წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი სულით – თავმდაბალი და მშვიდია, რაცარუნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.
ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ.
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არამხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისათვისაც.
სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღწვის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს, ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმრთის, წყაროს ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპოვის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფების მიზანი შეიქნება. სიხარულისა და ბედნიერების მაძიებელი ჩვენი გული ბედნიერების ისეთ წყაროს შეემთხვევა, რომლითაც დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს. აღდგომის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი შეიქნება, რომელიც სივრცესა და ჟამს აღარ დაექვემდებარება; ზეცად ამაღლდება, თუმცა, სახე და შედგენილობა იგივე ექნება (II, 142–145).
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმრთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება – რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძიებდა, ყოველივე მიეცემა.
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ.