სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
არაეკლესიურს ჰგონია, რომ არაფერი აქვს მოსანანიებელი
სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ თითქოს ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი, მაშინ როდესაც მართლაც წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნი არიან და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.
- ასე რატომ ხდება?
- შეგახსენებთ აბბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ და ფრიად გავლენიან მოქალაქესთან:
- როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში? - ჰკითხა მას წმინდანმა.
- ფაქტია, ყველა მიცნობს და მაფასებს, - იყო პასუხი.
- თუ კესარიაში წახვალ, იქ როგორად მიიჩნევ შენს თავს?
- იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად.
- ანტიოქიაში თუ იქნებოდი?
- ჩვეულებრივ მოქალაქედ.
- და თუ კონსტანტინეპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი?
- გლახაკად და არაფრისმქონედ.
ასე არის ნებისმიერი ადამიანიც, - უთხრა აბბა დოროთემ, - რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავისი ცხოვრებით თავმომწონეობს.
ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემოქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.
მომხმობი, მომწოდებელი მადლი
სადაც იქადაგება სახარება, ეს ყველგან ითქვას!
პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შეშრობა.
ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო, ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.
ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: „მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას..., რაც მან გააკეთა, მის მოსახსენიებლად“ (მთ. 26, 13).
ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც, ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილივით, შეიმოსოს სამოსელი პირველი.
ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მით უმეტეს, დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს.
ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს, ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.
ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ.
„გალობანი სინანულისანი“ არის ქვეყნის განმგებლის აღსარება
„გალობანი სინანულისანი“ არის პიროვნული და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის განმგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე წმინდანი. ხალხს აღარა აქვს ხმამაღლა გაცხადებული აღსარების სიდიადის შეგრძნება.
„გალობანი სინანულისანი“ საკუთარი თავის გაკერპების წინააღმდეგ ბრძოლის დასტურიცაა, ისევე როგორც დავითის სურვილი, დაკრძალულიყო გელათის ტაძრის ჭიშკარში, რათა კაცთა და პირუტყვთ მის საფლავზე დაედგათ ფეხი.