სიყვარული იყოს თქვენი შემაკავშირებელი, რადგან სწორედ სიყვარულია დასაწყისი და დასასრული, ის არის საძირკველი. ღვთისა და ძმების სიყვარულზე „ყოველი სჯული და წინასწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მათ. 22, 40). სიყვარულის გარეშე ვართ „წინწილანი, რომელნი ხმობედ“ (1 კორ. 13, 1), ერთი უმრგვალესი ნული.
გაიხსენე, მამებმა რა დაითმინეს, სხვები რომ ეცხონებინათ. ეს პატარა ამბავი არ არის. შენ სხვებს ეხმარები, ეშმაკი შენზე იყრის ჯავრს და ამიტომაც გაჭირვებს. ასე რომ, მოთმინება და სიმამაცე გიძღოდეს წინ და თქვი: „ამ ბრძოლაში მოვკვდები, ჩემს ძმებს რომ შევეწიო ცხონების საქმეში. ღმერთი არ დაუშვებს დავიღუპო, რადგან ამას მისი სიყვარულისთვის ვაკეთებ“. ასე მოიქეცი და ნახავ, როგორ ძალასა და სიხარულს შეიძენ ბრძოლაში.
თუ არ გვიყვარს ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ უხილავ ღმერთს? ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანში ღმერთია დამკვიდრებული. ვისაც არ აქვს სიყვარული, მასში ღმერთი არ მკვიდრობს.
სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თავს მაღლა ვერ წევს, რადგან სინდისი ამხელს, რომ არ უყვარს ღმერთი ისე, როგორც მან შეიყვარა იგი და ღვთის მცნებას არღვევს.
ერთმანეთისადმი სიყვარული მოწმობს, რომ ღვთისანი ვართ!
ვისაც სიყვარული აქვს, „ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოან. 4, 16). ერთმანეთისადმი ნამდვილი და წრფელი სიყვარული მოწმობს, რომ ღვთისანი ვართ და გვიყვარს ის.
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლის სიყვარულის ნაკლებობა ენის მეშვეობით შობს.
ქრისტეს სიყვარულს შიში უძღვის წინ; და როცა ქრისტეს სიყვარული მოვა, მასთან კვლავ შიში იქნება შერეული, რადგან სიყვარულმა შეიძლება ადამიანი სილაღემდე მიიყვანოს და ასე კვლავ დაშორდეს სწორ სიყვარულს; შიში არის მუხრუჭი, რომელიც აჩერებს ადამიანს.
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანიც მიღწეულია. ღმერთს ჩვენი სხეულის სიჯანსაღე კი არ სჭირდება, არამედ სიყვარული და სიმდაბლე, ისიც ჩვენი სარგებლისთვის.
მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს.