ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი სიცრუითურთ: უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, რაც გაშმაგებითა და სისხლის დათხევამდე ვებრძვი ეშმაკებს დედამიწაზე. ოკეანის სიღრმეში ჩავეშვი, თავისმოყვარებისა და საკუთარი ნებისაგან განძარცვული, რათა მეპოვა ძვირფასი მარგალიტი. დავაურვე თავად სატანა მთელი მისი ლაშქრით, მეცნიერებითა და ხელოვნებითურთ, შევკარი სიმდაბლით და ვეკითხები:
- რატომ გაქვს ასეთი სიშმაგე ჩვენს წინააღმდეგ და რას გვებრძვი ასეთი მძვინვარებით?
ის კი მპასუხობს:
- რათა ბევრი მეგობარი მყავდეს ჯოჯოხეთში და ნაზარეველის წინაშე ვიქადოდე, რომ მხოლოდ მე კი არა ვარ დამნაშავე, არამედ აი, რა ბევრნი არიან ჩემთან ერთად.
და ისევ ავიჭერი ზეცაში მადლითა და სულიერი ჭვრეტით და ვიხილე სამოთხის ენით უთქმელი სილამაზე, რომელიც ღმერთმა თავის მოყვარულთ განუმზადა.
და ყოველივე ამის შემდეგ მცირედ განმეშორა მადლი და ფეხები ოდნავ მომეკვეთა. და ერთგვარ მცონარებაში ჩავვარდი და ძილმა შემიპყრო, და მრავალ სიკეთეს მომაკლო. და მალე ისევ აღვდექი და გავაჩაღე ომი და სისხლიანი შეტაკება. და როცა გავიმარჯვე, კვლავ ძილქუში მომერია. და ისევ მცონარებამ, ყოველგვარი ბოროტების დედამ, შემიჭამა ძვლები. მაგრამ ისევ ავდექი და ბრძოლა გავაჩაღე ყველა ეშმაკის წინააღმდეგ.
თავიდან რვა წელი ხორციელ ვნებებს ვებრძოდი. დაწოლილს არ მძინებია, არამედ ან კუთხეში ფეხზე მდგარს, ან სკამზე მჯდომარეს. დღეში ორჯერ თუ სამჯერ საკუთარ თავს ვცემდი, ვღაღადებდი და ვტიროდი რათა ღმერთს შევეწყალებინე და ომი დაეოკებინა, ვიდრე არ შემიწყალა ყოვლადმოწყალემ და არ შეწყვიტა სატანის სიშმაგე. და ახლა ჩემს ურიცხვ სატანჯველს თითქოსდა მოკლედ აღვწერ, ერთ წვეთს გაძლევ ოკეანიდან.
მთელი რვა წლის მანძილზე ყოველ ღამე ეშმაკთა ურდოები ჯოხებით, ნაჯახებითა და ყოველგვარი მავნე იარაღით გაშმაგებით მაწამებდნენ. ერთი ჩემს პატარა წვერში ჩამავლებდა ხელს, მეორე - თმებში, სხვები ხელებსა და ფეხებში. ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვას მაყენებდნენ. ყველანი ყვიროდნენ: "დაახრჩვეთ! მოკალით!" და მხოლოდ ქრისტესა და ჩვენი ღმრთისმშობლის სახელის ხსენებაზე ქრებოდნენ, და მათი ძალა კვამლივით იფანტებოდა. ბოლოს და ბოლოს უფალმა შემიწყალა და ამომიყვანა სატანჯველის სიღრმიდან და ორმოდან.
და ახლაც ჩემო შვილო, უგუნური ვარ, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ეს გითხარი და განვაგრძობ ლაპარაკს, რადგან მგონია, რომ ამით სარგებელს მოგიტან.
მაშ ასე, თუმცაღა სიყრმეში გაფურჩქვნის ასაკში ვიყავი, ახლა კი მრავალი ცვალების სატანჯველთაგან ასი წლის მოხუცივით დავბერდი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შრომით მოვიპოვებ სარჩოს, როგორც შენ ნახავდი იქიდან, რაც გამოგიგზავნე. ათონის სხვადასხვა მონასტრიდან და სკიტიდან მოდიან ჩვენთან და ღმრთის მადლით იმას ვეუბნებით, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
შინაგან შრომას ვაგრძელებ და უნაკლოდ აღვასრულებ ჩემს მონაზვნურ ვალდებულებებს. და ღამით, როცა გონება საკმაოდ დაიღლება ლოცვით, ვწერ უამრავ წერილს, რომელთაც ქრისტიანები ხშირად მთხოვენ სარგებელისათვის. და ყოველივე იმის შემდეგ რაც შენ მოისმინე, სასოწარკვეთილებას ვეძლევი, რომ არ აღვასრულებ ჩემი უფლის ნებას. ვტირი და ვამბობ: "ნუთუ ვინმემ იცის, სათნოა თუ არა ღმრთისათვის ის, რასაც ვაკეთებ, ან იქნებ ვცდები ან ვტყუვდები და მაშინ, როცა სხვებს ვუქადაგებ, თავად ვარ უვარგისი? რადგან ჩემგან დაფარულია ღმრთაებრივი ნება ჩემი უფლისა. რადგან ვინ შეიცნო ყოვლისმპყრობელის გონება ან ვინ დაუდგება წინ, უკეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდეს" ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი

წმიდაო მამაო, როდესაც უსამართლოდ მექცევიან, გული სრულიად მისასტიკდება.
იმისათვის, რომ გული არ გაგისასტიკდეს, ნურასოდეს იფიქრებ, ნურც იმაზე, ვინც უსამართლოდ გექცევა, ნურც იმის შესახებ, რამდენად დიდია მისი დანაშაული; არამედ სჯობს ის გაიაზრო, თვითონ შენ რამდენად დამნაშავე ხარ. აბა შეხედე: როდესაც ადამიანები ჩხუბობენ, თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ თვითონაა მართალი. ამიტომაა, რომ ხალხი გამუდმებულ უთანხმოებაშია. მაგალითად, ორი კაცი მიდის პოლიციაში და ორივე ირწმუნება: - "მან მცემა"! მაგრამ არცერთი მათგანი არ იტყვის, რამდენი მოხვდა მისგან მეორეს. თანაც ორივე თავის მოქიშპეს სასამართლოში უჩივის.

იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტემ საკუთარ თავზე ყველაზე მეტი უსამართლობა იტვირთა, მაშინ უსამართლობას სიხარულით მივიღებთ. იგი - ღმერთი, უდიდესი სიყვარულის გამო ჩამოვიდა მიწაზე და საკუთარი თავი ცხრა თვის განმავლობაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წიაღში გამოამწყვდია. შემდეგ ოცდაათი წლის მანძილზე ცხოვრობდა სრული სიმდაბლით, თორმეტიდან ოცდაათ წლამდე ხუროდ მუშაობდა ებრაელებთან. იცით კი, ოგორი ხელსაწყოები იყო მაშინ? იმ დროში ხის ხერხებსა და ხის ღოჯებს იყენებდნენ. მას ფიცრებს უწვდიდნენ და ეუბნებოდნენ - "ეს გააკეთე... ის გააკეთე..." მაგრამ რა გასარანდი იყო ეს ფიცრები! აბა, შეეცადე და იმ მოუხერხებელი რკინებით, რომელსაც მაშინ შალაშინის მაგიერ იყენებდნენ, რამე გარანდე! იცით, რა მძიმე შრომა იყო?! ხოლო ამის შემდეგ - სამიწელი ტანჯვა! ფეხშიშველმა მოიარა საქადაგებლად მთელი მათი მიწა-წყალი - აღმართი და დაღმართი. იგი განკურნავდა სნეულებს, ბრმებს თვალებს უხელდა, ისინი კი მისგან სასწაულებს ითხოვდნენ. იგი შეპყრობილთაგან ეშმაკებს განდევნიდა, ხოლო უმადური ადამიანები თვით მას უწოდებდნენ ეშმაკეულს. მის შესახებ იმდენი წინასწარმეტყველება და წინაუწყება არსებობდა, იგი იმდენ სასწაულს აღასრულებდა! მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლოსდაბოლოს იგი გასცეს და ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს.

ამიტომ ისინი, ვინც უსამართლობას ითმენენ, ღვთის ყველაზე საყვარელი შვილები აიან. უსამართლობის დათმენით ხომ ეს ადამიანები გულში უსამართლობათა დამთმენელ ქრისტეს ატარებენ. დევნისას და საპყრობილეში ისინი ისე ხარობენ, თითქოს სამოთხეში იმყოფებიან, იმიტომ, რომ სამოთხე სწორედ იქაა, სადაც - ქრისტე.
იმისათვის, რომ გული არ გაგისასტიკდეს


საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება კაზანტიპის შესახებ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. "კაზანტიპი" ა.წ. 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში.
"კაზანტიპის" მომწვევის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუასა და უკრაინაში ამ "ფესტივალის" დამაარსებლის, ნიკიტა მარშუნოკის თქმით, "წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული.” ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს ("რეალობის ანტირეალობა" დაარქვეს) და, ალბათ, კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა. (უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ).
"კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრებს ამდენი "ტურისტი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არა თუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულებითი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე; ამგვარ ვითარებაშიც კი "რეალობის ანტირეალობა, – კაზანტიპი" მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის.
ჩვენის აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი.
რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ, გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურს… მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც.
ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა


დედის ლოცვის ძალა

მამა აღაპიტი, ნილოს სტოლობნელის მონასტრის ბერი მოგვითხრობს:
"მამაჩემი კეთილშობილი წარმოშობისა იყო. სამხედრო სამსახურში გენერალ-ლეიტენანტის წოდებას მიაღწია; მე და ჩემი ძმა მხოლოდ მისი უდიდებულესობის გვარდიის პოლკებში წარმოვედგინეთ ოფიცრებად, მაგრამ მაშინ ჩვენი წოდებრივი მდგომარეობის გამო იქ სამსახური არ შეგვეძლო. მთელი ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო. ღვთისმსახურებას ყოველთვის ვესწრებოდით, აღსარებას წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ ვამბობდით და ამდენჯერვე ვეზიარებოდით. ბებია ნატალია და დედა - ეკატერინე დიდი მლოცველები იყვნენ და ჩვენც რწმენით გვზრდიდნენ.
გადავწყვიტე, შვებულება კავკასიაში, შავი ზღვის პირას გამეტარებინა. იმ დროს იქ ბებიაჩემიც ისვენებდა ოჯახთან ერთად. ცხელი დღე იყო, ზღვიდან ნიავი უბერავდა. ბიძაჩემმა გვირჩია, ნავი დაგვექირავებინა და ზღვაში გვეცურავა. წავედი და დიდი იალქნებიანი და ნიჩბებიანი ნავი ვიქირავე. ზღვაში შევცურეთ; ნიავმა ჩვენი მიმართულებით დაბერა, აფრა გაბერა და ზღვაში სულ უფრო შორს შევცურეთ. სახლები ძლივსღა მოჩანდა, ჰორიზონტზე მხოლოდ გორაკების თავებს ვხედავდით. ნავის პატრონს უეცრად მღელვარება დაეტყო და დამტვრეული რუსულით გვითხრა:
-ჩქარა, ქარიშხალი, ჩქარა, ალაჰ, ალაჰ!
თავიდან ვერ ვხვდებოდით, საიდან გვემუქრებოდა საშიშროება, მაგრამ თანდათან ტალღებმა იმატა. ნავის პატრონი ყოველ წუთში ცვლიდა იალქნის მიმართულებას, გვთხოვა, ნიჩბები ჩვენც მოგვესვა, რაც ძალი და ღონე გვქონდა და ნაპირისკენ გაგვეცურა. ნავს ტალღები ათამაშებდნენ, მაგრამ მაინც სწრაფად გავცურეთ. ნავის პატრონი იმეორებდა:
-ალაჰ, ალაჰ!
ნავში ვიყავით: ჩემი ბიძაშვილი ანასტასია, მისი საქმრო ანდრია, ნასტიას მეგობარი სონია, მისი 16 წლის ძმა იური და აფხაზი ახმედი. უეცრად ქარმა იმატა, ზღვა აღელდა, ნავი აქეთ-იქით ეხეთქებოდა და წყლით ივსებოდა, იალქანი ქარმა მოგლიჯა. აღარ ვიცოდით, ნაპირი ახლოს იყო თუ შორს. ნიჩბებიც დავკარგეთ და უმართავმა ნავმა ჩაძირვა დაიწყო. ხმამაღლა ლოცვა დავიწყე, თან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გავიხადე; იგივე გააკეთეს იურიმ და ანდრეამ. გოგონები ერთმანეთს ეკვროდნენ, ანასტასია ლოცულობდა, აფხაზი კი ალაჰს ევედრებოდა.
ღმერთო! როგორ ვითხოვდი მაშინ შეწევნას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვევედრებოდი ხსნას, თვალები ზეცად აღვაპყარი და რას ვხედავ? ცაზე ღვთისმსობლის უზარმაზარი სახეა გამოსახული, დედეჩემი კი მუხლმოდრეკით ლოცულობს მის წინაშე;
-ანასტასია, -შევყვირე მე,-ხედავ? -და რამდენჯერმე პირჯვარი გამოვისახე.
-ვხედავ,-მიპასუხა ანასტასიამ.
მივხვდი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოგვიხსნიდა. უზარმაზარი ტალღა ნავის ბორტს დაენარცხა და წყალში აღმოვჩნდით. ანასტასიასა და სონიას ხელი ჩავავლე, ვცდილობდი, წყალზე თავი შემეკავებინა. ზევით ავიხედე; დედა ღვთისმშობლის სახე კვლავ კიაფობდა და დედაჩემი მის წინაშე მუხლმოდრეკით ლოცულობდა. უეცრად ტალღამ აგვიტაცა და ნაპირზე გადმოგვისროლა. წამოვდექი და გოგონები ტალღიდან გამოვიყვანე. დედა ღვთისმშობლის სახე ისევ დავინახე. ეს იყო ხილვა, სასწაული. მე და ანასტასიამ ერთდროულად ვიხილეთ ცაზე დედაღვთისმშობლის სახე.
ანდრია გადარჩა, იური და ნავის პატრონი დაიხრჩვნენ.
მშობლებს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე ღვთისმშობლისა და დედაჩემის სახის ხილვის შესახებ. დედამ მითხრა:
-პავლე! იმ დღეს შენს გამო მტანჯველმა მღელვარებამ შემიპრყო. დღის ორი საათ იქნებოდა; ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის წინაშე მუხლი მოვიყარე და ცრემლით დავიწყე შენთვის ლოცვა. რატომ ვწუხდი და ვიურვოდი, მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ დაუცხრომლად ვლოცულობდი. შენ მითხარი, რომ სწორედ ორი საათი იქნებოდა, როდესაც იღუპებოდით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უდიდესი სასწაული გიჩვენა, შენც და ნასტიაც დაღუპვისგან გიხსნათ.
ხილვამ ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ დაუყონებლივ გავთავისუფლდი სამხედრო სამსახურიდან. დედას და მამას ჩემი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ და კურთხევა მომცეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ხილვა ღვთისგან მონიჭებული ნიშანი იყო, რომლითაც ის ჩემგან ლოცვასა და ბერულ ღვაწლს ითხოვდა. გავემგზავრე ბალაამის მონასტერში, სადაც მორჩილად მიმიღეს; რვა წლის შემდეგ კი, ღვთის განგებით, ნილოს სტოლობნელის მონასტერში გადმომიყვანეს.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახის ხილვამ ანასტასიაზეც იმდენად იმოქმედა, რომ დაოჯახებაზე უარი თქვა და ისიც მონოზვნად აღიკვეცა მამა აღაპიტი, ნილოს სტოლობნელის მონასტრის


