ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სააღდგომო ეპისტოლე - 2006

გახსოვდეთ პასუხიმგებლობა წინაშე ღმრთისა და მამულისა

"ღმერთითაც ვიქადით,... ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება" (რომ. 5,11).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს
ქრისტე აღდგა!
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა.
ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მონობისაგან ჩვენს მხსნელს, მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და მადლმოსილების მომნიჭებელს.
აღდგომა – ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: "ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც" (I კორ. 15,14).
უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავისი აღდგომით ზეცად აღამაღლა მთელი კაცობრიობა, რადგან მას გამოუთქმელი სიყვარულით უყვარს თითოეული ადამიანი. ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოებულია მარადიული სოცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით.
ადამიანი ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენების გამო აღმოჩნდა ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, ყოველ ჩვენგანს საშუალება მისცა პიროვნული არჩევანის გზით კვლავ მოეპოვებინა ცათა სასუფეველი.
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძთ" (ინ. 15,5), - ბრძანებს უფალი და, მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუფალი ნებაც. მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და მანამდე უცნობ საოცარ სიმაღლეებს აზიარა.
ეკლესიის სწავლებით, ქრისტეში ყველა ერთიანდება, მიუხედავად ეთნიკური, რასობრივი, სოციალური და სქესობრივი განსხვავებისა. "ქრისტეში არ არის არც იუდეველი, არც ელინი, არც მონა, არც ბატონი, არც მამაკაცი და არც დედაკაცი".
ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება და თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სწორედ მისთვის ეწამა მაცხოვარი და მას გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.
პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი – ჩვენი თავიდან (მთ. 10,29; ლკ. 21,18).
იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად. გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს. ამიტომაც, სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისათვის არის დაშვებული. სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. უფალი ბრძანებს: "ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე" (ეს. 55, 8-9).
რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან განსხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგან როგორც მოციქული ბრძანებს: სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი" (1 ინ. 4,7).
მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწევთ, თუ ცოდვებისაგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძანებს – უნდა შევიყვაროთ თვით ჩვენი მტრებიც და კეთილს უნდა ვუყოფდეთ მათ.
ასეც ხდება: შეიძლება ადამიანმა ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!
ამიტომაც თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება პიროვნებისა, იგი, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან, ხოლო მეორე მხრივ, უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება უარყოს სრულიად.
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ – უსიყვარულობას, ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.
როცა წმინდა ანტონი დიდმა ჩვენებაში იხილა კაცთა საცდუნებლად დაგებული ეშმაკის მახენი, აღმოთქვა: განა შეუძლია ვინმეს თავი დააღწიოს მას? პასუხად მოესმა: მხოლოდ თავმდაბალთ.
როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყოველ ერს, ღვთის განგებულებით, გარკვეული მისია აკისრია. ადამიანმაც და ერმაც უნდა გააცნობიეროს თავისი უმთავრესი დანიშნულება და მას უნდა ემსახუროს.
ქართველი კაცი დაჯილდოებულია სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭით; ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენ წილად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სიწმინდე, უკერველი კვართი ქრისტესი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს განუყოფელი ეკლესიისა, რომლის სწავლებასაც ოცი საუკუნეა შეურყვნელად იცავს ჩვენი ხალხი. ეს არის ჩვენთვის განცხადებული უმთავრესი მისია ქართველი ერისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მხნეობითა და დიდი თავგანწირვით აღასრულეს. თუ როგორ ვუერთგულებთ ამ გზას, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მომავალ თაობაზე.
საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.
ამ ორი პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.
გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა. ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციისა, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენთა წინაპართა ძალისხმევით თვითმყოფადობა არასდროს დაგვიკარგავს. ეს დღესაც უნდა შევძლოთ.
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება.
ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა".
ჩვენი ენა კი უძველესია და საიდუმლოებით მოცული და მას "სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან". იგი შეიძლება შევადაროთ სინათლეს, რომელიც თავის თავში მოიცავს ცისარტყელას ფერებს. ეს ფერები მსგავსია ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის დიალექტებისა: ხევსურულისა და სვანურის, მეგრულისა და თუშურის, ლაზურისა და კახურის, გურულისა და ინგილოურის, მესხურისა და რაჭულის, კლარჯულისა და მოხეურის, იმერულისა და მთიულურისა, რომელნიც შენაკადების მსგავსად ქმნიან ერთიანი ქართული ენის მდინარეს, ენისა, რომლითაც უძველესი დროიდან ჩვენს მიწა-წყალზე "... ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების".
ამ სამ საგანძურს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მთლიანობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.
ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია გარკვეული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობთ, მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულსა და ეკონომიკურ სფეროს, რათა ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს.
საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი კაცობრიობისათვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ადამიანები დასაქმდნენ და გამოვიდნენ იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც დღეს იმყოფებიან.
ჩვენი დიდი რესურსია ინტელექტუალური პოტენციალიც. ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია. ამის მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც თითქმის სრულად გამოიყენეს საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო თუ ეკონომიკური მიღწევები, რამაც განაპირობა ამ ქვეყნების სწრაფი განვითარება. ჩვენთან პროცესები, სამწუხაროდ, სხვაგვარად განვითარდა, დაიშალა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა და გაუქმდა მთელი რიგი საწარმოები.
არ შეიძლება იგივე ბედი ეწიოს მეცნიერებას. მრავალ დარგში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მკვლევარები ჰყავს. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს; მის ჩამოყალიბებას დიდი თანხა და დიდი დრო სჭირდება. გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია.
საერთოდ, წარმატებით მხოლოდ ის ერები და სახელმწიფოები ვითარდებოდნენ, რომლებიც ალღოს უღებდნენ დროის მოთხოვნებს. სამოციანელთა მოღვაწეობით ქართველმა ხალხმა ღირსეული პასუხი გასცა რთული ეპოქის გამოწვევებს და არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ დამოუკიდებლობისათვის სულიერადაც მოემზადა.
XX საუკუნის ბოლოს აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა და ბევრმა მის იდეალებს სიცოცხლეც შესწირა. დღეს ასპარეზზე უკვე სხვა ახალგაზრდები არიან. საჭიროა არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობათა დაცვა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდეს.
ჯერ კიდევ ილია ამბობდა: დღეს სხვა ომია, ომი წიგნისა და ცოდნის, ცოდვა არ არის ცეცხლსა და მახვილში გამოტარებული ქართული დროშა ჩრდილმა და მატლმა შეჭამოსო? ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, ოღონდ თანამედროვე პირობებში ვითარება კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ კაცობრიობამ შექმნა ბრძოლის ახალი ფორმა – ინფორმაციული ომი. ქვეყნებისა და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება დღეს ძირითადად ამ საშუალებით ხორციელდება, მომავალში კი მას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ თავის დროზე სათანადოდ ვერ აუღო ალღო ამ ახალ მოვლენას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტებში, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჯეროვნად ვერ წარმოაჩინა თავისი სიმართლე და ინფორმაციულ ომშიც წაგებული აღმოჩნდა.
მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია; საჭიროა მთელმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ქართველმა დიასპორებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მსოფლიომ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს ჩვენი ისტორიის, კულტურისა და დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ სხვადასხვა უცხო ენაზე შეიქმნება ინტერნეტ-გვერდები, გამოიცემა ბროშურები და წიგნები, გაიმართება შეხვედრები და კონფერენციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაშიც დიდი როლის შესრულება შეუძლიათ უცხოეთში ამჟამად მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
მოხარულნი ვიქნებით, თუ ისინი ხელისუფლებასთან ერთად ჩვენც დაგვიკავშირდებიან და ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვიმოქმედებთ.
მკვდრეთით აღდგომილო მრავალმოწყალეო უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, ჯვარსა შენსა თაყვანსავცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. წინაშე შენსა მუხლმოდრეკილია მრავალტანჯული, მრავალვნებული, მაგრამ შენს მიერ კურთხეული ქართველი ერი და ჩვენ, ძენი და ასულნი საქართველოისანი, აღვიარებთ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა. შენი მოწყალე თვალით გარდამოიხილე, ღმერთო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, და შეგვინდევ ცოდვანი ჩვენნი, წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი.
შვილთა ჩვენთა მიანიჭე სიბრძნე და კეთილგონიერება და არ მოუშალო პატივისცემა მშობელთა; სრულასაკოვანთა განუხვენ თვალნი გონებისანი, რათა გიცნან შენ, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; სიბერე მათი ტკბილ ჰყავ და განაძლიერე, რათა იხარონ კეთილითა ნაყოფითა ძეთა და ასულთა თვისთა.
ურწმუნოთ და სულმოკლეთ განუხვენ სულიერნი თვალნი; შეცდომილნი და ცოდვით დამძიმებულნი შეიწყნარენ, ვითარცა უძღები შვილნი და შეაერთენ წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა; უძლურნი განკურნენ, საპყრობილესა და ტყვეობასა შინა მყოფნი - განათავისუფლენ, ობოლნი და ქვრივნი დაიცევ და მიჰმადლე მათ პური არსობისა; უცხოეთსა შინა მყოფნი ქართველნი მშვიდობით დააბრუნე.
სულნი გარდაცვალებულთა მამათა და დედათა, ძმათა და დათა ჩვენთა საყოფელთა მართალთასა დააწესენ; წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა, ღვთივკურთხეული საქართველო იხსენ შიდა დაპირისპირებისაგან, უცხო თესლთა მოსვლისაგან, სიყმილისა, მიწის ძვრისა და სხვა ყოვლისა ბოროტისაგან.
ღვთივკურთხეულო საქართველო, ისმინე ხმა უფლისა ჩვენისა და აღასრულე მცნებანი მისნი; წინაშე შენსა ღია არს კარი სასუფეველისა. ივერნო – გორგასლიანნო, დავითიანნო, თამარიანნო, მუდამ გახსოვდეთ პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა და მამულისა. არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ განსაცდელს; ჯვარი, რომელიც გვიბოძა უფალმა, ბოლომდე უნდა ვიტვირთოთ და ჩვენი მისია აღვასრულოთ.
ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიფარეთ და დაიცავით სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარნი საქართველოისანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი ჩვენი იყოს მწყემსი ჩვენი.
მოძღვარნო და მასწავლელნო ჩვენნო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნო, დიდია თქვენი ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე, თქვენი ლოცვით განაძლიერეთ მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი, რათა იგი იყოს მტკიცე შემაკავშირებელი და მაცხოვნებელი ძალა ჩვენი ერისა.
წმინდა მღვდელმთავარნო, მოწამენო, ღირსნო მამანო, მნათობნო სოფლისანო, მეოხ გვეყავით, რათა შევიცნოთ თავნი ჩვენნი, განვაგდოთ შური და ურთიერთშუღლი და მოგვანიჭოს უფალმა განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; ამპარტავნება ჩვენი შეცვალოს თავმდაბლობით, მტრობა და მრისხანება – სიყვარულით, ცრემლი და მწუხარება – სულიერი სიხარულითა და ამაღლებით, რათა მოხდეს ჩვენი სულიერი ფერისცვალება და საქართველოს განბრწყინვება.
ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ძე და ასული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რათა ეკლესიის ლოცვით უფლის აღდგომის თანაზიარნი გავხდეთ და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა.
სულიერი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ პასექის დიდებულ ზეიმს.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2006 წ. გახსოვდეთ პასუხიმგებლობა წინაშე ღმრთისა და


სააღდგომო ეპისტოლე - 2018

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„დაინთქა სიკვდილი ძლევითა!“ (ფს. 25.8)

ქრისტე აღდგა!

მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ

ქრისტე აღდგა!

აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავებაჲ.
„სად არიან დამბეჭდველნი საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?“
„სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“
მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.
„ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდებაჲ მოსვლასა შენსა, დიდებაჲ ჯვარცმასა შენსა, დაფვლასა და აღდგომასა“.
დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.
მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით ქრისტესთან შეერთებულს სურს, მასთან ერთად აღდგომა;
მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ შევახსენებთ შემდეგს:
ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა ხორციელდებოდა.
ამასთან, ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღვთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.
ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღვთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.
მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება, ერწმუნნენ შურით აღძრულ ბოროტ ძალას და მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.
ასეთმა ქმედებამ ისინი ღვთის მადლს განაშორა, გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი და ეს მდგომარეობა შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცათ.
დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.
ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.
ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია. დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა... ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;
გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.
ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.
შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.
ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.
ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.
კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე სხვა ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.
ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.
ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, - კანონმდებელთ.
მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.
ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.
რა სიხარულია ეს?
ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.
სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.
სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.
იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, - სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)
მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.
ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
„სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;
არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.
ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.
მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს...
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!
და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.
როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?
უფლის სამეფო არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღგვიდგინა.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა ზეციური სასუფევლისა.
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.
ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.
გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)
მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფება), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“.
ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.
თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.
სიყვარულია, - რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
- ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფლობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.
მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.
ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი ... მოვიდა ... მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი: „მრწამს იგი, - ქრისტე, - ვითარცა მეუფე და ღმერთი“).
ქრისტე, - მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!
სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური.
შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.
ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, - მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;
სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.
ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.
ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორი ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.
მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.
დღეს, როცა ეს ტაძარი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა: „შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).
„შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!“
ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო ... ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი,
8.04.2018 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სიტყვა მესამე გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე

როცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის ჩასვლისას იწყებოდა და ცისკრის ჟამამდე გრძელდებოდა.
როცა ჩემი ნეტარხსენებული მოძღვარი იოსები მონაზვნური ცხოვრების წესებს გვასწავლიდა, განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას შინაგანი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე. რადგან მისი ცხოვრება ლოცვისთვის განუწყვეტელი თავის იძულება იყო, ჩვენგანაც მოითხოვდა შეძლებისდაგვარად გვეიძულებინა თავი, რომ ღრმად ჩაგვებეჭდა გონებასა და გულში უფლის სახელი, რომელიც სულიერი შენობის ქვაკუთხედია.
ძილის შემდეგ, – გვეუბნებოდა მამა იოსები, – ადამიანის გონება დასვენებული და სუფთაა, მზად არის, რომ მივაწოდოთ პირველი სულიერი საკვები – სახელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
რადგან ბოროტმა ეს იცის, გაღვიძებისთანავე ცდილობს ელვის სისწრაფით ჩათესოს თავისი ბოროტი გულისსიტყვების ღვარძლი, რომ მისი დაფქვით დაიწყოს მუშაობა მეხსიერების წისქვილმა და მისი ბრუნვის ხმაური ბოროტის ლოცვის ხმად გაისმოდეს.
იმ ადგილს, სადაც დასაფქვავ ხორბალს, ქერს, სიმინდს ან სხვა მარცვალს ყრიან, მეწისქვილეები თავიანთ ენაზე ხვიმირს ეძახიან. ზევით ღია და ფართო ხვიმირი ქვევით ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის მარცვალს აძლევს საშუალებას დოლაბზე რიტმულად ჩამოიყაროს.
ამრიგად, რაც ხვიმირში ჩავარდება, დოლაბებს შორის გაივლის და დაიფქვება. მაგრამ იმისთვის, რაც შედის გულში – სადაც ადამიანის გულისთქმებია თავმოყრილი – არ არის აუცილებელი გონების დოლაბებს შორის გავლა. „გულისაგან, – თქვა უფალმა, – გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი“ (მათ. 15, 19), ისინი ზემოთ ადიან, სათითაოდ გაივლიან და იფქვებიან. რაც უფრო არაწმინდა და მიწიერია გული, მით უფრო სამარცხვინო და საზიზღარია გულისსიტყვები.
ამრიგად, ამღვრეული გულისსიტყვების ნაკადი გონებაში რომ არ ავიდეს და გული განიწმინდოს, როგორც ეს მის შემოქმედს სურს, ჩვენი გონება შინაგანი ლოცვით გულის ზეცაში ჩაგვყავს. ამგვარად ვნებების ადგილს, სადაც სატანა არაპირდაპირი გზით თაყვანცემულია, ღვთის წმინდა ტაძრად, წმინდა სამების სამკვიდრებლად გადავაქცევთ.
სიტყვებით გამოსახული ეს სქემა უბრალოა, მაგრამ მისი გამოყენება ადამიანის მთელ ძალებს მოითხოვს ღვთის მადლის უსაზღვრო შეწევნასთან ერთად. ვინაიდან ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავს გვთავაზობს და თანაც გვთხოვს: „მომეც, ძეო, შენი გული“ (იგავ. 23, 26), საჭიროა ჩვენც მთლიანად მივუძღვნათ და მორჩილებით მოვუდრიკოთ თავი ჩვენი მღვიძარე მამების ასკეტურ კანონებს.
მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას.
ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვის, რადგან ჩვენი მღვიძარება შუაღამემდე ბევრად ადრე იწყება, ვიტყვით „წმინდაო ღმერთოს“, სარწმუნოების სიმბოლოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ღირს არსს“ და ჩვენი ლოცვის ადგილზე დავჯდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით – სკვნილით ხელში.
დაჯექი შენს პატარა სკამზე? – ამბობდა მამა იოსები, – ერთი წუთით! ნუ დაიწყებ ამ მეთოდით ლოცვას, სანამ გონებას არ მოიკრებ, არ დაფიქრდები სიკვდილზე და კიდევ იმაზე, თუ რა მოსდევს მას.
წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა. ყველა დანარჩენმა დღემ და ღამემ, დარწმუნებული ხარ, რომ უკვე ჩაიარა და შენი ცხოვრების ამ ზღვრამდე მოგიყვანა. ღამე, რომელიც წინ გაქვს, არ იცი, გაგითენდება თუ არა და მომავალ დღეს იხილავ თუ მოახლოებულ სიკვდილს მიგცემს ის ხელში. რამდენი გარდაიცვლება ამ ღამეს! რა იცი, რომ შენც მათ შორის არ იქნები?
მაშ, იფიქრე, რომ სულ მალე ამ ქვეყნიდან გასვლისას ანგელოზები ან დემონები მოვლენ და შენი საქმეების მიხედვით შენს სულს მოითხოვენ. მწარე ბრალმდებლები – ეშმაკები, სიკვდილის ჟამს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების საქმეებს წარმოადგენენ და სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებენ. ანგელოზები ჩვენ მიერ აღსრულებულ ღვთისთვის სათნო საქმეებს უპირისპირებენ და ამ წინასწარი სამსჯავროთი განისაზღვრება სულის მსვლელობა. ამას მოჰყვება საზვერეები, მსაჯულის საშინელი სამსჯავრო და ბოლოს – განაჩენი.
და თუკი მთელი ამ სასამართლო პროცესის შედეგი ჯოჯოხეთი იქნება, მაშინ რას იზამ, უბადრუკო სულო? რას მისცემ მაშინ, თავი რომ დაიხსნა? „მოეგე თავსა თვისსა“, როგორც უძღები შვილი (ლუკ. 15, 17), რომელმაც შეინანა და ითხოვა შეწყალება მრავალმოწყალე ღვთისგან. რის გაკეთებასაც მაშინ ისურვებდი, ახლა გააკეთე. შესცოდე? შეინანე, რამეთუ „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი“ (2 კორ. 6, 2).
თუკი ამგვარი ფიქრით, სურათებისა და წარმოსახვის გარეშე, ადამიანი სულ ცოტა ხნით მაინც დააკავებს გონებას, მას სინანული ეძლევა, მისი გული ცვილივით რბილდება და გონება აღარ ეფანტება. სიკვდილის ხსენებას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებას და გულში ღვთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო შენი „ერთფრაზიანი“ უწყვეტი შინაგანი ლოცვა.
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული.
ლოცვის წრიული ბრუნვა გულის არეში იმდენად აფართოებს მის საზღვრებს, რომ წარმოიქმნება მეორე ზეცა – გულის ზეცა, რომელსაც შეუძლია დაიტიოს დაუტევნელი.
გულის საყდრის გამო სასტიკი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ბოროტი იმოქმედებს ვნებებითა და მათგან მომდინარე კვამლით, ანუ ლოცვის საპირისპირო სხვადასხვა გულისსიტყვით და რამდენადაც მარხვა, ლოცვა, მღვიძარება და სხვა ასკეტური საშუალებები მას საყრდენს გამოაცლის, მით უფრო გამძვინვარდება და ეცდება – ღვთის დაშვებით – ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაცდელით, ჭირით, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს თავისი ბოროტება და ცბიერება. თუმცა, ზეციერი მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს. ჭირის დათმენით ისე უნდა გავახაროთ უფალი, როგორც დავამწუხრეთ ცოდვით მოხიბლულებმა. მაშინ ხარობდა ეშმაკი და წუხდა ღმერთი, ახლა კი დროა, განიხაროს ღმერთმა და დამწუხრდეს, განჰსქდეს ეშმაკი.

„ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა, გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა“ – შენიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, – „რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე“.
მსგავს რჩევებს გვაძლევს ყველა წმინდა მამა, თითოეული საკუთარი გზითა და სიტყვებით, გამომდინარე მათი ბრძოლისა და გამარჯვების გამოცდილებიდან მტერზე, რომელიც უწყვეტი გონიერი ლოცვით სრულიად ძალაგამოცლილი და დაუძლურებულია.
– „ძმანო, მარად ქრისტეთი ისუნთქეთ“ – შეგვაგონებს უდაბნოს უდიდესი მეცნიერი ანტონი დიდი.
„მარად იხსენებდე ღმერთს და შენი გონება ზეცად გადაიქცევა“ – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესომ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავისი სახიერებით, ვნებითა და აღდგომით.
ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს ყველა ამქვეყნიური სიამოვნებისგან და ბოლომდე მამაცურად აღუდგება წინ სოფლისმპყრობლის ზეგავლენას, აქ, ამ ცხოვრებაშივე წინასწარ გაიგებს ცათა სასუფევლის სიკეთის გემოს. აზრების დამშვიდება, მშვიდობა გულში, ტკბილად მომდინარე ცრემლები, გონების ცად აღტაცება, საიდუმლოთა წვდომა, უსაზღვრო სიყვარული, ღვთის გონიერი ჭვრეტა, სრულყოფილება „რაოდენ-იგი ხელეწიფების კაცობრივსა ბუნებასა“ – ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის სისტემატური, ხანგრძლივი, გულმოდგინე, შეუპოვარი ღვაწლით.
მაგრამ მუდმივი გონიერი ლოცვა რომ შესმენილი იყოს, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.
რაც შეეხება მორჩილებაში მყოფ მონაზონს, მას მტკიცე მორჩილება მართებს თავისი მოძღვრისა, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების ხილული სახეა. ასევე ევალება ყველა ქრისტიანს თავისი ცხოვრება სულიერი მოძღვრის მითითებებით წარმართოს და დაემორჩილოს ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს, რათა თითოეულმა თავისი გულისთქმებისა და ნება-სურვილის არასწორი გზით არ იაროს, როგორც გვირჩევს და გვაფრთხილებს წმინდა წერილი.
პატერიკში აბბა მინოსის ძალზე მარტივი და მრავლისმომცველი აზრია მოყვანილი: „მორჩილება მორჩილებისა სანაცვლო არს. უკეთუ ვინმე დაემორჩილოს ღმერთსა, ღმერთიცა მორჩილ ექმნას მას“. აბბა ისაია კი ამას უფრო ვრცლად განმარტავს: „შეუძლებელია ღმერთმა არ შეისმინოს ადამიანის, თუ თვით ადამიანი არ ეურჩა ღმერთს. რადგან ღმერთი შორს კი არ იმყოფება ადამიანისაგან, არამედ ჩვენი ნება არ აძლევს საშუალებას, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა“.
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა!
თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
თუკი ღამით ლოცულობ, დღისით კი დაუდევრად ცხოვრობ, ეს იგივეა, რომ ერთდროულად აშენებდე და თან ანგრევდე.
თუ უგულებელყოფ მცირე შეცდომებს, მაშინ ნამდვილად დიდ ცოდვებში ჩავარდები. ფრთხილად იყავი.
შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს. უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. „მადა ჭამაში მოდისო“ და ლოცვაც ლოცვით იშვება.
აღასრულებ მორჩილების საქმეს, შრომობ? გაიხსენე წმინდა მამები, რომლებიც საქმიანობისას საკუთარ თავს ეუბნებოდნენ:

„სხეულო, გაისარჯე საზრდელისთვის,
სულო, იღვიძებდე ცხონებისთვის“.


გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა და ნუ უქმადმეტყველებ, რადგან ამით საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზიანებ.
აბბა ფილიმონი ამბობს: „ბევრი წმინდა მამა ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მათ, ამიტომ ისინი მდუმარებით იცავდნენ თავს და არავის ესაუბრებოდნენ“.
დროის დაკარგვას სჯობს ილოცო და რაც მეტად მოდის შენთან მოწყინება და უდებება, მით მეტად გეშინოდეს იმ აღნათქვამის, რომლითაც უფალმა ბოროტ და ზარმაც მონას მიმართა (მათ. 25, 26, 30).
თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი.
ნუთუ შენი უდებებით მოიწონებ თავს იმ დროს, როცა სხვები თავიანთი შრომისთვის გვირგვინებს მიიღებენ?
მცირედ გაისარჯე, ძმაო, ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწყინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას, რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხიარულება, როგორც ანგელოზთა სიტკბოება, როგორც იმქვეყნიური დაუღამებელი ნათელი, რომელსაც ქრისტე, ნათელი სოფლისა ლოცვით შემოსული, მოგანიჭებს ჯერ კიდევ ამ სოფლიდან გასვლამდე. განა ასე არ ხდებოდა მამებთან და რატომ არ შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც, თუკი ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უდებება არ გახდება ამისთვის დაბრკოლება?
ჩემი მოძღვარიც ამბობდა: მცირედ გაისარჯე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და როცა ამის დრო მოვა, იმაზე გაცილებით მეტი მოგცეს, ვიდრე გაისარჯე ან ითხოვე. წმინდა ისააკ ასურის სიტყვებსაც ნუ დაივიწყებ: „ეშმაკი ჯერ იმისთვის იბრძვის, რომ გაანადგუროს უწყვეტი შინაგანი ლოცვა, შემდეგ მონაზონს დაარწმუნებს, რომ ის დროც უგულებელყოს, რომელიც ლოცვის კანონისთვისაა განკუთვნილი; ლოცვის კანონი კი ღვთის თაყვანისცემითა და მუხლთადრეკით აღესრულება".
მაშ, ნუ უსმენ, რასაც უდებება ჩაგჩურჩულებს და თუ გსურს ღმერთმა შენი შეცდომები დაფაროს, შენც დაფარე შენი ძმის შეცდომა და მოუთმინე მას განსაცდელისა და ტკივილის ჟამს.
ნუ შეეპასუხები და ნუ დაფარავ გულისსიტყვებს შენი სულიერი მამისგან, თორემ მთელი ცხოვრება ამაოდ იშრომებ და უნაყოფო იქნება შენი ლოცვა.
თუ გულწრფელი აღსარებით არ განიწმინდავ თავს, როგორ მიეახლები საზიარებლად უხრწნელ და ცხოველმყოფელ ქრისტეს საიდუმლოს? არ გსმენია, რომ ვინც ღირსეულად ეზიარება, ცხოვრებად ექცევა, უღირსად მაზიარებელს კი სიკვდილად?
ნუ იტყვი, როგორც სხვა, ისე მეო, რადგან ეს უგუნური ნათქვამია, მსაჯული კი არ ტყუვდება.
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა და მაშინვე უნდა განაგდო, რადგან ის ლოცვის ძაფს გაწყვეტს. ყოველი გულისსიტყვა კი, რომელიც სულში სიხარულითა და ცრემლით შეზავებულ ზომიერ მწუხარებას შობს, ღვთისგანაა. უფლის მადლი სინანულისკენ მიუძღვის ადამიანს და სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვარდება.
აროცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის


სააღდგომო ეპისტოლე - 2004

ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა სჭირდება

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს:

მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აღგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბ. სოლ. 4, 7-8).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონაზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს გარეთ დროებით მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო: "კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"
მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს:
ქრისტე აღდგა!
უფალი ბრძანებს: "... ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი" (ინ. 18,37). ჭეშმარიტება! რა ახლოსაა და, ამავე დროს, რა მიუწვდომელია იგი. ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.
მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14,6). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (I კორ. 15,14).
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სამართლიანად მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შეძლებოდა.
ამქვეყნად ცოდვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება მას ადრე მანკიერებად აღიქვამდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. დღეს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ უფლის მცნებების დარღვევა მიუღებლად აღარ მიიჩნევა, პირიქით, საჯაროდ ხდება ცოდვის პროპაგანდა და მას ადამიანისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ თვისებად წარმოაჩენენ. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ფილოსოფიური ტერმინი – "ხრწნილებისადმი შეგუება".
დიახ, დამკვიდრდა ე.წ. "თავისუფლება", ანუ პრინციპი – "ყველაფერი ნებადართულია". ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი წერს: "ადამიანმა შეიყვარა ცრუ თავისუფლება. ამგვარ თავისუფლებას ის უჩვეულო დაჟინებით ესწრაფვის და მის გარეშე უკვე აღარაფერი სურს".
ამ ზღვარდაუდებელი "თავისუფლების" სახელით დღეს ურცხვად გვთავაზობენ გარყვნილების ლეგალიზაციას, ბავშვების გახრწნას, უხამს კინოპროდუქციას; შეუძლებელია არ გაგაოცოს ძალადობის, ყაჩაღობის, მკვლელობის პროპაგანდამ, ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობამ, რაც ჩვენს დაბალ კულტურასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფლება, ეს არის მონობა ცოდვისა და მანკიერებისა, ესაა გზა თვითგანადგურებისა და სულიერი სიკვდილისა.
აღნიშნული საკითხი არა მარტო ზნეობრივი პრობლემაა, არამედ სახელმწიფოებრივიც. მორალის გარეშე დარჩენილი საზოგადოება ძლიერ ქვეყანას ვერ ააშენებს. ამიტომაც ანიჭებენ ამ საკითხს ცივილიზებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ეს თემა ჩვენი საზოგადოებისთვისაც მეტად მტკივნეულია. მასზე ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ადრინდელმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება, რომლის ნდობაც ხალხს დიდი აქვს, გაითვალისწინებს მოსახლეობის ფართო ფენების დამოკიდებულებას და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე საჭიროებს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის საკითხი. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საუბარი სასწავლო პროგრამების განახლებასა და ახლის შემუშავებაზე.
ბოლო დროს მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია ბავშვების სექსუალური აღზრდის პროექტმა. ის, რაც კულუარულად იყო ცნობილი, ალბათ, ვერ განხორციელდება საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო. ჯერ-ჯერობით უცნობია მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სასწავლო პროგრამებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ უნდა დაეკისროს; განათლების რეფორმა პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და, რადგან საქმე ერის მომავალს ეხება, მისი განხილვა ფართო საზოგადოებრიობის მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
კარგად გვესმის, რომ არ შეიძლება მხოლოდ ძველი სტერეოტიპებით ცხოვრება. ჯერ კიდევ რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ახალი ღირებულებების შეთვისებისას, არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციული და ზნეობრივი ფასეულობანი.
ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურისა და ქცევის წესების შესწავლას. დღეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია უგულებელყოფილია და მისთვის მხოლოდ ოჯახი ზრუნავს. საჭიროა აღზრდის საერთო მეთოდით ხელმძღვანელობდეს და ურთიერთკავშირში იყოს ოჯახიც, ეკლესიაც და სასწავლებელიც, ანუ გამთლიანდეს ის გარემო, სადაც მოზარდი ყალიბდება.
ცნობილი ხელოვანი, შესანიშნავი მკვლევარი, წარმატებული ფერმერი, ან ბიზნესმენი, კარგი მუშა ან ნიჭიერი ახალგაზრდა როგორც ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს ზნეობრივი პიროვნება. სულიერი ღირსებების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი ფასს კარგავს და მისი არსებობა ქვეყანას დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს. იმედია, ჩვენ არ გვსურს ასეთი თაობის აღზრდა.
როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს. ამიტომ მინდა, შევჩერდე სასულიერო პირის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე.
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.
ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი ამ საკითხზე: "ჩემი აზრით, ამგვარი მდგომარეობა აღმაშფოთებელია, რადგან ძალადობა პიროვნებას სულიერად ამახინჯებს, ამიტომაც, უკიდურესად მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს, - რადგან ბერობაც და ოჯახის შექმნაც ადამიანის თავისუფალ ნებას და გონივრულ მიდგომას საჭიროებს".
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მონასტრის წინამძღვარსა და მის მორჩილებაში მყოფ სასულიერო პირთა შორის ურთიერთობები განსხვავდება სამღვდელოებასა და მის მრევლს შორის დამოკიდებულებისგან. ეს განსხვავება კი იმას გულისხმობს, რომ მოძღვრები თავიანთი სამწყსოს სულიერი მრჩევლები არიან და არა მათი ბედის განმკარგველნი, "სიყვარულით მწყსიდეთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს და ნუ ეუფლებით მას," – გვმოძღვრავს პავლე მოციქული.
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შეაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია: ისინი, სხვადასხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშსა და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი ადამიანებს არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო უნდა კრებდეს.
არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც მოძღვარი თავის მრევლს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ იგი თითქოს სხვებზე უფრო მადლმოსილი იყოს, რითაც სხვა მღვდლებისადმი ნებსით თუ უნებლიეთ, უნდობლობას უნერგავს. როგორც კი მოძღვარს ვინმე ამგვარ დამოკიდებულებას შეამჩნევს, უნდა განშორდეს მას და სხვას მიმართოს.
ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.
გახსოვდეთ, თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
მინდა, შეგახსენოთ მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან: ღირსმა ანტონი დიდმა, ეგვიპტეში ბერ-მონაზვნური ცხოვრების დამაარსებელმა, შეიტყო, რომ თებეს უდაბნოში მოღვაწეობდა წმიდა ბერი პავლე თებაიდელი. მოხუცებულობის მიუხედავად იგი თებეში გაემგზავრა, რათა მისგან კურთხევა და წმიდა ლოცვები გამოეთხოვა. პავლე თებაიდელი დაყუდებული იყო და საერთოდ არავის იღებდა, მაგრამ ანტონი დიდის თხოვნამ თავისი ქნა და კარი გააღო. ორი ცრემლმორეული მეუდაბნოე ერთმანეთს გადაეხვია, მათ ერთმანეთი არასოდეს ენახათ, მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთს სახელებით მიმართეს და როგორც უახლოესმა სულიერმა ძმებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
პავლე თებაიდელის სიწმიდითა და სულიერი სიმაღლით შეძრული, უდაბნოში უკან დაბრუნებული ანტონი დიდი გოდებით ამბობდა: "ჰოი, როგორი უბადრუკი და გლახაკი ცოდვილი ვარ! მე ვიხილე ილია, ვიხილე იოანე უდაბნოში, ვიხილე პავლე სასუფეველში".
ასე სწუხდა თავისი უღირსების გამო ეს უდიდესი მოღვაწე ბერი, მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანისთვის თვითონ იყო საოცარი მაგალითი სიმშვიდისა, სიწმინდისა, ღვთივგანბრძნობილობისა, მარხვისა, ლოცვისა და სხვა მრავალ სათნოებათა.
ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12). დღეს კი საზოგადოებას დაახლოების ახალ საშუალებას – გლობალიზაციას სთავაზობენ. როგორც თ. დოსტოევსკი ამბობს: "კაცობრიობის მოთხოვნილებად იქცა მსოფლიო და საყოველთაო ერთობა".
ჩვენ ყველანი ყურადღებითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს. თუმცა გლობალიზაცია, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გავიგოთ და ამის მიხედვით, მისდამი დადებითად ან უარყოფითად განვეწყოთ.
ის, რომ პატარა სახელმწიფოები უმეტეს შემთხვევაში დიდი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა დომინირებს, ფაქტია, მაგრამ ისიც რელობაა, რომ ასეთი პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში დიდი ზიანის მომტანი იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, - პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის პოლიტიკა ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, კონფლიქტური ან თავდაცვითი ტაქტიკა სამართლიან, ურთიერთხელსაყრელ და კონსტრუქციულ დიალოგად უნდა იქცეს. საჭიროა ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდეს. ვფიქრობ, ამისთვის საუკეთესო გზაა ჩვენი და უცხოელი მეწარმეებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი პროექტების შემუშავება (სადაც ქვეყნის ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული), კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობა, ცივილიზაციათა დიალოგი. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა ერის თვითმყოფადობას, მის ეროვნულ ღირებულებებს და, ამასთან, მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის გარეშე, ყველას მისცემს საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისა.
ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელია ერის გამთლიანება. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და ჩვენმა ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების 65 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში. ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას. დღესაც, თბილისსა და აჭარას შორის წარმოქმნილი პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულმა ძალებმა სცადეს ქართველებსა და აჭარლებს შორის დაპირისპირებად წარმოეჩინათ. ამ პროვოკაციას ჩვენმა ხალხმა, მათ შორის აჭარის მოსახლეობამაც, საკადრისი პასუხი გასცა, - ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, გვაქვს ერთი კულტურა და ერთი ისტორია. ჩვენი განუყოფელი ნაწილია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.
როდესაც ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, თავისთავად დგება საკითხი ეკლესიის როლის შესახებაც. მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
საუკუნეთა მანძილზე ბოროტი ძალა სხვადასხვა სახით ებრძოდა ქრისტეს ეკლესიას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია "სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა" (I ტიმ. 3,15).
წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: "შენ ხარ კეთილაღნაგი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი" (გრ. დიაჩენკო, "სარწმუნოება", გვ. 176).
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.
სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
მაშ, დავივიწყოთ მიწიერი განსაცდელი და ამ წარმავალი წუთისოფლიდან თვალი მარადიულობას მივაპყროთ. მოვიგონოთ ჩვენი მშობლები და კეთილმორწმუნე წინაპრები. დაე, მარად გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა. პატივი მიაგეთ მათ, ხოლო თუ ისინი გარდაცვლილნი არიან, მაინც ჩვეულებრივ ესაუბრეთ და დახმარებაც სთხოვეთ. გახსოვდეთ, მათ ყოველივე ესმით, კვლავინდებურად უყვარხართ და ლოცულობენ თქვენთვის.
სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი წერს: ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი დამტევნელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია – მარადიული.
თქვენდამი სიყვარულით გამთბარი გულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს.
ქრისტე აღდგა!
დაე, სიხარული სუფევდეს თქვენს სულში.
ვილოცოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლოს მშვიდობის, ერთობისა და კეთილდღეობისათვის. ვილოცოთ მსოფლიოს მშვიდობისთვისაც. უფალი შეისმენს ჩვენს ვედრებას, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2004 წ. ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა


სააღდგომო ეპისტოლე - 2011

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.
"დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი", შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. "სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!"

ქრისტე აღდგა!

ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა - თავიანთ სამწყსოებს და, აი, უკვე მრავალი საუკუნეა, მილიონობით ადამიანი ხმობს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
მაინც რას ნიშნავს უდიდესი საიდუმლოებით მოცული ეს სასწაული, ანუ რა არის მიზეზი ჩვენი ასეთი ბედნიერებისა?
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფის მისკენ და ადიდებს მას.
ფსალმუნში ვკითხულობთ "აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა; აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი... აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაჲ, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყვნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი"(ფს. 148, 1-4,7-11).
ამ ღავთაებრივ ჰარმონიას ურჩობისა და ამპარტავნების გამო თავისი ნებით განეშორა პირველქმნილი ადამიანი; თუმცა შემოქმედს მასზე ზრუნვა არ მიუტოვებია. ეს მდგომარეობა ბასილი დიდმა ასე გამოხატა: "შენ მარადის მწყალობ და მე განგარისხებ, შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები, შენ მხადი და მე გელტვი, ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრებაი ჩემი".
და აი, თითქმის 2000 წლის წინ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ყოვლადდაუტევნელმა განკაცება ინება და კაცობრივი ბუნებით სიკვდილს დაექვემდებარა, ჯოჯოხეთში შთავიდა, რათა მართალთა სულნი ეხსნა და კაცობრიობისათვის დახშული ზეციური კარიბჭენი აღეხვნა. რა შეედრება იმ განძს, რაც მან ამ წუთისოფელში დროებით მყოფ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა?! როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ამ გამაოგნებელი თავგანწირვის, სიყვარულისა და მოწყალებისადმი?!
უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონდ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგ არ დავინთქათ. ამ სასწაულთა სასწაულს ვზეიმობთ ახლა. ამიტომაც სიხარულითაა მოცული დედამიწა; ჩვენს გამო ხარობს ყოვლადწმიდა სამება და ანგელოზთა დასი, რადგან ხორციელი სიკვდილი აღარ არის მხოლოდ ჯოჯოხეთის კარიბჭე, არამედ იგი მორწმუნეთათვის წარუვალ ნეტარებაში აღმყვანებელ საშუალებად იქცა. ამიერიდან ესა თუ ის პიროვნება ან ეშმაკის და მისი ანგელოზების ხვედრი შეიქმნება და მარადიული ტანჯვისათვის გაიწირება, როგორც ეს ადრეც იყო, ანდა უფლისა და ანგელოზთა წიაღში დამკვიდრდება. სხვა არჩევანი არ არსებობს.
ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.
პაისი ათონელი წერს: "თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".
წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ აბსოლუტურად ბოროტი და ცოდვილი კაცი არ არსებობს და რომ ყველაზე უარეს მათგანშიც კი არის რაღაც ნაწილი სიკეთისა. მაგ., თუ მას გულწრფელად უყვარს შვილები, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, უყვარს თუნდაც ცხოველები ან ბუნება, ე.ი. მასში არის ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ათბობს და ანათებს მის დაბნელებულ სულს; ყველას ვალია, ეს ნაპერწკალი საკუთარ თავში გააღვივოს და ღვთაებრივ ცეცხლად აქციოს.
საერთოდ, ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ. გული არის სულის სავანე, სული კი ­- ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. მთავარია, ყური დავუგდოთ მას. მაგრამ ადამიანთა ნაწილი სწორედაც რომ საპირისპიროდ იქცევა, - ცდილობს ჩაახშოს იგი; სხვის დასანახად ვითომ ემსახურება უფალს, გული კი განშორებული აქვს ღვთისაგან. მაცხოვარი ბრძანებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა?.... და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 7,20-23). ღმერთმა გვიხსნას ამ მდგომარეობისაგან.
და მაინც როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი? ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი...".
ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები. საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ორს, ზოგს - ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს, ესაა მისი პასუხისმგებლობა, ნაწილს, - ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა; სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და ამ დონის მსახურება ევალებათ.
იერარქიის არსი ქრისტიანობაში, სხვებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის ზრუნვას გულისხმობს.
უფალი ბრძანებს: ვინც თქვენს შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, - ყველას მონა"; და ამის უდიდესი და უთვალსაჩინოესი მაგალითი, პირველ რიგში, თვითონ მოგვცა. ასეთი დამოკიდებულება მოეთხოვება ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პიროვნებათა თანასწორობისა და ღირსების დაცვისა სწორედ ქრისტიანულ სწავლებას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთთათვის ეს ცნებები უკვე განსხვავებულ შინაარსს ატარებს.
რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც, რასაც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ტირანიას უწოდებს და რაც ზემდგომთა ბატონობასა და ძალადობაზე და ქვეშევრდომთა მონურ ყოფაზეა დამყარებული. ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს.
მაგალითად, ავიღოთ ქრისტიანული ოჯახი; ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე, ხოლო, თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს.
ოჯახის სიმტკიცისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ზნეობრივი გარემოს შექმნას. პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვისაც და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მე ადრეც მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, ყოვლადაუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება. რაც შეეხება ზნეობრივ გარემოს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული.
სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე, დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება... არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. "სუროგატი დედების" ინსტიტუტის შექმნა" უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება. ასეთი ადამიანები მოყვასს მოიაზრებენ მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელების საშუალებად, რაც მადლიერების გრძნობასაც გამორიცხავს და, ამასთან, აყალიბებს ისეთ დამოკიდებულებას, როცა სხვისი გამეტება და სიცოცხლის ხელყოფა ეადვილებათ. თუმცა ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა შორისაც ვხედავ ბევრს ისეთს, რომელნიც, უფლის წყალობით, შეცვლიან თავის ცხოვრების წესს და ჭეშმარიტი სიკეთის მთესველნი გახდებიან. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან. საერთოდ, ყველა ერს თავისი იდეა აქვს.
რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?
ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით - ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.
დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!" და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: "ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი".
ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების", ხოლო, ენასა ამას შინა "ყოველი საიდუმლო დამარხულ არს" (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება". დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.
ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად" (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა.
ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს... ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასამკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: "უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ..., სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის..., უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ..., თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან" (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი.
სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, - ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა...
ჩვენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და საერთო წმინდანების მიმართ ვლოცულობთ. მათი შეწევნით, ვიმედოვნებთ, მტერი ვერ გაგვთიშავს. აფხაზეთის მიტროპოლიტად კათოლიკოს-პატრიარქის დადგინებაც ჩვენი გაყოფის მოსურნეთა საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე განსაკუთრებით ვლოცულობ თქვენთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს უშუალო სამწყსოს - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, საქართველოს ყველა კუთხის შვილს, ვულოცავ ჩვენს მართლმადიდებელ სამწყსოს: ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, იეზიდებს, აზერბაიჯანელებს, მცირერიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს... უცხოეთში დროებით მყოფ თანამემამულეთ, აგრეთვე ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, ფერეიდანის, მაზანდარანის, ჰერეთის მკვიდრთ და უფალს თქვენთან ერთად შევღაღადებ: "აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩუენცა ღირს მყვენ ქუეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა!"

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!


სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2011 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2019

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ „მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს“, რაც ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“ (ესაია 7,14) და რომ იქნება „სახელი მისი დიდისა განზრახვისა ანგელოზი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნეთა“ (ესაია 9, 5-6).
2019 წლის წინ აღსრულდა ქვეყნიერების მხსნელის შესახებ წმინდა ესაიას ეს წინასწარმეტყველება.
ჭეშმარიტად ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სულიერად თანაზიარნი გავხდეთ ენით გამოუთქმელი ამ სასწაულისა, თუმცა ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე. ვიცით, რომ იგი „გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა“, რომ იცხოვრა კაცთა შორის, აღასრულა მრავალი სასწაული, მოგვცა ახალი მცნება და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცხონება მოენიჭებინა...
ერთი შეხედვით, მარტივად ითქმის ეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით მომხდარს, გამაოგნებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: უფალი, შემოქმედი, მეორე ჰიპოსტასი წმინდა სამებისა, რომელიც, მამის და სულიწმინდის მსგავსად, მხოლოდ საღვთო ბუნებისა იყო, ჩვენს გადასარჩენად იღებს ადამიანურ ბუნებასაც.
ყოვლისშემქმნელმა, ყოვლისშემძლემ, მარადიულმა, დაუსაბამომ, ცხოველსმყოფელმა... კაცობრივი სხეული და თვისებები (გარდა ცოდვისა) მიიღო, რათა გამხდარიყო თანაარსი ყველა ჩვენგანისა და ჩვენთვის მოენიჭებინა ცოდვათაგან განთავისუფლება და განღმრთობა.
ამიტომაც იგი, განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ, შეურევნელ ბუნებას: შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშეუწერელობასა და გარეშეწერილობას; მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავებასთან ერთად ჰქონდა მოკვდავობაც, უვნებობასთან ერთად - ვნებულობაც, უხრწნადობასთან ერთად - ხრწნადობაც.
მან, ჭეშმარიტმა სიცოცხლემ, მოკვდავობა იწილხვედრა, რათა თვისი უკვდავებით სიკვდილი მოეკვდინებინა; ბუნებით უხრწნელმა ხრწნადი სხეული შეიმოსა, რათა ჩვენი ხრწნილება განექარვებინა, ჩვენი უგუნურება საღვთო ცოდნით განებრწყინვებინა და ცოდვისადმი მონობა ცოდვაზე მეფობით შეეცვალა.
ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა!
მხოლოდ მას შეეძლო თავის საღვთო ჰიპოსტასში დაეტია ერთობა ადამიანური თვისებებისაც და უდიდესი მსხვერპლის ფასად შეემუსრა ათასწლეულების მანძილზე გამრავლებული და გამოვლენილი მთელი კაცობრიობის ცოდვის სისავსე.
ეს სასწაული ორ ეტაპად ხორციელდება:
წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოველსმყოფელობით, მეუფებით) გამდიდრება, არსობრივი თვისებების შეუცვლელად, და ჩვენ, ქრისტესთან თანაზიარებით, მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით განმსჭვალვისა.
სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთქმედებათა უნარი... რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის ამ საბოძვარს ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა.
მეორე ეტაპზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის, დაფლვისა და აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ თავისი განმღრთობილი კაცობრივი ბუნება თვისობრივად გარდაქმნა, ადამისეულ თავდაპირველ უცოდველ მდგომარეობას დაუბრუნა და, უფრო მეტიც, - თითოეულ ჩვენგანს ღვთის საუფლოს მარადიულად დამკვიდრების შესაძლებლობა მიანიჭა.
ასე რომ, ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს.
ქმნილებისადმი შემოქმედის ენითუთქმელი სიყვარულის ამ საოცარმა გამოვლინებამ მთელი ხილული და უხილავი სამყარო შეძრა: „ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერუბიმნი და ადიდებენ სერაფიმნი, - ყოველი დაბადებული დღესასწაულობს დღეს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქვეყანასა ზედა და კაცსა, - ცათა შინა; ქვესკნელსა, - ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა, - ქვესკნელად კაცთმოყვარეობით“ (ათანასე ალექსანდრიელი).
- პირველი ვინ მიეახლება ბეთლემელ ყრმას? პირველი ვინ იგრძნობს და ვინ შეეგებება მომხდარ სასწაულს?
- ძველი აღთქმის მართალი იოსები, უბრალო მწყემსნი და წარმართული სამყაროს ბრძენნი, - შორეული სპარსეთიდან (ასურეთიდან) უჩვეულო ვარსკვლავის მსვლელობას გამოყოლილი მოგვნი, რომელთაც საოცარი სიმბოლური შესაწირი, - ოქრო, გუნდრუკი და მური, - მიართვეს მას.
ოქრო - ვითარცა მეფეს, გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს, და მური - ვითარცა ღმერთკაცს, რომელიც კაცობრივი ბუნებით უნდა მომკვდარიყო და შეემურვათ.
წმინდა იოანე ოქროპირი ამ სამ ძღვენში ხედავს ადამიანისთვის უმთავრეს სიკეთეთაც: ჭეშმარიტ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, რომელთა აუცილებელი ერთობაც განაპირობებს ნებისმიერი პიროვნების უფლისკენ სწორად სვლას.
ინებოს ღმერთმა, ჩვენც, მოგვთა მსგავსად, ნელ-ნელა ავმაღლდეთ გულისხმისყოფისა და სრულყოფის კიბეზე, შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობილ ძეს ღვთისას (მასში მომავალ მეფეს და მეტოქეს ხედავდა) და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა.
საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.
ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვადასხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს.
ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა.
ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, - ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, - სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.
შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც.
თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა.
დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.
ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვაზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი.
ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: „ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს“ (მათე 5,22).
იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრ შეფასებას აძლევს ავის მთქმელთ: „ ……ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი ……ის ბილწავს მთელს სხეულს … დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. . . ასე არ უნდა იყოს“ (იაკობი 3, 6-10).
თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.
წმინდა იოანე ოქროპირი წერს: როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით; ის, ვინც ამქვეყნად ცდილობს სინანულით უწამლოს თავისი სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს, ხოლო ვინც ამ ქვეყანად შეჰხარის დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის მხოლოდ, აუცილებლად ინანებს საუკუნოდ.
პავლე მოციქული კი ბრძანებს: „ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, ხოლო სულიერნი,- სულისას…… ხორცის ზრახვა სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა, - სიცოცხლე და მშვიდობა~ (რომ. 8, 5-6).
„მეორე რჯულშიც“ ვკითხულობთ: „თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ“ (II სჯ. 30,19).
მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს.
განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე.
მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.
სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში „დედა ენის“ დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.
პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად… უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია.
სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები…
უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა.
ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის.
რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს.
სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის.
მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.
ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს.
დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.
ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა.
ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ „ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ...“ ხოლო „თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ“ (რომ. 8, 28,31)!
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ყოველნო ერნო, - ჩვენთვის „იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი“, ჩვენს ყველა სენთა და ტკივილთა დიდი მკურნალი.
ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოხლეს.
შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ, ჩინებულთ და უჩინოთ, ერსა და ბერს.
არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე.
იესო ქრისტეს მოწყალებით, ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მომადლოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.
ყველას გისურვებთ უფლის მადლით აღვსებას!
ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი
2018/2019 წწ. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საახალწლო ეპისტოლე - 1990

"ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან
იხსნნა იგინი. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა"... (ფს. 106,6-7)


ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო!
"მადლი თქუენდა და მშვიდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა" (რომ. 1,7), ამინ!
ყველას გილოცავთ კარს მომდგარ ახალ წელს.
დაე, მშვიდობიანი და კურთხეული იყოს იგი საქართველოსთვის, მთელი ქვეყნისთვის.
მარადიულობას, ისევე როგორც საწუთროს, ღმერთი განაგებს; ამიტომაც ჩვენი ლოცვა მას ეკუთვნის მხოლოდ:
ყოვლადმოწყალეო უფალო, გევედრებით, რათა "აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისაჲ სიტკბოებითა შენითა და ველნი შენნი აღავსენ სიპოხითა" (ფსალმუნნი 64,11).
დღეს ჩვენ, სიხარულით სავსენი, ბედნიერებას ვუსურვებთ ერთმანეთს.
მაგრამ სად არის ბედნიერება? არსებობს კი იგი ამქვეყნად ამდენ განსაცდელსა და მწუხარებათა შორის?
ხშირად ბედნიერებას ჩვენს მიწიერ ყოფას ვუკავშირებთ, მაგრამ ამაოდ, რადგან იქ ვეძებთ მას, სადაც ის არ არის.
მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ჩვენი ბედნიერება მარტო გარეგნულ მდგომარეობაზე: - კეთილმოწყობილ ბინაზე, ოჯახის ან პირად კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ეს იმდენად სწრაფადცვალებადი და წარმავალია, რომ მათზე იმედის დამყარება საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავს. არადა, რამდენნი არიან, ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, იმცირებენ თავს, ითხოვენ, ცრუობენ, მთელს ენერგიას ახმარენ მიზნის განხორციელებას, ხოლო როცა საწადელს აისრულებენ, იგრძნობენ, რომ ამაოდ დაშვრნენ. მიზანს მიაღწიეს, ბედნიერება კი არსად ჩანს, თანამდებობის მოპოვებასთან ერთად დიდი მწუხარება და განსაცდელი ხდება პიროვნების თანმდევი.
მაშ, სადა ხარ ბედნიერებავ, სად გიპოვოთ, შენ?
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკა 17,21), - ბრძანებს მაცხოვარი.
დიახ, ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. - ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება, ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს არის ბედნიერება არა მარტო კეთილ დღეთა, არამედ განსაცდელით სავსე ცხოვრებისაც, ეს არის ბედნიერება არა მხოლოდ სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა, ბედნიერება არა დროებითი, არამედ მარადიული.
თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს.
ერთხელ ომის დროს, საშინელი დაბომბვის შემდეგ, როცა ერთი მორწმუნე თავშესაფრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ მისი სახლისგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. ყველაფერი განადგურებულიყო, იდგა მხოლოდ როიალი. მან როიალი სხვების დახმარებით ნანგრევებიდან გამოიტანა, დადგა ქუჩაში, თვითონ მიუჯდა და დაიწყო საგალობლის დაკვრა: "მე ყოველივე დავკარგე, უფალო, მაგრამ არ დამიკარგიხარ შენ, დიდება შენდა!"
ასეთია ძალა რწმენისა.
მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...
რწმენით განათებულ ქრისტიანის გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატიობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწრაფვის ღვთისა და ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს განახლების გზით მუდმივ სვლას, მადლისა და ცოდნის განუხრელ ზრდას, ჩვენს სულში სრულყოფილების, ღვთის მსგავსების აღდგენას.
ქრისტესთვის არა აქვს მნიშვნელობა ელინი (ბერძენი) ხარ შენ თუ იუდეველი, წინადაცვეთილი თუ წინადაუცვეთელი, ბარბაროსი თუ სკვითი, მონა თუ თავისუფალი პიროვნება, რადგან მის წინაშე ყველა თანასწორია [*] (კოლასელთა 3,11).
მაცხოვარმა დაარღვია ზღუდე ადამიანებს შორის და მოციქულის პირით ასე მოუწოდა თავის მიმდევართ: "შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლეჲ, სიმშვდე, სულგრძელობაჲ; თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ" (კოლასელთა 3,12-14).
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილ საქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, არ არის ჩვენში უმთავრესი სიკეთეც - სიყვარული. სიყვარულის ნაკლებობა ისე მძაფრად არასოდეს უგრძვნია ადამიანს, როგორც დღეს. ეს შედეგია ურწმუნოებისა.
სოციალ-პოლიტიკური საკითხების თეორეტიკოსები როცა ათეიზმს ქადაგებდნენ, ვერ საზღვრავდნენ, რომ ამით პიროვნებაში ნერგავდნენ ისეთ სისასტიკეს, რომელსაც არა აქვს საზღვარი. უღვთო ადამიანი ჩაიკეტა თავის ეგოიზმში. მას არ აწუხებს ბედი მოყვასისა, მათი, ვინც თვეობით, წლობით უპატრონოდ წევს საავადმყოფოში, არ აწუხებს ხვედრი ქვრივთა, ობოლთა, მარტოხელა მოხუცებულთა... მისი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.
ანდა შეხედეთ, როგორია დღევანდელი ოჯახი. სადღაა აქ ცოლ-ქმრის სიყვარული და პატივისცემა. სიყვარული სარწმუნოების გარეშე იქცა ვნებად, სისხლის ყივილად და არა სულის მოთხოვნილებად.
სიყვარულის გრძნობა დაკარგულია მშობლებსა და შვილებს შორისაც...
ხშირად გაიგონებთ, რომ ახალგაზრდამ თავის ამხანაგს დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მას კი სინანული არ დაუფლებია; ანდა შვილმა მშობელი მალულად მოკლა, მერე მშვიდად იდგა ცხედართან და ახლობლებისა და ნაცნობებისაგან სამძიმარს იღებდა.
საიდან მოდის ასეთი დაუნდობლობა, ასეთი სისასტიკე?
გეკითხებით, განა შეიძლება, ნამდვილად მორწმუნე, ღვთისმოსავმა ადამიანმა ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინოს?
რა თქმა უნდა, არა, თუ იგი ფსიქიურად არ არის დაავადებული.
აი, სადამდე დავეცით უღვთოდ.
დღეს ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ ამა თუ იმ დანაშაულზე და გვაოცებს მისი სიმძიმე. გაოცება საქმეს ვერ უშველის. უნდა შევძლოთ დანაშაულის მიზეზის მიგნება და არა განკითხვით, არამედ თანადგომითა და თანაგრძნობით ცოდვილის სწორ გზაზე დაყენება.
ხშირად ხდება, რომ ციხიდან განთავისუფლებულს სამსახურში არ იღებენ. ის აწუხებს ხან ერთ, ხან მეორე ორგანიზაციას, მაგრამ ყველგან უარით ისტუმრებენ. არავინ ფიქრობს, სად უნდა იშოვოს მან პურის ფული, სად იცხოვროს, რა ჩაიცვას... ყოფილი პატიმარი იძულებული ხდება კვლავ იქურდოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და ისევ ციხეში მოხვდეს. ასე უაზროდ იკარგება წლები, იკარგება სიცოცხლე.
ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა მოძღვრებმა ინახულეს ქალთა კოლონიაში მყოფნი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც თავის დროზე მაღალი თანამდებობა ეკავა, მღვდელს სინანულით უთხრა, რომ ადრე, როდესაც ციხიდან გამოსული ვინმე მას სამსახურში მიღების თხოვნით მიმართავდა, ახლოსაც არ იკარებდა, მოსმენაც არ უნდოდა მისი... ახლა კი, როცა თვითონ მოხვდა პატიმრობაში, იგრძნო, რამდენად მკაცრი და არასამართლიანი იყო სხვათა მიმართ.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, დაწესებულებათა ხელმძღვანელებო, ყველას, ვისაც გარკვეული თანამდებობა გიკავიათ, ნუ აიმაღლებთ თავს და იამპარტავნებთ სხვათა წინაშე თქვენი მდგომარეობით. რა იცით, რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე; იყავით მოწყალენი და შემბრალებელნი, შემწყნარებელნი გლახაკთა და დამცირებულთა მიმართ და თქვენი სიკეთის სანაცვლოდ ღვთისგან დიდ მადლსა და სიხარულს მიიღებთ.
ახლახანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების წინაშე ჩვენ ორი საკითხი დავაყენეთ: 1. რომ მოგვცენ უფლება ციხეში სასულიერო პირთა დაუბრკოლებელი შესვლისა და პატიმრებთან საუბრისა; 2. დართოს ნება, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციამ, ცალკეულმა პირმა, ასევე ეკლესიამ თავდებით გამოაშვებინოს ის დატუსაღებული, რომელიც გრძნობს თავის ცოდვას, ნანობს და პირობას დებს, რომ დანაშაულს აღარ ჩაიდენს. ოღონდ, ვინც დამნაშავეზე აიღებს პასუხისმგებლობას, მან უნდა იზრუნოს კიდეც პატიმრობიდან განთავისუფლებულის სამუშაოთი უზრუნველყოფასა და ოჯახში დაბრუნებაზე.
თუ ეს განხორციელდა, ძალიან ბევრი სული შეიძლება გადავარჩინოთ საბოლოო დაცემისაგან.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, უნდა ვისწავლოთ მოწყალების კანონებით ცხოვრება და იგივე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.
"მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ. ხოლო შეიბენ იგინი ყელსა ზედა შენსა, დაწერენ იგინი ფიცარსა ზედა გულისა შენისასა, და ჰპოო მადლი. და წინასწარ განიზრახვიდე კეთილსა წინაშე უფლისა ღვთისა და კაცთა" (იგავნი 3,3-4), - გვარიგებს სოლომონ ბრძენი.
მადლობა ღმერთს, ჩვენს მრევლში რწმენა და სულიერობა თანდათან მაღლდება, რაც მეტად გვახარებს. ზოგიერთმა მათგანმა ითავა ქრისტიანული წესით უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა; უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტები, ასევე, სტუდენტები სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა, ლექციების შემდეგ საავადმყოფოებში მიდიან ხოლმე და იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც მომკითხავი არავინ ჰყავთ, თავიანთი სტიპენდიით ყიდულობენ პროდუქტებს, ნუგეშს სცემენ და უვლიან მათ.
მრავალი მორწმუნე დადის უპატრონოთა სახლში, მარტოხელა ავადმყოფ მოხუცებთან...
ახლახანს ჩემთან იყვნენ ახალგაზრდები და ითხოვეს ლოცვა-კუთხევა, რომ შობა დღეს მოინახულონ საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში მყოფი პატიმრები, მიუტანონ მათ საშობაო საჩუქრები.
ეს ყოველივე ჭეშმარიტად ნაყოფია რწმენისა, სიყვარულისა და მოწყალებისა. ასეთ ცხოვრებას მოაქვს ნამდვილი სიხარული და ნამდვილი ბედნიერება; მუდამ უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7).
საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას, ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები...
ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა.
ღმერთმა მოგვმადლოს იგი.
"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.
აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა.
მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა და მოყვასისათვის მსხვერპლადშეწირულ მსახურებას ემყარება, სიმართლე კი შინაგან სიმტკიცესა და სიწრფელეს გულისხმობს.
თუ ჩვენ შევძლებთ ამ წესით ცხოვრებას, აღარ იქნება ამდენი სისასტიკე, დაუნდობლობა და სამყაროც სხვა იქნება.
მოწყალების სახე მრავალგვარია; თითოეულმა ჩვენგანმა მისთვის შესაფერისი გზა უნდა აირჩიოს და სიკეთის ქმნას ესწრაფოს.
მოწყალების რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ:
ებრაელთა წინაპარი ისააკი თავის სახლეულთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ჩვეულებად ჰქონდა ჭების ამოთხრა, რათა სხვა ხალხსაც ესარგებლა წყლით. ისააკმა ასე მრავალი ჭა ამოთხარა და ამით თავისებურად მოწყალების საქმე აღასრულა.
სხვა მაგალითი:
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი ლინკოლნი იყო. მას, როგორც ყველა ადამიანს, ჰყავდა კეთილისმყოფელნიც და, რა თქმა უნდა, მტრებიც. იყო ვინმე სტენონი, რომელსაც იმდენად სძულდა ლინკოლნი, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მას მდაბალ, ვერაგ ჯამბაზს უწოდებდა; გამუდმებით დასცინოდა და ზედმეტ სახელადაც "ნამდვილ გორილას" ეძახდა. სტენონი ამბობდა: სულ ტყუილად ირჯებიან, როცა აფრიკაში მიემგზავრებიან გორილას დასაჭერად; გორილა ხომ შეიძლება ამერიკაში, სპრინგ-ფილდში, ილინოსის შტატშიც შევიპყროთო.
ლინკოლნი დიდხანს ითმენდა ასეთ შეურაცხყოფას; მერე კი უპასუხა იმით, რომ სტენონი, როგორც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, ამერიკის თავდაცვის მინისტრად დანიშნა.
გავიდა წლები; ბოლოს მაინც სიყვარულმა და მოთმინებამ გაიმარჯვა და როცა პრეზიდენტი თეატრში მოკლეს, მის კუბოს სტენონი ცხარე ცრემლებით ასე დასტიროდა: აქ განისვენებს დიდებულთა შორის ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელი, ვინც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს.
აი, ასე კურნავს სიკეთე ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს.
და კიდევ ერთი მაგალითი:
ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და გლახაკთადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში. და აი, ერთხელაც, მოძღვართან მიმავალმა ახალგაზრდა ბერმა გზაზე დავარდნილი წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, დავრდომილი ზედ დააწვინა, ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისაკენ.
ნათელმხილველობის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ ბერები ამ სიტყვებით მსწრაფლ ფეხზე დააყენა: - იჩქარეთ, გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და თავისი მხრებით ღმერთს მოაბრძანებსო.
მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მოაღწია, დავრდომილი მიწაზე დაასვენა, რათა კარები გაეღო და როცა გლახაკის ასაყენებლად მობრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა ეს სიტყვები: მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში, შენ აქ შემიწყნარე, მე კი შენ საუკუნოდ შეგიწყნარებ.
მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?
მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო...
ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ, რასაც გაჭირვებულისთვის გავიღებთ, მას თვით მაცხოვარს ვაძლევთ, უფრო სწორად კი, ვაძლევთ საკუთარ თავს. საშინელი სამსჯავროს ჟამს ეტყვის უფალი მდგომთა "მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხო და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამინ გეტყჳ თქუენ. რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25,34-40).
მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი.
ჩვენ მარადიულობის დიდი საიდუმლოს წინაშე ვდგავართ. ეს საიდუმლო განსაკუთრებული ძალით საახალწლო ღამეს იჩენს თავს.
ამ ღამეს ჩვენ ნათლად ვხედავთ წარსულს, აწმყოს, გვსურს განვჭვრიტოთ მომავალი.
გასული წელი ჩვენი ერისთვის იყო მწუხარების, სისხლის, ცრემლისა და განსაცდელის წელი, მაგრამ, ამავე დროს, ეს იყო სულიერი ამაღლების, განწმენდისა და ფერისცვალების წელი. აღდგომისა და ამაღლებისკენ მიმავალმა ჩვენმა ერმა გოლგოთის გზა გაიარა.
დღეს ჩვენ ვმადლობთ მას მოწყალებისა და განსაცდელისთვის, მწუხარებისა და ნუგეშისათვის. გვწამს, მაცხოვარი არასდროს დაგვტოვებს და ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგვაკლდება.
ეს იდუმალი ღამე გვაახლოებს მარადიულობასთან, შემოქმედთან და მოყვასთან. ამიტომაც გვინდა, რომ იგი ნათესავებისა და მეგობრების წრეში გავატაროთ. ამ ღამეს ჩვენ ერთმანეთს ვუსურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს. უპირველეს ყოვლისა კი, უნდა აღვავლინოთ ლოცვა, რადგან, როგორც ბრძანებს მაცხოვარი, "ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (ლუკა 21,22).
მაინც რა გისურვოთ საახალწლოდ, რითი დაგლოცოთ?
ერთხელ, ერთ მეცნიერს ჰკითხეს, თუ რა მიაჩნდა თავის აღმოჩენათა შორის უმნიშვნელოვანესად.
ყველას ეგონა, რომ ის თავის ცნობილ გამოკვლევას დაასახელებდა, რომელმაც ხალხს დიდი სიკეთე მოუტანა. მან კი უპასუხა: ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა არის იესო ქრისტე, ჩემი მხსნელი და ჩემი ღმერთი.
ვისურვებდი, ყველა ქართველს მალე დადგომოდეს ამ დიდი აღმოჩენის დღე.
ეძიებდეთ, უპირველეს ყოვლისა, სასუფეველსა ღვთისასა, ეძიებდეთ მას და საზღაურად მიიღებთ ყველაზე დიდ სიკეთეს, რაც შეიძლება ისურვო ახალ წელს, რაც შეიძლება ინატრო ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მარადიულ ნეტარებაში, ამაშია ნამდვილი ბედნიერება.
ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ახალი წყალობით აღვივსოთ.
და თუ გვწამს, რომ სული ჩვენი ხატია შემოქმედისა, როგორც ბრძანებს ბიბლია, მაშ, მივუძღვნათ სული ღმერთს, რამეთუ წერილ არს: მიეცით კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა.
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. გაკურთხოთ თქვენ უფალმან სიონით!
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

თბილისი,
1990 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 1984

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:

"... ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს".
(1 იოანე 2, 8)

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღირსნო ბერმონაზონნო, საქართველოს ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, მკვიდრნო ღვთისმშობლის წილხვედრილი კურთხეული საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული თანამავალ გეყავნ თქვენ აწ და მარადის!
ტაძრების ზარების გუგუნი მსოფლიოს აუწყებს ერთ-ერთ ყველაზე დიად დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას... დღეს ზეიმობს ეკლესია, სიხარულს დაუსადგურებია ყოველი ქრისტიანის გულში, აღვსილი ამ ზემიწიერი სიხარულით, სიყვარულით გილოცავთ:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

სიხარულს ხშირად წინ უსწრებს დიდი მწუხარება. ასე იყო მოციქულების დროსაც... ისინი სულით ხორცამდე შეძრულნი იყვნენ მომხდარით. სულ სხვას ელოდნენ, მოვლენები კი სხვაგვარად წარიმართა. მათი იმედი და ნუგეში შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს. ადამიანური ზიზღისა და სიძულვილის ქარიშხალმა გადაუარა იერუსალიმს; შემდეგ კი იქ, სადაც გააფთრებული ბრბო ბობოქრობდა, შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა; დაცარიელდა თხემის ადგილი, მხოლოდ იესოს მახლობელნიღა ტრიალებდნენ ჯვრის შორიახლოს. დაიკარგა რწმენა, განქარდა იმედი, დარჩა ტანჯვა-წვალება და სევდა; და კიდევ სიყვარული, ჯერეთ დაუშრეტელი. შიშსა და სასოწარკვეთას მოუცავს მოციქულნი. უნუგეშოდ დარჩენილნი არ აპირებენ მაცხოვრის ბრძანებისამებრ გალილეაში გამგზავრებას, რადგანაც არ მოელიან შეხვედრას იქ მასთან, ვინც მათ თვალწინ ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა.
ო, რა სუსტი და მცირედმორწმუნეა ადამიანი!
მოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... "და აჰა ძრვაჲ იყო დიდი" და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, "ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი" (მათე 28, 2-3). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.
რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (1 კორ. 15,17).
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!"
ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...
"რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?" - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს (ფს. 8,5).
ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.
ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარემოს გრძნობადი აღქმა მისი არსის, მისი ყოფის ერთი მხარეა, ამიტომაც არ არის სწორი ადამიანის შესწავლის ცდა მხოლოდ სომატური ანთროპოლოგიის, ბიოლოგიის ანდა საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების მიხედვით. კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა.
აი, როგორ განიხილავს წმ. გრიგოლ ნოსელი სამპიროვანი ღვთის ბუნების ადამიანში განხორციელებულ საიდუმლოს: "ადამ, ქმნილება პირველი და არა შობილი, არს სახე დაუსაბამოისა მამა ღმერთისა, ყოვლისა მპყრობელისა და ყოვლისა მიზეზისა; ძე ადამისა შობილი - მსგავსი არს ძისა და ღვთისა სიტყვისა შობილისა, და ევა, გამოსული ადამისაგან (გარნა არაშობილი მისგან), არს სახე სულისა წმიდისა" (არქიმანდრიტი კიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია, გვ. 157).
"ჩაუღრმავდი თავსა, შთაიხედე სულსა შენსა, ვითა სარკესა შინა; და ოდეს კეთილად განარჩევ იქ ყოველსა, შეიცნობ, რომ ხატი და მსგავსი ხარ ღვთისა. და ვითარცა ვერ იხილავ და ვერ უპოვი სახელსა უკვდავსა არსსა შენისა სულისასა, ეგრეთ მიუწვდომელ, შეუცნობელ და უკვდავ არს ღმერთი შენი", - ვკითხულობთ იქვე (გვ. 159).
სხვა ადგილას წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: ადამიანმა დაიკავა საშუალო ადგილი ღმერთსა და მის მდაბალ ქმნილებათა შორის, ამიტომაცაა იგი გაორებული: ნათელი გონებით ღვთაებრივ მშვენიერებას გვაგონებს; მგზნებარე ვნებებით კი - ცხოველს; ამით აიხსნება ის შინაგანი კონფლიქტი და დაპირისპირებულობა, რისკენაც საერთოდ მიდრეკილია იგი.
ასე რომ, ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება.
"რა გსურს, სულო ჩემო? - ეკითხება თავის თავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რა არის მოკვდავთა მიერ დაფასებული სიკეთეთაგან შენთვის მეტ-ნაკლებად ღირებული? ითხოვე რაიმე დიდებული და მიიღებ მას... გნებავს თუნდაც ქვანი პატიოსანნი, ველნი მშუენიერნი და კეთილნი, სიმრავლე ფარათა, ხართა და აქლემთა?.. იქნებ ტახტსა და მბრძანებლობას მიელტვი - ან ხანმოკლე დიდებას, რადგანაც ხვალვე დაგამდაბლებენ, გყოფენ მორჩილად მაშინ, როდესაც განდიდების გზას შეუდგება ვინმე სხვა კაცი, თუნდაც შენი ყმა, ცოტა ხნის წინათ უბადრუკი მსახური შენი... ეგებ გსურს, სულო, ჭეშმარიტების სახელით კანონებით ვაჭრობა (ანუ მათი უსამართლო განმარტება)?.. ნუთუ გონიერისა კაცისათვის აქვს მნიშვნელობა და ფასი მას, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების, მას, რაც მსახურებს ბოროტთაცა, და ვერას არგებს მიმავალსა იმა სოფლად" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 223-224). აი, შედეგიც მიწიერი ბედნიერებისა:
"- სად-რა ვეძიო დიდებული სიტყვები ჩემი? - განიბნია ჰაერსა შინა.
- ხოლო იერი და ფერი ჩემი სიჭაბუკისა? - უკვალოდ გაქრა.
- გარნა დიდება? - იქმნა არარა.
- სიმტკიცე ჩემის სხეულისა სად დაიკარგა? - შემუსრა ჭირმა.
- ადგილ-მამული და სიმდიდრე ვის ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (1 კორ. 2, 4). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.
რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:
"უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე".
... თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: "ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატელთა, 2, 19-20).
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მახვილი ხილული და უხილავი ბოროტი ძალის წინააღმდეგ.
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით. სულის განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისათვის შეწირული უფლისა; უკეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8, 34).
თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისაგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის), თავის უარყოფა ნიშნავს, მსახურებას მოყვასისათვის.
მაგალითისათვის დავასახელებდი ღვაწლსა და შრომას ქართველთა მეფის თამარისა, რომლის გამეფების 800 წლისთავს წელს ზეიმით აღნიშნავს ჩვენი ეკლესია და ხალხი. იგია სახე ჩვენი ერისადმი შეწირული მოღვაწისა და დიდი ჯვარისმტვირთველისა. სულთანმა რუქნადინმა გადაწყვიტა დაერბია გაძლიერებული საქართველო და აღეგავა იგი პირისაგან მიწისა. მან მეფე თამარს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
"... აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩართსა ჩემსა; სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს" (ლეონტი მროველი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 93, თბ., 1959).
ხოლო დედოფალმან ასეთი პასუხი შეუთვალა:
"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსანისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღვთისა, ნუ შენი! სამართალი იმისი, ნუ შენი!" (იქვე, გვ. 93-94).
სიმდაბლისა და მორჩილების ნიშნად წმ. თამარი ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს ვარძიიდან ბასიანისკენ, ბრძოლის წინ აკურთხა იგი პატიოსანი ჯვრით, დალოცა და თვით ოძრხეს შემოიქცა, სადაც დღე და ღამეს განუწყვეტელ ლოცვასა და გალობაში ატარებდა; მასთან ერთად ლიტანიობდა მთელი საქართველო.
და შეისმინა უფალმა ვედრება მხევლისა თვისისა. მუსულმანთა 400 000 მეომარი სამარცხვინოდ იძლია ქართველთა 100 000-იანი ქრისტესმოყვარე მხედრობისაგან, განიბნია და შეიმუსრა სიმრავლე აგარიანთა. გამარჯვებულმა ლაშქარმა მეფე თამართან ერთად ვარძიაში მადლობა შესწირა უფალს ხსნისათვის.
მემატიანე მრავალგზის მიუთითებს დედოფლის წმიდა ცხოვრებაზე, რომ იგი ვერ აცდუნა სიამემან ამა სოფლისამან, ვერცა სამეფო გვირგვინმან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ძლიერებამ... ვერ მიდრიკა სიმდიდრემან... რომ მან გამოიჩინა სიბრძნე სოლომონისებრი და ყოვლითა გულითა და გონებითა შეიყვარა და შეიტკბო უფალი; კაცს განაცვიფრებდა ღამეყოველ მღვიძარება მისი, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღვთისა. ხშირად თამარი თავისი ხელით მოქსოვილს ან მოქარგულს ყიდდა და მის საფასურს გლახაკთ ურიგებდა - ღარიბებს თავისი შრომით ეხმარებოდა და არა მხოლოდ სამეფო შემოსავლიდან (იქვე, გვ. 79-81).
ისტორიკოსი ასევე გვაუწყებს, რომ თამარის დროს წირვა-ლოცვა შეუმოკლებლად აღესრულებოდა პალესტინის მონასტერთა ტიპიკონის მიხედვით, რომ სამეფო კარზე მყოფთაგან ლიტურღიას, მწუხრს, ცისკარსა და ჟამნს ვერავინ დააკლდებოდა.
წმიდა თამარი იქმნა ის ბრწყინვალე, დაუვალი ვარსკვლავი, რომელიც მარად უნათებს საქართველოს და ათბობს ყოველი ქართველის გულს.
ხშირად კითხულობენ: პიროვნებაში ბოროტების გაძლიერებით თუ იშრიტება ღვთის სიყვარული მისდამი? პასუხი ერთია: ღვთაებრივი სიყვარული ისეთი უსაზღვრო და უნაპიროა, იმდენად დიდი და ამაღლებულია, რომ ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეძლებს ამ სიყვარულსა და ადამიანს შორის ჩადგომას. მაინც როგორია ბოროტების არსი და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთან?
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველთა აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.
"ბოროტება არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება თავისი ბუნებით დამოუკიდებელი არსი, რადგანაც არა აქვს მას რაობა, ბუნება და თვითმყოფადი სახე, ძალა, სათვალავი და თვისება. იგი ბუნებრივი ძალების დაშრეტის შედეგია. ამ ძალების არასწორი, გაუაზრებელი მოქმედებაა" - წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი (მაქსიმე აღმსარებელი, კითხვა-მიგება ფალასისად, საღვთისმეტყველო უწყებანი, 1916; გვ.31-32).
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება, და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.
ამ სიყვარულის ღირსი რომ გახდეს ადამიანი, აუცილებელია, მან სული განიწმიდოს ცოდვებისაგან. ჩვენდა საუბედუროდ, ხშირად ვადანაშაულებთ სხვებს, განვიკითხავთ მტრებს... ჩვენი მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზი კი ჩვენშივეა; უნდა გვახსოვდეს: როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა... და, როგორც შედეგი ყოველივე ამისა, სიწმიდეც. ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.
ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განუყოფელია სამშვიდობო მოღვაწეობისაგან. დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშეა. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ ხალხთა ტანჯვას, იმას, თუ როგორ იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როგორ განლაღებულია ბოროტება; არ შეიძლება გავჩუმდეთ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული ომის საფრთხე. მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკით ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა გააზრებული აქტიური მოქმედება, რომ აცილებულ იქნას ომის საშიშროება.
ის მისია, რაც აკისრია ეკლესიას, არ აძლევს მას დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ზოგიერთის აზრით, ეკლესია თავს არიდებს თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებელი კია ვიცოდეთ მისი როლი დღევანდელ პირობებში, ვიცოდეთ, თუ სად არის ჩვენი, მორწმუნეების, ადგილი ამ მშფოთვარე მსოფლიოში. უეჭველია, იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, სადაც ყველაზე დიდი მწუხარება და ცრემლია, იქ, სადაც იბრძვიან მშვიდობის, თავისუფლების, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობისათვის.
განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მშვიდობისაკენ სწრაფვა მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მრავალ მხარეს ავლენს. ამ მიზნის მთელი სიდიადე დამაჯერებლობით ცხადოფს რომ ასეთი ურთიერთობა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
საქართველოს ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას.
"ყოველი რომელნი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ" (მათე, 7,12)... "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურიერთას", - ბრძანებს უფალი (იოანე, 13,35). სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გაზიარებისა. სხვადასხვაგვარია სიხარული, განსხვავებულად გრძნობენ მას ადამიანები... ყოველი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავარია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან.
ღმერთო ძლიერო, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება; მუხლმოდრეკილნი გევედრებით, წარგვიძეღ გზითა შენითა მით იწროითა; მოწყალეო, მოგვმადლე სიბრძნე გულისა, რათა ვცნათ, რაი არს ჭეშმარიტი და ვემსახუროთ მას... უწყით, უფალო, სიცოცხლე ჩვენი წამისყოფაა, სიცოცხლე ჩვენი განსაცდელია ოდენ. უსასოთა სასოო, გეაჯებით, მოგვეახლენ, რათა არ დავინთქათ ზღვასა ცხოვრებისასა; ხელი შენი აღმადგინებელ გვეყავნ ჩვენ დაცემულთა; დავრდომილნი შეგივრდებით და ნუ განგუაგდებ, რამეთუ შენი ვართ, უფალო... და ღირს გვყვენ ჩუენ მარადიული ნეტარებისა, ვინაითგან ნიჭი და წყალობა უზენაესი ფრთეთა ქვეშე შენსა ყოფნაა, შენს მტილოვანში დამკვიდრებაა.
ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; იხარეთ და გაახარეთ სხვანიც, ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ... არს, სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (რომ. 14,17), ამინ!
ქრისტეს აღდგომა,
თბილისი, 1984.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი

image
image თემა: ადამიანი,  აღდგომა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 1989

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთივდაცულ შვილებს

"რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან,
სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი, რომლითა სძლევს
სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი" (I იოანე 5,4).
"ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ" (იოანე 20,27).

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო და ღვთისმოსავნო, შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო საყვარელნო ჩვენო თანამემამულენო, გიხაროდეთ,

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

მასთან ერთად აღდგა ცოდვით დაცემული ადამიანი, - დანაშაული გამოისყიდა.
თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (I კორინ. 15,14).
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, - კავშირი აღმდგარია!
მაგრამ აუცილებელია, რომ აღდგომის ამ მადლს ეზიაროს ადამიანი. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ნებით მივიღებთ და მთელი არსებით შევითვისებთ მაცხოვრის მიერ ჩვენთვის ნაბოძებ სიკეთეს.
და მართლაც, ქრისტეს აღდგომა არ არის მხოლოდ აქტი გამარჯვებისა. იგი არის მოწოდება ყოველი ადამიანისადმი, რათა ისიც გახდეს მონაწილე ამ დიადი ზეიმისა.
კაცობრიობის ხსნის მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. ადამიანისა და ქვეყნის ხსნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: თუ ადამიანი გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება მისი გარემომცველი სამყარო, ხოლო თუ იგი დაეცემა და სულიერად დაიღუპება, დაიღუპება ქვეყანაც.
რწმენა, - აი უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).
ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს (მათე 5,48), - მოგვიწოდებს უფალი.
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. "ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ერთობას, კარგავს თავისი შემოქმედებითი ბუნების აღქმის უნარს და ინთქმება ქაოსური მდგომარეობის გრიგალში, უარს ამბობს რა თავის სუბსტანციურობაზე" (პავლე ფლორენსი, "ლოგოსი ქაოსის წინააღმდეგ").
საერთო, ზოგად მდგომარეობაზე დიდადაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანის სულიერი ცხოვრება.
ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიად გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი, ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა.
შეხედულებების, იდეოლოგიის, ღირებულებათა ცვალებადობა. ხალხთა დაყოფა და კვლავ გაერთიანება, მსოფლიო ომები, სისხლი, აქამდე არგაგონილი ავადმყოფობანი, ქვეყნის ერთ მხარეს უსაზღვრო ფუფუნება, მეორეში კი - შიმშილი და უკიდურესი სიღატაკე, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და სულიერი დაცემა, ეკოლოგიური, დემოგრაფიული გადაუჭრელი საკითხები და სხვა პრობლემები, - აი დაახლოებითი სახე მეოცე საუკუნისა.
მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.
თუ ჭეშმარიტად გვსურს წინსვლა, სულიერი ღირებულებანი უნდა მოვიპოვოთ. ყველა სხვა მცდელობა უკან სვლას ნიშნავს.
უნდა ვიყოთ გაბედულნი, მტკიცენი, გონიერნი და მიზანდასახულნი, გადაუჭრელ საკითხთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. სიბრძნე სწორედ იმაში უნდა გამოვავლინოთ, რომ გავარჩიოთ მთავარი მეორეხარისხოვანისგან, მარადიული - მსწრაფლ წარმავალისგან.
მაცხოვარი გვიჩვენებს გადარჩენის ერთადერთ გზას: "მოვედით ჩემდა... და მე განგისვენოთ თქვენ... რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათე 12,30).
ერთი ალპინისტის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: იგი დაიღუპა მწვერვალზე ასვლისას. ბედნიერი და ნეტარია ის, ვინც სრულყოფის მწვერვალზე ასვლისას კვდება.
მაგრამ იქნებ ეს ყოველივე მოჩვენებითია და არ ღირს ამაღლებულზე ფიქრი. იქნებ სჯობს მიწიერი, მდაბალი კანონებით ცხოვრება, ცხოვრება იმ აზრით, რომ ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, რომ კარგი ყოფა კარგ სმა-ჭამას და გართობას ნიშნავს და ეს საკმარისია ადამიანისათვის.
სოფლის საცდური, - რა მრავალფეროვანი და საშიშია იგი!
ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური (მათე 18,7), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ჩვენ უკვე ვიგემეთ ეს. მიწიერებით სავსე ცხოვრება დამახასიათებელი ნიშანი იყო XX საუკუნისა. თუ რა შედეგი მოგვიტანა ამან, დღეს ნათლად ვხედავთ. კიდევ ერთხელ გამართლდა ძველი სიბრძნე: თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას და სიკვდილს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება, და მისი კანონებით ცხოვრება.
საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანული აღზრდის გარეშე არაფერი გამოვა. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ეკისრება ეკლესიას. მღვდელმსახურებსა და სასულიერო განათლების მქონე ღვთისმოსავ მორწმუნეთ.
რევოლუციის შემდგომი დრო მეტად მძიმე პერიოდია ეკლესიის ისტორიაში. ეს არის ჟამი, როცა სხვათა და სხვათა აგზნებული გონებანი წყვეტდნენ საკითხს ეკლესიის ყოფნა-არყოფნის შესახებ, ისინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულ სახეს ხედავდნენ, ხოლო ღვთიური, მისტიური არსი სარწმუნოებისა მათთვის გაუგებარი იყო.
იმ მძიმე წლებში ეკლესია იყენებდა მისთვის შესაძლებელ ყველა საშუალებას, რათა არ შეეწყვიტა მფარველობა და აღზრდა თავისი სულიერი შვილებისა. დღეს დრო შეიცვალა. ამიტომაც გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს მორწმუნეთა სულიერი დონის ასამაღლებლად.
როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ზრუნვას ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე.
დამღუპველია, როცა ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სიცრუეს, ამით ამახინჯებენ მათ შეუბღალავ სულს და ჯერ კიდევ სუსტ ნებისყოფას.
ერთ სიცრუეს მეორე ემატება, მეორეს - მესამე და ასე დაუსრულებლად. ცოდვა თანდათან იკიდებს ფეხს, შემდეგ კი უკვე ჭირს სიმართლის გზით სვლა.
გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა არის ქრისტეს გზა. იგი ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ - კურთხეული და სამეუფო, ერთადერთი და გადამრჩენი. მაცხოვარი გვაფრთხილებს: შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა, ვითარ - იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას (მათე 7,13-14).
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30).
ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე;
მინდა ასეთი მაგალითი მოვიტანო ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებიდან:
როცა მას ცხრა წელი შეუსრულდა, მამამ დაბადების დღისთვის პატარა ცული უყიდა. გახარებული ბიჭუნა ბაღში გაიქცა იმ გადაწყვეტილებით, რომ მაშინვე გაესინჯა თავისი საჩუქარი. მამამისს აქ საუცხოო ხეხილი ჰქონდა ჩაყრილი და ხეივანი გაშენებული. პატარა ჯორჯმა დაიწყო ცულით მათი ჩეხვა.
საღამოს გავერანებული ბაღი რომ ნახა, მამამ მკაცრად იკითხა: ეს ვინ ჩაიდინა?
ბიჭი აკანკალდა, მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ მივიდა მამასთან, მის წინ დაიჩოქა და თქვა: მე ვარ დამნაშავე.
მამა შეძრწუნდა და არ იცოდა, რა ეთქვა. უცებ მის თვალებს ცრემლი მოადგა, ბიჭი გულში ჩაიკრა და უთხრა: შვილო, შენ ახლა იმაზე ასწილად მეტს მაძლევ, ვიდრე შენ შენი დაუფიქრებელი ქცევით დამაკარგვინე. ბედნიერი ვარ, რომ შეგიძლია, ყოველგვარი შიშის გარეშე აღიარო სიმართლე, არ უფრთხი დასჯას და შენზე შთაბეჭდილების შეცვლას (ა. დეკოპეტი, ქადაგებანი ბავშვებისათვის, რიგა, 1914, გვ.66).
ძალიან ხშირად კი მშობლები თვითონ უბიძგებენ შვილებს სიცრუისაკენ, თვითონ აყალიბებენ მათ მლიქვნელებად და კარიერისტებად.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიხმობ:
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო.
ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე უძვირფასესი ხუთი ბეჭედი უელავდა. მან ბრძანა: მოგიწვიეთ იმიტომ, რომ სიმართლე მოვისმინო თქვენგან. ამ ბრილიანტებს ხომ ხედავთ, თქვენ მათ საჩუქრად მიიღებთ სიმართლისათვის.
შეთავაზებული ჯილდოთი გაბრუებულმა ოთხმა ქვეშევრდომმა მლიქვნელობა დაიწყო მეფის წინაშე. განადიდებდნენ მის სახელს და ძალას და ყველა დროის გმირთა შორის სწორუპოვრად სახავდნენ. ხოლო როცა საქებარი სიტყვები გამოელიათ, ახლა ღმერთთან შედარება დაუწყეს.
მეფემ თავისი ოთხი ბეჭედი დაპირებისამებრ მისცა მათ, შემდეგ კი მეხუთეს მიუბრუნდა და დუმილის მიზეზი ჰკითხა. თქვი, რას ფიქრობ ჩემი ხელისუფლებისა და დიდების შესახებ, - უბრძანა.
მე ვფიქრობ, - მიუგო მან, - ძალაუფლება ღვთისგან იმიტომ მოგეცა, რომ შენ შენს ხელქვეითთ მოუტანო ბედნიერება. დადგება დრო, როცა უფალი მკაცრად მოგკითხავს ანგარიშს. დიდება შენი ცრუა და საშიში, თუ შენ ცდილობ მტერზე ბატონობასა და მის დათრგუნვას და არ გსურს, კეთილსინდისიერად აღასრულო შენი ვალი.
მეფემ უთხრა: მე არ გიბოძებ შენ მეხუთე თვალს, არამედ გიძღვნი ჩემს ნდობასა და სიყვარულს. დარჩი ჩემთან, მე ვპოვე შენში ჭეშმარიტი მეგობარი (ა. დეკოპეტი, ქადაგებანი ბავშვებისათვის, გვ. 70).
სიმართლის სიყვარული უდიდესი მადლია.
ისევე როგორც არ ძალგვიძს ყოფნა უჰაეროდ, უწყლოდ, უპუროდ, ასევე არ უნდა შეგვეძლოს ცხოვრება სიმართლის გარეშე.
უწყლოდ და ულუკმაპუროდ ადამიანი ფიზიკურად კვდება, სიმართლის გარეშე კი კვდება მეორე, ანუ სულიერი სიკვდილით.
ჩვენ უნდა განვეშოროთ არა მარტო უხეშ ტყუილს, არამედ სხვებისთვის ხშირად ძნელად შესამჩნევ დახვეწილ სიცრუესაც. ნახევრად სიმართლე არის თვისება თანამედროვე ადამიანისა. ღვთის წყალობით უნდა განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან.
მადლობა ღმერთს, ხალხმა თანდათან იგრძნო წყურვილი სიმართლისა. მაგრამ ეს სწრაფვა არ უნდა იყოს ამა თუ იმ გარემოებით გამოწვეული. იგი უნდა იქცეს ჩვენს არსებით, განუყრელ, ყოველდღიურ და გამუდმებულ მოთხოვნილებად.
"ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგი განძღნენ" (მათე 5,6).
სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ, რა არის სიმართლე.
მრავალნი არიან გულდახურულნი, რომელთაც არ შეუძლიათ მიიღონ იესო ქრისტე - ჭეშმარიტება. იგი მიუწვდომელი და დაფარულია მათთვის.
ზოგნი "ჭეშმარიტებას" სიცრუეში ხედავენ და ვერ ახერხებენ მისგან განთავისუფლებას.
"ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით" (I კორინ. 15,32), - ბევრნიც ასე ფიქრობენ.
ასეთი ადამიანები უაზრო ყოფაში ატარებენ ცხოვრებას. სათნოება კი მათი სულის უმაღლესი მოთხოვნილება რომ იყოს, სულ სხვანაირად აღიქვამდნენ სამყაროს.
მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფალი მოწყალეა და სასოებას არ გვიკარგავს. ადამიანი ხომ ცოდვილია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ცოდვის მორევში დანთქმულიც კი არ კარგავს იმედს გამოსწორებისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენში არასოდეს ქრება ღვთის ხატება.
ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.
პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინა.
მეცნიერულმა წინსვლამ საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთთან დააახლოვა. პიროვნებამ დღეს ნათლად იგრძნო, რომ იმაზე გაცილებით მეტი და ძვირფასი რამ სჭირდება, ვიდრე მას ტექნიკის პროგრესი აძლევს, იგრძნო, რომ იგი ბედნიერებისა და სრულყოფისთვისაა შექმნილი და არა უაზრო, უმიზნო შრომისთვის გაჩენილი, რასაც ათეულობით წელი შესწირა. ეკლესიაა ის ერთადერთი სავანე, სადაც ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავი და იგრძნოს ამ სამყაროში თავისი ნამდვილი დანიშნულება.
ეკლესიის წევრნი რომ გავხდეთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ ნათლობის საიდუმლო.
ადრე ხალხი მთელი მონდომებით ემზადებოდა ამისთვის. პირველ საუკუნეებში ასეთი წესი იყო: ნათლობის მიღების მსურველს ნათლიები მიიყვანდნენ ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთან და დაადასტურებდნენ მოსანათლის მტკიცე განზრახვას. ნათლიების ამ განაცხადის შემდეგ ეპისკოპოსი მონათვლისთვის მოსულს კათაკმეველთა, ანუ ნათლობის მიღების მსურველთა, სიაში შეიყვანდა, და იწყებოდა სწავლის პროცესი, რომელიც ერთიდან სამ წლამდე გრძელდებოდა. მათ ასწავლიდნენ მოძღვრები ან ეპისკოპოსის მიერ სპეციალურად დადგენილი დიაკონნი, ანდა ღვთისმორწმუნე განათლებული ქრისტიანები.
წირვის დროს კათაკმეველნი იყვნენ ტაძარში იმ დრომდე, ვიდრე დიაკონი იტყოდა ასამაღლებელს: "რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით"... ამის შემდეგ ისინი ტოვებდნენ ეკლესიას, ლიტურღიას კი მხოლოდ მართალნი ანუ მონათლულნი ესწრებოდნენ.
კათაკმეველნი თანდათან ხდებოდნენ ეკლესიის აქტიური წევრნი, გულდასმით ეცნობოდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, და ბოლოს მთელი შეგნებით იღებდნენ მის ნათელს - ინათლებოდნენ.
დროა, ამ ძველ კანონს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და კვლავ აღვადგინოთ ეკლესიაში კათაკმეველთა წესი. მითუმეტეს, რომ ყოველი მღვდელმოქმედება და, განსაკუთრებით, საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება. მომზადების საფეხურისაგან და შესრულებისაგან.
თვითონ ეკლესიაც თავისებური მოსამზადებელი სავანეა, სადაც მორწმუნენი მარადიული ცხოვრების დაწყებისთვის იწვრთნებიან. ამავე დროს ეკლესია არის საიდუმლოთა აღმსრულებელი. აქ ადამიანი სულიერად იბადება, აქ ხდება მისი ფერისცვალება და სულიწმიდის ტაძრად ქცევა.
ასე რომ, ორბუნებოვნება ეკლესიაში წარსულ და მომავალ დროში ვლინდება.
ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავის თავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანაც აქ ვლინდება მთელი სისრულით იესო ქრისტე - ძე ღვთისა და ძე კაცისა, სათავე სინათლისა და სიმართლისა.
ჭეშმარიტებას, მართალია, სრულად ვერასდროს შევიცნობთ, მაგრამ მისდამი მუდმივი სწრაფვა აუცილებელია, ესაა ჩვენი მოწოდება.
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ თავისუფლებას და ნეტარებას.
დანო და ძმანო ჩემნო, ჩვენთვის დღეს მაცხოვრის აღდგომის სიხარული 9 აპრილის ღამეს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და მთიან აჭარაში სტიქიით მომხდარი უბედურების მწუხარებასთან არის წილნაყარი.
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.
რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.
მთავარია გულისხმიერებამ და გონიერებამ არ გვიღალატოს, რომ სწორ გზას არ ავცდეთ.
დიახ, რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს, იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას.
ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.
9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ.
იმ ღამეს საქართველომ იტვირთა და თავის თავზე მიიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან, ალბათ, არ განმეორდება. საქართველომ იხსნა სხვა ერები ასეთი განსაცდელისგან. ესეც ღვთისგან ჩვენზედ დაკისრებული მისია იყო. ამისთვის ვმადლობთ ღმერთს.
საქართველოს ეკლესია აღავლენს ლოცვებს უდანაშაულოდ მსხვერპლშეწირულთა სულის საოხად, რათა უფალმან დააწესოს იგინი სავანესა მართალთასა. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, ამინ!
მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ზეიმის დღეა, ღვთაებრივი მადლი აღდგომის სიხარულისა სძლევს ყოველგვარ მწუხარებას. მაშ, შეიმოსეთ სიხარულით. იგი თქვენი მუდმივი თანამდევი იქნება, თუ სიყვარულის გზას აირჩევთ და მას გაჰყვებით.
გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მფარველობა, მშვიდობა მისი, სიყვარული და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ.
სააღდგომო ეპისტოლე ისო ზირაქის წიგნის ამ სიტყვებით მინდა დავამთავრო: "ნუ ჰყოფ ბოროტსა და არ გეწიოს შენ ბოროტი. განეშორე უსამართლოსა და მიდრკეს შენგან" (ისო ზირაქი 7,1-2).
შევსთხოვ ღმერთს, რათა გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1989 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

ლოცვა - პაისი მთაწმინდელი

ის, რომ სულს ჯერ კიდევ აღელვებს მგრძნობიარე სამყაროს სილამაზე, ათვალსაჩინოებს, რომ მასში ისევ ცოცხალია დაუდგრომელი წუთისოფელი. ამიტომ მას ქმნილება იზიდავს და არა შემოქმედი; იზიდავს თიხა და არა ღმერთი. არა აქვს მნიშვნელობა სუფთა თიხაა ეს თუ ცოდვის ტალახი, რადგან ადამიანი ღვთაებრივი სულის ნათესავია და სულით უერთდება ღმერთს ლოცვის მეშვეობით.
მდუმარე ცხოვრებაში (უდაბნოში) გულისხმისყოფა უაღრესად დიდი შეწევნაა ლოცვისათვის, რამეთუ მისთვის სანუკვარ პირობებს ქმნის. თუმცა, მდუმარება, თავისთავად, ერთგვარი საიდუმლო ლოცვაა და ძლიერ ეხმარება ჩვეულებრივ ლოცვას – როგორც ადამიანს კანის სუნთქვა.
ლოცვა მღვიძარების სათნოებასთან ერთად სულს ასაზრდოებს – მით უმეტეს თუ მლოცველი ამავე დროს სულიერად მღვიძარებს, უსაფრთხოებას ანიჭებს მას, როგორსაც ჩვილი მშობლის ხელებზე განიცდის. ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ გულში ჩასაკვრელად, მის ძუძუს წოვს და მშობლის ტკბილი ალერსითა და სიყვარულით ნაყრდება, უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ, მოწიფული ადამიანები, ვინც რომ ლოცვების გზით ღმერთთან შეერთებას გავურბივართ და მათ ხშირად შრომით ვალდებულებად მივიჩნევთ.
არავინაა იმ ადამიანზე ნეტარი, ვინც ზეციურ რადიოსადგურთან კავშირი დაამყარა და ახლა უკვე ღმერთთან კეთილკრძალულების მავთულით არის დაკავშირებული; და არავინაა იმ ადამიანზე უბედური, ვინც ღმერთთან კავშირი გაწყვიტა, მთელ ქვეყანაზე მოუსვენრად დაძრწის და მიმღების სახელურს ატრიალებს მსოფლიოს რადიოსადგურების ძებნაში, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც დაივიწყოს უმძიმესი შფოთი – თავისი კალაპოტიდან ამოვარდნილი ცხოვრებისაგან თავსმოწეული.
ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე".
მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება – მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონება კი – ზეცაში.
ასეთები იყვნენ წმიდა მამები – ისინი არანივთიერნი ხდებოდნენ და თითქმის არაფრით გამოირჩეოდნენ ანგელოზებისაგან, რადგან, როგორც ანგელოზები, უწყვეტი გონებითი ლოცვით დღედაღამ ზეცაში იყვნენ.
დაუდგრომელი სოფლით დატყვევებული გული კი, სულს ფიტავს, ხოლო გონებას – სიბნელით მოსავს. ვინც ასეთ დღეშია, ადამიანად კი მიიჩნევა, მაგრამ არსებითად იგი სულიერად დაუსრულებელი, მუცელსმოწყვეტილი ჩანასახია.
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიური მადლი გარდამოდის.
როგორც მცენარისათვის ღამის წვიმა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე დღისა, ასევე უმჯობესია სულისათვის ღამის ლოცვა, დღის ლოცვასთან შედარებით.
ვინც რომ მღვიძარებითა და ლოცვით მოსაგრეობს, თუნდაც ჩათვლიმოს მცირე ხნით, ღმერთს მაინც უმეტესად აღძრავს მოწყალებისათვის, ვიდრე ის, ვინც ძილით გაძღა და ამიტომ ვეღარ იძინებს; ვინც სტასიდიაში [მაღალი სავარძელი ასაკეცი საჯდომით. ამ სავარძელში ჯდომაც შეიძლება და დგომაც. მათ ტაძრებში კედლების გასწვრივ დგამენ] თვლემს, იმაზე ათასჯერ აღმატებულია, ვინც ლოგინში წევს და არ სძინავს.
არ შეიძლება მთელი ძალები წარმავალ საგნებზე გავფლანგოთ, რომლებიც ერთ დღეს მტვრად იქცევიან, ხოლო ღმერთთან დაღლილები მთქნარებით წარვდგეთ – იგი მიემსგავსება იმ მსხვერპლს, კაენმა რომ შესწირა. თუ ჩვენი დაღლილობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული და ძილისკენ მიგვდრეკს, მაშინ უმჯობესია ძილს უფლება მივცეთ მოგვპაროს მღვიძარების ერთი-ორი წუთი და ბუნებრივი გზით დავიხიოთ უკან, ვიდრე წინასწარ განვდევნოთ იგი ყავის საშუალებით და მისით აღვიგზნოთ, მით უფრო, როცა მშვიდი ხასიათი არა გვაქვს. უმჯობესია ოდნავ ნაკლებად ვიფხიზლოთ და ჭეშმარიტად ვილოცოთ, ვიდრე თავს უძილოდ ღამის გატარება ვაიძულოთ, სულიერი სარგებელი ვერ მივიღოთ და შემდეგ მთელი დღე გვამივით ვეგდოთ.
როცა ადამიანი განმარტოებულია, მისი სული თავს მსუბუქად გრძნობს, გული კეთილკრძალულად განირთხმება ღვთის წინაშე, თანდათან ტეხს გარშემორტყმულ უხეშ ნაჭუჭს და მისგან თავისუფლდება; ადამიანი გულლბილი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთზე ფიქრობს, არამედ მაშინაც, როცა ესმის ან კითხულობს მის სახელს. მაშინ გული დათამაშებს და ამ წმინდა სახელს უაღრესი მოკრძალებით ეამბორება. ასევე მოქმედებს მასზე ქრისტეს ან ღვთისმშობლის სახელი: ამ დროს მისი სული შინაგანად ტკბება.
მონოზონს [ბერძნულად ნიშნავს მარტოდ მყოფს – სიტყვიდან "მონო", მარტო ერთი] შეჰფერის ცალკე ყოფნა და ყველაზე მეტ სიმშვიდეს იგი ლოცვაში უნდა აღწევდეს, როცა მარტოა თავის სენაკში. ის ხომ სწორედ იმიტომ იწოდება მონოზონად, რომ მარტომ იცხოვროს ღმერთთან და მუდმივად მას ესაუბროს – ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ელაპარაკოს. რამდენადაც გაურბიხარ ადამიანებთან საუბრებს, იმდენად მეტ სარგებელს იღებ ლოცვიდან და სხვებსაც უფრო ეხმარები. საერო კამათები კი, რომც არ ჩაერიო და მხოლოდ ისმინო, სულიერ რადიოშეფერხებებს შეგიქმნიან, განუწყვეტელი ლოცვის ხელისშემშლელს, განსაკუთრებით – დასაწყისში. ამიტომ უკიდურესად აუცილებელია ყურადღება როგორც დასაწყისში, გონების მოსაკრებად, ასევე შემდგომშიც, რათა ხიბლში არ ჩავვარდეთ.
ფრიად სასარგებლოა წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა – ისინი სახარებას თავიანთი სახარებისეული ცხოვრებით განმარტავენ. ასევე სასარგებლოა გამოკვლევა საკუთარი ცოდვიანობისა, უმადურობისა და აგრეთვე ჩვენზედ გარდამოვლენილი ღვთის მრავალმოწყალებისა. ყველაფერ ამას თავისთავად მოჰყვება სიმდაბლე და ამის შემდეგ აუცილებლად – საღმრთო მადლი. სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის. საკუთარი თავის გამოკვლევას სიმდაბლე მოაქვს, ამასთან, ლოცვისა და ღვთის წყალობის აუცილებლობის გაცნობიერება. ამიტომ წინასწარ, სანამ სკვნილის მარცვლებს ჩამოვთვლიდეთ, კარგი იქნებოდა ჩვენი ცოდვები და ჩვენდამი ღვთის ქველმოქმედება ჩამოგვეთვალა.
ლოცვისას, როცა გონება უჯერო საგნებზე გადაერთვება ან ისინი თვითონვე, სურვილსგარე გვახსენებენ თავს, არ არის საჭირო მტერთან კამათში შესვლა, რადგან ყველა ადვოკატიც რომ ერთად შეიკრიბოს, მაინც ვერაფერს გააწყობს ერთ პატარა ეშმაკთანაც კი. ეს ზრახვები შეიძლება განიდევნოს მხოლოდ მათი უგულებელყოფით, ზუსტად ისევე, როგორც მკრეხელური აზრები (რა თქმა უნდა, მტერი კიდევ საკმაო ხანს იყეფებს, მაგრამ მერე გაგვშორდება). ადამიანს არ უნდა აბრკოლებდეს ეშმაკის მკრეხელობა, მას მხოლოდ საკუთარი ცოდვები უნდა აშფოთებდნენ, მაგრამ ამასთან ღვთის უსაზღვრო მოწყალებას უნდა სასოებდეს; ღმერთზე უსასოება – მზაკვარის ხელჩარევის შედეგია.
ლოცვისას გონების გულში მოკრებას ძალზე უწყობს ხელს სუნთქვის მცირეოდენი შეჩერება, მაგრამ არა გამუდმებით, რადგან ხელოვნური შეკუმშვა გულს აზიანებს. რა თქმა უნდა, გული განიწმინდება არა ასეთნაირი შეკუმშვების გზით, არამედ სინანულითა და სიმდაბლით. ამ დროს ოხვრა და ვაება გულის სიღრმიდან ამოდის და თან საღვთო ნუგეში ამოაქვს. როცა ადამიანი თავის თავს ეგოისტურად და უგულისხმოდ შეაჭირვებს, მაშინ ხელოვნური გულშეკუმშვა მისთვის სასოწარკვეთისა და სულიერი სიმძიმის მომტანია.
ხოლო, როცა ადამიანი სასოებით მოღვაწეობს – მას საღმრთო ნუგეში მოეფინება და სული ცხადად შეიგრძნობს ღვთის მოსიყვარულებას. ამ დროს უფალი ადამიანის გულს თავისკენ იზიდავს, და ხელები, ღვთაებრივი სითბოთი აღძრულნი, სიხარულით მარცვლავენ სკვნილს. რა თქმა უნდა, თავიდან გარკვეულწილად აუცილებელია განზავებული გულისხმისყოფით ძალისხმევა, სანამ ჩვენი სულიერი ძრავა გახურდება და სული, განუწყვეტელი ლოცვით ადგილიდან დაიძვრის.
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში განიდევნება და მაშინ ლოცვას გონებაში ნათელი შემოაქვს.
უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს როგორც ღვთივკურთხეული, რისი წყალობითაც ღვთის სახელი განიდიდება და მის მიცვალებულ ნათესავებსაც ცოდვები მიეტევებათ. [საბერძნეთში მოწყალების მიმღები, ჩვეულებრივ, ასე პასუხობს წყალობის გამღებელს: "ცოდვათა შენდობა მიეღოთ შენს მიცვალებულებს"]. მონოზონს სულიერი კეთილშობილება უნდა გააჩნდეს, ანუ თვითონ არიგებდეს კურთხევას [ღვთის კურთხევით აქ აღნიშნულია სხვადასხვა სახმარი ნივთები: სურსათი, ტანსაცმელი და სხვა], როცა ის ახალგაზრდა და ჯანმრთელია [აქ საუბარია განდეგილებზე, რომელთათვის საზრდოს მთავარ წყაროს საკუთარი ხელით ნამუშევარი წარმოადგენს]. და სხვისგან მიღებული მოწყალებით არ უნდა ცხოვრობდეს. სულიერი კეთილშობილება ფრიად სასარგებლოა – იგი სულს ფრთებს ასხამს. ხოლო შინაგანი სამყარო, იმავდროულად, სხეულს ნაკლები რაოდენობის საზრდელით ინახავს.
სახმარი ნივთები, როცა მათი დამზადება მშვიდ გარემოში და ლოცვების თანხლებით ხდება, თავისთავად განიწმიდება და იმ ადამიანებსაც განწმედს, ვინც მათ მოიხმარს; მაშინ როცა ნივთები, სიჩქარით და ნერვიულობით მზადდება, ამ დემონურ განწყობილებას სხვებსაც გადასდებს. ჩქარი და მოუსვენარი მუშაობა ერისკაცებს ახასიათებთ. მონოზონს კი როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სიმშვიდე შეშვენის, აგრეთვე, კეთილკრძალულება და განუწყვეტელი ლოცვა მართებს საკუთარი სულის განსაწმედად და იმავდროულად იმ თანამოძმეთა სულებისათვის ლოცვა, რომლებსაც ამის საშუალება არ გააჩნიათ.
თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ: როცა გონება ზეციდან დაეშვება. ხელსაქმე უბრალო უნდა იყოს, რომ ხელები მიეჩვივნონ თავისთავად მუშაობას და გონების დახმარებას არ საჭიროებდნენ.
დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე ჯვარი, რომ მეტანიები დავასრულოთ, მაშინ როდესაც მეტანიები ყველა სხვა სულიერ ვარჯიშებზე უფრო სასარგებლოა.
მუხლდრეკების მეშვეობით ჩვენ ღმერთს მდაბალ თაყვანისცემას მივაგებთ და მისგან წყალობას გამოვითხოვთ, რომ ცოდვები მოგვიტეოს. ამიტომაც ჰქვია მას "მეტანიები" [მეტანია ბერძნულად ნიშნავს "მონანიებას", აგრეთვე "თაყვანისცემას"]. მუხლდრეკების შესრულება საკუთარი თავისთვის და თანამოძმეთათვის (ცოცხლებისთვისაც და გარდაცვლილებისთვისაც) – ჩვენი ყველაზე მთავარი ხელსაქმეა, რომლის შესრულებაც უსაზღვრო შრომას მოითხოვს, რასაც წინ სინანულისათვის გულდადება უნდა უძღოდეს, მაგრამ თუ ჩვენ სიმშვიდეს ვკარგავთ სხვა ამაო, უვარგის და უმნიშვნელო ნივთებზე [აქ გამოყენებულია იდოიმატური გამოთქმა "დაკარგული ნივთი", - ანუ ფუჭი, უვარგისი]. ზრუნვით, მაშინ საბოლოოდ სიკეთის ქმედების სულისკვეთებას ვკარგავთ.
როცა გული ღვთისადმი მადლიერებით ფეთქავს, სული თავის ამ მდგომარეობას გარეგნული ზეიმითაც ამჟღავნებს – მეტანიების გზით, რომელთა რაოდენობაც მაშინ იზრდება, - ამას კი მადლის სიუხვე და სხეულისათვის ვნების დატევება მოსდევს.
მრავალრიცხოვანი მუხლდრეკები ახალდამწყებთ არაბუნებრივ, დიდ მუცლებს უქრობს და ისეთი ძალით ეხმარება სათნოებათა სულიერ სიმაღლეზე ასვლაში, თითქოს ისინი მსუბუქად და ქოშინის გარეშე მთის მწვერვალებზე ასულიყვნენ.
მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ერთ ადგილზე ჩერდება ან ძალიან ნელა მიიწევს წინ, მაგრამ თუკი დიდი სიმდაბლე მაინც გვექნება, მაშინ ღვთიური ხელი ზეცაზე უსასყიდლოდ აგვიყვანს. მაგრამ თუ ჩვენ – ღმერთო, დაგვიფარე! – სიმდაბლეც კი არ გაგვაჩნია, მაშინ ქვევით დავეშვებით. როცა ადამიანს სულიერი სიჯანსაღის მოპოვება სურს, გაძლიერებულად უნდა იმოღვაწეოს, დიდი თავმდაბლობა იქონიოს, არავის ცოდვები არ უნდა განიხილოს და განიკითხოს – მხოლოდ საკუთარი თავი განსაჯოს.
ვინც უძლურია და სხეულით ვერ მოსაგრეობს, სულიერად შეუძლია იმოღვაწეოს – მღვიძარებითა და განუწყვეტელი ლოცვით, რათა აღმოიფხვრას სულიერი მანკიერებანი; ასევე შეუძლია გამუდმებით იფიქროს უფლის წმინდა ვნებებზე, რათა მათი წყალობით საკუთარი უძლურება ტკბობად მოეჩვენოს; შეუძლია, აგრეთვე, უძლურების დათმენით ღმერთი ადიდოს და მოწამეობრივი გვირგვინი მოიხვეჭოს.
ლოცვისათვის განკუთვნილ ჟამს, როცა სხვები მოღვაწეობენ და თავიანთ კანონებს ასრულებენ, ის, ვისაც გრძელი მეტანიების გაკეთება არ ძალუძს, მოკლე გააკეთოს, ან უკიდურეს შემთხვევაში იესოს ლოცვა წარმოთქვას და არ იძინოს – თუ ავად არ არის და კანონის შეუსრულებლობისათვის საპატიო მიზეზი არ გააჩნია. ყოველთვის უნდა ვიკვლევდეთ საკუთარ თავს: გვაქვს თუ არა საპატიო მიზეზი სულიერი ვალდებულებების დასატევებლად, რათა მცონარები არ აღმოვჩნდეთ და მტერმა, რომელსაც არასდროს სძინავს და გამუდმებით ჩვენს დაცემას ცდილობს, ვერ განახორციელოს ჩვენზე მოულოდნელი თავდასხმა.
ამიტომ, როცა საკუთარ თავს სულიერად მომაკვდავს დავინახავთ, ხოლო გულს გაყინულს, საჭიროა რომელიმე მოღვაწის მონახულება, რომ გამოვცოცხლდეთ; ასევე – ვინმე ავადმყოფის, რომ ჩვენს გულს თანაგრძნობა ვაიძულოთ, დავეხმაროთ სიყვარულით, გავთბეთ მისი წყალობით და გავლღვეთ.
როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს განეშორება იმისათვის, რომ მეტად დაეხმაროს თავისი ლოცვით, მაშინ იგი ყველას წმინდანად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – ცოდვილად.
ასეთი დადებითი სულიერი განწყობისას უაღრესად სასარგებლოა უდაბნოში გასვლა, როცა ამასთანავე მთლიანად ვებარებით ღმერთს – ყოველგვარი საზრუნავისაგან თავისუფალი და გულისყურადქცეული "მდუმარე" თავით, რათა სულმა დიდი ნახტომების გაკეთება შეძლოს. [ე. ი. სულიერად ძლიერ წარემატოს]. მაგრამ ასეთ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ. ამიტომ მოსაგრის თავი საიმედოდ უნდა იყოს ჩაკეტილი, რომ მზაკვარმა ვერ შეძლოს მის სულში ამპარტავნების აზრის ჩადება და არ მოხიბლოს იგი ოცნებებითა და ცრუ ნათელით, რომელსაც ადამიანი სამოთხეში კი არ აჰყავს, არამედ ჯოჯოხეთში აგდებს. მზაკვარი ჯოჯოხეთის უფსკრულებს სამოთხის ბაღებად წარმოსახავს და ამგვარად შეჰყავს ცდომილებაში ღვთის უძლური ქმნილებები. რა თქმა უნდა, ვინც სულიერად ჯანსაღია, ამ ცხოვრებაში ჭეშმარიტ ნათელსაც არ მისდევს, მხოლოდ ღვთის წყალობას ეძებს, და ღმერთიც იმას აძლევს, რაც მის ქმნილებას ესაჭიროება.
მონოზვნები, რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ, ძმური ურთიერთთანადგომის წყალობით მეტადრე უსაფრთხოდ მოღვაწეობენ, ვიდრე ისიხასტები [ისიხასტებად ამჟამად ათონზე იწოდებიან მონოზვნები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრული წესით ცხოვრობენ, მარტოდ, განდეგილებაში], - რომლებიც განდეგილებად ცხოვრობენ, - მაგრამ ეს მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს არ ჭამენ, (არ ჩხუბობენ), რადგან მცირე თვითუარყოფის შემთხვევაშიც შეუძლიათ მათ სულიერად წარემატონ. ისიხასტს კი დიდი თვითუარყოფა სჭირდება, რომ თავიდან საფლავი ამოითხაროს თავისთვის, შემდეგ კი უდიდესი სიმდაბლითა და განსჯადობით დაიწყოს სულიერი მოღვაწეობა – განუწყვეტელი სიფხიზლითა და ლოცვით.
ახალდამწყები, რომელიც კინოვიის [კინოვია – საერთო საცხოვრებელის ტიპის მონასტერი] უსაფრთხოებას გაურბის და ეგოიზმით აღძრული სენაკში იკეტება (დაყუდება სურს), იმ ადამიანს ემსგავსება, საგიჟით რომ კეტავენ. თუ იგი, ამავე დროს, თავისი ბუნებით მოწყენილობისკენ არის მიდრეკილი და გულჩაკეტილია, მაშინ მას ზრახვები და შინაგანი მოუსვენრობა ახრჩობს. ასეთ შემთხვევაში, თუ მას ოდნავი სიმდაბლე მაინც გააჩნია, კინოვიაში დაბრუნდება და გადარჩება, ხოლო თუ გაჯიუტდება – დაიღუპება.
მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად წინამძღვრისადმი დამორჩილება, სწავლების გავლა და მოღვაწეობა დიდი სიმდაბლით, რომელიც კეთილკრძალულებით უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან. ამგვარად ადის მონოზონი თანდათან გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდეგ კი სულიერად აღდგება და ანგელოზებრივი სიხარულით ხარობს – მათ დარად აღავლენს ღმერთის ქება-დიდებას.
ვინც სულიერად ცხოვრობს, მაგრამ ისე, როგორც ერში ცხოვრობენ, ანუ ყოველთვის პასექი აქვს და არ გადის ჯერ დიდმარხვასა და ჯვარცმას, ვერ შეძლებს სულიერად აღდგეს და ქრისტე შეიყვაროს, რადგან არ უცდია, რომ ქრისტეს ტანჯვა განეცადა – რომელიც მან ჩვენი ხსნისათვის დაითმინა – და შემდეგ დამტკბარიყო ქრისტეს სიყვარულით, მთლიანად შთანთქმულიყო ზეცაში და საღმრთო სიყვარულით სულიერი გონგადასულობისათვის მიეღწია.
ამდენად, როცა მონოზონი მოსაგრეობისას ბუნებრივი გზით არ წარემართება – ჯვარცმიდან აღდგომამდე, რათა გაითავისოს ზეციური პასქალიის სულიერი მდგომარეობა, მაშინ ის უფრო უბედურია, ვიდრე ერში მცხოვრებნი, რამეთუ ამ უკანასკნელთ კიდევ შეუძლიათ რაიმე შეიმეცნონ, თუ მათთან საღმრთო სიყვარულზე ისაუბრებენ. ის კი, ვინც საღმრთო სიყვარულისა და უმაღლესი სიხარულის გზას დაადგა, მაგრამ სოფლისმიერი სიხარულისკენაც იხედება, ნახევარგზაზე ჩერდება – მსგავსად ლოთის ცოლისა (შესაქ. 19, 26). ამიტომ მისი გული ქვასავით უგრძნობი ხდება და მას თვით სიტყვა "საღვთო სიყვარული"-ც კი აბრკოლებს, როცა მასზე ჩვენს საეკლესიო წიგნებში კითხულობს.
ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად საჭიროებენ ლოცვას, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინოს: გარდაქმნას მათი ქვის გული ადამიანურად, სულიერად, რათა შეძლონ ღვთის შეყვარება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს ძალუძს "აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა" (მათ. 3, 9), - როგორც ამას სახარება ამბობს. ის, რომ სულს ჯერ კიდევ აღელვებს მგრძნობიარე

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3