ცოდვები და თავის სასუფეველში დაუსრულებელი ნეტარება გვიბოძოს.
თემა: ცოდვა, უმადურობაავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის
დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არამედ იგი ჩვენთვისაც მოამზადა, როდესაც მოისურვა, რომ მადლით თავის შვილებად და სულიწმიდის თანაზიარად გავეხადეთ. ჩვენი ცხონებისათვის დემონების წინააღმდეგ იბრძვის ზეციური მხედრობა – ანგელოზები და მთავარანგელოზები, რომელთა მსახურება იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვან ადამიანები და ცხონებაში დაეხმარონ. ამაზე წმიდა წერილი ამბობს: "ნუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთა იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?" (ებრ. 1, 14).
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა "არაარსიდან" შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის "არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა" (1 თეს. 5, 9). ჩვენ ცხონებისათვის უფალმა მოგვცა კანონი და მცნებები და გამოგზავნა წინასწარმეტყველები, რომელთაც სხვა მიზანი არ ჰქონიათ, თუ არა ის, რომ ცხონების გზა ესწავლებინათ ჩვენთვის. მამაც, ძეც და სულიწმიდაც – ერთარსი სამება, იღწვის ჩვენი ცხონებისათვის. და რამდენადაც დიდი იყო სამყაროს შექმნის საკითხი, იმდენადვე, არანაკლებ დიდი იყო ჩვენი ცხონების საკითხიც. რამეთუ ჩვენი შეყვანა სამყაროში, ჩვენი ცხონება ღვთის ყოვლისშემძლე ქმედების შედეგია. რწმენის მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა – ჩვენი სულების ცხონება, როგორც პეტრე მოციქული წერს: "და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხონებაი სულთაი" (1 პეტრე 1, 9).
როგორი ბრმები ვართ, ძმანო ჩემნო, თუ ვერ ვხედავთ იმას, რამდენი გააკეთა ღმერთმა ჩვენი ძვირფასი სულების ცხონებისათვის. ასე რომ, შევიტყვეთ რა ახლა ცხონების სიდიადე, ჩვენი ცხოვრების დარჩენილი დღეების სიმცირე, ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულ პავლეს სიტყვები: "აჰა, ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაი" (2 კორ. 6, 2). ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, არასოდეს არ იფიქრო იმის შესახებ, რა გააკეთა ჩვენი ცხონებისათვის უფალმა? გამოვაღვიძოთ ყველა ჩვენი მიძინებული კეთილი მისწრაფებები და გამოვიყენოთ ცხოვრების დარჩენილი დღეები ჩვენი სულის ცხონებისათვის. ვთქვათ ის, რაც სჯულისმოძღვარმა უთხრა ქრისტეს: "რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?" ეს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. "რა გავაკეთო, რომ ვცხონდე?" ყველა დანარჩენი მავნე, უსარგებლო და ამაოა. ჩვენ უკვე მრავალგზის დავაყენეთ საკუთარი ცხონება საფრთხის წინაშე. ამის შემდეგ მაინც გვეშინოდეს მსგავსი საქციელისა. ვმადლობდეთ ღმერთს იმისათვის, რომ იგი თავისი უდიდესი მადლით ითმენს ჩვენს დაუდევრობას საკუთარი ცხონების მიმართ. ვილოცოთ მის წინაშე, რათა შეგვეწიოს დაწყებული საქმის დასრულებაში.
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუნებასთან შეაერთა და ისეთი ვნებები იტვირთა, რომ მთელი მისი სხეული – თავიდან ფეხებამდე ერთიანი ჭრილობა იყო და მან ისეთი ტკივილები აიტანა, რომელიც არ განუცდია არცერთ ადამიანს, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული" (ესაია 53, 3).
იგი სიღატაკეში, გამოქვაბულში დაიბადა; არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა: "მელთა ხურელი უჩს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს" (მათე 8, 20). მან დაითმინა უმძიმესი გინება და სიცოცხლე უპატიო სიკვდილით, სიღატაკეში დაამთავრა, "იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა" (ფილ. 2, 8); თავისი ხორცით აუწერელი ტკივილები აიტანა სასტიკი მწამებლებისაგან იქამდე, რომ სისხლი მდინარეებად მოედინებოდა მიწაზე. მან ისეთი მწუხარება და ბრძოლა გადაიტანა, როგორიც არასოდეს არავის აუტანია – "შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილამდე" (მატე 26, 38). მოკლედ რომ ვთქვათ, მასზე მოიწია მთელი წყება სატანჯველისა იმისათვის, რათა ჩაექრო მარადიული ტანჯვის ცეცხლი, რომელიც ჩვენი ცოდვებით ავაგზნეთ, აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენ ზეცაში ავეყვანეთ.
ასე რომ, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ასეთი საშინელი სიკვდილით ჩვენ დამღუპველი მდგომარეობისაგან გაგვათავისუფლა და იმდენი ვნება აიტანა, რაც არავის აუტანია, ვხვდებით, რაოდენ ძვირფასია ჩვენი ცხონება. და თუ არ გავიაზრებთ ამას, როგორი უპასუხისმგებლონი ვიქნებით მის წინაშე!
ყოველივე ამის შემდეგ ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, რამდენად გასაოცარია ასეთი რამ: ქრისტემ დაღვარა თავისი ყოვლადწმიდა სისხლი ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენ კი არ გვსურს, ვიზრუნოთ მასზე ისე, როგორც მოციქულმა პავლემ გვამცნო: "ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ" (გალ. 6, 10). თუ ახლა არ შეგვაშინებს ჩვენი დაუდევრობა, აუცილებლად შეგვაშფოთებს იგი მართალი მსაჯულის – ქრისტეს ტახტის წინაშე, როდესაც ჩვენი საქმეები გამომჟღავნდება ისე, როგორც ის სინამდვილეში იყო.
შეგვრცხვეს ჩვენი დაუდევარი და ცოდვილი ცხოვრებისა, რომლითაც დღემდე ვცხოვრობდით და გადავწყვიტოთ, დავძლიოთ ყველა ჩვენი ვნება და ბოროტება, რომელიც გვებრძვის. და თუ აქამდე ჩვენ დაუდევრად ვეკიდებოდით ჩვენს ცხოვრებას, როგორც უმნიშვნელო და არადჩასაგდებ საქმეს, ახლა მაინც მხურვალედ ვილოცოთ უფლის წინაშე, რათა მან გაგვინათოს გზა იმისათვის, რომ ახლა მაინც ვიქმოდეთ რაიმეს ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგანაც დრო, რომელიც შეგვეძლო, ჩვენი გამოსწორებისათვის დაგვეთმო, აღარ დაბრუნდება.