[5] წერილი ერგინას

წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.


ჩემო საყვარელო და ნამდვილო ქრისტესმიერო დაო ერგინა, იცოცხლეთ.
ჩვენ ჯანმრთელად ვართ. დღეს ეს-ესაა მივიღე შენი წერილი და გამიხარდა, რომ [თქვენც] ჯანმრთელად ხართ. ჩემო ჭეშმარიტო დაო, უკვე თხუთმეტ დღეზე მეტია, რაც ათონზე ვარ. სანამ თესალონიკიდან წამოვიდოდი, წერილი მოგწერე. ხატებიც გამოგიგზავნე და სავსე კალათიც, მაგრამ დამავიწყდა რა ჩავდე შიგ. მგონია, ჩაი იყო და თხილი ბავშვებისთვის. ვერონიკას გამოართვით მელეტიას მონასტერში (წმ. ირინეს სახელობის). იქნებ მალე მოგიტანონ კიდეც.
იმის გამო, რომ გვიან მომწერე, აღარ მოგწერე, მოდით-მეთქი, თანაც ვიცნობ მილტიადეს და ვიცი, რომ, თუ მოხვიდოდით, გეჯუჯღუნებოდა და ამიტომაც პირობა დავარღვიე. სხვა დროს, თუ ღმერთს უნდა, შეიძლება ან მე მოგინახულოთ, ან თქვენ ჩამოხვიდეთ – როგორც განაგებს წმიდა ღმერთი. ახლა კი იმას გთხოვდი, განსაცდელებში მოთმინება იქონიო. ხატების ფულს რაც შეეხება, ნუ ღელავ, როცა გექნება, მაშინ გამომიგზავნი მეორე, სამი მღვდელმთავრის ხატის ფულთან ერთად. ახლა ხატავენ, მალე მორჩებიან. ვინც ხატავს, ათონის მთის საუკეთესო ხატმწერია და თანაც ძალიან სათნოებიანი ადამიანი. მე ჩემი ეკლესიის ხატები მასთან დავხატე. ღმრთისმშობლის „მირტიდიოტისას“ ხატი სხვამ გააკეთა, მაგრამ ეს უკეთესია.
იმ ქალს თუ უნდა, გამომიგზავნოს ზომები და ფული, და შევუკვეთავ. ჩემთვის ეს ძნელი არ არის. მეც ვუწევ სამსახურს ასკეტ ბერებს და ისინიც მე მიწევენ სამსახურს, როცა მჭირდება. აქ არ არის ანგარება, არამედ უფლის მიერ მოცემულ სიყვარულის მცნებას აღვასრულებთ – გიყვარდეთ ერთმანეთიო.
ახლა ღვინოსა და კვერცხებს არავინ მოიხმარს. ამასაც გთხოვ: ის ქალი, ლუკია, თუ გაჭირვებულია, სხვა ფულს ნუ სთხოვ, იქნებ არ აქვს. რამეს მოვიფიქრებ და აქ შევაკოწიწებ. თუ ღმერთი ინებებს. ის მინდოდა მხოლოდ, რომ თავისი გარდაცვლილი მშობლების სახელები გამოაგზავნოს, რომ მოვიხსენოთ ხოლმე. მაგრამ თუ ეს შენთვის ადვილი არ არის, არა უშავს. მომწერე უბრალოდ და მე მივაწვდი მღვდელს. ვფიქრობ, ეგეც ახალს მისდევს.
მომწერე, მაგრამ შემდეგში ორმოცი წირვისთვის ნუ გამომიგზავნი იმათ სახელებს, რომლებიც ახლით არიან, რადგან ეს დამატებითი ჯაფაა ჩემთვის. აქ მათ არ იხსენიებენ. არიან სხვებიც, რომლებიც მათ იხსენიებენ, მაგრამ მათ ისე უყურებენ. თითქოს ისინიც ახლით იყვნენ. ჩვენ მათთან ერთად არ ვეზიარებით, ამიტომ ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია, თუმცა სხვა სულიერ საკითხებს რაც შეეხება, დღედაღამ ვირჯები და ვიტანჯები ღმერთის დიდებისა და სიყვარულისთვის.
თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ.
ასე რომ, მთელი მსოფლიოსთვის მთელი ღამე ვლოცულობთ. მე დღედაღამ ვწერ მათ, ვინც მეკითხება. სხვა საჭმელს ამზადებს, სხვას წერილები დააქვს, სხვა ხელ-საქმეს აკეთებს. ანგელოზებივით ვართ. ყოველთვის დღეში ერთხელ ვჭამთ, ცოტა ორცხობილა და ცოტა საჭმელი, გინდ შობა იყოს, გინდ აღდგომა – დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ დღეებში ცალ-ცალკე ვჭამთ, ხოლო კვირას და დიდ დღესასწაულებზე — ერთად. აჰ, რომ განახა, რომ განახა, რა კარგია! ასკეტური ცხოვრება, უდაბნო, ანგელოზებრივი ცხოვრება. აჰ, რომ შეგეძლოს ჩვენი დანახვა!
ლეონარდო იყო აქ. იმხანად დიდი გაწამაწია გვქონდა, ძმები დღე და ღამე მუშაობდნენ, [და ამიტომ] თავისუფლად ჭამდნენ. ერთი სიტყვით, ამ გაწამაწიის მეტი ვერაფერი შეამჩნია, ჩვენი ასკეტური ცხოვრება ვერ ნახა. ვუთხარი, რომელიმე მონასტერში წადი-მეთქი, მაგრამ სახლზე ზრუნვის გამო არსად წავიდა.
აქ, ჩემო დაიკო, ამქვეყნიური სამოთხეა. თუ კაცი თავიდანვე მკაცრ, ამაღლებულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება, ხოლო თუ თავიდანვე ფართო გზა აირჩია, მოგვიანებით ეშმაკი წაიყვანს და საბოლოოდ, ერისკაცებზე უარესი ხდება, იმიტომ, რომ ჭინკა ძლიერად ებრძვის მონაზვნებს – მანამ, სანამ იმათაც ჭინკებად არ აქცევს. ეს კი იმიტომ, რომ უნდა ქრისტეზე შური იძიოს და უთხრას: „აი, ნაზარეველო, შეხედე შენს მეომრებს! შენ მათ მარადიულ სამეფოს აღუთქვამ, ესენი კი უარგყოფენ, ხოლო მე მცირეოდენ სასის სიტკბოებას ვაძლევ და კუდში მომდევენ“. ამით იკვეხნის დემონი.
ამიტომაც, თუ ვინმეს სურს, მონაზონი გახდეს, დიდი თავგანწირვა უნდა ჰქონდეს და თავის თავს უთხრას, რომ მეტს აღარ იცხოვრებს ამქვეყნად, არამედ ჯვარს უნდა აცვას საკუთარი თავი და ყველა განსაცდელი მოითმინოს: შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა და ყველა სხვა გასაჭირი თუ მწუხარება. ხოლო თუ ასე არ განეწყობა, არამედ დასასვენებლად ემზადება, სჯობს არ მოვიდეს და ერში იცხოვროს კარგ ქრისტიანად, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, რამეთუ მონაზვნური ცხოვრება ძალიან მძიმეა და ბრძოლაც ძლიერია, შესაბამისად კი, მონაზვნობის მსურველს უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს და საკუთარი ბუნების მუდმივი იძულება. თანაც, სიკვდილამდე არ უნდა გათამამდეს და არ მოადუნოს ყურადღება, თუ არა და, იმწუთას დაეცემა და გაქრება, რამეთუ მზაკვარი და სისხლისმსმელი ეშმაკები ჩასაფრებულები არიან და შესაფერის დროს ელიან.
ღმერთმა გაგვინათლოს [გონება და სული] და დაგვიცვას. ამინ.
ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით, ყველაზე უარესი მამა იოსები წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.ჩემო საყვარელო


ქართული იდეის შესახებ

რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?
ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით - ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.
დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!" და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: "ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი".
ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების", ხოლო, ენასა ამას შინა "ყოველი საიდუმლო დამარხულ არს" (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება". დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.
ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად" (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა.
ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს... ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასამკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: "უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ..., სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის..., უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ..., თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან" (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი.
სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, - ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა... რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?ეს


საახალწლო ეპისტოლე - 1978

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლად სამღვდელო მწყემსმთავრებს, პატიოსან მღვდლებს, ღირსეულ მღვდელ-მონაზვნებს, ქრისტესმიერ დიაკვნებს, ყველა პატიოსან მსახურს ეკლესიისას. ჩვენი სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, კეთილმორწმუნე მთელ სამწყსოს ჩვენსას


