ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი. ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია

image
image თემა: ეკლესია
ავტორი: ილია II

ქართული სუფრის ტრადიცია

საჭიროა, თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახით აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი ისევე, როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად, შეილახა; სინამდვილეში კი მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვა მანკიერ გამოვლინებებს. საჭიროა, თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი


აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც!

საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც. საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა


ამაშია საქართველოს გადარჩენა

აუცილებელია, ახალგაზრდებს ვასწავლოთ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები..., ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეს კი დიდად დაეხმარება ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად გასცენ პასუხი დროის გამოწვევებს.
ამაშია საქართველოს გადარჩენა. აუცილებელია, ახალგაზრდებს ვასწავლოთ

ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"). ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი


გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა!

გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ


უარყოფითი ტენდენციები თავისუფლებას ეჭვის ქვეშ აყენებს

მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მატერიალურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ეს არის ხანა მარადიული ღირებულებების რყევისა და მსხვრევისა. ხდება გაუფასურება საუკუნოვანი ტრადიციებისა და ცხოვრების წესისა, ინგრევა იერარქიული რიგი... ანუ ის, რასაც ეფუძნებოდა საზოგადოებრივი წყობა.
წარსულის სიკეთენი უგულვებელ იყოფა და მის ადგილს იკავებს ახალი, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები, რაც თავისუფლებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მატერიალურ

მცირედმორწმუნოება. ესაა ყველაზე გავრცელებული ცოდვა. ზოგჯერ იგი ურწმუნოებაში გადადის, თუმცა ამ დროს კაცი შეიძლება ღმრთისმსახურებაზეც დადიოდეს და აღსარებასაც ამბობდეს. მცირედმორწმუნე შეგნებულად არ უარყოფს ღმრთის არსებობას, მაგრამ ეჭვ ეპარება მის ყოვლადძლიერებაში, მოწყალებასა და განგებულებაში. თავისი ქცევით, ყველაფრით, რაც მისთვის ძვირფასი, თვით ცხოვრების წესით იგი ეწინააღმდეგება იმ სარწმუნოებას, რომელსაც სიტყვით აღიარებს. ასეთი კაცი არასოდეს დაინტერესდება უბრალო დოგმატური საკითხებითაც კი, რადგან ეშინია, არ დაკარგოს ის გულუბრყვილო, ხშირად არასწორი წარმოდგენა ქრისტიანობაზე, ერთხელ და სამუდამოდ რომ შეუთვისებია. ასეთები მართლმადიდებოლობას ეროვნული, შინაური ტრადიციების ჩარჩოებში აქცევენ, წეს-ჩვეულებებისა და ჟესტების ამარა ტოვებენ, კეთილხმოვანი საგალობლებითა და სანთლების ციმციმით ტკბებიან, ანუ გარეგნულ ბრწყინვალებამდე დაჰყავთ, და ამით კარგავენ ყველაზე ძვირფასს ეკლესიაში - უფალ იესო ქრისტეს. მცირედმორწმუნის რელიგიურობა მჭიდროდაა დაკავშირებული ესთეტურ, ვნებიან, სენტიმენტალურ გრძნობებთან, ადვილად უთავსდება ეგოიზმს, ცუდმედიდობას, გრძნობიერებას. ამ სენით შეპყრობილი ადამიანები მოძღვრისაგან ქებასა და პატივს მოელიან, აღსარების დროს ხშირად სხვებს უჩივიან, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ. მოჩვენებითი ღმრთისმოშიშებიდან ისინი ადვილად გადადიან გაღიზიანებასა და მრისხანებაზე. ცოდვას ვერ ხედავენ, ხშირად გულგრილობას იჩენენ გარშემომყოფთა მიმართ, ეგოისტები და ფარისევლები არიან, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და მიაჩნიათ, რაკი ცოდვებს არ სჩადიან, ამიტომ ცხონებაც გარანტირებული აქვთ. საერთოდ, რელიგიური თვითკმაყოფილება და თავდაჯერება ღმრთისა და ეკლესიისაგან დაშორების უმთავრესი ნიშნებია. მცირედმორწმუნოება. ესაა ყველაზე გავრცელებული


საახალწლო ეპისტოლე - 1981

სრულიად საქართველოს ღვითვკურთხეულ შვილებს!

მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ

ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (ეფეს. 6,23).

