ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ხილულად მოვლინებული მაცხოვარი
მეექვსე საუკუნეში, ომირიტის კეთილმსახური მეფის, აბრაამის მმართველობის დროს, იუდეველებმა, რომელთაც ქრისტიანული აღმსარებლობის მიღება ებრძანათ, მოსთხოვეს მეფეს, კამათი ჩაეტარებინა იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის მასზედ, თუ რომელი კანონი იყო უფრო ღვთიური და სამართლიანი - ძველი აღთქმისა თუ ახლისა.
აბრაამი განარისხა ამგვარმა კადნიერებამ, მაგრამ ომირიტის მთავარეპისკოპოსის, გრიგოლის რჩევით, დათანხმდა, დაეკმაყოფილებინა მათი წადილი. პაექრობაში მონაწილეობისათვის მართლმადიდებელთა მხრიდან აირჩიეს თვით იგი - უფლის სათნო მღვდელმთავარი, ხოლო იუდეველთა კრებულიდან - ვინმე ერვანი, რჯულის დახელოვნებული მასწავლებელი, მოძღვარი და მეცნიერი კაცი, რომელსაც მრავალი რაბინი უჭერდა მხარს.
აბრაამის, ყოველთა სასულიეროთა, სამეფო სინკლიკიტისა და მთელი ხალხის თანდასწრებით ფართო საასპარეზო მოედანზე რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა პაექრობა. როგორ არ ცდილობდა ერვანი ღირსეულად სიტყვის მიგებას, როგორ დახელოვნებულად არ იყენებდა ძველი აღთქმის თითოეულ სიტყვას თავის სასარგებლოდ, მაგრამ მას ყოველთვის ამარცხებდა წმიდა მთავარეპისკოპოსი. განიხილებოდა საკითხები ღმერთის სამპიროვნების შესახებ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ, სულიწმიდისაგან უფლის განხორციელების შესახებ, სამი დღის შემდეგ უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ - ერთი სიტყვით, ქრისტიანული სარწმუნოების ყველა საიდუმლო და წეს-ჩვეულებანი. ერვანი ყველა შემთხვევაში თავსლაფდასხმული რჩებოდა. ქრისტიანები განიხარებდნენ, იუდეველთ კი თავები ჩაექინდრათ.
სარწმუნოებრივმა დავამ რამდენიმე დღეს გასტანა. უკვე იწურებოდა პაექრობის ბოლო დღე. მღვდელმთავარმა გრიგოლმა უარყო იუდეველთა რაბინის, ერვანის ყველა მტკიცებულება-დასაბუთება და ამ დროს მხოლოდ ძველი აღთქმის ტექსტებს იყენებდა. ღამით სიზმრისეულ ჩვენებაში რაბინმა ერვანმა წმიდა მოსე წინასწარმეტყველი იხილა, რომელიც თაყვანს სცემდა უფალ იესო ქრისტეს. დიდმა წინასწარმეტყველმა უთხრა მას, რომ იგი ჭეშმარიტებას აღუდგებოდა წინ და ამიტომ ძლეულიც იქნებოდა. ღვთის წყალობით ქრისტეს სიმართლე იმარჯვებდა, მაგრამ ერვანს არაფრით არ უნდოდა ძლეულად ეღიარებინა თავი; მაშინ მან უკანასკნელი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა. რაკი ატყობდა, რომ საჭირო იყო რაღაც გადამწყვეტი ღონისძიების მიღება, ერვანმა ბოლოს ასეთი რამ თქვა:
-რად ვიწვალებთ თავს ამდენი უსაგნო კამათით? მე შემიძლია, შემოგთავაზოთ საქმის დასრულების ყველაზე ქმედითი საშუალება. შენ, ქრისტიანო მოძღვარო, თუ გსურს, რომ მე და ჩემმა თანააღმსარებლებმა ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე ვირწმუნოთ შენი იესო, გვიჩვენე იგი ცოცხლად; იღონე ძალა, რათა მე ვიხილო იგი და ვესაუბრო - მხოლოდ მაშინ ვირწმუნებთ, რომ ქრისტიანებმა დაგვამარცხეს...
როგორც კი მოისმინეს ერვანის სიტყვა, შეჩოჩქოლდა კრებული - ყველა სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, რათა რაიმე სატყუარზე არ წამოეგოთ. მაგრამ აი, წმიდა ეპისკოპოსმა მიმართა მოპაექრეს:
-ო, ერვან, შენი თხოვნა აღემატება ადამიანის ძალას, მაგრამ დიდ არს უფალი! თქვენს დასარწმუნებლად და ქრისტიანთა რწმენაში განსამტკიცებლად იყოს ასე! იგი მოიღებს წყალობას, რათა ესეც აღასრულოს: გადაჭრით მითხარ, რა გსურს ჩემგან?
-გამოსთხოვე შენს უფალს, ხილულად წარმოსდგეს შენს წინაშე! - უპასუხა ერვანმა.
-დიახ, რათა ჩვენც შევიგრძნოთ მისი აქ ყოფნა! - შიშნარევი ხმით იმეორებდა იუდეველთა კრებული, - მხოლოდ მაშინ მივიღებთ ნათლისღებას!
წმიდა მთავარეპისკოპოსმა იცოდა, რამდენად დიდი სულიერი ძალისხმევა მართებდა, მაგრამ ისიც უწყოდა, რომ „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანებთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“ (მათე 17, 20). წმიდა გრიგოლმა მთელი თავისი სასოება უფალს მიანდო, წამოდგა ტახტიდან და ხალხის საკრებულოდან შორიახლოს განაპირებულმა დაიწყო ლოცვა. მეფე და ყოველნი ქრისტიანნი გაკვირვებულნი იყვნენ მისი კადნიერებით უფლისადმი. ამასობაში კი მუხლებზე დაჩოქილი წმიდა მღვდელმთავარი სიმდაბლითა და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღსავსე ილოცვიდა. მსმენელთა ყურს სწვდებოდა, თუ როგორ იხსენიებდა იგი სიტყვა ღმერთის განხორციელების საიდუმლოს, მის ცხოვრებას, ჯვარზე ვნებასა და დიდებით აღდგომას. ბოლოს ღვთის სათნომყოფელმა ასე შეჰღაღადა მაცხოვარს:
-გამოგვეცხადე, მეუფეო, ამ გრძნობიერად გაქვავებულსა და ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანების წინაშე, შენი სახელის განდიდებისათვის; დაე, ხორციელი თვალით იხილონ შენი ცხოველსმყოფელი იერსახე, რომლითაც ჩვენთვის, უტკბესო იესო, შეიმოსე ხორციელად და რა სახითაც ცად ამაღლდი, რათა გიხილონ შენ და გირწმუნონ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი!
როგორც კი მთავარეპისკოპოსმა დაამთავრა ლოცვა, ანაზდად აღმოსავლეთიდან ღრუბელი ამოვარდა, მეხმა იჭექა და საშინელი ძალით იძრა მიწა.
ადამიანები შიშისაგან მიწას გაერთხნენ, მაგრამ მერე, თითქოს ძილისაგან გამოერკვნენო, ერთიმეორის მიყოლებით წამოიმართნენ და აღმოსავლეთ მხარეს მიაპყრეს მზერა - ყველამ დაინახა, როგორ განიხვნა ზეცა და იქიდან მზის შარავანდედით მოცული ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც მიწაზე ეშვებოდა. ღრუბლის შუაგულში იდგა ყველაზე მშვენიერი ძეთაგან კაცისა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ენით უთქმელი ბრწყინვალე იერსახითა და ელვის სადარი სამოსით იგი ღრუბლებზე მოაბიჯებდა, ხალხის კრებულს მიუახლოვდა და მთავარეპისკოპოსის წინ ჰაერში გაჩერდა. მისი ღვთაებრივი მშვენიერება იპყრობდა როგორც ქრისტიანთა, ისე იუდეველთა გულებსა და მზერას.
მაგრამ მისი დიდებისა და აღმატებულების წინაშე, როგორც ოდესღაც თაბორის მთაზე, ყველანი პირქვე დაეცნენ - მეფეცა და ხალხიც. შეძრწუნებულმა იუდეველებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ მუხლი მოეკვეთათ - ღვთაებრივი ბრწყინვალება სწვავდა მათ, უხილავი ძალა მოძრაობის უნარს ართმევდა...