მშვიდობა თქვენ ყველას და მადლი ღვთიური დიდი სიყვარულისა, ქრისტესმიერო ჩემო შვილებო! ძველი წლის წასვლა და ახალი წლის მოსვლა ჩვენგან მოითხოვს ერთგვარ ანგარიშს, ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენც შევასრულოთ ეს მოთხოვნა შეძლებისამებრ. ძველი წლის წასვლით და ახალი წლის მოსვლით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი ჩვენი დიდი მომავლისაკენ.
მარჯვე იყო ეს ნაბიჯი გასული წლისა, მშვიდობა სუფევდა ჩვენს ხალხში და ჩვენს მიწა-წყალზე, საეკლესიო ზარების ხმა ისმოდა ყველგან. ქართველი ხალხი შრომობდა მედგრად სხვა ძმებთან ერთად და მოყვასთან ერთად, ოფლი აწვიმდა მიწას და დაზგებს, მაგრამ ეს ოფლი იყო არა ჭირის და იძულების, არამედ ლხენის, სიხარულისა და დოვლათის დაგროვებისა; ოფლი, რომელიც არჩეულ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯისათვის დაიღვარა.
სკოლები და ინსტიტუტები ზრდიდნენ შვილებს ჩვენი ქვეყნისას, საზღვრებს იცავდნენ თავდასხმისგან ჩვენი შვილები, მეცნიერება მიიწევდა სინათლისაკენ, კეთდებოდა ყველაფერი ის, რაც სჭირდება ძმობას, სიყვარულს და აღმავლობას. ასეთი იყო ჩვენი ძველი კეთილი წელი. ახლა ახალი გვარგუნა ღმერთმა ნათლისამ და სასოებამ. კვლავ გველოდება გაზაფხული შრომისა და აყვავებისა. მე გისურვებთ ჩემო სულიერო შვილებო დიდ ძალოვნებას თქვენი სულისას და ხორცისას, რომ კიდევ მედგრად გადადგათ თქვენი მადლიანი და შეუპოვარი ნაბიჯი კაცობრიობის უკეთესი მომავლისაკენ. მე გისურვებთ ჩემო ღირსეულო თანამორწმუნენო და თანამემამულენო ნათელ გონიერებას, რომ თქვენი ფიქრი არ განშორდეს მშვიდობაზე ზრუნვას, ვინაიდან მშვიდობის გარეშე ოფლი კი არ იღვრება სასიცოცხლო დოვლათის დასაგროვებლად, არამედ სისხლი და მწუხარება ყოველივე იმის წარსაწყმედად, რაც გარჯისა და მშვიდობის წლებში იქნა დაგროვებული.
უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13).
მე გისურვებთ, რომ მარად გულში გქონდეთ ეს "მცნებაჲ" ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრისა. მე შევთხოვ უფალს, რომ მწუხარება და შეშფოთება კი არ მოფენოდეს ჩვენს მშობლიურ მიწას ამ ახალ წელში, არამედ დიდი სათნოება, სარწმუნოება და სიყვარული. მე ვუსურვებ ჩვენს მხნე, სისხლსავსე ახალგაზრდობას, რომ მთელი აზრითა და მონდომებით გაჰყოლოდეს სწავლისა და განათლების გზებს და ბილიკებს, ვინაიდან უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის.
მე ვუსურვებ ცხოვრების სარბიელზე გამოსულ ჩვენს ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომ მომავალ წელში შექმნან პატიოსნებითა და სიყვარულით აღსავსე ოჯახები, ნუ დავივიწყებთ, რომ სიყვარული პატიოსნების გარეშე არ არსებობს, და პატიოსნება უსიყვარულოდ ობლის ხვედრს იტანს; ოჯახის შექმნას კი ერთიც სჭირდება და მეორეც, სიყვარულიცა და პატიოსნებაც.
მე ვუსურვებ ყველა მორწმუნესა და არა მორწმუნეს, რომ შრომა და ურთიერთსიყვარული ყოფილიყოს უპირველესი წყარო მათი ბედნიერებისა.
ნუ დაივიწყებთ ჩემო საყვარელო, ქრისტესმიერო შვილებო, რომ სიამაყეს, სხვის დაჩაგვრასა და სიმდიდრის მოხვეჭას განდიდება არ მოაქვს ადამიანისათვის "რამეთუ ეგევითარნი უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (I რომ. 16,18). თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ, სიყვარულისა და ურთიერთ პატიების უმანკო გრძნობა აამაღლებს თქვენს სულებსა და პატიოსნებას. ესეც გახსოვდეთ, რომ პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინა დღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა.
მე ღმერთსა ვთხოვ უცხოობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა სიცოცხლესა და ბედნიერებას. ვუსურვებ მათ, რომ მისცემოდეთ სურვილი და ღვთიური მადლი სამშობლოში დაბრუნებისა, ვინაიდან "სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა" (რაფიელ ერისთავი).
მაშ ამაღლდით რწმენით, სიკეთით და პატიოსნებით ჩვენი ერის ტკბილო შვილებო! შევსთხოვოთ უფალს, რომ მოიტანოს ახალმა წელმა ჩვენი ხალხისა და სამშობლოსათვის ახალი სიბრძნე და ენერგია, ახალი წინსვლა, ახალი დიდი ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ, ახალი წყაროები და ნაკადულები აღმავლობისა, ახალი ზვრები და ბაღნარები, ახალი სკოლები და განათლების კერები, ახალი სითბო, ახალი სიტკბო, ახალი სუნთქვა სასოებით და აღტაცებით.
ღმერთი ხომ იცვლის ყველაფერს გარეშემოს როგორც სამოსს და თავად კი წლები არ აკლდება, ასევე თქვენც ახალ წელში ყველაფერი ძველი და უვარგისი, თქვენი შრომის შედეგად ახლით და უკეთესით შეგეცვალოთ, ჩემო საყვარელო სამწყსოვ, გაზრდილიყოთ, გამრავლებულიყოთ და წლები არასოდეს მოგკლებოდეთ ღვთის წმიდა სულით უკვდავებამონიჭებულებთ.
დიდება და მზეგრძელობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას; სარწმუნოების, შრომის, სიყვარულისა და სიკეთის გზით წინ უკვდავებისაკენ, ღვთისმშობლის ხვედრი ჩვენი კურთხეული მიწის შვილებო!
"მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა. ამინ" (I რომ. 16,24).

თბილისი 1978 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლად

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

საახალწლო ეპისტოლე - 1982

სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ შვილებს!


