ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყენებლად შევიცნოთ ან განვმარტოთ ღვთაების უზენაესი, უნივთო და საღვთო ქმედებანი.
"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარი ბჭობით: "და თქუა ღმერთმან, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26).
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველას მართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისათვის.
ქრისტიანობის დიდებას მოკლებულნი არ არიან მოკლებულნი სხვა დიდებას, რომელიც შექმნისას მიიღეს - ისინი ღმრთის ხატები არიან, და თუ ღმრთის ხატი საშინელი ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდა, ჩემი ვალია იქაც კი პატივი მივაგო მას.
მე რა ხელი მაქვს ცეცხლსა და ჯოჯოხეთთან! ღმერთის ბრძანებით ჩააგდეს იქ ხატი ღმრთისა, მე კი უნდა შევინარჩუნო მისი პატივისცემა და ამით თავი ვიხსნა ჯოჯოხეთის სახმილისაგან.
კათოლიკური ხატების დაწვა ან დამარხვა არ შეიძლება, მაგრამ რადგან მართლმადიდებლური არ არის, სჯულის კანონის მიხედვით, ტაძარში მათი შეტანაც აკრძალულია. შეგვიძლია სახლში გვქონდეს, მხოლოდ მათ წინაშე ლოცვის გარეშე, რადგან ის უკვე ხატი აღარ არის, სურათია. თქვენი მშობლის სურათი რომ გქონდეთ და ვიღაცამ მასზე რაიმე შეცვალოს, ოღონდ არა ბიწიერად, ამის გამო სურათს ხომ არ დაწვავთ? რაც კარგი აქვს, იმით გაგვახსენდება.
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისათვისო?
რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
სასუფეველი ღვთისა არს შინაგან კაცისა გულსა და სულსა მისსა, ეგრეთვე გარეგან მისსა, საქმეთა შინა კაცთასა. სასუფეველი ღვთისა შინაგან კაცისა არის მსგავსება და ხატება ღვთისა, რომლითა თვით ღმერთმან შეამკო ბუნება კაცისა ჟამსა დაბადებისა მისისასა. თუმცა აწ ბუნება კაცისა არს ფრიად დაცემულ, მსგავსება და ხატება ღვთისა ცოდვათაგან ფრიად დაბნელებულ, გარნა ახლაცა ყოველ კაცს აქვს რომელიმე კვალი და თესლი ღვთის ხატებისა, ანუ ღვთის სასუფეველისა.
წმიდანთა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც თანაზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა: სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი,... მაგრამ მადლის სისავსით წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება.
იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა! იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა ან მოხდება მეორედ მოსვლამდე.
რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონელი შედენეთ თქვენს ეკლესიებში, აღარ გაბედოთ ქრისტეს ხსენებაო", რომ ქალსა და კაცს სიტყვის შეუბრუნებლად აესრულებინა ასეთი უმსგავსობა! არ ვუფრთხილდებით საუნჯესავით სარწმუნოებას, არ ვვარჯიშობთ, რომ გავიღრმავოთ და გავიფართოვოთ სარწმუნოებრივი გრძნობა
სულით დაავადებულთა უმნიშნველო ნაწილს მართლაც შეადგენენ ბოროტი ძალით შეპყრობილი ადამიანები. სულით ავადმყოფთა უდიდესი უმრავლესობა კი სულაც არ არის ეშმაკეული და მათი ფსიქიკური დაავადებების გამოვლენა საერთოდ არ უკავშირდება დემონურ ენერგიებს.
ეშმაკეულია თუ არა, ამას ეკლესია ადგენს ავადმყოფის ქცევის მიხედვით წმიდა საიდუმლოთა მიმართ: იღებს თუ არა ღვთაებრივ ზიარებას, ამბობს აღსარებას, ან როგორ იქცევა სახარების, პატიოსანი ჯვრის, წმიდა ნაწილებისა და წმიდა ხატების, საერთოდ სიწმიდეთა წინაშე.