რწმენა, სიყვარული, სიბრძნე, კეთილგონიერება, მომავლის ჭვრეტა - ეს არის უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყოველი ადამიანი. ამაზე ფიქრით, ჩვენ ვაცილებთ ძველ წელიწადს და ვხვდებით ახალ, 1981 წელს. ბედნიერი იყო წარსული წელი ჩვენი ერისათვის: მშვიდობა სუფევდა ჩვენს სამშობლოში, ქართველმა ერმა შექმნა დიდი სულიერი და მატერიალური დოვლათი, ჩვენი ერი აგრძელებდა და აგრძელებს აღმავლობის გზას. ღვთის წყალობითა და მისი ლოცვა-კურთხევით კარს მოგვადგა ახალი წელი.
რა ვთხოვოთ უფალს, რა ვუსურვოთ ერთმანეთს?!
უფალი ბრძანებს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7). ჩვენს ხალხში არის ღვთისგან მონიჭებული შემოქმედების გენია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს გენია გამოვლინდეს. ამ გენიამ შექმნა ჩვენი ანბანი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ბოლნისის სიონი, „ვეფხისტყაოსანი“, შეუდარებელი მუსიკა... და დღესაც, ყოველ დარგში უნდა ითქვას ახალი სიტყვა, შემოქმედების ახალი ძალა უნდა იგრძნობოდეს.
როცა გავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა; როგორ არ მოისპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთან ჭიდილს. საქართველოს არ ჰქონდა სასაზღვრო კავშირი არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანასთან და მიუხედავად ამისა, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ერმა თავისი თვითმყოფადი, მადლმოსილი სახე შეინარჩუნა. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეურყევლად ვიდექით და ვდგავართ ქრისტიანულ ნიადაგზე, ქრისტეს სჯულზე, რომელიც ქადაგებს სიყვარულს ღმრთისა, მამულისა და მოყვასისადმი, სიყვარულს ჩვენი ძველი ქართული ტრადიციებისადმი.
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, ბერი იოანე, თორნიკე ერისთავი, მეფე-მოწამენი - არჩილი და ლუარსაბი, სჯულისათვის თავდადებული დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონ III, კალისტრატე და მრავალი სხვა - ხომ მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი. მათი შრომითა და თავდადებული მოღვაწეობით საქართველო სულიერად აღორძინებულა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულა. ჩვენ უნდა ვიყოთ გამგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი.
ჩვენ იგივენი ვართ, ვინც ვიყავით ადრე, ვინც აღვაშენეთ ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები, გამოვჭედეთ ხახულის კარედი და შევქმენით შეუდარებელი ჰაგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. ჩვენშია ის გენია, ამას მხოლოდ წარმოჩინება სჭირდება. ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით. ჩვენთან დღესაც ბევრი რამ იქმნება ზოგადკაცობრიული და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერის ნათელ მომავალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია. მე მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ქართველი ერი დღესაც შობს ახალ რუსთაველსა და ბარათაშვილს, ახალ ბექა ოპიზარსა და თავდადებულ დიმიტრის. ჩვენი ერის გენია სწორედ იმაშია, რომ ქართველი კაცი გაართმევს თავს ამ სირთულეს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.
ქართულ ეკლესიას ისევე, როგორც ჩვენს ინტელიგენციას და მთელ ქართველ ერს, არ გვაძლევს მოსვენებას ერთი ფიქრი: ვინ ვიყავით უწინ, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით?! კარგია, რომ ჩვენი ხალხი ამაზე ფიქრობს. განსაკუთრებით დღეს ამაზე ფიქრობს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა და ეს გვახარებს ჩვენ.
ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა და ბავშვების აღზრდა. ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება. პავლე მოციქული ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5,23). შვილები - ეს ხომ ღვთის დიდი ლოცვა-კურთხევაა. ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგება უნდა ისწავლოს ბავშვმა. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, - ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე:
„დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან რჩეს კვალი განათლებული!“
საქართველოს შვილნო, გისურვებთ მრავალ ქორწინებას, გამრავლებას, მრავალი შვილის ყოლას!
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, მშვიდობა სუფევდეს ადამიანთა გულებში, ოჯახებსა და ერთა შორის კიდით კიდემდე. დაე, აღორძინდეს სარწმუნოება, სიყვარული და ურთიერთგაგება კაცთა შორის! სუფევდეს ქართველი ერი, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის: „ერთ სულ და ერთ გონება“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერნი და მტერი ვერას დაგვაკლებს. „ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან“ (გრ. ნაზიანზელი).
ბრძენი ამბობს: „მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისაგან გამდიდრებული“.
და ბოლოს, მსურს დავლოცო ერი ჩვენი:
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართველო ყოვლისაო სიბრძნითა და სახიერებითა შენითა განგებულებითა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელნი საკვირველ-ჰყვენ ჩვენზედა წარსულსა ჟამსა ცხოვრებისა ჩვენისასა. გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო, აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა.
აცხოვნე, უფალო, ერი ჩვენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ამინ!

თბილისი,
1981 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სრულიად საქართველოს ღვითვკურთხეულ შვილებს!<

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2002

მარადიული ღირებულებები არ ძველდება

ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს საქართველოში და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთ:
"მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა, ამინ" (გამც. 22,21).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, რომელიც ბრძანებს:
"ჩემსკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა ღმერთი ჩემსა გარეშე" (ეს. 45,22).
შორეულ წარსულში, ბეთლემის ღამის სიმყუდროვეში, დედამიწაზე პირველად გაისმა სიტყვები ანგელოზთა გალობისა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ.2,14).
მართალია, ამ იდუმალი ღამის შემდეგ ორიათასზე მეტმა წელმა განვლო, მაგრამ კვლავაც მთრთოლვარე გრძნობით ვხვდებით ჩვენი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლების ამ საოცარ ზეიმს.
აი, ამ დღეს აღსრულდა ცოდვით დამძიმებული ადამის მოდგმის ხანგრძლივი მოლოდინი, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16); აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა – იესო ქრისტე, რათა შეგვეცნო ჭეშმარიტება; მაგრამ ყველას როდი ძალუძს, ეზიაროს მის სიმართლესა და ნათელს.
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.
იგი, თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, უპირველეს ყოვლისა, უპირისპირდება საკუთარ თავს. როგორც თავისუფალი ნებით დაჯილდოებული პიროვნება ეძებს თავისუფლებას, მაგრამ ცოდვით დაცემული ბუნების გამო ადვილად ვარდება მონობაში.
ცალკე აღებული ადამიანი – ბატონ-განმგებელი და ადამიანი – მონა-მსახური, ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ბატონისათვის მთავარი საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. იგი ამას მსახურ მონათა საშუალებით ახორციელებს და მათი მორჩილებით ბატონობს.
მონისთვის კი დამახასიათებელია საკუთარი ცნობიერებისა და სურვილების უარყოფა და მხოლოდ იმისი ნების აღიარება, ვინც მას განაგებს. მონის სამყარო არის თავისი თავისაგან გაუცხოებული ადამიანის ყოფა.
მონობაც და ბატონობაც ვლინდება ყველაგან და ყველაფერში: აზროვნებაში, მორალში, ხელოვნებაში, ოჯახში, სულიერ ცხოვრებაში, პოლიტიკაში... ხშირად ისეც ხდება, რომ ერთიდაიგივე ადამიანი მონაც არის და ბატონიც.
საოცარია, მონის მდგომარეობიდან ბატონის ცხოვრების წესში გადასვლა არ ნიშნავს თავისუფლების მოპოვებას, რადგან ბატონობაც სინამდვილეში მონობის სახესხვაობა და ძალადობის გამოვლენაა; ძალადობა კი იძულებას, - დამონებულსა და დამმონებელს გულისხმობს. იმპერატორი, დიქტატორი, ტირანი... მონაა ბატონობის მოთხოვნილებისა და, გარკვეულწილად, იმ ხალხისა, რომლის გარეშეც ის თავის მბრძანებლობას ვერ განახორციელებს.
ქუჩის მასების წინამძღოლიც ისეთივე მონაა, როგორც თვით მასა. მასის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. მასები ქმნიან იმ პირამიდას, რომლის სათავეშიც ზის მათი რჩეული; მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასებივე ანგრევენ ამ პირამიდას და ამხობენ ბელადს.
ასე იქმნება ჩაკეტილი წრე ბატონსა და მონას, ხელისუფალსა და მასას შორის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მონა საზოგადოებრივი აზრისა, სტიქიისა, წეს-ჩვეულებისა, თავსმოხვეული სოციალური ყოფისა, ფულისა.
მონურ ყოფაში მცხოვრები საზოგადოება ორიენტირს კარგავს და ხშირად ძალადობას მიიჩნევს ძალად, რაც დიდი შეცდომაა.
ძალადობა, როგორც აღვნიშნეთ, გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და გულისხმობს სიყვარულით, დარწმუნებით და შინაგანი ერთობით ამა თუ იმ პიროვნებაზე გავლენის მოხდენას.
მაცხოვარი საოცარი ძალის მატარებელია, მაგრამ იგი თავის დამოკიდებულებას არავის ახვევს თავს და ყველას აძლევს არჩევანის სრულ უფლებას. ამაშია მისი ღვთაებრივი თავისუფლება. შესანიშნავად წერს ნეტარი ავგუსტინე: "შენი თავისუფალი ნების გარეშე უფლის სიმართლე არ განცხადდება შენში. მან, ვინც შეგქმნა, თავისუფლებაც მოგანიჭა და ამიტომაც გადაგარჩენს მხოლოდ შენი თანხმობით" (ქადაგება ჩIX, 13).
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და თავისუფლებასთან საზიარებლად.
თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, რომელთა ყოფასაც მხოლოდ მატერიალური და ბიოლოგიური მოთხოვნილებები განაპირობებს. ამიტომაც ისინი ამქვეყნადვე სულიერი სიკვდილისათვის არიან განწირულნი.
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
არ შეიძლება, არ ითქვას ისეთი მძიმე ცოდვის შესახებ, როგორიც ნარკომანიაა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული.
ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ, სურვილის მიუხედავადაც, შემდეგში ვეღარ ანებებს მას თავს და საშინლად იტანჯება.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
ნარკოტიკების მიღება ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მძიმე ცოდვაა მათი გავრცელება. ამის ჩამდენი, ფაქტობრივად, ადამიანთა მასობრივი სულიერი და ფიზიკური მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომაც ღვთისგან სასტიკად დაისჯება. მეტად შემაშფოთებელია, რომ საქართველო ორგანიზებული ნარკობიზნესის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. მე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ახალგაზრდებს, მთელ ერს, რათა მათ ყველაფერი იღონონ მდგომარეობის რადიკალური გამოსწორებისათვის.
დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოს სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება (ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა, ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის, რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს.
საზოგადოებრივი ცნობიერების გარყვნა ზოგიერთს "პროგრესად" მიაჩნია. “მსგავსი აზროვნება ჩვენს ისტორიაში უკვე იყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოში უცხო იდეოლოგიურმა მოძღვრებამ იწყო გავრცელება. მაშინაც მკვეთრად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, სანაცვლოდ კი ადამიანებს საყოველთაო კეთილდღეობას შეჰპირდნენ. თუ რა შედეგი მივიღეთ, ყველამ ვიცით.
ფსევდოკულტურა, რომელიც ასე ეძალება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას, აშორებს მას ჭეშმარიტ კულტურასა და ხელოვნებას. დაპირისპირება ამგვარ მდარე, უგემოვნო და ნამდვილ კულტურას შორის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ჩვენი ხალხი და რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო, აშკარაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პრესაც და ტელევიზიაც საეჭვო ღირებულების უცხოურ ხელოვნებას უწევს პროპაგანდას. იმედი მაქვს, ქართველი ერი, უფლის წყალობით, ნამდვილსა და ყალბს ერთმანეთისაგან ადვილად გაარჩევს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით გადაგვარებისაგან თავის შინაგან "მესაც" დაიცავს.
მინდა გთხოვოთ, თავი შესაძლებლობისამებრ დაიცავით განკითხვის ცოდვისგან. ეს მადლი უფრო დიდია, ვიდრე ლოცვა და მარხვა. ნუ შეგშურდებათ სხვისი, ერიდეთ განცხრომასა და გემოთმოყვარებას. დასძლიეთ ამპარტავნება და დიდებისმოყვარება. გახსოვდეთ, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისე მოექეცით მათ. ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეთ (რადგან იგი ამით მარადიული სატანჯველისაკენ დგამს ნაბიჯს) და თქვენი სარწმუნოება აჩვენეთ ღვთის მცნების აღსრულებით, - არ მიაგოთ ბოროტი ბოროტების წილ, არამედ ილოცეთ მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა თქვენს წინაშე და მიანდეთ იგი უფლის მართლმსაჯულებას.
ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, - აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს გონება და გული აქვთ დახშული იმისათვის, რათა გააცნობიერონ, რას ჩადიან; ცხოველიც კი არ არის ასეთი გულგრილი თავისი ნაშიერისადმი.
ჩვენო სულიერო შვილებო, თუ ვინმეს ეკონომიკური ან სხვა მიზეზის გამო გიწევთ უარის თქმა თქვენს სრულიად დაუცველ ყრმაზე, მამაშვილურად გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ აბორტზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეკლესია შეძლებს მზრუნველობა გაუწიოს თქვენს პატარას, ხოლო თუ მომავალში გექნებათ სურვილი მშობლიური სიყვარულის გამოჩენისა, კვლავაც შეგეძლებათ მისი უკან დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ მრუში, ქურდი და მკვლელი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მაგრამ იცოდეთ, შეცდომის გამოსწორება, ან თუნდაც ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა არასოდეს არ არის გვიან. ცხონების გზაზე სვლა ლოცვით, მარხვითა და სიკეთის ქმნით უნდა დაიწყოთ. სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.
არ შეგეშინდეთ განსაცდელისა, მთავარია, თქვენი თავისუფალი ნება, თქვენი სუფთა გული და გონება მიანდოთ უფალს და ირწმუნოთ, რომ ღმერთი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგცემთ, რის ტარებასაც ვერ შეძლებთ. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და სიკვდილის შიშზე გამარჯვება იქნება.
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერთო არა აქვს რა.
ხშირად შიში სიკვდილის მიზეზიცაა. ადამიანი კლავს სხვას, რათა შეიქმნას თავისთვის ისეთი გარემო, სადაც მისი აზრით, ნაკლებად იქნება შიში, სინამდვილეში კი იგი სწორედ სიკვდილის შიშის გამო თესავს სიკვდილს ისევე, როგორც ბატონის ძალადობას ძალაუფლებისადმი მისი მონური დამოკიდებულება განაპირობებს.
შიში და მონობა ურთიერთკავშირშია და უმძიმესი შედეგებით ვლინდება. ამიტომაც სულიერი ფერისცვალების პროცესი აუცილებლად შიშსა და მონობაზე გამარჯვებას გულისხმობს.
ცნობილი მოძღვარი, წმინდა სერაფიმე საროველი წერს: "ამქვეყნად მყოფმა ადამიანმა რომ იცოდეს, რა ნეტარება ელოდებათ მათ, ვინც გახდება ღირსი სამოთხისა, ათას წელს ტანჯვითა და საშინელი წამებით ცხოვრებაზეც სიამოვნებით დათანხმდებოდა, ოღონდ ზიარებოდა ზეციური სასუფევლის საოცრებებს".
ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს, დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლად, რისთვისაცაა იგი მოწოდებული.
უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა.
დიახ, თითოეული ჩვენგანის წინაშეა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა: ან მარადიული სიცოცხლე და ნეტარება, ან მარადიული სიკვდილი და სატანჯველი! მესამე გზა, უბრალოდ, არ არსსებობს.
ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ქრისტესთან თანაზიარებით იწყება თქვენს ცნობიერებაში მანამდე არსებული ყველა ღირებულების სრული შეცვლა; ჩნდება აბსოლუტურად სხვა გაგება სიყვარულისა, სიკეთისა და ბოროტებისა, იღვიძებს სრულიად დახურული შრეები და სიღრმეები გულისა და გონიერებისა; თანდათან ქრება შიში სიკვდილისა და შემოდის მანამდე უცნობი განცდა ჭეშმარიტი თავისუფლებისა, ნეტარებისა; სინათლითა და სიხარულით ივსება სული და ისადგურებს დიადი მშვიდობა საკუთარ თავთან, გარემოსთან და ღმერთთან შერიგებისა. მაშ, შესვით მარადიული სიხარულით სავსე ფიალა უფლისმიერი დიდი წყალობისა, რადგან "საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი – ცხოვრებაი საუკუნოი ქრისტე იესუის მიერ" (რომ. 6,23).
ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ახალ წელს!
გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა უფალმაც შეგიყვაროთ.
ქრისტეშობის მადლი გეწეოდეთ! იხარეთ, ორსავ სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2001/20002 წწ. მარადიული ღირებულებები არ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3