სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ჰოი, ლუციფერული ამპარტავნება!
ასეთები განკითხვის ჟამს, წყალობის გარეშე დარჩებიან!
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის.
კაცის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი
დროდადრო თავს გვატყდება განსაცდელები, რომლებიც თავბრუს გვახვევს და ტკბილი იმედის ნათელი მზე უკუნი სიბნელით იფარება. მაშინ გზაკვალი გვერევა და ბოლოს ისე ვფიქრობთ და ვმოქმედებთ, ჩვენს ქრისტიანულ მოწოდებას რომ არ შეეფერება. მაგრამ ღვთის სახიერებამ, რომელმაც იცის, რომ კაცის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი და ადამიანებს ქრისტიანული სრულყოფილების სიმაღლეზე დარჩენა არ შეუძლიათ, დიდებული და უსასრულო სინანულიც მოგვმადლა.
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს უკლავს, ზეიმობს, რადგან მისი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა (ლუკ. 15, 19-24).
მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები შვილი რომ დაინახა, მიეგება, გულში ჩაიკრა და ეამბორა, არ შეეზიზღა მისი უწმინდურობა, გარეგანი და შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. ვინ შეძლებს აღწეროს მამის განცდა საყვარელ შვილთან შეხვედრისას, როცა თავისი ძე მკვდარი და დაკარგული ეგონა, ის კი ცოცხალი და მონანული იხილა? ეს სიხარულის განცდა საქმემ აჩვენა: მამამ შვილი მაშინვე უწინდელ მდგომარეობამდე აღამაღლა – ძეობა და მემკვიდრეობა დაუბრუნა.