უსასრულო ჟამთმდინარებას შეერთო მადლშემოსილი ძველი წელი და უფლის ნებით ზეგარდამოვიდა ქვეყნად ახალი, 1982 წელი.
წარსულ წელს ქართველმა ერმა იაკობის ძალა გამოავლინა შრომაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში, სულიერ ცხოვრებაში ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის, - მერმისი დღისათვის, რომლისთვისაც ბრძანებს მოციქული პავლე: ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (1 კორ. 15,42-44).
სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია. რათა "ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის. წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!.." ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენასაც.
ძველქართული პოეზიის ბწყინვალე ძეგლის, "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს", ავტორი ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან".
წმიდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღმრთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმიდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს.
მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს! ქართველი კაცი სადაც ბარს დაჰკრავს, დღის სინათლეზე გარდასული დიდების უტყვი მოწმენი ამობრწყინდებიან. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. სამწუხაროა, რომ დღეს ძველქართული (ასომთავრული და ნუსხა-ხუცური) მხოლოდ ენათმეცნიერების საქმედ იქცა.
გვახსოვდეს, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას.
ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რიაც ავალებს ყოველ ქართველს, უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხა-ხუცურის ცოდნას.
სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლებოდა იგი ძველქართულ დამწერლობას, რათა ყოველ ახალ ძეგლთან შეხვედრისას აღარ დაგვჭირდეს ენის სპეციალისტთა მოხმობა ტაძრისა და მონასტრის კარიბჭეზე აღბეჭდილი წარწერის ამოსაკითხად.
ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები სათანადო ყურადღებას უთმობენ ძველქართული დამწერლობის გავრცელების საქმეს, მაგრამ ქართული ანბანის ტაბულებისა და პარალელური ტექსტების გამოცემა არ მოგვცემს იმდენ სარგებლობას, რამდენსაც ძველი დამწერლობის თანმიმდევრული შესწავლა.
ყოველმა საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.
დღეს წმიდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი. უფლის შემწეობით, ჩვენს ერში მორწმუნენი მრავლად არიან, მაგრამ ძველქართული დამწერლობის მცოდნენი მცირედნი: ქართველ მრევლში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეეძლოს მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს, რაც ბევრ დაბრკოლებას უქმნის წირვა-ლოცვის დაყენებას.
ვთხოვ ქართველ მორწუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი - აკვედუკი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ.
ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილებო, გისურვებთ მზეგრძელობას სულიერებასა და ქრისტესმიერ სიყვარულს. შევთხოვ ქვეყნის შემოქმედს, ახალი წელი ყოფილიყოს საწინდარი მარადიული მშვიდობისა, რათა 2000 წელს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის ოცსაუკუნოვან სიხარულს ჩვენი პლანეტა შეხვდეს აყვავებული და სვებედნიერი. ამ ახალმა წელმაც გაგიღოთ კარნი ახალ მიღწევათა, კვლავაც მშვიდობის მზის ქვეშ იფურჩქნებოდეს ერის ცხოვრება.
ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ (მათე 5,9). სულგრძელ იყავით ყოველთა მიმართ; კეთილს უყოფდეთ ურთიერთს; სულსა ნუ დაივიწყებთ; ღმერთისა მიმართ ილოცვიდეთ; მარადის გიხაროდენ!
ღმერთი თქვენთან არს ყოველთა დღეთა და უკუნითი უკნისამდე. ამინ!

1982 წელი, იანვარი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1979

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელოთა მღვდელმთავართა, ღირსთა ბერ-მონაზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა საქართველოს ავტოკეფალური წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოჲსა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

„პირველითგან იყო სიტყუაჲ... მის თანა ცხორებაჲ იყო,

და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა, და ნათელი იგი ბნელსა

შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოვანე 1; 1,4,5)

ქრისტეს მიერ საყვარელნო და ძვირფასნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ანგელოზებრივი სახით შემოსილნო ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო - ძენო და ასულნო წმიდისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისანო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!
სასიხარულო და საცხოვნებელ დღეს, როდესაც ჩვენ ვახსენებთ ქვეყნად მოსვლას ღვთისა მამისაგან უწინარეს საუკუნეთა შობილ მაცხოვარს, რომელსაც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი უწოდებს სიტყვას, გულითადად მოგილოცავთ ამ მშვიდობისა და სიყვარულის ზეიმს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვხმობ გიხაროდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ ვადიდებთ იესო ქრისტეს შობას, მხოლოდშობილს, წმიდას, თანაარსს მამისა და სულისა წმიდისა და ამასთან ერთად მტვირთველს ადამიანის ბუნებისა, მწყალობელს მეზვერეთა და ცოდვილთა, აღმღებელსა თავის თავზე კაცობრიობის უბედურებათა, ცრემლთა, ტკივილთა და განსაცდელთა, რამეთუ ყოველივე ეს მან იტვირთა ჩვენთვის, რათა ჩვენი გამოხსნის დიდი საიდუმლო აღესრულებინა. იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი - ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან.
„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.
იგი არა ჰგავს ყოველივე იმას, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ის თითქმის მარტოა და უცხოა ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ მახლობელი და ძვირფასია. საწყლებთან მას სურს იყოს ღარიბი, მდიდართ იგი მოუწოდებს მოწყალებისაკენ, დევნილებთან იგი დევნილია, განსაცდელში მყოფთან განსაცდელის მტვირთველია, მომაკვდავთან - იგი ჯვარცმულია. მან იტვირთა თავის მხრებზე ადამიანი მთელი მისი სისუსტით, რადგან მხოლოდ ის ერთია შეუძლებლის შემძლებელი, და სწორედ ამაშია მისი დიდი მისია როგორც მხსნელისა. მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბისა გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში, იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერობისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ბრძანებს, „შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრეზე დაყრდნობილთათვის ღვთის სასუფეველში შესვლა! უადვილესია ნემსის ყუნწში აქლემის გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი X, 24-25). დროა ადამიანმა სულიერი თვალი აახილოს და განსაზღვროს რომელია მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი, დროა ადამიანმა გადასინჯოს სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.
როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს ცხოვრებას, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება - ეს არის მხოლოდ ნაწილი რაღაც დიდისა, განუსაზღვრელისა, ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის. მაგალითად, თუ პირველი ქრისტიანებისათვის სასწაულნი და გამოცხადებანი ჩვეულებრივი საღმრთო მოვლენა იყო, თანამედროვე ადამიანში ის ხშირად იწვევს უნდობლობას, ან უკეთეს შემთხვევაში - გულისტკივილს, რადგან მას არ შესწევს უნარი მისი ახსნისა და შემეცნებისა.
ქრისტეს შობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიცნობთ, რომ იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა, დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი. შეხედულებანი მის პიროვნებაზე განსხვავდებოდნენ და ამჟამადაც განუწყვეტლივ სცილდებიან ერთმანეთს. მისთვის და მისდამი რწმენის გამო იღვრებოდა სისხლი და ცრემლი, იმიტომ, რომ „ეს არის მოწმობა, რამეთუ საუკუნო სიცოცხლე მოგვცა ჩვენ ღმერთმა, და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (I იოვანე V,II). ამ რწმენით, ამ სულიერი სათნოებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენი კეთილმორწმუნე ერი.
ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი, ამჟამად საქართველოს მიწა წმინდაა, მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ, აქ ბევრი წამებული გვირგვინოსან იქმნა, ივერია ბრწყინავს მღვდელთმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით, ამ მიწაზე გვესმის ჩვენ საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ: „გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა, რადგანაც მიწა, რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს“ (გამ. III,5).
დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და ხალხთა ცხოვრების აყვავებისა. ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა მოუტანოს ხალხს სიხარული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „და დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა მანგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმე ბრძოლასა“ (ისაია II,4).
განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით მე მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, რომელნიც ცხოვრობთ ჩვენი მამულის საზღვრებს გარეთ; თქვენ არ ხართ დავიწყებულნი, ჩვენ გვახსოვხართ და ყოველთვის ვლოცულობთ თქვენთვის. არ დაივიწყოთ თქვენი სამშობლო - მზიური საქართველო, მის კურთხეულ მიწაში განისვენებენ თქვენი დიდებულნი წინაპარნი, გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს.
ჩვენი საერთო მიზანია - ვიყოთ ერთად.
ქრისტეს მოყვარენო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ღვთის სიტყვა - მაცხოვარი იშვას თქვენს გულშიც, რომ ის თქვენთან იყოს განუშორებლად და მარად გესმოდეთ მისი სანატრელი ხმა: „არა დაგიტეო შენ, ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, ნუ შესცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა“ (ისაია - XI,I,10).
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ.
ქრისტეს შობა 1978-79 წ.
ქ. თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელოთა


წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს მოქცევა

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე რომის ცეზარის, კონსტის ქალიშვილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ სამეფო სკიპტრა მაქსიმეს ხელში გადავიდა. რასაკვირველია, ეკატერინე ამაზე არც კი ფიქრობდა, რამეთუ სრულად მიუძღვნა თავი სიბრძნისმეტყველებას: კითხულობდა ჰომეროსს, პლატონს, დემოსთენეს და მხოლოდ საკუთარი ნაკითხობით იყო აღფრთოვანებული. მაგრამ მისი დედა ზრუნავდა, რომელიმე დიდებულზე ქალიშვილის გათხოვებით საკუთარი მოდგმა კვლავ სამყაროს ტახტზე ეხილა; ის ქალიშვილს განუწყვეტლივ ურჩევდა, საქმრო კეთილშობილი ოჯახიდან შეერჩია; მაგრამ ეკატერინე მუდამ ცდილობდა, დედის განზრახვა უგულებელეყო; მშობელი დედა კი ამის გამო ძალზე მწუხარებდა და გადაწყვიტა, დასახმარებლად სხვები მოეხმო.
ქალაქის უცნობ ადგილას ცხოვრობდა ღვთივსათნო ბერი, მისი დედის სულიერი მოძღვარი, რამეთუ ის ქრისტიანი იყო; მაგრამ რწმენისადმი რაღაც გაურკვეველი გულგრილობის გამო, ანდა იმის შიშით, რომ მისი ასული ქრისტიანად მოქცევის შემდეგ ახალგაზრდული მოშურნეობით არ გამოაშკარავებულიყო და ამით ზიანი არ მიეყენებინათ, თავის რწმენას მისგან დრომდე მალავდა. სწორედ იმ ბერთან მივიდა ის ქალიშვილთან ერთად და გაუმხილა ასულის გულგრილობა გათხოვებაზე. მან სთხოვა, დაეყოლიებინა ჯიუტი ქალწული, მისი რჩევა შეესმინა. მაგრამ ბერის ყველა შეგონება და დედის რწმუნება ამაო გამოდგა. ეკატერინემ გადაწყვეტით თქვა:
-თუ გსურთ, გათხოვილი მიხილოთ, მომიძებნეთ ახალგაზრდა, რომელიც არ ჩამომივარდება არც კეთილშობილებით, არც განსწავლულობით, არც სიმდიდრით და არც სილამაზით; თუ ამ სრულყოფილებებიდან ერთი მაინც ეკლდება, მარად ქალწულად დავრჩები.
ამის მოსმენაზე დედამ თავისი სურვილის ასრულების იმედი გადაიწურა, მისი კეთილგონიერებითა და ქალწულებისკენ მისწრაფებით აღფრთოვანებულმა ბერმა კი გაიფიქრა: „რაოდენ სასიამოვნოა ეს მსხვერპლი ქრისტე მაცხოვრისთვის“ - და გადაწყვიტა, მისთვის ზეციური სასიძო გაეცნო.
მან მცირე ხანს იფიქრა და ეკატერინეს უთხრა:
მე ვიცნობ შესანიშნავ ყმაწვილს, რომელიც შეუდარებლად აღგემატება ყველა ღირსებით; მისი სილამაზე მზის ბრწყინვალებაზე მეტია; მისი სიბრძნე ყველა გრძნობიერსა და სულიერს წარმართავს; მისი საგანძური მთელს სამყაროს ეფინება; მისი კეთილშობილება ყველა მეფისას აღემატება.
ეკატერინემ იფიქრა, რომ ბერი ვიღაც ხელმწიფეზე ესაუბრებოდა და შერცხვა, სახე შეეცვალა და მცირეოდენი ყოყმანით ჰკითხა:
-ნუთუ ეს მართალია?
ბერი: წარმოიდგინე უკუნი წყვდიადი და სხივმფენი მზე; ვფიცავ ღმერთს, რომ ამ ახალგაზრდის ჩემმიერი აღწერა ის წყვდიადია, მისი სრულყოფილება კი სხივმფენი მზეა. ეს ისეთი სასიძოა, რომელიც შენი შემოხედვით არ აღფრთოვანდება.
ეკატერინე: ვისი ვაჟია შენს მიერ ესოდენ განდიდებული ახალგაზრდა?
ბერი: მას მიწიერი მამა არ ჰყავს, მაგრამ ზებუნებრივად იშვა ყოვლადწმიდა და მარადქალწულისგან, სული წმიდის გარდამოსვლით.
ეკატერინე: რასაკვირველია, შენ რომელიღაც ღმერთზე ან ნახევრადღმერთზე საუბრობ? მაგრამ შენ ხომ უწყი, რომ ყველა მათგანს რამდენიმე ცოლი ჰყავს.
ბერი: ო, არა! ამ სასიძოს ერთი სულის შებერვით ძალუძს, ყველა თქვენი ღმერთი და ნახევრადღმერთი ფერფლად აქციოს.
ეკატერინე: ვერ გავიგე! შეიძლება, ვიხილო ესოდენ საოცარი ახალგაზრდის სახე?
ბერი: მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
მაშინ ბერმა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი მისცა, რომელსაც ხელში საუკუნეთა უწინარესი ყრმა ეჭირა და უთხრა:
-ეს მარადქალწული და დედაა, ეს კი მისი ძე! ეს გამოსახულება წაიღე და სასახლეში ჩაკეტილმა მთელი ღამე ღვთისმოშიშებით ილოცე, რათა მან თავისი ძე გიჩვენოს. თუ მას ჭეშმარიტი რწმენით შესთხოვ, ვიმედოვნებ, იხილავ, მას, ვისკენაც მგზნებარედ მიისწრაფის შენი გული.
ბრძენმა ქალწულმა ფასდაუდებელი ძღვენი მიიღო და თავისი სახლისკენ გაეშურა. იქ, ბერის სწავლებისამებრ, მანამდე ლოცულობდა, სანამ მისთვის ესოდენ უჩვეულო ღვაწლისგან ღრმად არ ჩაეძინა. უეცრად მას დედა ღვთისა გამოეცხადა სწორედ ისეთი სახით, როგორც მის სურათზე იყო გამოსახული: ხელში საუკუნეთა უწინარესი ყრმა ეჭირა, რომელიც სახიდან მზეზე უბრწყინვალეს სხივებს აფრქვევდა; მაგრამ მზერა, როგორც ყოველთვის, თავისი ყოვლადწმიდა დედისკენ მიეპყრო, ასე რომ, ეკატერინემ მისი დანახვა ვერ შეძლო. ის მეორე მხარეს გადავიდა, მაგრამ ყრმამ კვლავ იბრუნა სახე...
ამასობაში, სანამ ორმხრივი ბრძოლა რამდენჯერმე განმეორდა, ზეციურმა დედოფალმა თავის ძეს უთხრა:
-შეხედე, შვილო ჩემო, შენს მხევალს, რაოდენ გონიერი, კეთილშობილი, მდიდარი და მშვენიერია!
-ის ისეთი უგუნურია, - მიუგო უწმიდესმა ყრმამ, - ისეთი მდაბალი, ღარიბი და უსახურია, რომ მისი მზერა არ შემიძლია.
-უკიდურეს შემთხვევაში, - წინააღმდეგობა გაუწია დედა ღვთისამ, - განსწავლე, რა უნდა გააკეთოს, რომ შენი სახის ხილვის ღირსი გახდეს?
-წავიდეს ბერთან, - თქვა იესომ, - და რასაც ის უბრძანებს, იმავე წუთს აღასრულოს; მაშინ მიხილავს და მადლსაც მოიხვეჭს.
ხილვით შეძრულ ეკატერინეს გამოეღვიძა.
რაოდენ ხანგრძლივი მოეჩვენა მას დარჩენილი ღამე! როგორც კი ოდნავ ირიჟრაჟა, ქალწულმა ერთგული მონა ქალი წაიყვანა, ღვთისმოშიშ ბერთან წავიდა და სთხოვა, ესწავლებინა, როგორ დაემსახურებინა ზეციური სასიძოს სიყვარული. მაშინ წმიდა მამამ ზედმიწევნით განუმარტა ქრისტიანული რწმენის საიდუმლოებანი, ღვთის ერთგული სულის ნეტარება, სასუფეველისეული ცხოვრების გამოუთქმელი დიდება და მომავალი ტანჯვის საშინელება. ეკატერინე, როგორც ბრძენი და განათლებული ქალწული, ყველაფერს მიხვდა და შეიმეცნა; მან მთელი გულით ირწმუნა და მისგან ნათელ-იღო. ბერმა ასწავლა, როგორი ვედრებით უნდა ელოცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რათა იმავე ხილვით დამტკბარიყო.
ბრძენმა ყრმა ქალწულმა ძველი ადამიანი ჩამოირეცხა და ახლით შეიმოსა; ის გვიან ღამემდე ლოცულობდა. მთელი მისი სული და გული წმიდა აზრებში იყო შთაფლული. ერთადერთს ნატრობდა - ზეციური სასიძო ეხილა. ღამისთევითა და ლოცვით გადაღლილს ჩაეძინა და წინა ღამის ხილვა კვლავ ესტუმრა. ზეციური ყრმა უკვე მხიარული თვალებით უმზერდა. დედა ღვთისამ ღვთაებრივ შვილს ჰკითხა:
-სათნო გეყო თუ არა ეს ქალწული?
-ახლა ის ჩემთვის ისევე კეთილშობილი, მდიდარი, განდიდებული და მშვენიერია, - მიუგო მაცხოვარმა, - რამდენადაც ადრე უგუნური, უპატიო, ღარიბი და უსახური იყო. ახლა კი ისე შევიყვარე, რამდენადაც ადრე მძულდა.
-ასე, ბრძენო ქალწულო, - მიუბრუნდა ეკატერინეს ძე ღვთისა, - მე შენ ჩემს სასძლოდ გამოგირჩევ და ჩემი შენდამი სიყვარულის სანაცვლოდ ამ ბეჭედს გადმოგცემ. შეინახე ის და სხვა სასიძოს ნუ მიიღებ.
წმიდა ეკატერინე სიხარულითა და აღფრთოვანებით აღივსო და მის წინაშე მუხლებზე დაემხო...
-უღირსი ვარ, შენი სასძლო ვიყო! შენი მონა ვიქნები! - წამოიძახა და შერყევისგან გამოეღვიძა... ფასდაუდებელი ბეჭედი ხელზე ეკეთა.
ადამიანური ზრახვები ამაო, ზოგჯერ დამღუპველიც კია; ღვთაებრივი ზრახვები კი მუდამ იხრება იქითკენ, რომ ღვთისკენ მოგვაქციოს და ჭეშმარიტების გონიერებასთან მიგვიყვანოს. შესაბამისად, ყოველგვარ წამოწყებაში საკუთარ პატივმოყვარეობას ან სხვა რომელიმე ვნებას კი არ უნდა მივაყურადოთ, არამედ ერთადერთ ღმერთს, რომელმაც წმიდა წერილში თავისი ნება ესოდენ ცხადად გაგვიცხადა წმიდა დიდმოწამე ეკატერინე რომის ცეზარის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3