სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?
- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია. თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე, და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.
ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი
უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე“, - ამბობს უფალი (გამოცხ. 3, 19).
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს, შემცოდენი უფალს განვეშორებით და სულიერ უძლურებაში ვვარდებით. სულიწმიდა, რომელსაც შელახულ ჭურჭელში დარჩენა არ ძალუძს, ჩვენს გულს განეშორება და როდესაც იგი გვტოვებს, ჩვენ სიხარულსა და სიმტკიცეს, მშვიდობასა და სიმხნევეს ვკარგავთ. ვხდებით მწუხარენი, უძლურნი, შეშფოთებულნი.
ყოვლადმოწყალე სული ღვთისა დასნეულებულთ მაინც არ გვტოვებს, მხოლოდ განგვეშორება და საკურნებლად სინანულისა და აღსარების საიდუმლოს გვთავაზობს. როდესაც განვიკურნებით, სულიწმიდა ისევ დამკვიდრდება ჩვენ შორის და ღვთაებრივი სიყვარულით აღგვავსებს. ჩვენ ვეცემით და წამოვდგებით, კვლავ ვეცემით და ისევ აღვემართებით. ამ ცხოვრებაში ჩვენ ხან ნოყიერი ნიადაგი ვართ, ხან მწირი; ხან მონანულნი, ხან უძღები შვილები; ხან აღვსებულნი, ხან დაცარიელებულნი; ხან ნათელში, ხან ბნელში მავალნი.