წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მაგალითებრ, როდესაც ჭაბუკი იწყებს წიგნის სწავლასა, უკეთუ მან არა უარჰყო თავისი საკუთარი ნება და ჭკუა და არ დაემოჩილა მასწავლებელსა მისსა, იგი ვერაფერს ვერ ისწავლის; როდესაც მხედარი არის ბრძოლასა შინა, სრულიად უნდა უარჰყოს თავი თვისი იმ ზომად, რომელ ერთითა მეუფროსის ბრძანებითა სიცოცხლე თვისი აღარ დაზოგოს; კაცი, რომელი არის სამოქალაქო სამსახურსა შინა, უკეთუ არა უარჰყო თავი თვისი და სრულიად არ დაემორჩილა სჯულის ბრძანებასა, არამედ იწყო ყოვლის საქმის წარმოება მისისა საკუთარისა სარგებლობისამებრ, შეიქმნა ფრიად მავნებელი სამსახურისათვის. შინაურმა მოსამსახურემ სრულიად მოიკვეთოს საკუთარი თავის ნება და სურვილი და აღასრულოს მხოლოდ ის, რასაც უბრძანებს მას ბატონი მისი; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოსძულდება მალე უფალსა მისსა. ესრეთი სიტყვით, თვით მცირეცა საქმე არ წარემართება თვინიერ თავის უარყოფისა.
პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარყოფა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“ (მარკ. 8.34). სოფელსა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას ესმის ესრეთი მცნება იესო ქრისტესი; გარნა თავის უარის ყოფა არის ისრეთი მიუცილებელი პირობა, რომელ თვინიერ მისა არამცა თუ შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ შეიძლება, არამედ არცა ერთი ამ სოფლის სასარგებლო და კეთილი საქმე არ აღსრულდება.
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩინოს? – სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, სიტყვისაებრ მაცხოვრისა, ემსგავსება კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებდა კეთილთა მარგალიტთა და ჰპოვა რა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წარვიდა, გაჰყიდა ყოველი, რაიცა ჰქონდა და იყიდა მარგალიტი იგი. გირჩევნია შენც ესრეთ მოიქცე: სხვა ყოველი დაივიწყო და დაჰკარგო და შეიძინო ერთი მხოლოდ ესე, სასუფეველი ღვთისა. გარნა მაცხოვარი ამასაც არ მოითხოვს შენგან: არა ყოველს კაცს შეუძლიან დატევება სოფლისა, გარნა ყოველ კაცს შეუძლიან, რომ სოფელსა შინა იყოს, სოფლის საქმეს არ დასტოვებდეს და მაინც აღასრულოს მცნება ესე უფლისა.
სიჭაბუკესა ჩვენსა, ღონესა, ნიჭსა, ქონებასა, ერთი სიტყვით, ყოველსა რაიცა გვაქვს უმჯობესი, ჩვენ ვხმარობთ სოფლისა და ხორციელის წარმატებისათვის. იქმნება მხოლოდ მეასე, ანუ მეათასე ნაწილი ამათ ყოველთაგან მოახმაროს ვინმე სულსა თვისსა; ზოგი მრთელსა სიცოცხლესა თვისსა შესწირავს სოფელსა და ბოლოს, ჟამსა სიბერისა და უძლურებისასა, მოახლოება სიკვდილისა და საფლავისა მოაგონებს მას ღვთისმსახურებასა. შეიძლება ასე ადვილად ცხოვნება სულისა?
განმავლობასა შინა შვიდის დღისასა, იქმნება რომ ზოგმა ერთი მხოლოდ საათი მოახმაროს ლოცვისათვის და შევიდეს ეკლესიასა შინა, გარნა მაშინაც, ამ მოკლე დროს, გაფანტულითა გონებითა ისმენს ლოცვასა.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვგონებ, რომ ვინც შეხედავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ისრე იფიქრებს, რომელ სულის ცხონებაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. პირველად ის ვსთქვათ, რომელ აწინდელნი ქრისტიანენი თითქმის ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თვისისათვის შესწირავენ სოფელსა და ხორციელთა ზრუნვათა. მაშინ როდესაც ყოველ წამს და ყოველს ჟამს იგი უნდა ებრძოდეს თვისსა ბუნებასა და თვისთა ნაკლულევანებათა
კაცი უნდა ებრძოდეს მარადის სულიერსა მტერსა მისსა, რომლისა საცდურნი ხშირად მიიზიდავენ გულსა კაცისასა და დაავიწყებენ მას მოღვაწებასა და ქრისტიანებრივ სარწმუნოებასა.
თემა: სულიერი ბრძოლაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკიცეს მრავალთა წმიდათა; იგინი მისთვის დასტოვებდენ სოფელსა და გავიდოდენ უდაბნოდ, რომელ, თუმცა იყვნენ მტკიცენი და ძლიერნი სულითა, გარნა მაინც ეშინოდათ სოფლისა.
თემა: წუთისოფლის სიძულვილიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი