წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლობა და ცოდვა, მაგრამ მას არ შეუძლია უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას მისი ნებით და ჭკუით მოქმედება დაუშალოს.
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყებს. საყდარი მწუხარე კაცის მანუგეშებელია და ყოველი კეთილი საქმისათვის განმაღვიძებელი საყდარი განმანათლებელია და კაცის სულიერი განმზრდელი. სოფელი ადამიანებს ჰყოფს, მოყვასს მოყვასისაგან განაშორებს, ეკლესია კი შეაერთებს ყოველთა, რათა ერთითა ძალითა და ერთითა გულითა უგალობდნენ და აქებდნენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედსა.
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხევს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კერნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უფალს ავედრებს. და ბოლოს, როცა შენს ყველა მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა-ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამდე, ეკლესია, ვითარცა დედა, გივლის შენ და შენს ჭეშმარიტ მორწმუნედ გაზრდას ცდილობს.
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში, ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგვტოვებს ობლად, სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმინდა ეკლესია მიგვიძღვის ლოცვით, კურთხევით, ნუგეშისცემით, მოძღვრებით. თუ ცოდვაში ჩავარდი, ეკლესია მიგიღებს, ვითარცა შვილს და უკეთუ მოინანიებ, იესო ქრისტეს სახელით შენდობას მოგანიჭებს.
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებელი, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ (I, 475-476).
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა-ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგან ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი (I, 488-490).
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავვალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამთვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუას და სულიერ სიმტკიცეს ოჯახსა და მახლობლებს მოახმარს.