მაშინ ღვთაებრივი ძალითა და გონების ნათლით აღვსილმა წმიდა მთავარეპისკოპოსმა მოუწოდა ერვანს:
-იხილე და ირწმუნე, რომ ერთია წმიდა, ერთია ღმერთი იესო ქრისტე სადიდებელად მამისა, ამინ!
ერვანი ცოცხალმკვდარი იდგა და სიტყვის დაძვრას ვერ ახერხებდა. მაშინ უფლის ყოვლადმშვენიერი დიდებულებისაგან ისმა ხმა:
-მწყემსმთავრის ლოცვებისათვის განგკურნავთ თქვენი მამების მიერ ჯვარცმული!
ამ სიტყვების შემდეგ იუდეველები წინანდელზე მეტად ათრთოლდნენ და მიწაზე დაემხნენ. თვალები გახელილი ჰქონდათ, მაგრამ მხედველობა დაკარგეს.
ამ დროს უფლის სიახლოვეს ისევ გაისმა ხმაური და მბრწყინავი ღრუბელი მაღლა-მაღლა აიწია და აიკეცა; ბოლოს უფალი უჩინო იქმნა. ქრისტიანები კიდევ დიდხანს შეჰღაღადებდნენ მის კვალზე სავედრებელს: „უფალო შეგვიწყალე!“
წმიდა მთავარეპისკოპოსი მიწისაკენ თავდახრილი ცრემლის ღვრით აღავლენდა ლოცვებს უფლის წინაშე თავისი ხალხისათვის. ხოლო იუდეველნი, დაბრმავებულნი, დაკარგულ თვალისჩინზე მოტირალნი, ფეხებში უვარდებოდნენ და სთხოვდნენ, ქრისტე მაცხოვრის სიტყვის თანახმად, კურნება მიენიჭებინა მათთვის. ისინი იფიცებოდნენ, რომ წრფელი გულით იღებდნენ სახარებისეულ რწმენას და იმავე დღეს ყველანი - ერვანიდან მოყოლებული, ჩვილი ბავშვებით დამთავრებული - მოინათლნენ წყლითა და სულიწმიდით. ერვანმა ქრისტიანული ნათლობის სახელად ლევი მიიღო, რაბინმა ელინებმაც მიბაძეს მათ მაგალითს. მთელი ომირიტის ქვეყანა განათლდა, რამაც გაახარა არა მარტო მეფე და წმიდა მთავარეპისკოპოსები, არამედ ზეციური ანგელოზებიც.
საახალწლო ეპისტოლე - 1981
სრულიად საქართველოს ღვითვკურთხეულ შვილებს!
მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ
ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (ეფეს. 6,23).
რწმენა, სიყვარული, სიბრძნე, კეთილგონიერება, მომავლის ჭვრეტა - ეს არის უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყოველი ადამიანი. ამაზე ფიქრით, ჩვენ ვაცილებთ ძველ წელიწადს და ვხვდებით ახალ, 1981 წელს. ბედნიერი იყო წარსული წელი ჩვენი ერისათვის: მშვიდობა სუფევდა ჩვენს სამშობლოში, ქართველმა ერმა შექმნა დიდი სულიერი და მატერიალური დოვლათი, ჩვენი ერი აგრძელებდა და აგრძელებს აღმავლობის გზას. ღვთის წყალობითა და მისი ლოცვა-კურთხევით კარს მოგვადგა ახალი წელი.რა ვთხოვოთ უფალს, რა ვუსურვოთ ერთმანეთს?!
უფალი ბრძანებს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7). ჩვენს ხალხში არის ღვთისგან მონიჭებული შემოქმედების გენია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს გენია გამოვლინდეს. ამ გენიამ შექმნა ჩვენი ანბანი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ბოლნისის სიონი, „ვეფხისტყაოსანი“, შეუდარებელი მუსიკა... და დღესაც, ყოველ დარგში უნდა ითქვას ახალი სიტყვა, შემოქმედების ახალი ძალა უნდა იგრძნობოდეს.
როცა გავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა; როგორ არ მოისპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთან ჭიდილს. საქართველოს არ ჰქონდა სასაზღვრო კავშირი არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანასთან და მიუხედავად ამისა, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ერმა თავისი თვითმყოფადი, მადლმოსილი სახე შეინარჩუნა. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეურყევლად ვიდექით და ვდგავართ ქრისტიანულ ნიადაგზე, ქრისტეს სჯულზე, რომელიც ქადაგებს სიყვარულს ღმრთისა, მამულისა და მოყვასისადმი, სიყვარულს ჩვენი ძველი ქართული ტრადიციებისადმი.
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, ბერი იოანე, თორნიკე ერისთავი, მეფე-მოწამენი - არჩილი და ლუარსაბი, სჯულისათვის თავდადებული დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონ III, კალისტრატე და მრავალი სხვა - ხომ მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი. მათი შრომითა და თავდადებული მოღვაწეობით საქართველო სულიერად აღორძინებულა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულა. ჩვენ უნდა ვიყოთ გამგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი.
ჩვენ იგივენი ვართ, ვინც ვიყავით ადრე, ვინც აღვაშენეთ ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები, გამოვჭედეთ ხახულის კარედი და შევქმენით შეუდარებელი ჰაგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. ჩვენშია ის გენია, ამას მხოლოდ წარმოჩინება სჭირდება. ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით. ჩვენთან დღესაც ბევრი რამ იქმნება ზოგადკაცობრიული და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერის ნათელ მომავალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია. მე მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ქართველი ერი დღესაც შობს ახალ რუსთაველსა და ბარათაშვილს, ახალ ბექა ოპიზარსა და თავდადებულ დიმიტრის. ჩვენი ერის გენია სწორედ იმაშია, რომ ქართველი კაცი გაართმევს თავს ამ სირთულეს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.
ქართულ ეკლესიას ისევე, როგორც ჩვენს ინტელიგენციას და მთელ ქართველ ერს, არ გვაძლევს მოსვენებას ერთი ფიქრი: ვინ ვიყავით უწინ, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით?! კარგია, რომ ჩვენი ხალხი ამაზე ფიქრობს. განსაკუთრებით დღეს ამაზე ფიქრობს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა და ეს გვახარებს ჩვენ.
ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა და ბავშვების აღზრდა. ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება. პავლე მოციქული ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5,23). შვილები - ეს ხომ ღვთის დიდი ლოცვა-კურთხევაა. ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგება უნდა ისწავლოს ბავშვმა. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, - ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე:
„დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან რჩეს კვალი განათლებული!“
საქართველოს შვილნო, გისურვებთ მრავალ ქორწინებას, გამრავლებას, მრავალი შვილის ყოლას!
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, მშვიდობა სუფევდეს ადამიანთა გულებში, ოჯახებსა და ერთა შორის კიდით კიდემდე. დაე, აღორძინდეს სარწმუნოება, სიყვარული და ურთიერთგაგება კაცთა შორის! სუფევდეს ქართველი ერი, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის: „ერთ სულ და ერთ გონება“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერნი და მტერი ვერას დაგვაკლებს. „ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან“ (გრ. ნაზიანზელი).
ბრძენი ამბობს: „მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისაგან გამდიდრებული“.
და ბოლოს, მსურს დავლოცო ერი ჩვენი:
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართველო ყოვლისაო სიბრძნითა და სახიერებითა შენითა განგებულებითა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელნი საკვირველ-ჰყვენ ჩვენზედა წარსულსა ჟამსა ცხოვრებისა ჩვენისასა. გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო, აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა.
აცხოვნე, უფალო, ერი ჩვენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ამინ!
თბილისი,
1981 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
წმ. ამბროსი ამბობს: არავინ გაუნაწყენებია არასდროს, არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბდრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. ჰქონდა წმინდა სიყვარული თავისი მამულის ჭეშმარიტი სიკეთის მიმართ. გული მისი გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა, სულ უფალს განადიდებდა... უყვარდა მტერნიც: როცა მის ძეს ჯვარს აცვამდენენ, არავის მის ბაგეთაგან არათუ შეურაცხმყოფელი, არამედ მოუთმენელი სიტყვებიც კი არ სმენია!
წმ. ეპიფანე და ნიკიფორე ამბობენ: ნებისმიერ შემთხვევაში ის ინარჩუნებდა პატივსაცემ დარბაისლობას და იყო უცვლელი. ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოს; სიტყვები მისი იყო ტკბილი; სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა, თავის საუბრებში ყოველთვის კეთილსახირებას ინარჩუნებდა, არასოდეს იცინოდა და არ იცოდა შეცბუნება; დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი.
[22] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 2 ივლისი, 1945 წ.
მოდი, ჩემო კარგო და საყვარელო დაიკო, ისევ განუგეშო გაჭირვებაში. მოდი, ჩემო სულის ნაწილო, ჩემო პაწია მზრდელო და მარადიულო შემწეო, სულიერო თანამოღვაწეო, კარგო და საყვარელო დაიკო, და ღმერთი ვაკურთხოთ გულისმიერი ტკბილი ხმით, პირიდან გამოსულით და გონებით გამოხმაურებულით: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა“.
ხედავ, როგორ ვუყვარვართ უფალს? ხედავ, როგორი ბედნიერები ვართ ჩვენ, უმადურები? მიმართე გონება, ჩემო ოქროს სულო, ჩვენი სამშობლოსკენ, ჩვენი სოფლისკენ — რამდენი ჩვენზე უკეთესი ადამიანია იქ. მაგრამ ღმერთმა მათზე სათნოჩენა არ ინება. გაიხსენე, რამდენი კარგი ქრისტიანია იმ სოფელში, მაგრამ ტკბილმა იესომ მათზე არ მოიხილა, არამედ ჩვენს პატარა და უბედურ, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ ქოხს მოხედა მისმა სახიერებამ – დიდი უფლის წყალობა! მართლაც, გასაოგნებელი სასწაულია, რომ დღეს ჩვენ მიერ იდიდება ღმერთი, იხარებს ჩვენი დედოფალი და ქალბატონი ყოველთა, ჩვენი ტკბილი და ნამდვილი დედა!
არ არის გასაოცარი?! ჩვენი სოფლის მფარველმა – პატიოსანმა წინამორბედმა იოანემ ჩვენი სოფლის სხვა ლამაზი სახლები კი არ აირჩია, არამედ ჩვენი, როგორც თვითონ მაუწყა 14 წლის წინ, რომ მან ჩაიბარა ჩემი თავი, იგი მმფარველობს (შენც მისგან გამოითხოვე ხოლმე, რაც გინდა) და რომ იგი ვიგულო მფარველად, წინამძღოლად, მზრუნველად, მოძღვრად ჩემი მცირე კალივისა. მის სახელზეა ჩვენი ტაძარი, ის არის ჩვენი მამა, ხოლო დედა – ღმრთისმშობელი.
მართლაც, დიდი სასწაულია! თანაც ვის მიმართ? ერთი არარაობის, ერთი უმრწემესის, ყოველგვარი კეთილის არმქონის მიმართ. რა ნახა ჩემში კარგი უფალმა, რომ ამდენი სიკეთე მომანიჭა?
შენც ასე მოიქეცი, ჩემო დაიკო. გადახედე შენს ცხოვრებას. დაუკვირდი, როგორ ჩაიარა. გაიხსენე ღმრთისმშობლისა და მისი უტკბილესი ძისა და ჩვენი მაცხოვრის მრავალი ქველისმოქმედება და ამგვარად განსაცდელებში მოთმინებით აღიჭურვე. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ყოველთვის დროულად ხელს გვიწვდის, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. როგორც კი ვუხმობთ, ესმის, მაგრამ ისე არ მოქმედებს, როგორც ჩვენს ჭკუას ჰგონია. ფიქრობ, რომ შენმა ხმამ იმწუთას არ მიაღწია წმიდანებს, ღმერთს, ღმრთისმშობელს, მაგრამ ასე არ არის. სანამ დაუძახებდი, წმიდანები დიონისეს დასახმარებლად გაიქცნენ, რადგან იცოდნენ, რომ მოუხმობდი და მფარველობას შესთხოვდი.
შენ კი, რადგან ვერ ხედავ, არ იცი, გინდა, რომ ყველაფერი ელვისებრად მოგვარდეს, მაგრამ ასე არ არის. უფალი მოთმინებას ეძიებს, რათა ჩვენი რწმენა დაინახოს!. საჭირო მარტო ლოცვა კი არაა, რომ ადამიანმა თუთიყუშივით იმეოროს, არამედ ყველაფერი დანარჩენიც. მოთმინების გარეშე ადამიანი იგივეა, რაც ლამპა ზეთის გარეშე.
აი, მოვიდა დიონისე. მაგრამ შენ იზარალე იმის გამო, რომ სულგრძელება არ გამოიჩინე და რწმენით არ დაელოდე – მაშინ ორივენაირად მოიგებდი. ახლა ბარბარეზე ბრაზობ. მე კიდევ გეუბნები, რომ ადრე თუ გვიან ისევ ისე იხილავ, შენ გვერდით. თუ მოეწონება ის, რაც გინდა და რაზეც ოცნებობ, ყველა შემთხვევაში მოხდება, მაგრამ საჭიროა მთელი სულით ლოცვა და მოთმინებით ლოდინი.
არას გარგებს, რომ ბრაზდები, დარდობ, მწარე სიტყვებს ამბობ, არამედ პირი უნდა მოკუმო, ვერავინ ვერ უნდა გაიგოს რა გჭირს, ხოლო კვამლი თვალებიდან უნდა გამოგივიდეს, ცხვირიდან კი არა. მე, ჩემო დაო, უფალია მოწმე, რომელიც ტყუილის მთქმელთ წარწყმედს, რომ დიდი სარგებელი მივიღე იმისგან, რაზეც ახლა გწერ. თუმცა ზოგჯერ ისეთი მტკივნეულია ამის გაკეთება, რომ გგონია, გავარვარებულ ღუმელში ხარ და სული სამაგიეროდ, როდესაც ჩაივლის [განსაცდელი], ისეთი ნუგეში მოდის, რომ, თითქოს სამოთხეში ხარ. სხეულის გარეშე: ქრისტეს უყვარხარ, ღმრთისმშობელი ტკბილად გეამბორება, წმიდანებს შენთან ერთად უხარიათ, ანგელოზები გაკვირვებულები არიან. ხედავ, რა სასარგებლოა მწუხარებები?
როცა გინდა ქრისტეს სიყვარული იხილო, მოითმინე რაც მოგეწევა. ისე კი არა, როგორც შენ მოგწონს, არამედ ისე, როგორც უფალს უნდა შენი გამოცდა. იმ ყველაფერზე, რასაც ნებით ვაკეთებთ, მილიონჯერ ამაღლებულია ის, რასაც უფალი გვიგზავნის ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. ძვალი ძვლის და სისხლი სისხლის წილ. ღმერთის დაშვებით ისე ებრძვის მტერი ადამიანს, რომ ცვილივით დნება, სითხედ იშლება, ხოლო როდესაც განსაცდელი ჩაივლის, სიხარულით ივსები, უკიდეგანო ნათელი მოგიცავს და იმ საიდუმლოებს ხედავ, რომელთა გამოთქმაც ენას არ ძალუძს. და მაშინ გწყურია განსაცდელები, რადგან ხედავ, თუ რა დიდი სარგებელი მოაქვთ.
ნამდვილად ეს არის [სწორი] გზა და ის, ვინც გწერს, გამოცდილებით მოწმობს ამ ჭეშმარიტებას. ასე რომ, გამხნევდი, ჩემო საყვარელო დაიკო, და განძლიერდი უფლის მიერ, მოითმინე რაც გეწევა და გულისტკივილით მოელოდე ღმერთისმიერ დამშვიდებასა და მადლს. გეუბნები, რომ მტრედი ხარ და არა ყვავი, როგორც მწერ.
დიონისესთან ერთად წადი და ერთ სულს შეხვდი, რომელსაც სულიერად აღვზრდი უკვე მრავალი წელია – თავიდანვე მე ვყავდი სულიერ მამად – ელენე იატროპულუ ჰქვია. მიხაილ ვოდას ქუჩა 7, ათენი.
ვლოცულობ შენთვის.
შენი ძმა იოსები
ვიმეორებ და წერილს ვაგრძელებ, ჩემო საყვარელო დაიკო. ეს ელენე, რომელთანაც, გითხარი, წადი-მეთქი, თესალონიკიდან არის, მაგრამ [ეკლესიური] შფოთის გამო მანდ გადმოვიდა ქმართან და ორ შვილთან ერთად. გაუძეხი მას ფლორინის მიტროპოლიტის ეკლესიაში, რამეთუ არაფერი იცის. ნამდვილი ქრისტეს მარგალიტია. დიონისეც წაიყვანე, რომ მის ქმარს ორიოდე სულიერი სიტყვა უთხრას.
ახლა იმასაც მოგწერ, თუ რა მიზეზით გადმოვედი ამ კურთხეულ მღვდელმთავართან. [თავიდან] მამა აკაკის სიტყვას ვენდე, რომ მოგვწერა, პირველმა მღვდელმთავრებმა გვიღალატეს, ბრძოლა მიატოვესო და უამრავი სხვა რამ. მე კი, რადგან ყოველთვის გამოკეტილი ვარ. ჩემს ჭიშკარს გარეთ არ გავდივარ და არც სხვათაგანაც მოსულა ვინმე, რომ აეხსნა სადაა ჭეშმარიტება, სხვებივით ვფიქრობდი, რომ კარგად ვერ იყვნენ (ისინი, ვინც ახალ კალენდარს მისდევდნენ). თუმცა, არც ვმტრობდი, როგორც ზოგიერთი აქაური, რომელიც ილანძღება და უამრავ რამეს ამბობს. ამიტომაც, ჩვენმა კეთილმა ღმერთმა დაინახა, რომ საკითხის უმეცარი ვიყავი და არ დამტოვა ცდომილებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათეს მიმდევრები ხშირად მოდიოდნენ და ჩვეულ რამეებს მეუბნებოდნენ. მე პირიქით ვეუბნებოდი, რომ სქიზმა ყველაზე უარესია, ხოლო ერთსულოვნება ღმერთის მცნებაა და კარგი ნაყოფიც გამოაქვს. საბოლოოდ, იხილა რა ღმერთმა ჩემი ცოცხალი და მზეზე სუფთა სული, დამანახა, რომ ვცდებოდი და რომ მათეს ყველა მიმდევარი და სხვები, რომლებიც განხეთქილებაში გავიდნენ, ცდებოდნენ და უაზრო სქიზმას ქმნიდნენ, რითაც თავიანთ ამპარტავან სულებს ამძიმებდნენ. რამეთუ მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა მათი ეგოიზმი.
არ მაქვს დრო, რომ გიამბოთ, რა სასწაული შემემთხვა. ამიტომაც ვუხმე მამა ანტონს, რათა აეხსნა რა და როგორაა, და დანამდვილებით მივხვდი, რომ უმეცრებით შევმცდარვარ.
ხედავ უფლის სახიერებას? ხშირად ადამიანი უმეცრებით ცდება ან სხვები ჩაითრევენ ცდომაში, მაგრამ, თუ ადამიანი წრფელი სულისაა, ღმერთი არ ტოვებს, არამედ მრავალნაირად ანათლებს [და სწორ გზას უჩვენებს]. როდესაც ამაზე ვფიქრობ, თავი მიწად, ნაცრად, ჭიად მიმაჩნია [ღმერთის დიდებულებისა და სიკეთის წინაშე].
ვინ ვიყავი მე, ბრმა, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული, ან რა სიკეთე მიმიძღვის ჩემი შემოქმედის წინაშე, რომ ასეთ მზრუნველობას იჩენს ჩემ მომართ, ასე ზრუნავს, რომ არ დავიღუპო; რომ ჩემს თანატოლებზე მეტად შემიყვარა და თავის მადლს უხვად მანიჭებს, რათა ვილაპარაკო, ვილოცო, ვწერო, ვიქადაგო მისი სიტყვები?!
ეს ყველაფერი არ გაკვირვებს, ჩემო დაიკო, როდესაც ჩემს საერო ცხოვრებას იხსენებ? აბა, ჩემი მონაზვნობა იქნებოდა? მაშ, რატომღა დრტვინავ და არ მადლობ ღმერთს? მეც რომ დავიწყო ჩემი განსაცდელების აღწერა, ვერ გაუძლებ. მიუხედავად ამისა, ღმრთისმშობლის მადლი ყოველივეს განაქარვებს.
დიონისეს მონაზვნობას ნუ აძალებ. კარგ გზაზეა. ბევრი მოკითხვა გადაეცი და დამიკოცნე. ახლა მას ცალკე მივწერ, რომ ერთი კონვერტისთვის ბევრი არ გამოვიდეს და არ გადმოვარდეს.
და მოთმინება იქონიე, რამეთუ დედოფალი ღმრთისმშობელი და ყოველთა ქალბატონი არ გვტოვებს. იგი ლოცულობს ჩვენთვის.
არ მწერ, რას შვრებიან მანოლი, მარუსო და სხვები.
ისევ მოგიკითხავ.
იოსები
სააღდგომო ეპისტოლე - 1979
ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და
ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მათე 28,20)
ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამ. 2,10). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაზე, რომელთაც წმიდა ეკლესია ქადაგებს.
ყველას, ვინც ამ მაღალი იდეალების ერთგულნი ხართ და რომელნიც მიილტვით მათკენ, გულითადად გილოცავთ აღდგომას დაუსაბამო ლოგოსისას, რომელიც მორწმუნეთ "ცხოვრების გვირგვინით" ამკობს:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება! ამ სიტყვებშია საიდუმლო ზეშთაგონება და სასიხარულო მოწოდება, სიყვარულის მისალმება და მშვიდობის წადილი!ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან; ადამიანს - ღმერთთან!ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს იმეორებდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები; ეს სიტყვები გადაეცემოდა ბაგიდან ბაგეს, თაობიდან - თაობას და ავსებდა ადამიანებს იმ სიხარულით, რომელიც მარადიული სიყვარულის წიაღიდან მომდინარეობს!პასექი ქრისტესი - ეს ის დღეა, როდესაც მორწმუნე ადამიანის უკვდავ სულს თვალთახედვა მიენიჭება და მის წინაშე წარმოჩინდება მანამდე უხილავი, მაგრამ მუდმივად საგრძნობი დაუსაბამო საწყისი, ესაა შეხვედრა ორი სამყაროსი - გარეგანისა და შინაგანისა, ამ სულიერი გაცისკროვნების დროს ადამიანის წინაშე თითქოსდა უსასრულობა გადაიშლება და მატერიალური სამყაროს მიღმა ის იწყებს სხვაგვარი სამყაროს ხილვას. ამ დღეს ადამიანი სრულად შეერწყმის მისთვის უჩვეულო სულიერ სამყაროს და შეიგრძნობს სრულ ჰარმონიას ღმერთთან!
ღვთაებრივი ენერგიით მადლმოსილთ შესწევთ უნარი, გარდა მატერიალურისა, სხვა სამყაროც დაინახონ. ისინი ცხადად ხედავენ სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების კანონზომიერებას. აღდგომილი ქრისტე არის განმათავისუფლებელი, მან იმისათვის დასდო თავი სასიკვდილოდ, იმისათვის დაჰყვა უხეში მატერიის ძალას, რომ ეს მრისხანე გამანადგურებელი სტიქია თავისი ღვთიური ძალით დაემარცხებინა! დიახ, ჩვენ გვწამს და აღვიარებთ ქრისტეს აღდგომილს! ანდა როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა მოციქული ქრისტეს აღდგომის ქადაგებისათვის ეწამა და არცერთ მათგანს სასიკვდილო წამების დროსაც კი არ შეუწყვეტია აღდგომილი ქრისტეს ქადაგება! აღდგომილი მაცხოვრისადმი რწმენისა და სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დასთხიეს სისხლი ჩვენმა სახელოვანმა წამებულებმა, წმიდა დიდმოწამე გიორგიმ, არგვეთელმა თავადებმა დავითმა და კონსტანტინემ, ქართველმა მეფეებმა - არჩილმა, ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა და მრავალთა სხვათა.
მთავარი, რაც ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოუტანა, არის ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, იესო ქრისტემ თავისი პიროვნებით ჩვენ დაგვანახა ღმერთი, ღმერთი, რომელიც ადამიანისთვის მახლობელი და ძვირფასი შეიქმნა და ამით მან ჩვენი ცხოვრება აზრით, სიხარულითა და სილამაზით აავსო!
აღდგომილმა მაცხოვარმა განმაკურნებელი ბალზამით მოუშუშა რა ძველ სამყაროს ზნეობრივი ჭრილობები, იმედი მოუტანა გამოფიტულთ და სასოწარკვეთილთ. ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც. ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებს ურთიერთს. როგორც ამბობს ეკლესიის ცნობილი მასწავლებელი და ფილოსოფოსი კლიმენტი ალექსანდრიელი (215 წ.), "არ არსებობს ცოდნა, რომელიც დაკავშირებული არ იყოს რწმენასთან, ისევე როგორც არ არსებობს რწმენა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება ცოდნაზე" (კლიმენტი ალექსანდრიელი, "სტრომატა", წ.V, თ.I). ყოველი მეცნიერება, - ამბობს ის, - დაფუძნებულია პირველსაწყისებზე, რომელნიც წარმოადგენენ თვალნათლივ ცხად ჭეშმარიტებებს - აქსიომებს. მათი დამტკიცება შეუძლებელია და ისინი მიიღებიან მხოლოდ რწმენით. უკეთუ ხილულ საგნებზე მეცნიერებას და ცოდნას საფუძვლად უდევს რწმენაზე დამყარებული დებულებები, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენას იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უშუალო კავშირი აქვს უხილავთან და ღვთაებრივთან, რადგანაც მხოლოდ წმინდა გულით შეუძლიათ იხილონ ღმერთი (მათე 5,8), და ზნეობრივი სრულყოფა კი თავისუფალი ნებისყოფის შედეგია, ამდენად, რელიგიური რწმენაც თავისუფლების შედეგად ჩაითვლება, მეორე მხრივ, თუ ცოდნა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაც, თავის მხრივ, მტკიცდება ცოდნით, რომლის გარეშეც ის შეიძლება მყარი არ აღმოჩნდეს. კლიმენტი ალექსანდრიელი დაასკვნის: "უბრალო რწმენა ადამიანს ჰყოფს მონად, ხოლო რწმენა გააზრებული - მეგობრად ღვთისა".
მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა".
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რელიგიური გრძნობა ერთნაირად დამახასიათებელია როგორც გაუნათლებელი ადამიანებისათვის, ასევე თანამედროვე ცოდნის მწვერვალებზე მდგომი დიდი მეცნიერებისათვისაც. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობა ადამიანის უკვდავი სულის ნიჭის ნაყოფია. ცნობილმა ასტრონომმა კამილ ფლამარიონმა პარაფსიქოლოგიური მოვლენების გამოკვლევის შედეგად ოთხი მნიშვნელოვანი თეზისი ჩამოაყალიბ:
1) სული არსებობს სხეულისგან დამოუკიდებლად.
2) მას ახასიათებს მეცნიერების მიერ ჯერაც შეუცნობელი თვისებები.
3) მას აქვს მანძილზე მოქმედებისა და აღქმის უნარი.
4) მომავალი მზადდება წარსულით და სულს აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი (კ. ფლამარიონი. "უცნობი ფსიქიური მოვლენები", ს. პ. ბ. 1852 წ.).
ამგვარად, წარმოიშვა ცოდნის ისეთი ახალი სფერო, როგორიცაა პარაფსიქოლოგია, რომელიც მეცნიერებას უხილავ რეალობას უკავშირებს და მატერიალური სამყაროს მიღმა ხედვის შესაძლებლობას გვაძლევს. ვაცნობიერებთ რა ყოველივე ამას, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქრისტიანობა იყო და რჩება ჩვენთვის ერთადერთ ჭეშმარიტ ძალად. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა" (პირველშეწირულის წირვა).
რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე?! ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ! როგორც ამბობს ტერტულიანე, სული ჩვენი ბუნებით ქრისტიანია. დღეს ჩვენი მოზეიმე სულები ერთხმად უგალობენ და შესთხოვენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს, მოგვმადლე ჩვენ, ზეციერო მოძღვარო, ჩვენი დიდი წინაპრების რწმენის ძალა, სასოების შეურყევლობა და მხურვალება მათი სიყვარულისა!
მოგვმადლე ნიჭი, რომ ამქვეყნიურ ხმაურში გავიგონოთ მარადიულობის სიჩუმე და სიმშვიდე, რომ სამარადისოდ შეგიერთდეთ და ვიხაროთ შენთან!
როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება.
"მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"!
დიახ, ჩვენთან, ჩვენს ხალხთანაა მაცხოვარი სამარადისოდ! გიხაროდეთ, რამეთუ
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1979 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საახალწლო ეპისტოლე - 1979
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივ-კურთხეულ შვილებს
კვლავ წავიდა წელი უსაზღვრო დროის დინებისა, ისევ დავდექით ძველისა და ახლის მიჯნაზე, ისევ შეიკრიბებიან საახლწლო ნაძვის ხესთან ღვთისგან შექმნილი ჩვენი შვილები, ნორჩი თაობა ჩვენი ერისა. ძველის მშვიდობით გასტუმრებით და ახლის მოსვლით აღტაცებულო, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო, მოდით, მივბაძოთ მამა-პაპათა სანუკვარსა და კარგ ჩვეულებას, ჯერ სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ დიდი ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ ასე მშვიდობით გავისტუმრეთ ჩვენ ძველი წელი და ზეაღტაცებით ვხვდებით ახალს, ლოცვის შემდეგ კი ავანთოთ სანთლები მოწყალე ღმერთის სადიდებლად, და შემოვუსხდეთ საახალწლო სუფრას გარშემო.ჯიხვის რქები აივსება ლალისფერ ღვინით, რათა უპირველესად ვადიდოთ გამჩენი ღვინის, ხობრლისა და სხვა ათასგვარი საზრდელისა. შემდეგ ერთმანეთს მივულოცოთ ძველის წასვლა და ახალი წლის მობრძანება.
ჩვენც მოგილოცავთ, ჩემო სამწყსოვ, საერთო ზეიმს; კეთილი იყოს მისი მოსვლა ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ჩვენს პლანეტაზე. კურთხეულ იყოს თქვენი სუფრა, თქვენი ზეიმი, თქვენი შრომითა და მარჯვენით მონაგარი მხიარულება. ღვთის მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს შრომასა და ოფლის ღვრას თქვენსას; ერთიათასად მოგემკოთ მუდამ დათესილი ხორბლის მარცვალი; თქვენი სასოებითა და გულმოდგინებით გაზრდილიყოს დოვლათი და ერის ბარაქა; ახალ წელს მოეტანოს ბევრი სიახლე თქვენი პირადი ცხოვრებისა და ქვეყნის კეთილდღეობის ასამაღლებლად; ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენმა შრომამ, მარჯვენამ თქვენმა, არა მარტო თქვენ უნდა გაცხოვროთ, არამედ წინ უნდა წასწიოს ჩვენი სამშობლოს აყვავების კეთილი საქმე. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჩვენ ცალ-ცალკე არარა ვართ, სამშობლოსა და ხალხის გარეშე. ისიც მოიგონეთ, რომ ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობოს სიყვარული, როგორც განუყოფელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ვილოცოთ იმისათვის, ჩემო თანამორწმუნენო და თანამემამულენო, რომ არ ჩამქრალიყოს ამ დედამიწაზე მშვიდობიანი შრომის ნათელი.
ყოველი წელი კარგი არის და სანატრელი, თუ ის მშვიდობით მოდის და მშვიდობით მთავრდება. წმიდა ტაძარში საღმრთო მსახურების - წირვა-ლოცვის აღსრულებისას მოძღვარი ასე წარმოთქვამს ხოლმე: მშვიდობა ყოველთა. ჩვენც ამასვე ვუსურვებთ ღვთისაგან გაჩენილ ჩვენს დედამიწასა და ჩვენს სამშობლოს: ამ ახალ წელში „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდება და აღორძინდება ჩვენი ხალხისაგან დათესილი ყველა მარცვალი. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ცვარ-ნამი, რომელიც ღვთის მადლად დაეპკურება ჩვენი ქვეყნის ბაღ-ვენახებს. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს მფარველი დედა ჩვენი ახალგაზრდობისა მისი სწავლისა და აღზრდის საქმეში; „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის წყარო, რომლიდანაც იჩუხჩუხებს დოვლათ-ბარაქა, სიხარული, პროგრესი და აღმავლობა, ახალი დიდი შთაგონება, ახალი წიგნები და აღმოჩენები, ახალი მადლი სარწმუნოების განსამტკიცებლად, ახალი განძი ეკლესიების გასაძლიერებლად, და ბოლოს, - „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ბრწყინვალე გზა, რომლითაც ერთი ღვთიური მიზნისაკენ წავა მთელი კაცობრიობა, „რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10,4).
მაშ ასე, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო! არ მოჰკლებოდეს ამ ახალ წელში უფლის მადლი თქვენს გზასა და ნაბიჯებს თქვენსას. თქვენს სულს სიწმიდე მომადლოს ზეცამ, სულის სიწმიდემ თავმდაბლობა ადიდოს თქვენში, თავმდაბლობამ კი გზა გაუხსნას ყველა სიკეთეს, რაც ადამიანს თავის გამჩენ ღმერთთან აახლოებს. ღვთისმშობლის მადლმა არ მოაკლოს აყვავება და აღმავლობა ჩვენს ერსა და საერთოდ ყველა ხალხს, მწვანით მოსილი ჩვენი მიწისას.
ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს დიდსა თუ პატარას: შფოთი და მტრობა, ვერაგობა, ღალატი, მუხთლობა, შურიანობა, სიხარბე და კაცთა სიძულვილი მუდამ გამოწვეული იყო ღვთისაგან განდგომით, სარწმუნოების დაკარგვითა და თავაშვებულობით. ის, ვინც ეძიებს ქვეყნად მხოლოდ ხორციელ საზრდოს, და სიცოცხლის გამჩენს არ ეძიებს, ვისაც ადამიანის დანიშნულებად მიაჩნია მხოლოდ ბევრის მოხვეჭა, ბევრის ჭამა, საუკეთესო ტანსაცმელი და სხვა არარა, სწორედ რომ არარაობასაა მინდობილი. ასეთ კაცს ვერ შეუგნია ეს ადგილი მათეს წმიდა სახარებიდან: და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა ჰშურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი (მათე 6,28-29). სოლომონიც კი არ შემოსილაო ისე თავისი დიდების ზენიტზე, - ბრძანა მაცხოვარმა, როგორც შროშანი ველისა, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის.
გაუხსენით გული და გონება სარწმუნოებას, ჩვენი სამწყსოს საყვარელო შვილებო, შეიმოსეთ მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ატარეთ იგი სიყვარულით და თქვენ იქნებით უფრო ბრწყინვალედ შემოსილი, ვიდრე ყოველი ყვავილი ველისა, ვიდრე ყოველი მეფე, ოქროქსოვილით შემოსილი დიდების ტახტზე.
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე, სიბინძურესა და მანკიერებას რომ ამოსწვავს ადამიანთა ცხოვრებიდან, ძალასა და მხნეობას რომ ჰმატებს მშრომელთა მარჯვენას, ჩვენს სულს რომ აძლევს სასიკეთო საზრდოს ნოყიერს.
სარწმუნოება - ხიდი არის მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე, ჩვენი ღვთივკურთხეული მიწის შვილებო. ეს ხიდი აქ იწყება, ჩვენს საყვარელ დედამიწაზე და მარადიულობას უერთდება მადლის განგებით. ეს ის ხიდია, რომელზედაც მაცხოვარი მიგვიძღვის თავად, ჩვენი უფალი იესო ქრისტე... ყველა, ყველა ამ ხიდზე! ნუ დაყოვნდებით! დროის დაკარგვით სიტკბოების წყაროს დაიკლებთ, და იმ ნეტარებას, რომელსაც მხოლოდ სარწმუნოება ანიჭებს ადამიანს.
პირადად ჩვენ, საპატრიარქო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მთლიანად ჩვენი უძველესი ეკლესია, მზადა ვართ დავეხმაროთ ყველას, ვისაც კი სურს წრფელი გულითა და წმინდა სულით შედგეს ამ ხიდზე, ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომელიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა. მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისაგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად.
ეს დიდებული სამყარო იმისათვის შექმნა ყოველთა გამჩენმა ღმერთმა, რომ ჩვენ, ადამიანები დავტკბეთ ამ სამყაროს მადლითა და სილამაზით. ჩვენ ხელს გიწვდით დახმარებისას და წინ წარგიძღვებით, რათა უნათლესი სიმაღლიდან დაგანახოთ ეს ხელთუქმნელი სილამაზე, და იგრძნოთ ის სულიერი სიმშვიდე, რისთვისაც შემოქმედმა შექმნა ეს ყოველივე.
ძნელბედობის დროს აშენებდა ქართველი ხალხი ჩვენს ეკლესიებს; თქვენ იცით, რომ მრავალსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ. ჩვენ ვიბრძოდით, ღმერთი გვწყალობდა და ღვთისმშობელი მფარველობდა ჩვენს ერსა და ჩვენს ეკლესიას. ჩვენს მამა-პაპათ უყვარდათ მაცხოვარი იესო ქრისტე და ქრისტეს წმიდა ტაძრები. არავის დაანებეს ისინი გასათელად და დასანგრევად, ისე გადმოგვცეს შვილებსა და შთამომავლობას. ჩვენი ვალია ვუპატრონოთ მათ დანატოვარს, იმავე მგზნებარე გულით გვიყვარდეს ყოველივე ეს, როგორი გულითაც ისინი აშენებდნენ მათ; ისეთივე გულმხურვალებით ვილოცოთ ღვთის წმიდა ეკლესიებში, როგორი გულმხურვალებითაც ლოცულობდნენ ჩვენი ერის რიგითი მშრომელები და რჩეული შვილები: დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე, გიორგი მესამე და დიდი თამარი, ათონელი წმიდა მამები, კათოლიკოსნი - მელქისედეკ პირველი და კალისტრატე მესამე, სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე, მცხუნვარე მზისგან კანდამწვარი, მაშვრალი გლეხები და მრისხანე მტერთან ბრძოლაში დაღუპული ბევრეულები ჩვენი ერისა.
მხნეობასა და მზეგრძელობას გისურვებთ, ჩემო შვილებო, კვლავაც ემეფოს მშვიდობას მთელ ქვეყანაზე. არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და ლოცვა-კუთხევა, ნებისყოფა და სიმტკიცე ყოველ ცოდვათა განსარიდებლად, რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (რომ. 6,23).
თბილისი, 1979 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2017
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
„იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და სახელი მისი, – ... ღმერთი ძლიერი,
ხელმწიფე,მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა“ (ეს. 9,5).
დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.ყოველნო ერნო, „აღიპყრენნით ხელნი თქვენნი და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა, რამეთუ ქრისტე იშვა და ევა მწუხარებისაგან იხსნა;
ქრისტე იშვა და ქუეყანაჲ აღეშენა;
ქრისტე იშვა და ერი განმხიარულდა.“ (შობის საგალობელი)
ღვთის განკაცების ამ დიად დღეს გავიხსენოთ კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიაც.
ჩვენს წინაპრებს, ადამს და ევას, ედემში ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და უფლისმიერი მადლით კიდევ უფრო წარემატებოდნენ. შემოქმედისაგან ისინი განმსჭვალულნი იყვნენ საოცარი სიყვარულით და ამ სიყვარულს თვითონაც გასცემდნენ, რაც თანხმობასა და ნეტარებაში მათ მკვიდრობას განაპირობებდა.
აკრძალული ნაყოფის მიღებამ არსებული სრულყოფილი ჰარმონიის რღვევა გამოიწვია, რადგან ეს არ იყო უბრალო ქმედება; იგი იყო გამოვლინება იმისა, რომ რეალურად ადამმა და ევამ უარი თქვეს საღვთო წესრიგზე, ბოროტი ძალისაგან შთაგონებულ ამპარტავნებას, პატივმოყვარეობასა და შურს დაემონნენ და კეთილისაგან უკეთურისაკენ მიიდრიკნენ. ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი. ასე დაეცა ადამიანური ბუნება. ადამთან ერთად დაეცა მისი განმგებლობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მთელი ხილული სამყარო. სულიწმინდის მადლი პირველმშობლებს განეშორა, რადგან აღარ ჰქონდათ მისი დატევნის უნარი; შედეგად კი დადგა ხორციელი და, რაც მთავარია, სულიერი სიკვდილი.
მადლისაგან განძარცვულ პირველმშობელთა ბუნება ხრწნას დაექვემდებარა, ამასთან, მათ დაეკარგათ ჭეშმარიტი თავისუფლების განცდა და დაუმახინჯდათ როგორც გარემოს, ისე ღმერთის აღქმა. გაუკუღმართებული აზროვნების გამო კი მათში გაბატონდა ხორციელი ცნობიერება.
სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ.
მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს.
უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა.
„ეჰა, დიდებული და საკვირველი საიდუმლო, ეჰა, შესაძრწუნებელი სალხინებელი!“ (შობის საგალობელი).
იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა.
თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.
ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა.
ნათლობა არის მეორე ადამის, - ქრისტეს წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა.
ახალი ადამის შობით კაცობრიობა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა.
თუ პირველმა ადამმა და მისმა მოდგმამ ჩადენილი ცოდვის გამო, დიდი სინანულის მიუხედავად, ვერ შეძლო დანაშაულის გამოსყიდვა, ახალი ადამის განხორციელების შედეგად, მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც, ქრისტიანს, ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე, ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრუნება.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ნათლობა არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი განღმრთობისა. შემდგომი წინსვლა კი ჩვენი პირადი ღვაწლითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა განხორციელდეს.
ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში. ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული.
ნათლობით მიღებული მადლი არის უდიდესი საბოძვარი, რომელსაც სრულად ვერც ვაცნობიერებთ. ეს განსაკუთრებით ითქმის ძველი ადამიდან ახალი ადამის წიაღში მოქცეულებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რწმენის გზაზე და მათზეც, რომელნიც დიდი ხნის წინ მოინათლნენ, მაგრამ ცოდვის მრავალგვარობას ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამეთუ მხოლოდ პირადი შეხედულებებითა და ამქვეყნიური კანონებით განსჯიან.
აუცილებელი კი არის წმიდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.
საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება.
სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი ... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.
როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები.
ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები... ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: „იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად“ (დაბ. 3,6).
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ.
ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით... ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.
პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია!
მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას.
დღეს ამ უჩვეულო სიხარულის დღეა; დღეს განსაკუთრებით ხარობენ ბავშვები, რადგან უფალი მათ მსგავსად ჩვილად მოევლინა სამყაროს; დღეს ხარობენ დედები, რადგან დედამ, - ახალმა ევამ, ახალი ადამი, - ღმერთი შვა.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.
ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!
რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.
მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, - ქრისტე იშვა!
მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!
ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი,
თბილისი,
2016/2017წ.
საახალწლო ეპისტოლე - 1980
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატოვანი გამოთქმით ახალი წელი მუდმივად მდინარე ნაკადია, რომელიც მარადიულობიდან მომდინარებს და მარადიულობასვე ერთვის.მარადიულობას შეუერთდა 1979 წელი და იგი იმავე მარადიულობის მიერ წარგზავნილმა კურთხეულმა 1980 წელმა შეცვალა.
წმიდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: არა არიან თქუმულ არცა სიტყვა, რომელთა-იგი არა ესმა ხმაჲ მათი (ფსალმუნი 18,3). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი.
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ღვთიური საწყისის პირდაპირსა და ადექვატურ გაგებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ხილულ ყოფიერებასთან ანალოგიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ გაგებას. ამიტომ იზრდება მნიშვნელობა საღმრთო წერილისა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადებისა, რომელიც ჩვენ მთელი სერიოზულობით და მოწიწებით უნდა შევისწავლოთ.
ამგვარად ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენს მეორე მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიყვარული. სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (I კორ. 13,1-8).
რაღა თქმა უნდა, როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს.
ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნეობრივ თვითგამორკვევაში, ზნეობრივი მოვალეობების თავისუფალ აღსრულებაში, იმ მოვალეობის აღსრულებაში, რომლის არსიც, თავის მხრივ, ზნეობრიობითაა განსაზღვრული.
ეგოიზმი სიცოცხლის თანდაყოლილი თავისებურებაა. უმარტივესი მიკროორგანიზმებიდან ადამიანამდე ყველა ცოცხალი არსება თავის ინტერესებს იცავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა განავითაროს ეს გრძნობა. თავდაცვის ინსტიქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოყვასისთვის დახმარების სურვილს. ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ამგვარად შემდეგი საკითხი, რომელსაც მინდა საახალწლო ეპისტოლეში შევეხო, არის შრომა. ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მოციქულ პავლეს: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ (2 თეს. 3,10). ბიოლოგიური კანონებიდან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა თავისთავად ცოცხალი მატერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. შრომა სჭირდება ადამიანს ნორმალური არსებობისათვის; სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი, საკვები, ძილი, ურთიერთობა...
ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს: ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო. მოკლე სამუშაო დღე ბედნიერებაა მხოლოდ იმისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობა არ აინტერესებს. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია.
მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი ძლიერ იტანჯება, თუ ის მოკლებულია საყვარელი საქმიანობის შესაძლებლობას.
დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10).
კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: "ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინის მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა". ეს სიტყვა "შრომა", მაგრამ იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, რომ მშვიდობამ გააცისკროვნოს დედამიწა და მოეფინოს მსოფლიოს სამარადჟამოდ.
გარდა ჩვენი ფიზიკური ყოფიერებისა, რომელზეც ასე გაძლიერებულად ვფიქრობთ და ვზრუნავთ, არ უნდა დავივიწყოთ სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მეტისმეტად გამიწიერდა, ამიტომ ის სულიერ შიმშილს გრძნობს. სულიერი ცხოვრება აუცილებელია; ზეცის ხმა ოდნავღა ესმის ჩვენს ასე სუსტად განვითარებულ სულიერ სმენას. ძალიან ნაზი, მგრძნობიერი გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო.
ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდებით, ცოტას ვფიქრობთ. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განმარტოება სავანეა, სასდაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში.
ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება.
ჩვეულებრივად ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერთი წლით შემცირდა. მიწიერი ცხოვრების ზღურბლთან მიახლოებისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფასეულობანი, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის მარადიულობაში.
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.
ამგვარი ფიქრებითა და გრძნობებით გილოცავთ ყველას, ძვირფასო შვილებო, ახალ, 1980 წელს, რომელიც გვჯერა, კურთხეული იქნება და ჩვენ, ყველას, სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს.
ყველას ღვთის მადლი შეგეწიოთ!
ვისურვებ, რომ ჩვენს გულებში აღიბეჭდოს ქრისტე!
ღვთისმშობლის წილხვედრს - ჩვენს საქართველოს
აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს...
ამინ!
1980 წ. თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2025
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომ. 8, 2)
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა!ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა, – უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – „ვის მიერაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა!“ (იოანე 1, 3) „გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამეთუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა… მაცხოვარი“ (ლუკა 2, 10-11).
ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენს სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, მწუხარებასა და ტკივილს.
მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი, როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს.
მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან თითქმის მისგან განდგომილნი?
* * *
ჩვენ უფლის განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ.
გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, – უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები… ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.
მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს შეიყვაროს უფალი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ღმერთმა ადამიანი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.
ჩვენს პირველმშობლებს მთელი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით.
როგორც ცნობილია, შემდგომ, ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადის ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო.
სინამდვილეში კი ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა.
ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ.
ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა "მე"-მ დაიკავა.
ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა – ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმმა შეცვალა.
ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.
ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.
ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა: „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ … როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13, 34).
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას.
„მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“ (ინ. 10, 9) – გვასწავლის იესო ქრისტე.
* * *
დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.
ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.
ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).
ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების.
* * *
დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა… მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ - მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.
უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“ (დაბ. 49. 10).
წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.
ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.
ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისთვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.
ქრისტეს ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.
* * *
„ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია: თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თვისი საკვირველი ნათლისკენ გიხმოთ“ (I პეტრე, 2,9).
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი და შეგვაძლებინოს, პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენს ერზე, თითოეულ თქვენგანზე და ჭეშმარიტების გზით მავალ ყველა ადამიანზე გაცხადდეს.
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.
კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დიდება მაღლთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა, დაე, მოიცვას და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად, გავემართოთ ბეთლემისაკენ, ანთებული სანთლებით მივეახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ… ღმერთი ჩემი ხარ შენ, და აღგამაღლო შენ; ღმერთი ჩემი ხარ შენ, აღგიარო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ“ (ფსალმუნნი 117, 26-28).
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი
2024-2025წ.
საახალწლო ეპისტოლე - 1983
გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას,
და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან (მღვდელმთავრის კონდაკი).
ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა (კოლასელთა მიმართ, 1,3).
მშვიდობით განვლო 1982 წელმა და კარს მოგვადგა ახალი წელი. ნამდვილად ბედნიერი იყო ჩვენი სამშობლოსათვის წარსული წელი. ყველაფერში იგრძნობოდა სულიერი აღმავლობა: შრომაში, სწავლაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ეკლესიაში, ცხოვრებაში, ღვთის მადლით მშვიდობა სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო დაძაბულობის ვითარებაში ხალხმა უფრო მეტად შეიგრძნო მშვიდობის ფასი. ბირთვული ომისა და ბირთვული იარაღის პრობლემა დღევანდელ პირობებში არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემასაც წარმოადგენს.
საქართველოს უძველესი ეკლესია ყოველთვის მონაწილეობს მშვიდობის დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმებში და დიდი წვლილი შეაქვს ამ საქმეში. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 1982 წლის 10-14 მაისს მოსკოვში ჩატარებულ სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში. ამ კონფერენციამ, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გააერთიანა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის მებრძოლი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი.
უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის დაცვის ამ დიდ საქმეში მიღწეულია გარკვეული შედეგები. მსოფლიო პროგრესული კაცობრიობა დიდი კმაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ვალდებულება, პირველმა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
მთავარი ის არის, რომ ჩვენ დღეს უფრო მეტად შევიგრძენით, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენდა სასიხარულოდ და საბედნიეროდ, ჩვენი ახალგაზრდობა დღეს ბევრს ფიქრობს არა მარტო დღევანდელზე და მატერიალურზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, მარადიულზე და ზემიწიერზე; სურს შეიცნოს, ვინ ვიყავით ჩვენ წარსულში, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
ახალ წელს ყველას ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ ამ სიტყვის შინაარსზე და თუ ვფიქრობთ, ვფიქრობთ ზერელედ.
მრავალი ადამიანი თავის ბედნიერებას სხვადასხვა გარემოებას, სიმდიდრეს, მდგომარეობას, ცოდნას უკავშირებს, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვერ პოულობს. მაინც რა არის ბედნიერება? ეგებ სულაც არ არსებობს იგი, ეგებ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ? არა, ბედნიერება, ნეტარება ნამდვილად არსებობს; ეს არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა. ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი...
სიყვარული ისეთივე მრავალმხრივი, უსაზღვრო და უნაპიროა, როგორც თვით უფალი. ამიტომაც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (I იოანე 4,16).
ადამიანებთან, საგნებთან, იდეებთან, ცნებებთან ხშირად ჭეშმარიტი სიყვარულის გაუცნობიერებლად ვამყარებთ კავშირს. სიყვარული ნიშნავს პირადის უარყოფას, ცხოვრებას მოყვასისათვის.
ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა. სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი რწმენის საფუძველი, უფლისა და მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიყვარულია.
სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ.
სიყვარული მარადიული, ნიადაგ განახლებული, ერთ ადამიანში დაუტევნელი ძალაა. იგი ბოლომდე ავსებს კაცის სულს, რათა შემდეგ გადმოიღვაროს და სხვათაც გაუნაწილდეს, როგორც ღვთიური მადლი და საზრდელი. სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვს: სიყვარული ძლიერდება ჩვენში, თუ მას სხვას უხვად ვუნაწილებთ.
ალბათ, არცერთ სხვა ენაში არ მოიძებნება სიყვარულის ისეთი სიღრმისეული გამოხატვა, როგორც ეს ქართულ სიტყვებშია: გენაცვალე, შენი ჭირიმე...
ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული აუცილებლად გვაჩვენებს გზას მოქმედებისათვის; იგი მტირალთან ტირის და მხიარულთან იცინის, იჩქარის სნეულთა, დავრდომილთა და მხცოვანთა, ქვრივთა და ობოლთა სანახავად და დასახმარებლად. ასეთისათვის არ არსებობს სხვისი გოლგოთა, სხვისი ტანჯვა-წამება, ეს ყველაფერი მისია, საკუთარია; სიყვარულისათვის უცხოა შიში.
XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მან არ დაიჯერა. იოთამმა სთხოვა გიორგის, ნება დაერთო, ღამე მეფის საწოლში დაწოლილიყო. დილით, როდესაც მეფე გიორგი თავის ოთახში შებრძანდა, იოთამ ზედგენიძე აკუწული დახვდა. საქართველოს ეკლესიამ ასეთი თავდადებული ერთგულებისა და სიყვარულისათვის იგი წმიდანად შერაცხა.
მეორე მაგალითი:
რამ აიძულა მღვდელი თევდორე, წამებით დაესრულებინა სიცოცხლე, თუ არა ღვთის რწმენამ და მამულის დიდმა სიყვარულმა?!
1609 წელს, ლუარსაბ II-ის მეფობის დროს, ოსმალთა ჯარი შეიჭრა ქართლში, რომელსაც სურდა გაეგო, სად იყო დაბანაკებული ქართველთა მეფე. სოფელ კველთაში მუსულმანებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანეს; დარწმუნებულნი იყვნენ, მოძღვარმა იცოდა ლუარსაბ II-ის ადგილ-სამყოფელი.
მამა თევდორე დათანხმდა გზის სწავლებას; სინამდვილეში კი მტერი სულ სხვა მიმართულებით გაიტყუა.
ბოლოს ოსმალები მიხვდნენ თევდორეს განზრახვას და საშინელი წამებით მოკლეს იგი. თავისი თავგანწირული გმირობით მამა თევდორემ სიკვდილს გადაარჩინა მეფე ლუარსაბი, ხოლო ქართველთა ჯარს საშუალება მისცა მომზადებულნი დახვედროდნენ მომხვდურს.
აი, რა არის ნამდვილი სიყვარული!
მოციქულთა დროს მოძმის სიყვარული ბუნებრივი მოვლენა იყო. წმ. პავლე მოციქული თესალონიკის ეკლესიის მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: ხოლო ძმათმოყუარებისთჳს არა გჳხმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს (I თესალონიკელთა 4,9). მადლობჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს (2 თესალონიკელთა მიმართ 1,3).
რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ ადამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს ურთიერთობის საშუალებები თვით ყველაზე გულქვა, კარჩაკეტილ, გულცივ, ყველაფრის მიმართ რწმენადაკარგულ, ადამიანებზე გულგატეხილ პიროვნებასთანაც კი.
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურებიან მხოლოდ. ასეთები დაწვრილებით იძიებენ და უმოწყალოდ განიკითხავენ მოყვასის არა მარტო საქციელს, არამედ მისი სულის იდუმალ შრეებსაც და ცდილობენ, თვით ყველაზე სუფთა და ამაღლებულ მისწრაფებებშიც კი ჩრდილოვანი მხარეები დაინახონ. მათგან ამაოდ მოველით სიყვარულსა და თანაგრძნობას.
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს.
ახალი ადამიანი რწმენითა და სიყვარულით უნდა აღიზარდოს. სულიწმიდის მადლით განახლებული პიროვნება შეძლებს გარემომცველ სულიერ და მატერიალურ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას; მისთვის მთავარი იქნება თავად პროცესი მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისა.
ბიბლიაში ვკითხულობთ: მიხედეთ პირველთა ზედა ნათესავთა და იხილეთ, ვის ჰრწმენა უფლისა და ჰრცხუენეს, ანუ ვინ ეგო შიშსა შინა მისსა და დაუტევა; ანუ ვინ ხადა მას, და უგულებელსყო იგი, რამეთუ მოწყალე არს უფალი, და მიუტევებს ცოდვასა და აცხოვნებს ჟამსა შინა ჭირისასა (ისო ზირაქი 2,10-11).
ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში.
წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორინ. 13,4-7). ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება!
ასეთ დიდ და უძლეველ სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ მეც, ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო; გისურვებთ, რომ ყველა გიყვარდეთ და თქვენც ყველას უყვარდეთ.
მე უკვე მესმის კითხვა: ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმიდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს.
გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.
ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ წამოწყებას, რომელსაც ეწოდება "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს". ასეთი მასობრივი ძიება უნდა იყოს ყველა დარგში. განსაკუთრებული მოვალეობა ამ მხრივ ეკისრებათ ჩვენს მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვნების მუშაკებსა და საერთოდ ყველა შეგნებულ ადამიანს.
გილოცავთ ახალ წელს და შევთხოვ ყოვლის შემძლებელ ღმერთს, რომ ეს წელი ჩვენი ერისთვის მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს.
ჩემი საახალწლო ეპისტოლე მინდა დავამთავრო დიდი მათემატიკოსის, ბლეზ პასკალის სიტყვებით: "მაცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბიწიერებასა და უბედურებაში იქნება დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას. მასშია მთელი ჩვენი სიქველე და ბედნიერება. უმისოდ მხოლოდ ბიწიერებაა, უბედურება, ცთომა, წყვდიადი, სიკვდილი, უსასოება" (პასკალი, აზრები, თბ., 1981, გვ.402).
ბედნიერია ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლო, ბედნიერი ბრძანდებით თქვენ, ღვთისმორწმუნენო, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ღმერთმა დაგლოცოთ!
1983 წელი, თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II