წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სიმდიდრე თავისთავად ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს კაცს, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მსგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხონება სასოებასა და სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ვისაც ისინი აქვს, ცხოვრებისათვის იგი სიმდიდრესაც მოიხმარს და სიღარიბესაც. სიმდიდრეს ღმერთი ადამიანს იმიტომ აძლევს, რომ მისით ადიდოს იგი. როგორ? ღარიბთა და საწყალთა კაცთა შეწევნით, რომელთაც საჭმელ-სასმელიც აკლიათ, სამოსელიც და სულიერი ნუგეშიც. მდიდარი სიმდიდრეს ისე უნდა უყურებდეს, როგორც ღმერთისგან დროებით მიბარებულ ნიჭს, რომლისთვისაც მას ღმერთი ანგარიშს მოსთხოვს. როცა კაცმა ეს იცის, ცდილობს სიმდიდრე არა საკუთარი სიამოვნებისათვის მოიხმაროს, არამედ იმის საამებლად, ვინც მას იგი დროებით მიაბარა (I 345,357,394-395).
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა ნაცვლად ცოდვისა მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ღმრთისა უპირველესად თითოეული კაცის გულში უნდა იყოს, შემდეგ ოჯახსა და ბოლოს მთელ ქვეყანაში.
სასუფეველი ღმრთისა სულიწმიდით სიხარულია. მართალია, კაცი თავისი უღირსებისა და ცოდვისთვის ყოველთვის უნდა სწუხდეს და ტიროდეს, მაგრამ სულიწმიდის მიერ სიხარული არათუ სულიერი მწუხარების, სინანულსა და შემუსვრილების წინააღმდეგი, არამედ უშუალოდ მათი ნაყოფია. სულიწმიდის მიერ სიხარული მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც თავისი სული ყოველ ბიწიერებისაგან მწუხარებითა და ცრემლით განბანა და ამით იესო ქრისტეს სიმართლე, ანუ განმართლება მიიღო და ღმერთსა და თავის თავს შეურიგდა. ამასთან, ესეც უნდა დავამატოთ, რომ კაცის გულში ღმრთის სასუფეველს რაიმე უძრავი მდგომარეობა კი არ აქვს, არამედ იგი თითქმის ყოველ წამს ხან დიდდება და ხან მცირდება. თუ გსურთ, რომ თქვენს გულში სასუფეველი ღმრთისა ყოველთვის იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ იგი ყოველდღე განაახლოთ და გააცოცხლოთ ისეთი სულიერი საზრდოს მიცემით, როგორიცაა ლოცვა, კეთილი გრძნობა, კეთილი საქმე, მარხვა, მოთმინება და სხვა. (II, 174-177).
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ღმრთის ხატებაა, თვით ყველაზე ცოდვილშიც კი არსებობს. კაცმა პირველ რიგში სასუფევლი საკუთარ სულსა და გულში უნდა ეძებოს იმ საღმრთო გახსენების აღორძინებით, რომელიც მას უფალმა შთაუნერგა. ანუ სუსტი გრძნობა სიმართლისა, ვითარცა მცირე ნაპერწკალი ერთ დიდ ცეცხლად უნდა ვაქციოთ, რომელიც მთელს ჩვენს ბუნებას გაათავისუფლებს. ღმერთმა ჩვენ ამისი ყოველი პირობა შეგვიქმნა: განკაცდა, რათა ჩვენში ღმრთის ხატი აღედგინა, საღმრთო სჯული და საღმრთო წერილი - ცხოვრებისა და სინათლის უკვდავი მდინარენი მოგვცა; ასევე საღმრთო მადლის შვიდი წყარო - შვიდი საიდუმლო, წირვა-ლოცვა, მარხვა და სხვა საეკლესიო წესები გვიბოძა. ყოველივე ეს უნდა მოვიხმაროთ და ჩვენს ბუნებაში ღმრთის სასუფეველი ავაშენოთ.
როცა მაცხოვარი გვეუბნება მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახარებას დაემორჩილება, გარეგნული საქმეებიც კეთილი იქნება და ღმრთის სასუფევში მთელი არსებით შევალთ. ერთადერთი პირობა, რომლითაც კაცს სასუფეველში შესვლა შეუძლია, სინანულია.
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს - ქრისტეს მტერი, მისი სასუფეველი მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი - იმის სასუფევლის მოქალაქობა მოგვცა, ამიტომ დიდი სიფრთხილეც გვმართებს, რომ იგი ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ.