წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სწავლითა და ქადაგებითა და სასწაულებითა თვისითა ქრისტემ მოაქცია თვისდამი გული ყოვლისა კაცისა, ესრეთ, რომელ ყოველი ერი ხედვიდა მას, ვითარცა დიდსა, ღვთისაგან მოვლინებულსა მესიასა და ხშირად სურდათ მეფეთაც დადგინება მისი, გარნა მაცხოვარი ესოდენ იყო თავმდაბალ და მშვიდ, რომელ იფარვიდა თავსა თვისსა ყოვლის სოფლიურის დიდებისაგან. ოდესცა იგი განკურნებდა სნეულსა, ანუ აღადგინებდა მკვდარსა, მაშინვე ამცნებდა, რათა არავის უთხრან, არამედ ფარულად მადლობდნენ ღმერთსა.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას თუ არა? სრულიად არა. წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომელ ყოვალდწმიდის ღვთისმშობელისაგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტელი, იგი იყო უბრალო, იაფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკიცხვა? სრულიად არა. იგი ანუ ლოცულობდა, ანუ ქსოვდა მატყლსა, ანუ სხვა ხელსაქმეს აკეთებდა. კვართი ძისა მისისა, იესო ქრისტესი, რომლისა გაყოფა დაეზარათ და წილი ჰყარეს მას ზედა მისთა ჯვარის მცმელთა, იყო მისი დედის ხელით ნაქსოვი. აღარ ვიტყვი მისსა სიწმიდესა, უმანკოებასა, ღვთაებრივსა ხასიათსა და ღვთისმოყვარეობასა. აჰა, სახე და მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქალი.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისრეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება.
რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში შთააგდებენ მათ. თუ სიტყვისაებრ სოლომონ ბრძნისა, ქალი მხნე არის გვირგვინი ქმრისა, რა სახელი უნდა ეწოდოს ესრეთ ზარმაცთა და დაფანტულთა ქალთა? ისინი დაემსგავსებიან ლოდსა, დამოკიდებულსა ქმრის ყელზე, რომელი ახრჩობს მას. ღმერთმა ნუ მისცეს ესრეთი მეუღლე ნურცა ერთსა კაცსა.
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმრისაგან, მაშინ იგი არ იქმნება შემწე, არამედ დამაბრკოლებელი და დამამძიმებელი ქმრისა.
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორედ იგი მართავს ოჯახსა, ზრდის შვილთა მისთა, დაუცხრომელითა შრომითა და მეცადინეობითა შეეწევა ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა.
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მისის უღელის გაწევაზე, ესე იგი ყოველი ცხოვრების, საქმის და მოვალეობის აღსრულებაზე.
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა იყოს კაცის ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, გაამართლოს თვით სახელი თვისი – „მეუღლე“, ესე იგი ქალი უნდა შეეწიოს კაცის უღლის ზიდვას.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი