ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სიტყვა მესამე გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე

სიტყვა მესამე გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე

როცა ცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის ჩასვლისას იწყებოდა და ცისკრის ჟამამდე გრძელდებოდა.
როცა ჩემი ნეტარხსენებული მოძღვარი იოსები მონაზვნური ცხოვრების წესებს გვასწავლიდა, განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას შინაგანი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე. რადგან მისი ცხოვრება ლოცვისთვის განუწყვეტელი თავის იძულება იყო, ჩვენგანაც მოითხოვდა შეძლებისდაგვარად გვეიძულებინა თავი, რომ ღრმად ჩაგვებეჭდა გონებასა და გულში უფლის სახელი, რომელიც სულიერი შენობის ქვაკუთხედია.
ძილის შემდეგ, – გვეუბნებოდა მამა იოსები, – ადამიანის გონება დასვენებული და სუფთაა, მზად არის, რომ მივაწოდოთ პირველი სულიერი საკვები – სახელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
რადგან ბოროტმა ეს იცის, გაღვიძებისთანავე ცდილობს ელვის სისწრაფით ჩათესოს თავისი ბოროტი გულისსიტყვების ღვარძლი, რომ მისი დაფქვით დაიწყოს მუშაობა მეხსიერების წისქვილმა და მისი ბრუნვის ხმაური ბოროტის ლოცვის ხმად გაისმოდეს.
იმ ადგილს, სადაც დასაფქვავ ხორბალს, ქერს, სიმინდს ან სხვა მარცვალს ყრიან, მეწისქვილეები თავიანთ ენაზე ხვიმირს ეძახიან. ზევით ღია და ფართო ხვიმირი ქვევით ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის მარცვალს აძლევს საშუალებას დოლაბზე რიტმულად ჩამოიყაროს.
ამრიგად, რაც ხვიმირში ჩავარდება, დოლაბებს შორის გაივლის და დაიფქვება. მაგრამ იმისთვის, რაც შედის გულში – სადაც ადამიანის გულისთქმებია თავმოყრილი – არ არის აუცილებელი გონების დოლაბებს შორის გავლა. „გულისაგან, – თქვა უფალმა, – გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი“ (მათ. 15, 19), ისინი ზემოთ ადიან, სათითაოდ გაივლიან და იფქვებიან. რაც უფრო არაწმინდა და მიწიერია გული, მით უფრო სამარცხვინო და საზიზღარია გულისსიტყვები.
ამრიგად, ამღვრეული გულისსიტყვების ნაკადი გონებაში რომ არ ავიდეს და გული განიწმინდოს, როგორც ეს მის შემოქმედს სურს, ჩვენი გონება შინაგანი ლოცვით გულის ზეცაში ჩაგვყავს. ამგვარად ვნებების ადგილს, სადაც სატანა არაპირდაპირი გზით თაყვანცემულია, ღვთის წმინდა ტაძრად, წმინდა სამების სამკვიდრებლად გადავაქცევთ.
სიტყვებით გამოსახული ეს სქემა უბრალოა, მაგრამ მისი გამოყენება ადამიანის მთელ ძალებს მოითხოვს ღვთის მადლის უსაზღვრო შეწევნასთან ერთად. ვინაიდან ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავს გვთავაზობს და თანაც გვთხოვს: „მომეც, ძეო, შენი გული“ (იგავ. 23, 26), საჭიროა ჩვენც მთლიანად მივუძღვნათ და მორჩილებით მოვუდრიკოთ თავი ჩვენი მღვიძარე მამების ასკეტურ კანონებს.
მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას.
ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვის, რადგან ჩვენი მღვიძარება შუაღამემდე ბევრად ადრე იწყება, ვიტყვით „წმინდაო ღმერთოს“, სარწმუნოების სიმბოლოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ღირს არსს“ და ჩვენი ლოცვის ადგილზე დავჯდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით – სკვნილით ხელში.
დაჯექი შენს პატარა სკამზე? – ამბობდა მამა იოსები, – ერთი წუთით! ნუ დაიწყებ ამ მეთოდით ლოცვას, სანამ გონებას არ მოიკრებ, არ დაფიქრდები სიკვდილზე და კიდევ იმაზე, თუ რა მოსდევს მას.
წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა. ყველა დანარჩენმა დღემ და ღამემ, დარწმუნებული ხარ, რომ უკვე ჩაიარა და შენი ცხოვრების ამ ზღვრამდე მოგიყვანა. ღამე, რომელიც წინ გაქვს, არ იცი, გაგითენდება თუ არა და მომავალ დღეს იხილავ თუ მოახლოებულ სიკვდილს მიგცემს ის ხელში. რამდენი გარდაიცვლება ამ ღამეს! რა იცი, რომ შენც მათ შორის არ იქნები?
მაშ, იფიქრე, რომ სულ მალე ამ ქვეყნიდან გასვლისას ანგელოზები ან დემონები მოვლენ და შენი საქმეების მიხედვით შენს სულს მოითხოვენ. მწარე ბრალმდებლები – ეშმაკები, სიკვდილის ჟამს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების საქმეებს წარმოადგენენ და სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებენ. ანგელოზები ჩვენ მიერ აღსრულებულ ღვთისთვის სათნო საქმეებს უპირისპირებენ და ამ წინასწარი სამსჯავროთი განისაზღვრება სულის მსვლელობა. ამას მოჰყვება საზვერეები, მსაჯულის საშინელი სამსჯავრო და ბოლოს – განაჩენი.
და თუკი მთელი ამ სასამართლო პროცესის შედეგი ჯოჯოხეთი იქნება, მაშინ რას იზამ, უბადრუკო სულო? რას მისცემ მაშინ, თავი რომ დაიხსნა? „მოეგე თავსა თვისსა“, როგორც უძღები შვილი (ლუკ. 15, 17), რომელმაც შეინანა და ითხოვა შეწყალება მრავალმოწყალე ღვთისგან. რის გაკეთებასაც მაშინ ისურვებდი, ახლა გააკეთე. შესცოდე? შეინანე, რამეთუ „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი“ (2 კორ. 6, 2).
თუკი ამგვარი ფიქრით, სურათებისა და წარმოსახვის გარეშე, ადამიანი სულ ცოტა ხნით მაინც დააკავებს გონებას, მას სინანული ეძლევა, მისი გული ცვილივით რბილდება და გონება აღარ ეფანტება. სიკვდილის ხსენებას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებას და გულში ღვთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო შენი „ერთფრაზიანი“ უწყვეტი შინაგანი ლოცვა.
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული.
ლოცვის წრიული ბრუნვა გულის არეში იმდენად აფართოებს მის საზღვრებს, რომ წარმოიქმნება მეორე ზეცა – გულის ზეცა, რომელსაც შეუძლია დაიტიოს დაუტევნელი.
გულის საყდრის გამო სასტიკი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ბოროტი იმოქმედებს ვნებებითა და მათგან მომდინარე კვამლით, ანუ ლოცვის საპირისპირო სხვადასხვა გულისსიტყვით და რამდენადაც მარხვა, ლოცვა, მღვიძარება და სხვა ასკეტური საშუალებები მას საყრდენს გამოაცლის, მით უფრო გამძვინვარდება და ეცდება – ღვთის დაშვებით – ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაცდელით, ჭირით, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს თავისი ბოროტება და ცბიერება. თუმცა, ზეციერი მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს. ჭირის დათმენით ისე უნდა გავახაროთ უფალი, როგორც დავამწუხრეთ ცოდვით მოხიბლულებმა. მაშინ ხარობდა ეშმაკი და წუხდა ღმერთი, ახლა კი დროა, განიხაროს ღმერთმა და დამწუხრდეს, განჰსქდეს ეშმაკი.

„ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა, გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა“ – შენიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, – „რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე“.
მსგავს რჩევებს გვაძლევს ყველა წმინდა მამა, თითოეული საკუთარი გზითა და სიტყვებით, გამომდინარე მათი ბრძოლისა და გამარჯვების გამოცდილებიდან მტერზე, რომელიც უწყვეტი გონიერი ლოცვით სრულიად ძალაგამოცლილი და დაუძლურებულია.
– „ძმანო, მარად ქრისტეთი ისუნთქეთ“ – შეგვაგონებს უდაბნოს უდიდესი მეცნიერი ანტონი დიდი.
„მარად იხსენებდე ღმერთს და შენი გონება ზეცად გადაიქცევა“ – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესომ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავისი სახიერებით, ვნებითა და აღდგომით.
ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს ყველა ამქვეყნიური სიამოვნებისგან და ბოლომდე მამაცურად აღუდგება წინ სოფლისმპყრობლის ზეგავლენას, აქ, ამ ცხოვრებაშივე წინასწარ გაიგებს ცათა სასუფევლის სიკეთის გემოს. აზრების დამშვიდება, მშვიდობა გულში, ტკბილად მომდინარე ცრემლები, გონების ცად აღტაცება, საიდუმლოთა წვდომა, უსაზღვრო სიყვარული, ღვთის გონიერი ჭვრეტა, სრულყოფილება „რაოდენ-იგი ხელეწიფების კაცობრივსა ბუნებასა“ – ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის სისტემატური, ხანგრძლივი, გულმოდგინე, შეუპოვარი ღვაწლით.
მაგრამ მუდმივი გონიერი ლოცვა რომ შესმენილი იყოს, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.
რაც შეეხება მორჩილებაში მყოფ მონაზონს, მას მტკიცე მორჩილება მართებს თავისი მოძღვრისა, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების ხილული სახეა. ასევე ევალება ყველა ქრისტიანს თავისი ცხოვრება სულიერი მოძღვრის მითითებებით წარმართოს და დაემორჩილოს ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს, რათა თითოეულმა თავისი გულისთქმებისა და ნება-სურვილის არასწორი გზით არ იაროს, როგორც გვირჩევს და გვაფრთხილებს წმინდა წერილი.
პატერიკში აბბა მინოსის ძალზე მარტივი და მრავლისმომცველი აზრია მოყვანილი: „მორჩილება მორჩილებისა სანაცვლო არს. უკეთუ ვინმე დაემორჩილოს ღმერთსა, ღმერთიცა მორჩილ ექმნას მას“. აბბა ისაია კი ამას უფრო ვრცლად განმარტავს: „შეუძლებელია ღმერთმა არ შეისმინოს ადამიანის, თუ თვით ადამიანი არ ეურჩა ღმერთს. რადგან ღმერთი შორს კი არ იმყოფება ადამიანისაგან, არამედ ჩვენი ნება არ აძლევს საშუალებას, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა“.
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა!
თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
თუკი ღამით ლოცულობ, დღისით კი დაუდევრად ცხოვრობ, ეს იგივეა, რომ ერთდროულად აშენებდე და თან ანგრევდე.
თუ უგულებელყოფ მცირე შეცდომებს, მაშინ ნამდვილად დიდ ცოდვებში ჩავარდები. ფრთხილად იყავი.
შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს. უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. „მადა ჭამაში მოდისო“ და ლოცვაც ლოცვით იშვება.
აღასრულებ მორჩილების საქმეს, შრომობ? გაიხსენე წმინდა მამები, რომლებიც საქმიანობისას საკუთარ თავს ეუბნებოდნენ:

„სხეულო, გაისარჯე საზრდელისთვის,
სულო, იღვიძებდე ცხონებისთვის“.


გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა და ნუ უქმადმეტყველებ, რადგან ამით საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზიანებ.
აბბა ფილიმონი ამბობს: „ბევრი წმინდა მამა ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მათ, ამიტომ ისინი მდუმარებით იცავდნენ თავს და არავის ესაუბრებოდნენ“.
დროის დაკარგვას სჯობს ილოცო და რაც მეტად მოდის შენთან მოწყინება და უდებება, მით მეტად გეშინოდეს იმ აღნათქვამის, რომლითაც უფალმა ბოროტ და ზარმაც მონას მიმართა (მათ. 25, 26, 30).
თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი.
ნუთუ შენი უდებებით მოიწონებ თავს იმ დროს, როცა სხვები თავიანთი შრომისთვის გვირგვინებს მიიღებენ?
მცირედ გაისარჯე, ძმაო, ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწყინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას, რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხიარულება, როგორც ანგელოზთა სიტკბოება, როგორც იმქვეყნიური დაუღამებელი ნათელი, რომელსაც ქრისტე, ნათელი სოფლისა ლოცვით შემოსული, მოგანიჭებს ჯერ კიდევ ამ სოფლიდან გასვლამდე. განა ასე არ ხდებოდა მამებთან და რატომ არ შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც, თუკი ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უდებება არ გახდება ამისთვის დაბრკოლება?
ჩემი მოძღვარიც ამბობდა: მცირედ გაისარჯე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და როცა ამის დრო მოვა, იმაზე გაცილებით მეტი მოგცეს, ვიდრე გაისარჯე ან ითხოვე. წმინდა ისააკ ასურის სიტყვებსაც ნუ დაივიწყებ: „ეშმაკი ჯერ იმისთვის იბრძვის, რომ გაანადგუროს უწყვეტი შინაგანი ლოცვა, შემდეგ მონაზონს დაარწმუნებს, რომ ის დროც უგულებელყოს, რომელიც ლოცვის კანონისთვისაა განკუთვნილი; ლოცვის კანონი კი ღვთის თაყვანისცემითა და მუხლთადრეკით აღესრულება".
მაშ, ნუ უსმენ, რასაც უდებება ჩაგჩურჩულებს და თუ გსურს ღმერთმა შენი შეცდომები დაფაროს, შენც დაფარე შენი ძმის შეცდომა და მოუთმინე მას განსაცდელისა და ტკივილის ჟამს.
ნუ შეეპასუხები და ნუ დაფარავ გულისსიტყვებს შენი სულიერი მამისგან, თორემ მთელი ცხოვრება ამაოდ იშრომებ და უნაყოფო იქნება შენი ლოცვა.
თუ გულწრფელი აღსარებით არ განიწმინდავ თავს, როგორ მიეახლები საზიარებლად უხრწნელ და ცხოველმყოფელ ქრისტეს საიდუმლოს? არ გსმენია, რომ ვინც ღირსეულად ეზიარება, ცხოვრებად ექცევა, უღირსად მაზიარებელს კი სიკვდილად?
ნუ იტყვი, როგორც სხვა, ისე მეო, რადგან ეს უგუნური ნათქვამია, მსაჯული კი არ ტყუვდება.
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა და მაშინვე უნდა განაგდო, რადგან ის ლოცვის ძაფს გაწყვეტს. ყოველი გულისსიტყვა კი, რომელიც სულში სიხარულითა და ცრემლით შეზავებულ ზომიერ მწუხარებას შობს, ღვთისგანაა. უფლის მადლი სინანულისკენ მიუძღვის ადამიანს და სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვარდება.
 
თემატური კითხვები
0